მისაღებია თუ არა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში საკმევლის კმევა?
მისაღებია თუ არა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში საკმევლის კმევა?
„ღმერთს უყვარს სურნელებანი“, — ამბობდნენ ძველ ეგვიპტეში. მათთვის საკმევლის კმევა თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ღმერთები სადღაც ახლოს იყვნენ და ტაძრებში, საკუთარი სახლის სამსხვერპლოებსა თუ სამუშაოზეც კი ყოველდღიურად აკმევდნენ საკმეველს. მსგავსი ჩვეულება სხვა ერებშიც იყო გავრცელებული.
რა არის საკმეველი? ეს სიტყვა მიუთითებს როგორც სურნელებაზე, რომელიც საკმევლის წვის დროს იფრქვევა, ისე თვით სურნელოვან ნივთიერებაზე, რომელსაც წვავენ ანუ აკმევენ. საკმეველი შეიცავს სურნელოვან გუმფისსა და ეთეროვან ზეთებს, მაგალითად, გუნდრუკსა და ბალზამს. ამ ნივთიერებებს ფქვავენ და პუდრასებრ მდგომარეობამდე დაჰყავთ. სხვადასხვა სურნელების მისაღებად ხშირად მასში ურევენ სანელებლებს, ხის ქერქსა და ყვავილებს.
ძველ დროში საკმეველი იმდენად სასურველი და ძვირფასი იყო, რომ მისი ინგრედიენტები მნიშვნელოვანი სავაჭრო საქონელი გახდა. სავაჭრო ქარავნებს იგი შორი ქვეყნებიდან დაჰქონდათ. ალბათ, გახსოვთ, რომ იაკობის უმცროსი ვაჟი, იოსები, ძმებმა ისმაელიანთა ვაჭრებს მიჰყიდეს. ვაჭართა შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად“ (დაბადება 37:25, სსგ). საკმეველზე მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ სურნელოვანი ნივთიერებებით დატვირთული ქარავნების მიერ გაკვალულმა გზებმა აზიასა და ევროპას შორის მიმოსვლის განვითარებას შეუწყო ხელი.
საკმეველს დღემდე აკმევენ მრავალი რელიგიური ცერემონიისა თუ რიტუალის შესრულებისას. გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წვავს სახლში სურნელოვან ნივთიერებებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათი არომატით დატკბნენ. როგორი უნდა იყოს ქრისტიანის თვალსაზრისი საკმევლის კმევასთან დაკავშირებით? მოსწონს ღმერთს მისდამი თაყვანისმცემლობაში საკმევლის გამოყენება? მოდი გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით.
„წმიდად გქონდეს იგი შენთან უფლისათვის“
ძველ ისრაელში საკმევლის კმევა კარავში მომსახურე მღვდლის მოვალეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „საკმევლის კმევა ებრაელთა შორის იმდენად იყო თაყვანისცემასთან დაკავშირებული და იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ, არსებული წყაროების თანახმად, ეს ხალხი სხვა დანიშნულებით არ იყენებდა მას“.
იეჰოვა ღმერთის დავალებით კარავში უნდა ეკმიათ საკმეველი, რომელიც ოთხი ნივთიერების შეზავებით იქნებოდა მიღებული: „აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა. წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში“ (გამოსვლა 30:34—36, სსგ). სწავლულების ვარაუდით, სხვა ინგრედიენტები ტაძარში კმევისთვის მოგვიანებით იუდეველმა რაბინებმა დაამატეს.
გამოსვლა 30:37, 38). სპეციალურად განკუთვნილ სამსხვერპლოზე, მღვდლები დღეში ორჯერ აკმევდნენ საკმეველს (2 ნეშტთა 13:11). გამოსყიდვის დღეს კი მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში აკმევდა მას (ლევიანები 16:12, 13).
საკმეველი, რომელსაც კარავში აკმევდნენ, წმინდა იყო და მხოლოდ ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში გამოიყენებოდა. იეჰოვამ ბრძანა: „საკმეველს, რომელსაც შენ გააკეთებ ამ ნაზავით, ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდად გქონდეს იგი შენთან უფლისათვის. ვინც გააკეთებს მის მსგავსს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან“ (საკმევლის ყოველგვარი კმევა არ იყო ღვთისთვის მისაღები. ის სჯიდა მათ, ვინც მღვდელი არ იყო და კადნიერად იღებდა საკუთარ თავზე საკმევლის კმევის მოვალეობას (რიცხვნი 16:16—18, 35—40; 2 ნეშტთა 26:16—20). როდესაც იუდეველები ცრუ თაყვანისცემაში მონაწილეობდნენ ან ‘მათი ხელები სისხლით იყო სავსე’, მათ მიერ დაკმეული საკმეველი იეჰოვასთვის შეურაცხმყოფელი იყო. ასეთ თვალთმაქცებს იეჰოვამ უთხრა: „თქვენი საკმეველი — სისაძაგლეა . . . ჩემთვის“ (ესაია 1:13, 15). ისრაელები იმდენად დაუდევრად მოეკიდნენ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით იეჰოვას მიერ დადგენილ ნორმებს, რომ დახურეს თავიანთი ტაძარი და საკმეველს სხვა სამსხვერპლოებზე აკმევდნენ (2 ნეშტთა 28:24, 25). წლების შემდეგ კი წმინდა საკმეველს ცრუ ღმერთების თაყვანისსაცემადაც კი იყენებდნენ. მსგავსი ქმედება სისაძაგლე იყო იეჰოვას თვალში (ეზეკიელი 16:2, 17, 18).
საკმეველი და პირველი საუკუნის ქრისტიანები
ახ. წ. 33 წელს, როდესაც იესომ ახალი შეთანხმება დადო თავის მოწაფეებთან, რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმება — და მათ შორის წმინდა საკმევლის კმევის შესახებ მითითებაც — გაუქმდა (კოლასელთა 2:14). არ არსებობს იმის არანაირი მტკიცება, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები რელიგიური მიზნით საკმეველს აკმევდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია აღნიშნავს: „დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ [პირველი საუკუნის ქრისტიანები] საკმეველს არ აკმევდნენ. მისი გამოყენება იმ დროს წარმართობის მაჩვენებელი იყო . . . მორწმუნის მიერ წარმართულ სამსხვერპლოზე საკმევლის რამდენიმე პატარა ნატეხის დაგდებაც კი თაყვანისცემის გამომხატველი ჟესტი იყო“.
პირველი საუკუნის ქრისტიანები ასევე უარს ამბობდნენ რომის იმპერატორის „ღვთაებრიობის“ აღიარების ნიშნად საკმევლის კმევაზე, თუმცა ეს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დასჯდომოდათ (ლუკა 4:8; 1 კორინთელთა 10:14, 20). ისინი არც საკმევლით ვაჭრობაში იღებდნენ მონაწილეობას, რადგან იმ პერიოდში საკმეველს კერპთაყვანისმცემლობაში იყენებდნენ.
საკმევლის კმევა დღეს
რა მიზნით იყენებენ დღეს საკმეველს? ქრისტიანული სამყაროს მრავალ ეკლესიაში საკმეველს ამა თუ იმ რიტუალისა თუ წირვის დროს აკმევენ. აზიაში მრავალი ოჯახი თავისი ღმერთების პატივსაცემად და მკვდრების დასაცავად საკმეველს ტაძრებში ან საკუთარ სამსხვერპლოზე აკმევს. რელიგიურ მსახურებაში საკმეველს სხვადასხვა მიზნით იყენებენ: სასიამოვნო სურნელების დასაფრქვევად, დასამშვიდებლად, განსაწმენდად და თავდასაცავად.
სურნელოვან ნივთიერებათა დაწვამ დღეს მათ შორისაც კი მოიპოვა პოპულარობა, რომლებიც საერთოდ არ არიან რელიგიურნი. ზოგი საკმეველს მედიტაციისთვის იყენებს. ერთ სახელმძღვანელოში მოცემულია რჩევა, რომ საკმეველი „იდუმალებით მოცულ სამყაროში გადასანაცვლებლად“ და უჩვეულო „ენერგიის მოსაზღვავებლად“ გამოვიყენოთ. ის მკითხველებს ურჩევს, ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლადაც გამოიყენონ საკმევლის კმევის რიტუალი, რომელშიც „ზებუნებრივ ძალებთან“ კონტაქტის დამყარება შედის. არის მსგავსი ქმედებები ქრისტიანისთვის მისაღები?
იეჰოვა პირდაპირ განსჯის მათ, ვინც ცრუ რელიგიური ჩვეულებებისა და წმინდა თაყვანისმცემლობის ერთმანეთში არევას ცდილობს. მოციქული პავლე ესაიას წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა და ქრისტიანებს მოუწოდებდა, განრიდებოდნენ ცრუ რელიგიის უწმინდურ გავლენას. ის წერდა: „გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ“ (2 კორინთელთა 6:17; ესაია 52:11). ჭეშმარიტი ქრისტიანები ფხიზლად არიან, რათა მოერიდონ ყველაფერს, რაც ცრუ თაყვანისმცემლობასთან ან ოკულტიზმთან არის დაკავშირებული (იოანე 4:24).
რადგანაც საკმეველს სპირიტიზმსა და რელიგიურ რიტუალებში იყენებენ, ნიშნავს ეს იმას, რომ ნებისმიერი სურნელოვანი ნივთიერების დაწვაა მიუღებელი? არა. შეიძლება ვინმეს საკმევლის დაწვა სახლში მხოლოდ სასიამოვნო სუნის დასაყენებლად უნდოდეს (იგავები 27:9). ნებისმიერ შემთხვევაში, ქრისტიანმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. მეზობლები ამას ცრუ რელიგიურ რიტუალად ხომ არ აღიქვამენ? არის თუ არა საკმევლის კმევა დაკავშირებული სპირიტიზმთან იმ რეგიონში, სადაც ის ცხოვრობს? თუ მას არანაირ რელიგიურ დატვირთვას არ აძლევენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ?
საკმევლის დაწვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქრისტიანმა ანგარიში უნდა გაუწიოს როგორც საკუთარ სინდისს, ისე სხვების გრძნობებს (1 კორინთელთა 10:29). გასათვალისწინებელია რომაელებისთვის მოციქულ პავლეს მიერ მიწერილი სიტყვებიც: „ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება“ (რომაელთა 14:19—21).
ლოცვები „ვითარცა საკმეველი“
ისრაელების მიერ საკმევლის კმევა მართლაც შესაფერისი სიმბოლო იყო იმ ლოცვებისა, რომლებსაც ღმერთი ისმენს. ფსალმუნმომღერალი დავითი იეჰოვას უმღეროდა: „წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი“ (ფსალმუნები 140:2).
რთგული ისრაელებისთვის საკმევლის კმევა მხოლოდ მექანიკური რიტუალი როდი იყო. ისინი საგულდაგულოდ ამზადებდნენ საკმევლის ნაზავს და იმგვარად აკმევდნენ მას, როგორც იეჰოვასგან ჰქონდათ ნაბრძანები. ქრისტიანები დღეს პირდაპირი გაგებით არ აკმევენ საკმეველს, მაგრამ აღავლენენ ლოცვებს, რომლებშიც ზეციერი მამისადმი მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავენ. ტაძარში მომსახურე მღვდლების მიერ დაკმეული საკმევლის სასიამოვნო სურნელების მსგავსად, ბიბლიის თანახმად, ‘წრფელთა ლოცვა სათნოა ღვთისთვის’ (იგავები 15:8, სსგ).
[სურათები 29 გვერდზე]
საკმეველი, რომელსაც კარავსა და ტაძარში აკმევდნენ, წმინდა იყო.
[სურათი 30 გვერდზე]
მისაღებია ქრისტიანისთვის მედიტაციის მიზნით საკმევლის კმევა?