საჩუქარი თუ ქრთამი?
საჩუქარი თუ ქრთამი?
პოლონეთის ზოგ სასწავლებელში სტუდენტები ტრადიციისამებრ ფულს აგროვებენ ლექტორებისთვის საჩუქრების საყიდლად იმ იმედით, რომ უკეთეს ნიშნებს დაუწერენ გამოცდებზე. გასაკვირი არ არის, რომ ერთხელაც ამის გამო ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს, სახელად კატაჟინას, პრობლემა შეექმნა. „სწორად მოვიქცევი, თუ ფულს მეც დავდებ?“ — ფიქრობდა ის. თანაკურსელებმა აუხსნეს: „ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამით შენ არაფერს კარგავ, პირიქით, მოგებული დარჩები. ასე რომ, რაღას ყოყმანობ?“.
„უნდა გამოგიტყდეთ, რომ პირველ კურსზე ფულს მეც ვდებდი, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ ასეთი სახით ხელს ვუწყობდი მექრთამეობას, რაც დაგმობილია ბიბლიაში“, — აღიარებს კატაჟინა. მან გაიხსენა საღვთო წერილში მოცემული მუხლები, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ იეჰოვა მსჯავრს დებს მექრთამეობას (მეორე რჯული 10:17; 16:19; 2 ნეშტთა 19:7, აქ). კატაჟინა ამბობს: „მივხვდი, რომ ძალიან ადვილად შეიძლება თანატოლების ზეგავლენის ქვეშ მოექცე. კიდევ ერთხელ კარგად გამოვიკვლიე ეს საკითხი და მას შემდეგ არასდროს მოვქცეულვარ ამ ჩვეულების თანახმად“. ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სტუდენტების დაცინვის მიუხედავად, მან ზოგ მათგანს დაანახვა, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენის გამო არ დებდა ფულს ასეთი „საჩუქრის“ საყიდლად.
ზოგი კატაჟინას იმაში ადანაშაულებდა, რომ ეგოისტი იყო და ამხანაგებს მხარს არ უჭერდა. „ზოგი სტუდენტი დღემდე ცუდად არის ჩემდამი განწყობილი, — ამბობს ის, — მაგრამ ბევრი პატივს სცემს ჩემს თვალსაზრისს, რაც ძალიან მახარებს“. ამჟამად კატაჟინას ბიბლიური პრინციპების ერთგულად დამცველ იეჰოვას მოწმედ იცნობენ.