არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ემართება ქველმოქმედებას?

რა ემართება ქველმოქმედებას?

რა ემართება ქველმოქმედებას?

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ მოსახლეობამ დიდი დახმარება გაუწია დაზარალებულებს. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად 2.7 მილიარდი დოლარი შევიდა. ამხელა უბედურებით თავზარდაცემული ხალხი ყოველი მხრიდან მზად იყო დასახმარებლად.

მალე ზოგს გული გაუტყდა, როდესაც გამოაშკარავდა, რომ ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციები თანხებს დანიშნულებისამებრ არ იყენებდნენ. დიდი აღშფოთება მოჰყვა ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, სხვა მიზნებისთვის გამოეყენებინა მიღებული 546 მილიონი დოლარის თითქმის ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ ორგანიზაციამ გეგმები შეცვალა და ბოდიში მოიხადა, როგორც ერთმა კორესპონდენტმა აღნიშნა, „კრიტიკოსთა აზრით, ეს ცვლილება დაგვიანებული იყო ნდობის აღსადგენად“. როგორია თქვენი დამოკიდებულება? ხომ არ დაგიკარგავთ ნდობა საქველმოქმედო ორგანიზაციებისადმი?

კეთილი საქმე თუ ფულის გაფლანგვა?

საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის თანხების შეწირვა, ძირითადად, კეთილ საქმედ ითვლება, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. 200-ზე მეტი წლის წინათ ინგლისელმა ესეისტმა, სემიუელ ჯონსონმა დაწერა: „შენს სიკეთეში მაშინ უფრო მეტად ხარ დარწმუნებული, როდესაც მშრომელებს უხდი ფულს შესრულებული სამუშაოსთვის, ვიდრე მაშინ, როდესაც ქველმოქმედებას ეწევი“. ზოგი დღესაც ასეთივე ეჭვის თვალით უყურებს ქველმოქმედებას. საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად დანიშნულებისამებრ არ იყენებენ თანხებს, ვერ იმსახურებენ ხალხის ნდობას. ქვემოთ მოყვანილია არც ისე დიდი ხნის წინათ მომხდარი ორი შემთხვევა.

სან-ფრანცისკოში ერთი რელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორი მოხსნეს, როდესაც გაირკვა, რომ მან ორგანიზაციის ანგარიშიდან მოხსნა თავისი პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო თანხა და ორი წლის განმავლობაში ამავე ანგარიშიდან ხარჯავდა კვირაში 500 დოლარს რესტორნებში. დიდ ბრიტანეთში ერთი საქველმოქმედო სატელევიზიო გადაცემის ორგანიზატორებისთვის აშკარად არასასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც გამოაშკარავდა, რომ რუმინეთში უპატრონო ბავშვთა სახლების ასაშენებლად გადარიცხული 6.5 მილიონი ფუნტით (დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი) მხოლოდ 12 არაკეთილმოწყობილი სახლი აშენდა, ხოლო ასიათასობით დოლარი სადღაც გაქრა. ასეთი შემთხვევების შემდეგ ზოგი სავსებით მართებულად ავლენს უფრო მეტ სიფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხა გაიღოს ქველმოქმედებისთვის და ვის შესწიროს.

გავცეთ თუ არ გავცეთ?

სამწუხარო იქნებოდა, თუ რომელიმე ადამიანის ან ორგანიზაციის მოქმედება ჩაახშობდა ჩვენში სხვებზე გულწრფელი ზრუნვის სურვილსა და თანაგრძნობას. ბიბლიაში ნათქვამია: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში“ (იაკობი 1:27). დიახ, გაჭირვებულებზე ზრუნვა ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია.

შესაძლებელია, დაგებადოთ კითხვები: უნდა შევწიროთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს თანხა, თუ პირადად უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულებს? როგორ გაცემას მოელის ჩვენგან ღმერთი? მომდევნო სტატიაში ეს შეკითხვები იქნება განხილული.