მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
შეუძლია თუ არა სატანას ფიქრების წაკითხვა?
სრული დამაჯერებლობით ვერ ვიტყვით, მაგრამ, როგორც ჩანს, არც სატანას და არც მის დემონებს არ შეუძლიათ ჩვენი ფიქრების წაკითხვა.
დავფიქრდეთ სახელებზე, რომლებიც აღწერს სატანის პიროვნებას. მას ეწოდება სატანა (მოწინააღმდეგე), ეშმაკი (ცილისმწამებელი), გველი (გაიძვერას სინონიმი), მაცდური და მატყუარა (იობი 1:6; მათე 4:3; იოანე 8:44; 2 კორინთელთა 11:3; გამოცხადება 12:9). ამ აღწერილობითი სახელებიდან არც ერთი არ მიუთითებს იმაზე, რომ სატანას შეუძლია გაიგოს, რაზე ვფიქრობთ.
მისგან განსხვავებით, იეჰოვა ღმერთს „გულების გამომცდელი“ და „გულთამხილველი“ ეწოდება (იგავები 17:3; 1 მეფეთა 16:7; 1 ნეშტთა 29:17). „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, — ნათქვამია ებრაელთა 4:13–ში, — არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“. გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ თავისი ძე, იესო, დააჯილდოვა გულისნადების გაგების უნარით. აღდგენილმა იესომ განაცხადა: „მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხადება 2:23).
ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ სატანას აქვს ადამიანის გულისნადებისა და ფიქრების გაგების უნარი. აღსანიშნავია, რომ, როგორც პავლე მოციქული გვეუბნება, ქრისტიანებისთვის „უცნობი არ არის მისი [სატანის] ზრახვები“ (2 კორინთელთა 2:11). აქედან გამომდინარე, არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ სატანას შეიძლება ჰქონდეს სასწაულებრივი უნარი, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს არ შეუძლია ჩვენი სისუსტეების დანახვა. უკვე საუკუნეებია, რაც სატანა ადამიანთა საქციელს აკვირდება და იკვლევს. მას არ ჭირდება ფიქრების წაკითხვის უნარი იმისათვის, რომ დაინახოს ჩვენი საქციელი, შენიშნოს, გართობის რა სახეობა გვიზიდავს, მოისმინოს, რაზე ვსაუბრობთ და ა. შ. გარდა ამისა, ჩვენი სახის გამომეტყველებით, მიმიკითა და ჟესტებითაც შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რაზე ვფიქრობთ ან რას ვგრძნობთ.
სატანა ადამიანების შესაცდენად, უმთავრესად, ისეთივე მეთოდებს იყენებს, როგორიც ედემის ბაღში გამოიყენა — ტყუილს, გაიძვერობასა თუ ცრუ ინფორმაციას (დაბადება 3:1—5). თუმცა ქრისტიანებს არ უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ სატანა გაიგებს მათ ფიქრებს, ღვთის მსახურებს აქვთ მიზეზი, იფრთხილონ და დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრები შეიძლება შეაპაროს. მას სურს, რომ ‘გარყვნას’ ქრისტიანთა გონება და ჭეშმარიტებას ჩამოაცილოს ისინი (1 ტიმოთე 6:5). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სატანის ქვეყნიერებაში ძალიან ბევრი გამრყვნელი ინფორმაცია და გართობის სახეობა არსებობს. წინაღმდეგობის გასაწევად და გონების დასაცავად ქრისტიანებმა „ხსნის ჩაჩქანი“ უნდა ატარონ (ეფესელთა 6:17). ამისათვის ისინი ყოველთვის ბიბლიურ სწავლებებს უნდა იყვნენ დაწაფებული და უნდა მოერიდონ სატანის გამხრწნელ ქვეყნიერებასთან არასაჭირო ურთიერთობას.
სატანა საკმაოდ საშიში მტერია, მაგრამ ჩვენ ეშმაკისა და მისი დემონების მიმართ ავადმყოფური შიში არ უნდა გვქონდეს. იაკობის 4:7–ში შემდეგი დამაჯერებელი სიტყვებია მოყვანილი: „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“. თუ ამ რჩევის თანახმად მოვიქცევით, ჩვენც შევძლებთ იესოს მსგავსად იმის თქმას, რომ სატანას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩვენზე (იოანე 14:30).