მიჰბაძეთ იეჰოვას, ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს
მიჰბაძეთ იეჰოვას, ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს
„ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2:11).
1, 2. ა) რა განზრახვა ჰქონდა იეჰოვას მთლიანობაში ქანაანელების მიმართ? ბ) რა გააკეთა იეჰოვამ და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
მოაბის ველებზე დაბანაკებული ისრაელები გულისყურით უსმენდნენ მოსეს. ძვ. წ. 1473 წელი იყო. მდინარე იორდანეს გაღმა ღვთის ერს სერიოზული დავალება ჰქონდა შესასრულებელი. მოსემ მათ ღვთის განზრახვა განუცხადა — ისრაელს აღთქმულ მიწაზე, ქანაანში, შვიდი ძლიერი ერი უნდა დაემარცხებინა. რამდენად მანუგეშებელი იყო მოსეს სიტყვები: „ხელში ჩაგაგდებინებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დაამარცხებ მათ“. ისრაელს ამ ერებთან არავითარი შეთანხმება არ უნდა დაედო, რადგან ისინი შეწყალებას არ იმსახურებდნენ (მეორე რჯული 1:1; 7:1, 2).
2 მიუხედავად ამისა, პირველივე ქალაქში, რომელსაც თავს დაესხნენ ისრაელები, იეჰოვამ ერთი ოჯახი დაინდო. ღმერთმა სხვა ოთხი ქალაქის მცხოვრებლებიც დაიცვა. რა იყო ამის მიზეზი? რას გვასწავლის იეჰოვაზე ამ ქანაანელი ხალხის გადარჩენასთან დაკავშირებული მოვლენები? როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს?
იეჰოვას განმადიდებელი მოვლენები
3, 4. რა გავლენა მოახდინა ზოგ ქანაანელზე ისრაელების გამარჯვებებმა?
3 აღთქმულ მიწაზე შესვლამდე უდაბნოში გატარებული 40 წლის განმავლობაში ისრაელებს იეჰოვა იცავდა. ის მათთან ერთად იბრძოდა. აღთქმული მიწის სამხრეთით, ისრაელი ყარადის მეფეს შეებრძოლა. იეჰოვას დახმარებით ისრაელებმა ის და მისი ხალხი ხორმასთან დაამარცხეს (რიცხვნი 21:1—3). მოგვიანებით ისრაელმა ედომის მიწას გვერდი აუარა და ჩრდილოეთით, მკვდარი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გადაინაცვლა. ამ მხარეში, რომელიც ადრე მოაბელებით იყო დასახლებული, უკვე ამორეველები ცხოვრობდნენ. ამორეველთა მეფემ, სიხონმა, ღვთის ხალხს თავის მიწა-წყალზე გავლის ნება არ დართო. ისრაელი მის ლაშქარს იაჰცაში, როგორც ჩანს, არნონის ველის ჩრდილოეთით, შეებრძოლა, სადაც მეფე სიცოცხლეს გამოასალმეს (რიცხვნი 21:23, 24; მეორე რჯული 2:30—33). ამორეველები ცხოვრობდნენ აქედან ჩრდილოეთით მდებარე ბაშანშიც, სადაც ყოგი მეფობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოგი გოლიათი იყო, მან ვერ შეძლო იეჰოვასთვის წინააღმდეგობის გაწევა. ისრაელებმა ყოგი ედრეყიში მოკლეს (რიცხვნი 21:33—35; მეორე რჯული 3:1—3, 11). ამ გამარჯვებებმა და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ ამბავმა დიდი გავლენა მოახდინა ზოგ ქანაანელზე *.
4 მდინარე იორდანის გადალახვისა და ქანაანში შესვლის შემდეგ ისრაელები გილგალში დაბანაკდნენ (იესო ნავეს ძე 4:9—19). მათი ბანაკიდან მცირე მანძილით იყო დაშორებული გალავნიანი ქალაქი იერიხო (იერიხონი). იმ ყოველივემ, რაც ამ ქალაქის მცხოვრებმა ქანაანელმა რახაბმა იეჰოვაზე გაიგო, ის რწმენის გამოვლენისკენ აღძრა. ამიტომაც იეჰოვამ რახაბი და მისი ოჯახი გადაარჩინა, როდესაც მიწასთან გაასწორა იერიხო (იესო ნავეს ძე 2:1—13; 6:17, 18; იაკობი 2:25).
5. რამ აღძრა გაბაონელები მოხერხებული მოქმედებისკენ?
5 შემდეგ ისრაელმა იორდანეს ველებიდან მთაგორიანი ადგილებისკენ გადაინაცვლა. იეჰოვას მითითებისამებრ, იესო ნავეს ძემ საფარი მოაწყო ქალაქ ჰაღაის ასაღებად (იესო ნავეს ძე, თავი 8). ქალაქის დამარცხების ამბის გაგების შემდეგ ქანაანელი მეფეები გაერთიანდნენ, რათა ისრაელებს შებრძოლებოდნენ (იესო ნავეს ძე 9:1, 2). მეზობლად მდებარე ხივიელთა ქალაქის, გაბაონის, მცხოვრებლებმა კი განსხვავებული რეაგირება მოახდინეს. როგორც იესო ნავეს ძის 9:4-შია ნათქვამი, ისინი „ცბიერად მოიქცნენ“. რახაბის მსგავსად, მათაც გაგონილი ჰქონდათ, როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტიდან და როგორ გაამარჯვებინა სიხონსა და ყოგზე (იესო ნავეს ძე 9:6—10). გაბაონელები მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ამიტომაც გაბაონისა და ახლომდებარე სხვა სამი ქალაქის — ქეფირას, ბეეროთისა და კირიათ-იეყარიმის — გადასარჩენად იესო ნავეს ძესთან გილგალში გაგზავნეს კაცები, რომლებსაც მისთვის თავი შორი ქვეყნის მცხოვრებლებად უნდა მოეჩვენებინათ. ასეთი მოხერხებული მოქმედება წარმატებული აღმოჩნდა. იესო ნავეს ძემ შეთანხმება დაუდო ამ კაცებს, რაც მათი ხსნის გარანტია იყო. ისრაელებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ გაბაონელებმა მოატყუეს. მიუხედვად ამისა, მათ შეთანხმება არ დაურღვევიათ, რადგან იეჰოვას სახელით ჰქონდათ ფიცი მიცემული (იესო ნავეს ძე 9:16—19). მოიწონა იეჰოვამ მათი გადაწყვეტილება?
6. რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას იმაზე, რომ იესო ნავეს ძემ შეთანხმება დაუდო გაბაონელებს?
6 გაბაონელებს ნება მიეცათ, შეშის მჭრელები და წყლის მხაპავები გამხდარიყვნენ ისრაელებისთვის, თვით „უფლის სამსხვერპლოსათვის“ კარავში (იესო ნავეს ძე 9:21—27). უფრო მეტიც, როდესაც გაბაონელებს ხუთი ამორეველი მეფე შეებრძოლა, იეჰოვა სასწაულებრივად ჩაერია მათ დასაცავად. ქვის სეტყვამ მეტი ამორეველი გაწყვიტა, ვიდრე იესო ნავეს ძის ლაშქარმა. იესო ნავეს ძის თხოვნით, იეჰოვამ მზე და მთვარეც კი შეაჩერა, რათა ისრაელებს მტერი ბოლომდე დაემარცხებინათ. „არ ყოფილა ასეთი დღე არც უწინ და არც მის შემდგომ, — აღნიშნა იესო ნავეს ძემ, — რომ [ასე] შეესმინოს უფალს კაცის ხმა, რადგან უფალი იბრძოდა ისრაელისთვის“ (იესო ნავეს ძე 10:1—14).
7. პეტრე მოციქულის მიერ წარმოთქმული რომელი სიტყვების ჭეშმარიტება დადასტურდა ზოგი ქანაანელის შემთხვევაში?
7 ქანაანელ რახაბს, მის ოჯახსა და გაბაონელებს იეჰოვას შიში ჰქონდათ, რამაც ისინი შესაბამისი მოქმედებისკენ აღძრა. მათი მაგალითები აშკარად ადასტურებს პეტრე მოციქულის მიერ მოგვიანებით წარმოთქმული სიტყვების ჭეშმარიტებას: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
აბრაამისა და ისრაელის მიმართ დამოკიდებულება
8, 9. როგორ ვხედავთ იეჰოვას მიუკერძოებლობას აბრაამისა და ისრაელი ერის მიმართ მისი დამოკიდებულებიდან?
8 მოწაფე იაკობმა ყურადღება გაამახვილა აბრაამისა და მისი შთამომავლების მიმართ ღვთის წყალობაზე. აბრაამს რწმენის გამო ეწოდა „ღვთის მეგობარი“ და არა წარმოშობის გამო (იაკობი 2:23). მისმა რწმენამ და იეჰოვასადმი გამოვლენილმა სიყვარულმა კურთხევები მოუტანა მის შთამომავლობას (2 ნეშტთა 20:7). იეჰოვამ აბრაამს აღუთქვა: „გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორ ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას“. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ მომდევნო მუხლში მოცემულ დაპირებას: „იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი“ (დაბადება 22:17, 18; რომაელთა 4:1—8).
9 ისრაელებისადმი დამოკიდებულებით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, იეჰოვამ ცხადყო, როგორ ეპყრობა თავის მორჩილ ადამიანებს. მათდამი დამოკიდებულებიდან ვხედავთ, როგორ ავლენს ის თავისი ერთგული მსახურების მიმართ სიყვარულს. ისრაელი იეჰოვას „საკუთრება“ იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სხვა ერები ვერასდროს ისარგებლებდნენ ღვთის სიკეთით (გამოსვლა 19:5; მეორე რჯული 7:6—8). იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა და მოგვიანებით მათ უთხრა: „მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის“. მიუხედავად ამისა, ამოსისა და სხვა წინასწარმეტყველთა პირით, მან „ყველა ხალხს“ აღუთქვა შესანიშნავი მომავალი (ამოსი 3:2; 9:11, 12; ესაია 2:2—4).
იესო — მიუკერძოებელი მასწავლებელი
10. როგორ ჰბაძავდა იესო ზეციერ მამას მიუკერძოებლობაში?
10 დედამიწაზე მსახურებისას იესო, რომელიც ზუსტად ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს, ზეციერი მამის მსგავსად ავლენდა მიუკერძოებლობას (ებრაელთა 1:3). ის, ძირითადად, „ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს“ ეძებდა, მაგრამ მას თავი არ შეუკავებია ჭასთან სამარიელი ქალისთვის ქადაგებისგან (მათე 15:24; იოანე 4:7—30). აგრეთვე მან სასწაული მოახდინა, როდესაც ერთმა — როგორც ჩანს, არაიუდეველმა — ასისთავმა, თხოვნით მიმართა (ლუკა 7:1—10). ამავე დროს, იესო საქმეებით ღვთის ხალხისადმი სიყვარულს ამტკიცებდა. იესოს მოწაფეებიც განურჩევლად ყველგან ქადაგებდნენ. ნათელი გახდა, რომ იეჰოვასგან კურთხევის მიღება ეროვნებაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ პირად პოზიციაზე. ჭეშმარიტებას მოწყურებული თავმდაბალი, გულწრფელი ადამიანები ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას. ამაყნი და ქედმაღალნი კი არაფრად აგდებდნენ იესოსა და მის ცნობას. „გადიდებ, შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, — თქვა იესომ, — რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე“ (ლუკა 10:21). ჩვენც მიუკერძოებლობას ვავლენთ, როდესაც სხვებისადმი ჩვენი მოპყრობა სიყვარულითა და რწმენით არის ნაკარნახევი და გვესმის, რომ ეს იეჰოვასთვის მოსაწონია.
11. როგორ ვლინდებოდა მიუკერძოებლობა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში?
11 პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ იუდეველები და არაიუდეველები. „დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს, — თქვა პავლე მოციქულმა, — იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ * (რომაელთა 2:10, 11). წარმოშობა არ იყო იმის განმსაზღვრელი, ისარგებლებდა თუ არა ვინმე იეჰოვას წყალობით; ეს იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა რეაგირებას მოახდენდა, როდესაც იეჰოვაზე და იმ იმედზე მოისმენდა, რომლის საფუძველიც ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მსხვერპლი იყო (იოანე 3:16, 36). პავლე მოციქულმა დაწერა: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში“. მოციქულმა აქ გამოიყენა კალამბური (სიტყვათა თამაში), რომელიც სიტყვა „იუდეველის“ (ნაწარმოებია სახელიდან „იუდა“, რაც ნიშნავს ქებულს) სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენებაზე იყო დაფუძნებული და დასძინა: „ვისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა“ (რომაელთა 2:28, 29). იეჰოვა მიუკერძოებლად აქებს ადამიანებს. ჩვენც ვიქცევით ასე?
12. მომავლის რა პერსპექტივაზეა ლაპარაკი გამოცხადების 7:9-ში და ვისთვის იქნება ეს შესაძლებელი?
12 მოგვიანებით იოანე მოციქულმა აღწერა თავისი ხილვა, სადაც ცხებული ქრისტიანები წარმოდგენილი არიან სულიერ ერად, რომელიც „ბეჭედდასმული, ისრაელიანთა ყველა ტომიდან“ შეკრებილი 144 000 წევრისგან შედგება. მათ შემდეგ იოანემ დაინახა „უამრავი ხალხი . . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში“ (გამოცხადება 7:4, 9). ასე რომ, დღეს ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ყოველი ერის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ნებისმიერი წარმოშობის ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მოახლოებულ „დიდ გასაჭირში“ გადარჩნენ და ახალ ქვეყნიერებაში „სიცოცხლის წყლის წყაროდან“ დალიონ (გამოცხადება 7:14—17).
დადებითი შედეგები
13—15. ა) როგორ შეგვიძლია რასობრივი და სხვადასხვა კულტურით გამოწვეული ბარიერების გადალახვა? ბ) მოიყვანეთ მაგალითები, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს გულთბილად მოპყრობას.
13 იეჰოვა კარგად გვიცნობს თითოეულ ჩვენგანს, ისევე როგორც მოსიყვარულე მამა თავის შვილებს. თუ ჩვენც ვეცნობით ერთმანეთს და ინტერესს 1 კორინთელთა 9:19—23). ამის კარგ მაგალითს გვაძლევენ მისიონერები, რომლებიც უცხო ქვეყნებში მსახურობენ. ისინი პირად ინტერესს ავლენენ იმ ხალხისადმი, რომელთა შორისაც ცხოვრობენ და ამის შედეგად ძალიან მალე უმეგობრდებიან ადგილობრივი კრებების წევრებს (ფილიპელთა 2:4).
ვავლენთ ერთმანეთის კულტურისადმი, სულ უფრო უმნიშვნელო ხდება ნებისმიერი განსხვავება. ამის შედეგად ეთნიკური ბარიერები ქრება, ხოლო მეგობრობა და სიყვარული მტკიცდება. ხელი ეწყობა ერთობას (14 მიუკერძოებლობის გამოვლენამ ბევრ ქვეყანაში მოიტანა დადებითი შედეგები. ეთიოპელი აკილუ საშინელ მარტოობას გრძნობდა ლონდონში. ეს გრძნობა უფრო მეტად უმძაფრდებოდა, როდესაც ხედავდა, რომ ხალხი, როგორც ეს თანამედროვე ევროპის ბევრ დიდ ქალაქშია, მეგობრულად არ იყო განწყობილი უცხოელების მიმართ. ხოლო როდესაც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრას დაესწრო, მას სრულიად განსხვავებული გრძნობა დაეუფლა! გულთბილი მიღებისთანავე თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ ოჯახში. მალე უკეთესად გაიცნო და უფრო მეტად დააფასა შემოქმედი, რამაც აღძრა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაეწყო. ერთხელ სამქადაგებლო მსახურებისას აკილუს პარტნიორმა ჰკითხა, რა მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში. მან მაშინვე უპასუხა — იმედი მაქვს, ოდესმე ამჰარული კრების წევრი გავხდებიო. როდესაც ეს მისი ინგლისური კრების უხუცესებმა გაიგეს, ორგანიზება გაუწიეს იმას, რომ აკილუს მშობლიურ ენაზე საჯარო მოხსენება წარმოთქმულიყო. დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარებულ ამჰარულ შეხვედრაზე მოხსენების მოსასმენად უცხოელებთან ერთად ბევრი ადგილობრივი მოწმე მივიდა. დღეს მათ უკვე საკმაოდ ძლიერი კრება აქვთ, რომელშიც მხარდამხარ მსახურობენ ეთიოპელი თუ სხვა ეროვნების მოწმეები. იმ მხარეში ბევრმა დაინახა, რომ ხელს არაფერი უშლიდათ, იეჰოვას მხარე დაეკავებინათ და ამის ნიშნად მონათლულიყვნენ (საქმეები 8:26—36).
15 ყველა ერს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები თუ ტრადიციები აქვს. ეს არ არის რომელიმე კულტურის უპირატესობის განმსაზღვრელი; უბრალოდ, თითოეული კულტურა განსხვავებულია. ამასწინათ, როდესაც კუნძულ მალტაზე იეჰოვასადმი მიძღვნილები ინათლებოდნენ, ადგილობრივი მოწმეების აშკარად გამოხატულ სიხარულს დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული სტუმრების სიხარულის ცრემლებიც ავსებდა. როგორც მალტელები, ისე ბრიტანელები გამოხატავდნენ საკუთარ გრძნობებს, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულად. იეჰოვას მიმართ გამოვლენილმა ძლიერმა სიყვარულმა უფრო მეტად განამტკიცა მათი ქრისტიანული ურთიერთობა (ფსალმუნები 132:1; კოლასელთა 3:14).
უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა
16—18. მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიანული კრების წევრებს ამა თუ იმ ერისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა.
16 თანაქრისტიანებისადმი სიყვარულის განვითარება იმაში გვეხმარება, რომ ადამიანებს იეჰოვას თვალით შევხედოთ. თუ რომელიმე ერის, რასის ან კულტურის მიმართ დადებითად არ ვიყავით განწყობილი, შეგვიძლია უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა. მაგალითად შეგვეძლო მოგვეყვანა ალბერტი, რომელიც II მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა და
1942 წელს სინგაპურის დაცემისას ტყვედ ჩაუვარდა იაპონელებს. მოგვიანებით მას დაახლოებით სამ წელიწადს მოუწია მუშაობა „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე, მდინარე კხუენოიზე გადებულ ხიდთან ახლოს. როდესაც ომი დამთავრდა და ალბერტი გათავისუფლდა, ის 32 კილოგრამს იწონიდა, გატეხილი ჰქონდა ყბისა და ცხვირის ძვლები და დიზენტერიით, ტრიქოფიტიითა (კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადება) და მალარიით იყო დაავადებული. ათასობით ტყვე უარეს მდგომარეობაში იყო. ბევრი ცოცხალი ვერ გადარჩა. ალბერტი 1945 წელს დაბრუნდა სახლში. ყველა იმ საშინელების შემდეგ, რაც მან საკუთარი თვალით ნახა თუ პირადად გამოსცადა, ალბერტი გამწარებული ადამიანი იყო და სრულიად არ აინტერესებდა რამის გაგება ღვთისა და რელიგიის შესახებ.17 ალბერტის მეუღლე, აირინი, იეჰოვას მოწმე გახდა. ცოლის ხათრით ალბერტი იეჰოვას მოწმეთა კრების რამდენიმე შეხვედრას დაესწრო. მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო ახალგაზრდა სრული დროით მსახურმა, სახელად პაულმა. ალბერტი მალე დარწმუნდა იმაში, რომ იეჰოვა თითოეული ადამიანის გულს ხედავს და, შესაბამისად, ადამიანებს ინდივიდუალურად უყურებს. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.
18 პაული მოგვიანებით ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მან ისწავლა იაპონური და იმ კრებაში დაიწყო მსახურება, რომელიც იაპონურ ენაზე ტარდებოდა. როდესაც მან ინგლისში სტუმრად ჩასული რამდენიმე იაპონელი მოწმე თავის ყოფილ კრებაში მიიყვანა, ადგილობრივ ძმებს გაახსენდათ, რომ ალბერტი უარყოფითად იყო განწყობილი იაპონელებისადმი. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ის იაპონელებთან პირისპირ შეხვედრას ერიდებოდა. ამიტომაც ძმები ფიქრობდნენ, რომ მისთვის ადვილი არ იქნებოდა სტუმრებთან შეხვედრა. მაგრამ საგანგაშო არაფერი ყოფილა — ალბერტმა სტუმრები ძმური სიყვარულით მიიღო (1 პეტრე 3:8, 9).
„იყავით თქვენც გაშლილნი“
19. პავლე მოციქულის მიერ მოცემული რომელი რჩევა დაგვეხმარება, თუ ზოგჯერ მიკერძოებას ვავლენთ?
19 „მიკერძოება კარგი არ არის“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 28:21). ბუნებრივია, გვსიამოვნებს კარგ ნაცნობებთან ურთიერთობა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სათანადო ინტერესს არ ვავლენთ მათდამი, ვისაც კარგად არ ვიცნობთ. ასეთი მიკერძოება არ შეეფერება იეჰოვას მსახურს. ცხადია, ყველასთვის კარგი იქნება, გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა, ‘ვიყოთ გაშლილნი’ — დიახ, გავფართოვდეთ სხვადასხვა ეროვნების თანაქრისტიანთა სიყვარულში (2 კორინთელთა 6:13).
20. სად და როდის უნდა მივბაძოთ იეჰოვას, ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს?
20 იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისა, მიუკერძოებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, გაერთიანებული ვიყოთ ერთ ფარაში, რომელსაც ერთი მწყემსი ჰყავს (ეფესელთა 4:4, 5, 16). იეჰოვას, ჩვენი მიუკერძოებელი ღმერთის, მიბაძვა დაგვეხმარება ქრისტიანულ მსახურებაში, ოჯახში, კრებაში და, საერთოდ, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. როგორ? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 იეჰოვას განდიდების თემაზე მოგვიანებით წმინდა სიმღერები შეიქმნა (ფსალმუნები 134:8—11; 135:11—20).
^ აბზ. 11 ამ შემთხვევაში სიტყვა „ბერძენში“ არაიუდეველები იგულისხმებიან („წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი I, გვერდი 1004 [ინგლ.]; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
როგორ უპასუხებდით?
• როგორ გამოავლინა იეჰოვამ მიუკერძოებლობა რახაბისადმი და გაბაონელებისადმი?
• როგორ გამოავლინა იესომ მიუკერძოებლობა სწავლებისას?
• რა დაგვეხმარება რომელიმე კულტურისა და რასის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
ისრაელი ქანაანის დაპყრობას იწყებს.
[სურათი 15 გვერდზე]
იესოს თავი არ შეუკავებია სამარიელ ქალთან ქადაგებისგან.
[სურათი 16 გვერდზე]
საჯარო შეხვედრა ამჰარულ ენაზე დიდ ბრიტანეთში.
[სურათი 16 გვერდზე]
ალბერტს იეჰოვას სიყვარული დაეხმარა უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლაში.