არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ენით აუწერელი სიხარული

ენით აუწერელი სიხარული

ბიოგრაფია

ენით აუწერელი სიხარული

მოგვითხრო რეჯინალდ უოლუორკმა

„არაფერს მოუტანია ჩვენთვის ისეთი სიხარული, როგორიც იეჰოვასადმი მისიონერული მსახურების შედეგად განვიცადეთ!“. ეს გაკრული ხელით დაწერილი სიტყვები ჩემი მეუღლის ჩანაწერებში აღმოვაჩინე მისი სიკვდილიდან, 1994 წლის მაისიდან, არც ისე დიდი ხნის შემდეგ.

ირენის სიტყვებზე დაფიქრებამ ის ბედნიერი და სასიამოვნო 37 წელი გამახსენა, რომლის განმავლობაშიც პერუში მისიონერებად ვმსახურობდით. ჩვენ ფასდაუდებელი ქრისტიანული თანამშრომლობა დაქორწინებისთანავე, 1942 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ — სწორედ აქედან დავიწყებ ჩემი ისტორიის მოყოლას.

ირენი იეჰოვას მოწმეთა ოჯახში აღიზარდა ლივერპულში. ისინი სამი დანი იყვნენ. მამა პირველი მსოფლიო ომის დროს დაეღუპათ. მოგვიანებით დედამისი უინტონ ფრეიზერზე გათხოვდა და მათ ერთი ვაჟი, სახელად სიდნი, შეეძინათ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ოჯახი ჩრდილოეთ უელსში მდებარე ქალაქ ბენგორში გადავიდა, სადაც ირენი 1939 წელს მოინათლა. სიდნი კი მასზე ერთი წლით ადრე მოინათლა. ის და ირენი ერთად მსახურობდნენ სრული დროით ჩრდილოეთ უელსის სანაპირო ზოლზე მდებარე მხარეში — ბენგორიდან კარნარვონამდე და, აგრეთვე, ანგლსის კუნძულზე.

იმ დროს ლივერპულის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარე, 20 კილომეტრით დაშორებულ რანკორნის კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად (როგორც დღეს უწოდებენ) ვმსახურობდი. სარაიონო კონგრესის დროს ჩემთან ირენი მოვიდა იმის საკითხავად, შეეძლო თუ არა, ჰქონოდა უბანი, რომელზეც იქადაგებდა. ის იმ პერიოდში თავის გათხოვილ დასთან, ვერასთან აპირებდა დარჩენას, რომელიც რანკორნში ცხოვრობდა. მე და ირენმა, სანამ ის ჩვენს მხარეში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ბევრი საერთო მოვძებნეთ. მოგვიანებით კი ბენგორში რამდენჯერმე ჩავედი მის სანახავად. რა ბედნიერი ვიყავი, როცა ერთ დღესაც ირენი ცოლობაზე დამთანხმდა!

კვირას, სახლში დაბრუნებისთანავე, ქორწილის გეგმების დაწყობა დავიწყე, მაგრამ სამშაბათს ასეთი შინაარსის დეპეშა მივიღე. „ძალიან ვწუხვარ, რომ ეს დეპეშა ტკივილს მოგაყენებს. მე უარს ვამბობ ჩვენს ქორწინებაზე, მიზეზს წერილში შეიტყობ“. ეს ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო. საგონებელში ჩავვარდი, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი.

წერილი მომდევნო დღეს მივიღე. ირენი მწერდა, რომ იორქშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ ჰორსფორთში აპირებდა წასვლას, რათა ჰილდა პაჯეტთან ერთად პიონერად ემსახურა *. როგორც ამიხსნა, ერთი წლით ადრე მას თანხმობა მიუცია, რომ, თუ საჭირო იქნებოდა, იმსახურებდა იქ, სადაც დიდი მოთხოვნილება იყო. ის მწერდა: „ეს იეჰოვასთვის აღთქმის მიცემას ნიშნავს ჩემთვის; რაკი შევპირდი და ეს შენს გაცნობამდე მოხდა, ამიტომ უნდა შევასრულო პირობა“. თუმცა ძალიან დავღონდი, მისმა გულწრფელობამ აღმაფრთოვანა და პასუხი დეპეშით შევატყობინე: „წადი. მე დაგელოდები“.

იორქშირში ყოფნის დროს ირენს სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ უარი თქვა საომარი მოქმედებების მხარდაჭერაზე. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, 1942 წლის დეკემბერში, დავქორწინდით.

ჩემი ბავშვობა

1919 წელს დედაჩემმა მრავალტომიანი წიგნი „საღვთო წერილის გამოკვლევა“ შეიძინა *. როგორც მამაჩემმა აღნიშნა, დედას მანამდე ერთი წიგნიც კი არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა, ეს წიგნები გულდასმით შეესწავლა თავის ბიბლიასთან ერთად. ის ასეც მოიქცა და 1920 წელს მოინათლა.

მამაჩემს არ დაუშლია დედასთვის იმის კეთება, რაც თავად სურდა; ამაში ისიც შედიოდა, რომ დედას შეეძლო ჭეშმარიტებაში აღვეზარდეთ ოთხივე შვილი — ჩემი დები, გვენი და აივი, ძმა ალეკი და მე. იმ დროს სტენლი როჯერი და სხვა ერთგული მოწმეები ლივერპულიდან ბიბლიური მოხსენებების წასაკითხად ჩამოდიოდნენ რანკორნში, სადაც ცოტა ხანში ახალი კრება ჩამოყალიბდა. კრების ზრდასთან ერთად ჩვენი ოჯახიც სულიერად წინ მიიწევდა.

გვენი სწავლობდა ანგლიკანური ეკლესიის სკოლაში, რომელიც ახალგაზრდებს ამ ეკლესიის მრევლის წევრებად ამზადებდა. თუმცა, როგორც კი გვენმა დედასთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მიატოვა ამ სკოლაში სიარული. როდესაც მღვდელი გვესტუმრა იმის გასარკვევად, თუ რატომ აღარ ესწრებოდა ამდენი ხანი გვენი მის გაკვეთილებს, მას ჩემმა დამ კითხვების კორიანტელი მიაყარა, რომლებზეც პასუხების გასაცემად მზად არ იყო. გვენმა მას უფლის ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ჰკითხა და შემდეგ ისე გამოვიდა, რომ თავადვე აუხსნა მას ეს საკითხი. დასასრულ მან 1 კორინთელთა 10:21–დან მოიყვანა ციტატა, რათა დაენახვებინა მისთვის, რომ აღარ აპირებდა ‘ორი სუფრიდან ჭამას’. წასვლისას მოძღვარმა თქვა, რომ ილოცებდა გვენისთვის და დაბრუნდებოდა მის კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ ის მეტად აღარ მოსულა. გვენმა მონათვლიდან მალევე დაიწყო სრული დროით მსახურება.

ჩვენს კრებაში მოზარდებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მახსოვს, როდესაც შვიდი წლისა ვიყავი, როგორ ვუსმენდი ერთი მოწვეული უხუცესის მოხსენებას. კრების დამთავრების შემდეგ ის ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა. მე მას მოვუყევი, რაც აბრაამის შესახებ წავიკითხე — როგორ აპირებდა ის თავისი ვაჟის, ისაკის მსხვერპლად შეწირვას. „დადექი სცენაზე და ყველაფერი იქიდან მომიყევი“, — მითხრა ამ ძმამ. დღესაც კარგად მახსოვს, როგორ მიფანცქალებდა გული სიხარულისგან, როცა სცენაზე ვიდექი და ჩემს პირველ „საჯარო მოხსენებას“ წარმოვთქვამდი!

1931 წელს 15 წლის ასაკში მოვინათლე. ამავე წელს დედაჩემი გარდაიცვალა, რის გამოც სკოლიდან გამოვედი და ელექტრიკოსს შეგირდად მივებარე. 1936 წელს ხალხს ფონოგრაფებით ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ასმენინებდნენ და ერთმა ხანში შესულმა დამ მე და ჩემი ძმა წაგვახალისა, რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა ამ მსახურებაში. ამიტომ, მე და ალეკმა ლივერპულში ველოსიპედი შევიძინეთ და მასზე მისაბმელი ბორბლებიანი ეტლი გავაკეთებინეთ, რითაც ჩვენს ფონოგრაფს ვატარებდით. ეტლის უკანა მხარეს ორი მეტრი სიგრძის დასაკეცი მილი მივამაგრებინეთ და მასზე ხმის გამაძლიერებელი ჩამოვაკიდინეთ. მექანიკოსმა გვითხრა, რომ მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია, მაგრამ ეს მოწყობილობა ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. საქმეს დიდი ენთუზიაზმით შევუდექით და მთელი ჩვენი ტერიტორია შემოვიარეთ. მადლიერნი ვიყავით იმ ხანში შესული დისა, რომლის წახალისების წყალობითაც ასეთი მსახურების შესრულება მოგვანდეს.

მეორე მსოფლიო ომი — გამოცდის პერიოდი

იმ დროს, როდესაც ომის დაწყება გარდაუვალი იყო, მე და სტენლი როჯერი ხალხს ლონდონის დიდ საკონცერტო დარბაზში, „როიალ ალბერტ–ჰოლში“, ვიწვევდით, სადაც 1938 წლის 11 სექტემბერს უნდა წაკითხულიყო ბიბლიური მოხსენება „ფაქტებს სახეში შეხედეთ“. მომდევნო წელს მონაწილეობას ვიღებდი ბროშურად გამოცემული ამ მოხსენების გავრცელებაში, რომელსაც ახალ ბროშურასთან, „ფაშიზმი თუ თავისუფლება“, ერთად ვაძლევდით ხალხს. ორივე ბროშურა აშკარად ამხელდა ჰიტლერული გერმანიის ტოტალიტარული რეჟიმის ამბიციებს. იმ დროისთვის საჯარო მსახურების წყალობით კარგად მიცნობდნენ და პატივს მცემდნენ რანკორნში. როგორც მოგვიანებით დავინახე, სასარგებლო აღმოჩნდა, თეოკრატიულ საქმიანობას ყოველთვის პირველ ადგილზე რომ ვაყენებდი.

იმ კომპანიამ, სადაც ვმუშაობდი, გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ქალაქის გარეუბანში მდებარე ახალი ქარხნისთვის ელექტროკაბელი უნდა გაეყვანა. როდესაც გავიგე, რომ ეს ქარხანა საომარ იარაღს ამზადებდა, უარი განვაცხადე იქ მუშაობაზე. თუმცა უფროსები უკმაყოფილოები იყვნენ, ჩემმა ბრიგადირმა დამიცვა, რის შედეგადაც სხვა სამუშაო მომცეს. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მისი დეიდა იეჰოვას მოწმე იყო.

ძალიან გამამხნევა ჩემდამი კარგად განწყობილი ერთი თანამშრომლის სიტყვებმა: „რეჯ, ზუსტად ამას მოველოდით შენგან, რადგან შენ უკვე აგერ რამდენი წელია, რაც ბიბლიურ საქმიანობაში მონაწილეობ“. მიუხედავად ამისა, მაინც მმართებდა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ბევრ თანამშრომელს ჩემთვის პრობლემების შექმნა სურდა.

1940 წლის ივნისში ლივერპულის სასამართლომ სამხედრო სამსახურის ვალდებულებიდან გამათავისუფლა იმ პირობით, თუ ჩემს საქმიანობას, ელექტრიკოსად მუშაობას, გავაგრძელებდი. ამან, რასაკვირველია, ქრისტიანული მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა მომცა.

სრული დროით მსახურება

როდესაც ომი დასასრულს უახლოვდებოდა, გადავწყვიტე, მიმეტოვებინა სამსახური და ირენს სრული დროით მსახურებაში შევერთებოდი. 1946 წელს გავაკეთე 5 მეტრი სიგრძის ტრაილერი, რომელიც ჩვენი სახლი გახდა. მომდევნო წელს კი გვთხოვეს, რომ გლოსტერშირის საგრაფოში მდებარე სოფელ ალვესტონში გადავსულიყავით. მოგვიანებით ძველ ქალაქ საირენსესტერსა და ქალაქ ბათში ვიმსახურეთ პიონერებად. 1951 წელს მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს სამხრეთ უელსში, სადაც კრებები უნდა მომენახულებინა, მაგრამ თითქმის ორი წლის შემდეგ მიგვიწვიეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“, რომელიც მისიონერებს ამზადებს.

ჩვენი 21–ე კლასი ნიუ–იორკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საუთ–ლანსინგში ტარდებოდა. სწავლების კურსი 1953 წელს დავამთავრეთ და გამოსაშვები პროგრამა ჩატარდა ნიუ–იორკში გამართულ კონგრესზე, სახელწოდებით „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“. გამოშვებამდე მე და ირენმა არ ვიცოდით, სად დაგვნიშნავდნენ. როგორ გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ პერუში დაგვნიშნეს. რატომ? მიზეზი ის იყო, რომ იმ დროისთვის უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიდნი ფრეიზერი, ირენის ნახევარძმა, და მისი მეუღლე, მარგარეტი ლიმაში, პერუს ფილიალში მსახურობდნენ „გალაადის“ მე–19 კლასის დამთავრების შემდეგ.

სანამ ვიზების მიღებას ველოდებოდით, ცოტა ხნით ბრუკლინის ბეთელში ვიმუშავეთ, მაგრამ მალე გავეშურეთ ლიმასკენ. მთლიანობაში პერუში ათ ადგილას მოგვიწია მსახურება. პირველად დავინიშნეთ კალიაოში, პერუს მთავარ საპორტო ქალაქში, რომელიც ლიმას დასავლეთით მდებარეობს. თუმცა ცოტა რამ ვისწავლეთ ესპანურად, იმ პერიოდში არც მე და არც ირენს არ შეგვეძლო ამ ენაზე საუბარი. როგორ გავართმევდით თავს ჩვენს საქმიანობას?

სირთულეები და ქადაგების შედეგად მიღებული სიხარული

გალაადში ასეთი მაგალითი მოგვიყვანეს: ბავშვს ენას დედა არ ასწავლის. ნაცვლად ამისა, ბავშვი ისმენს დედის ლაპარაკს და თავად ეუფლება ენას. აქედან გამომდინარე, გვირჩიეს: „დაუყოვნებლივ შეუდექით ქადაგებას და შეეცადეთ ხალხისგან ისწავლოთ ენა. ისინი ძალიან დაგეხმარებიან“. ის–ის იყო დავიწყე ახალი ენის სწავლა, რომ ჩვენი ჩასვლიდან სულ რაღაც ორ კვირაში თავმჯდომარე ზედამხედველად დამნიშნეს კალიაოს კრებაში. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! მაშინ სიდნი ფრეიზერის სანახავად წავედი, მაგრამ მანაც იგივე მითხრა, რაც გალაადში მირჩიეს — ურთიერთობა იქონიე კრების წევრებთან და შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან. მტკიცედ გადავწყვიტე, ამ რჩევას მივყოლოდი.

ერთ კვირა დილით ერთი დურგალი მამაკაცი გავიცანი თავისივე სახელოსნოში. „მე თან უნდა ვიმუშაო, — მითხრა მან, — მაგრამ შენ შეგიძლია დაჯდე და მესაუბრო“. ვუთხარი, რომ შევუსრულებდი თხოვნას, ოღონდ ერთი პირობით: „როდესაც შეცდომას დავუშვებ, გთხოვ გამისწორო. არ მეწყინება“. მას გაეღიმა და დამთანხმდა. მე მას კვირაში ორჯერ ვინახულებდი და მივხვდი, რომ ეს მართლაც ახალი ენის სწავლის საუკეთესო საშუალება იყო.

შემდეგ ქალაქ იკაში დავინიშნეთ, სადაც შემთხვევით შევხვდი სხვა დურგალს და ზუსტად ის ვთხოვე, რაც კალიაოში მცხოვრებ დურგალს. ისიც დამთანხმდა და, ამგვარად, თანდათანობით საკმაოდ დავხვეწე ჩემი ესპანური, თუმცა სამი წელი დამჭირდა, სანამ კარგად დავეუფლებოდი ამ ენას. ეს მამაკაცი ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ მასთან ბიბლიის შესწავლას ასეთი სახით ვატარებდი: თავდაპირველად ბიბლიიდან მუხლებს ვუკითხავდი და შემდეგ მათ მნიშვნელობას ვუხსნიდი. ერთ კვირას, როცა მასთან მივედი, მისმა უფროსმა მითხრა, რომ ის ლიმაში გადასულა ახალ სამუშაოზე. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მე და ირენი ლიმაში კონგრესზე ჩავედით, კვლავ შევხვდით ამ მამაკაცს. როგორ გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ბიბლიის შესწავლის გასაგრძელებლად ადგილობრივ მოწმეებს დაკავშირებია და ის და მისი ოჯახის წევრები უკვე იეჰოვას მიძღვნილი მსახურები იყვნენ.

გავიგეთ, რომ ერთ კრებაში ერთი ახალგაზრდა წყვილი კანონიერად არ იყო დაქორწინებული, თუმცა უკვე მონათლულები იყვნენ. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებზე ვიმსჯელეთ, მათ თავიანთი ურთიერთობის კანონიერად გაფორმება გადაწყვიტეს. ეს მათ იმის უფლებას მისცემდა, რომ მონათლული მოწმეები ყოფილიყვნენ. ამიტომ ისინი მერიაში წავიყვანე, რათა ქორწინების რეგისტრირება მოეხდინათ. როგორც აღმოჩნდა, პრობლემას მათი ოთხი შვილიც ქმნიდა, რომელთაგან არც ერთი არ იყო რეგისტრაციაში გატარებული, რაც კანონით მოითხოვებოდა. რასაკვირველია, ჩვენ ძალიან განვიცდიდით, რას გადაწყვეტდა ქალაქის მერი. „რადგან ეს პატიოსანი ადამიანები, თქვენი მეგობარი მოწმეები, ზრუნავენ იმაზე, რომ აუცილებლად მოხდეს თქვენი ქორწინების რეგისტრირება, — თქვა მერმა, — დარღვევებისთვის ჯარიმას არ გადაგახდევინებთ და უფასოდ გაგატარებთ რეგისტრაციაში“. რა მადლიერები ვიყავით ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ეს ოჯახი ძალიან ღარიბი იყო და ნებისმიერი თანხის გადახდა გაუჭირდებოდათ.

მოგვიანებით ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ალბერტ შრედერი გვეწვია და გვირჩია, რომ ლიმას სხვა ნაწილშიც დაგვეფუძნებინა ახალი მისიონერული სახლი. ამიტომ, მე და ირენი ორ ამერიკელ დასთან, ფრანსეს და ელიზაბეთ გუდებთან, და ერთ კანადელ წყვილთან ერთად სან–ბორჯას რაიონში გადავედით. ორ–სამ წელეწადში იქ ახალი, სულიერად მზარდი კრება ჩამოყალიბდა.

როდესაც უანკაიოში ვმსახურობდით, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს პერუს ცენტრალურ მთიან რეგიონში, 80 მოწმისგან შემდგარ კრებასთან ვთანამშრომლობდით. იქ მონაწილეობა მივიღე ამ ქვეყანაში მეორე სამეფო დარბაზის აშენებაში. მე იეჰოვას მოწმეთა ოფიციალურ წარმომადგენლად დამნიშნეს, რადგან სამჯერ მოგვიწია სასამართლოში მისვლა მიწის ნაკვეთზე ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად. იმ ადრეულ წლებში ამგვარმა მოქმედებამ და, ამასთანავე, ბევრი ერთგული მისიონერის მიერ მოწაფეების მომზადების საქმიანობაში შეტანილმა დიდმა წვლილმა კარგი საფუძველი ჩაუყარა შესანიშნავ ზრდას, რომელსაც დღეს ვხედავთ პერუში — 1953 წლიდან დღემდე იეჰოვას მოწმეთა რიცხვი 283–დან 83 000–მდე გაიზარდა.

სევდიანი განშორება

ყველა მისიონერულ სახლში, სადაც ხშირ შემთხვევაში სახლის ზედამხედველი ვიყავი, შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს თანამსახურ მისიონერებთან. ყოველ ორშაბათ დილით ერთად ვგეგმავდით მთელი კვირის მსახურების განრიგს და ვნიშნავდით მორიგეებს, რომლებიც სახლის მოვლაზე იზრუნებდნენ. ყველას გვესმოდა, რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ქადაგება იყო და ამ აზრით გაერთიანებულად ვთანამშრომლობდით. ბედნიერი ვარ, რომ არც ერთ მისიონერულ სახლში არ მოგვსვლია სერიოზული უსიამოვნება.

ბოლოს ბრენიაში, ლიმას სხვა გარეუბანში, დაგვნიშნეს. იქ არსებული, 70 მაუწყებლისგან შემდგარი კრება სწრაფად გაიზარდა და მაუწყებელთა რიცხვმა 100–ს გადააჭარბა, პალომინიაში კი ახალი კრება ჩამოყალიბდა. სწორედ ამ დროს ირენი ავად გახდა. შევნიშნე, რომ მას ზოგჯერ ავიწყდებოდა თავისი ნათქვამი და ხანდახან ძლივს იგნებდა გზას სახლისკენ. თუმცა საუკეთესო სამედიცინო მკურნალობა გაიარა, მისი მდგომარეობა ნელ–ნელა უარესდებოდა.

სამწუხაროდ, 1990 წელს ინგლისში დაბრუნება მოგვიწია, სადაც ჩემმა დამ, აივიმ ძალიან თბილად მიგვიღო თავის სახლში. ოთხი წლის შემდეგ, 81 წლის ასაკში, ირენი გარდაიცვალა. მე კვლავ განვაგრძობ სრული დროით მსახურებას და ჩემს მშობლიურ ქალაქში არსებული სამი კრებიდან ერთ–ერთში უხუცესი ვარ. დროდადრო მანჩესტერშიც ჩავდივარ იქ არსებული ესპანური ჯგუფის გასამხნევებლად.

ამას წინათ მქონდა ძალიან სასიამოვნო შემთხვევა, რომელიც წლების წინ მომხდარ შემთხვევასთან, იმ დროსთან არის დაკავშირებული, როდესაც ხუთწუთიანი ქადაგების ჩანაწერს ვასმენინებდი მობინადრეებს ჩემი ფონოგრაფით. დღესაც ცოცხლად მახსოვს, როგორ ისმენდა კართან მდგომი, დედის ზურგს ამოფარებული სკოლის მოწაფე გოგონა ამ ჩანაწერს.

საბოლოოდ ეს გოგონა კანადაში გადავიდა საცხოვრებლად და თავის მეგობართან, რომელიც დღესაც რანკორნში ცხოვრობს და ამჟამად იეჰოვას მოწმეა, მიმოწერა ჰქონდა. ახლახან მან ამ მეგობარს მისწერა, რომ ორმა მოწმემ მიაკითხა კანადაში და ისინი ძალიან ნაცნობ გამოთქმებს იყენებდნენ, რამაც მას ხუთწუთიანი ქადაგების ჩანაწერი გაახსენა. იგი მიხვდა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო და ამჟამად იეჰოვას მონათლული მსახურია. ის წერილში სთხოვდა თავის მეგობარს, რომ მადლობა გადაეცა იმ მამაკაცისთვის, რომელმაც 60 წელზე მეტი ხნის წინათ სახლში მიაკითხა მას და მის დედას. მართლაც, ჩვენ არასდროს არ ვიცით, როგორ გაღვივდება და გაიზრდება ჭეშმარიტების მარცვალი (ეკლესიასტე 11:6).

დიახ, მადლიერების გრძნობით ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას, რომელიც იეჰოვას ძვირფას მსახურებაში გავატარე. ჩემი მონათვლის დღიდან, 1931 წლიდან არასდროს გამიცდენია იეჰოვას მოწმეთა კონგრესები. თუმცა მე და ირენს საკუთარი შვილები არ გვყოლია, ბედნიერი ვარ, რომ 150–ზე მეტი სულიერი ვაჟი და ასული გვყავს, რომელთაგანაც ყველა ემსახურება ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას. როგორც ჩემმა საყვარელმა მეუღლემ აღნიშნა, მართლაც არაფერს მოუტანია ჩვენთვის ისეთი ენით აუწერელი სიხარული, როგორიც ამ განსაკუთრებული მსახურების შედეგად განვიცადეთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ჰილდა პაჯეტის ბიოგრაფია, „ჩემი მშობლების ნაკვალევს მივყვები“, შეგიძლიათ იხილოთ 1995 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 19—24 (რუს.).

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 24 გვერდზე]

დედაჩემი XX საუკუნის დასაწყისში.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

მარცხნივ: ჰილდა პაჯეტი, მე, ირენი და ჯოის როული ლიდზში (ინგლისი) 1940 წელს.

[სურათი 25 გვერდზე]

ზემოთ: მე და ირენი 1943 წელს ჩვენი ტრაილერის წინ.

[სურათი 27 გვერდზე]

ხალხს საჯარო მოხსენების მოსასმენად ვიწვევ კარდიფში (უელსი) 1952 წელს.