არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აი, ესაა ჩვენი ღმერთი“

„აი, ესაა ჩვენი ღმერთი“

„აი, ესაა ჩვენი ღმერთი“

ეს ორი სასწავლო სტატია დაფუძნებულია წიგნზე „დაუახლოვდი იეჰოვას“, რომელიც 2002 წლის საოლქო კონგრესზე გამოიცა (იხილეთ სტატია „გული სითბოთი ამივსო“, გვერდი 20).

„აი, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით, რომ გვიხსნიდა ჩვენ. ეს არის უფალი“ (ესაია 25:9).

1, 2. ა) როგორ მოიხსენია იეჰოვამ პატრიარქი აბრაამი და რა კითხვა შეიძლება დაგვებადოს ამასთან დაკავშირებით? ბ) როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია?

„ჩემი მეგობარი“ — ამ სიტყვებით მოიხსენია იეჰოვამ, ცისა და დედამიწის შემოქმედმა, პატრიარქი აბრაამი (ესაია 41:8, აქ). წარმოიდგინეთ, უბრალო ადამიანი სამყაროს უზენაესი უფლის მეგობარი გახდა! ალბათ, დაგაინტერესებთ, თქვენთვისაც შესაძლებელია თუ არა ღმერთთან ასე დაახლოება.

2 ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია. აბრაამს მიეცა ამის შესაძლებლობა, რადგან მას ‘სწამდა ღმერთი’ (იაკობი 2:23). მსგავსად, იეჰოვა დღესაც „წრფელებთან . . . მეგობრობს“ (იგავები 3:32). იაკობის 4:8-ში (აქ) ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. ნათელია, რომ იეჰოვასთან დაახლოებას თუ შევეცდებით, თავის მხრივ, ისიც დაგვიახლოვდება. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ — ცოდვილმა, არასრულყოფილმა ადამიანებმა — უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი? არა. „სიახლოვე იეჰოვასთან“ შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოსიყვარულე ღმერთმა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა (ფსალმუნები 25:14  აქ [24:14]).

3. რომელი ორი ნაბიჯი გადადგა იეჰოვამ იმისათვის, რომ მასთან დამეგობრება შეგვძლებოდა?

3 პირველი: იეჰოვას ნებით, იესომ ‘თავი შესწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). სწორედ გამომსყიდველური მსხვერპლი გვაძლევს ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობას. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19). დიახ, ღმერთმა ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ მასთან დამეგობრება შეგვძლებოდა, რადგანაც „პირველად მან შეგვიყვარა“. მეორე: იეჰოვამ საკუთარი თავი გაგვაცნო. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვინმესთან მეგობრულ ურთიერთობას ვამყარებთ, უპირველესად, ვეცნობით მას, გვიზიდავს მისი პიროვნული თვისებები და ვაფასებთ მათ. დაფიქრდით ამაზე. იეჰოვა რომ ფარული, შეუცნობელი ღმერთი ყოფილიყო, ვერასოდეს დავუახლოვდებოდით. იგი არ გვემალება, პირიქით, სურს, რომ გავეცნოთ (ესაია 45:19). ღმერთი თავის სიტყვაში ჩვენთვის გასაგები ენით გვესაუბრება, რაც არა მხოლოდ იმაზე მოწმობს, რომ ვუყვარვართ, არამედ იმაზეც, რომ სურს, გავიცნოთ და შევიყვაროთ, როგორც ჩვენი ზეციერი მამა.

4. რას ვიგრძნობთ იეჰოვას მიმართ, თუ უკეთ გავეცნობით მის თვისებებს?

4 ალბათ, გინახავთ პატარა ბავშვი, რომელიც მეგობრებს თავის მამას ანახვებს და გულწრფელი სიხარულითა და სიამაყით ამბობს: „აი, ჩემი მამიკო!“. ღვთის თაყვანისმცემლებს იმის სრული მიზეზი აქვთ, რომ მსგავს გრძნობას განიცდიდნენ იეჰოვას მიმართ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია იმ დროზე, როცა ერთგული ადამიანები აღტაცებით იტყვიან: „აი, ესაა ჩვენი ღმერთი“ (ესაია 25:8, 9). რაც უფრო უკეთ გავეცნობით იეჰოვას თვისებებს, მით უფრო უკეთ ვიგრძნობთ, რომ საუკეთესო მამა და უახლოესი მეგობარი გვყავს. დიახ, იეჰოვას თვისებების დანახვა მასთან დაახლოების ყოველგვარ მიზეზს გვაძლევს. ამიტომაც მოდი განვიხილოთ, რას გვეუბნება ბიბლია იეჰოვას ოთხი ძირითადი თვისების — ძლიერების, სამართლიანობის, სიბრძნისა და სიყვარულის — შესახებ. ამ სტატიაში პირველ სამ თვისებაზე ვილაპარაკებთ.

„დიდია ის ძალით“

5. მხოლოდ იეჰოვას რატომ ეწოდება „ყოვლისშემძლე“ და რისთვის იყენებს ის თავის უსაზღვრო ძალას?

5 იეჰოვა „დიდია . . . ძალით“ (იობი 37:23). იერემიას 10:6-ში ნათქვამია: „არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით“. თავისი ნებისმიერი ქმნილებისგან განსხვავებით, იეჰოვას უსაზღვრო ძალა აქვს. ამიტომაც მხოლოდ მას ეწოდება «ყოვლისმპყრობელი [„ყოვლისშემძლე“, აქ]» (გამოცხადება 15:3). იეჰოვა თავის ძალას იმისათვის იყენებს, რომ შექმნას, გაანადგუროს, დაიფაროს და აღადგინოს. განვიხილოთ ორი მაგალითი — პირველი შემოქმედებით ძალას, ხოლო მეორე მფარველ ძალას დაგვანახვებს.

6, 7. რამდენად ძლიერია მზე და რა მნიშვნელოვან ფაქტს ადასტურებს ეს?

6 რას გრძნობთ, როდესაც ზაფხულის თაკარა მზეს ეფიცხებით? ცხადია, მზის სითბოს. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იეჰოვას შემოქმედებითი ძალის შედეგს. რამდენად ძლიერია მზე? მზის წიაღში ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონ გრადუსს აღწევს. მზის წიაღიდან თუნდაც ხორბლის მარცვლისოდენა ნაწილი დედამიწაზე რომ დაგვედო, 140 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში უვნებელი არაფერი დარჩებოდა. ყოველ წამში მზე ასობით მილიონი ბირთვული ბომბის აფეთქების ტოლფას ენერგიას გამოსცემს. საინტერესოა, რომ დედამიწის ორბიტა ამ გამაოგნებელი თერმობირთვული „ღუმლისგან“ ზუსტად საჭირო მანძილით არის დაშორებული. ორბიტა მზესთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, დედამიწაზე მთელი წყალი აორთქლდებოდა, ხოლო უფრო შორს რომ ყოფილიყო — მთლიანად გაიყინებოდა. ორივე შემთხვევაში ჩვენი პლანეტა უსიცოცხლო იქნებოდა.

7 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე მზეზეა დამოკიდებული, ბევრი საერთოდ არ უფიქრდება, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომაც არ ესმით ის, რასაც მზე გვამცნობს. ფსალმუნების 73:16-ში იეჰოვაზე ნათქვამია: „შენ განამზადე მთვარე და მზე“. დიახ, მზეს დიდება მოაქვს იეჰოვასთვის, ცისა და დედამიწის შემოქმედისთვის (ფსალმუნები 145:6). და მაინც, მზე ღვთის შემოქმედების მხოლოდ ერთ-ერთი ნაყოფია, რომელიც მის უზარმაზარ ძალაზე მეტყველებს. რაც მეტს ვიგებთ იეჰოვას შემოქმედებით ძალაზე, მით მეტად გვიჩნდება მისდამი შიშნარევი მოწიწება.

8, 9. ა) საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას თავისი თაყვანისმცემლების დაცვა და მათზე ზრუნვა სურს? ბ) როგორ ზრუნავდა ბიბლიურ დროში მწყემსი თავის ფარაზე და რას გვასწავლის ეს ჩვენი დიდებული მწყემსის შესახებ?

8 იეჰოვა უსაზღვრო ძალას იმისთვისაც იყენებს, რომ დაიცვას თავისი მსახურები და იზრუნოს მათზე. ბიბლია ცოცხალი და გულში ჩამწვდომი სიტყვებით გადმოგვცემს, როგორ აღუთქვამს მფარველობას იეჰოვა თავის მსახურებს. მაგალითად, ესაიას 40:11-ში იეჰოვა საკუთარ თავს მწყემსს ადარებს, თავის ხალხს კი — ცხვარს. ამ მუხლში ნათქვამია: „ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ“. შეეცადეთ წარმოიდგინოთ ის, რაც ამ სიტყვებშია ნათქვამი.

9 ცხოველთაგან ბევრი არ არის ისეთი უმწეო, როგორიც ცხვარია. ბიბლიურ დროში მწყემსს სიმამაცე ესაჭიროებოდა, რათა თავისი ფარა მგლების, დათვების და ლომებისგანაც კი დაეცვა (1 მეფეთა 17:34—36; იოანე 10:10—13). მაგრამ ისეთი დროც დგებოდა, როდესაც მფარველობის მიზნით სითბოს გამოვლენა იყო საჭირო. მაგალითად, ცხვარს ფარეხიდან მოშორებით რომ მოეგო, როგორ უნდა დაეცვა მწყემსს უსუსური ბატკანი? შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში მისი „უბით“ ტარება ყოფილიყო საჭირო. როგორ მოხვდებოდა პატარა ბატკანი მწყემსის „უბეში“? ბატკანი შეიძლება მწყემსს მიახლოებოდა და ფეხზეც კი გახახუნებოდა, მაგრამ დახრით მწყემსი უნდა დახრილიყო, ბატკანი ხელში აეყვანა და ფრთხილად ჩაესვა უბეში. ამ მაგალითით ნათლად ვხედავთ, რომ ჩვენი დიდებული მწყემსი მზად არის, დაგვიცვას და დაგვიფაროს!

10. როგორ გვიცავს იეჰოვა დღეს და რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

10 იეჰოვამ მფარველობის დაპირებაზე მეტი გააკეთა. ბიბლიურ დროში მან არაერთხელ დაამტკიცა სასწაულებრივად, რომ შეუძლია „იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი“ (2 პეტრე 2:9). რა შეიძლება ითქვას ჩვენი დროის შესახებ? ვიცით, რომ ის არ გვარიდებს დღეს არსებულ ყველა პრობლემასა და უბედურებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან რამეს აკეთებს ჩვენთვის — სულიერად გვიცავს. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი სულიერი ზიანისგან დასაცავად ყველაფერს გვაძლევს, რათა გადავიტანოთ განსაცდელები და გავუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას. მაგალითად, ლუკას 11:13-ში ნათქვამია: „თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“. ამ ძლიერ სულს შეუძლია გაგვამარჯვებინოს ნებისმიერ განსაცდელსა თუ პრობლემაზე (2 კორინთელთა 4:7). ამით იეჰოვა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი კი არ ვიცხოვროთ, არამედ მარადიულად. თუ ამას მხედველობაში მივიღებთ, ნამდვილად შევძლებთ, რომ ამ წუთისოფელში ნებისმიერი სატანჯველი „მსუბუქად და ხანმოკლედ“ მივიჩნიოთ (2 კორინთელთა 4:17). განა არ გვიზიდავს ღმერთი, რომელიც სიყვარულით იყენებს ძალას ჩვენს საკეთილდღეოდ?

იეჰოვას „სამართალი უყვარს“

11, 12. ა) რატომ გვაახლოებს იეჰოვასთან მისი სამართლიანობა? ბ) რა დასკვნამდე მივიდა დავითი იეჰოვას სამართლიანობის შესახებ და როგორ გვანუგეშებს მისი სიტყვები?

11 იეჰოვა იმას აკეთებს, რაც სწორი და სამართლიანია; ამასთან, ის მუდამ ასე იქცევა, მიკერძოების გარეშე. ღვთის სამართლიანობა ცივი, მკაცრი თვისება არ არის და უსიამოვნო გრძნობას კი არ იწვევს ჩვენში, არამედ სასიამოვნო თვისებაა, რომელიც იეჰოვასკენ გვიზიდავს. ბიბლია ნათლად აღწერს ამ თვისების გულში ჩამწვდომ ბუნებას. მაშ, მოდი განვიხილოთ სამი მხარე, რომლებშიც იეჰოვას სამართლიანობა ვლინდება.

12 პირველი: სამართლიანობა იეჰოვას აღძრავს, ერთგულად მოეპყროს თავის მსახურებს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სამართლიანობის ეს მხარე. რა დასკვნამდე მიიყვანა დავითი საკუთარმა გამოცდილებამ და ღვთის საქმეების შესწავლამ? მან განაცხადა: „უფალს სამართალი უყვარს, და არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან“ (ფსალმუნები 36:28). რა მანუგეშებელი სიტყვებია! ღვთის სამართლიანობა იმის გარანტიაა, რომ ღმერთი ერთი წუთითაც კი არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულებს. ესე იგი, ახლოს იქნება ჩვენთან და სიყვარულით გვიპატრონებს! (იგავები 2:7, 8).

13. როგორ დასტურდება ისრაელისთვის მიცემულ რჯულში, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც კეთილსასურველი პირობები არ გააჩნია?

13 მეორე: ღვთის სამართლიანობაში ისიც იგულისხმება, რომ ღმერთმა გულდამწუხრებულებს მიხედოს და ზრუნვა არ მოაკლოს. ეს ისრაელი ერისთვის მიცემულმა რჯულმა დაადასტურა. მაგალითად, რჯული ითვალისწინებდა ქვრივ-ობლებზე ზრუნვას (მეორე რჯული 24:17—21). იეჰოვას ესმოდა, რამდენად რთული იქნებოდა ასეთი ოჯახებისთვის ცხოვრება და თავად გახდა მათი მამაც, მოსამართლეც და მფარველიც (მეორე რჯული 10:17, 18). როგორც გამოსვლის 22:22—24-შია ჩაწერილი, იეჰოვა აფრთხილებდა ისრაელებს, რომ თუ ისინი უმწეო ქალებსა და ბავშვებს დაჩაგრავდნენ, შეისმენდა ჩაგრულთა ღაღადს და ‘აინთებოდა მისი რისხვა’. თუმცა რისხვა არ არის ღვთის ძირითადი თვისება, მაგრამ ღმერთი სამართლიან აღშფოთებას გამოხატავს წინასწარგანზრახული უსამართლობის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც დაზარალებულები უმწეოები არიან (ფსალმუნები 102:6).

14. რა არის იეჰოვას მიუკერძოებლობის მართლაც შესანიშნავი მტკიცება?

14 მესამე: მეორე რჯულის 10:17-ის თანახმად, ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა „მიკერძოებას არ იჩენს და ქრთამს არ იღებს“. ძალაუფლებისა და გავლენის მქონე მრავალი ადამიანისგან განსხვავებით, იეჰოვას ვერ გადმოიბირებ მატერიალური სიმდიდრითა და გარეგნობით. მას არ ახასიათებს მიკერძოება ან ფავორიტიზმი. ამის მტკიცებას ის წარმოადგენს, რომ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად გახდომისა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტარული საზოგადოების ხელში არაა. პირიქით, საქმეების 10:34, 35-ში აღნიშნულია, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“. ასეთი შესაძლებლობა სოციალური ფენის, კანის ფერისა თუ წარმომავლობის მიუხედავად, ყველას ეძლევა. განა ეს ჭეშმარიტ სამართლიანობაზე არ მეტყველებს? ნამდვილად, იეჰოვას სამართლიანობის უკეთ გაგება მისკენ გვიზიდავს!

„ო! ღვთის . . . სიბრძნის . . . სიღრმე!“

15. რა არის სიბრძნე და როგორ ავლენს მას იეჰოვა?

15 მოციქული პავლე აღძრული იყო, რომაელთა 11:33-ში ჩაწერილი სიტყვები წარმოეთქვა: „ო! ღვთის . . . სიბრძნის . . . სიღრმე!“. დიახ, როდესაც იეჰოვას უდიდესი სიბრძნის სხვადასხვა მხარეზე ვფიქრობთ, შეუძლებელია შიშნარევი მოწიწების გრძნობა არ დაგვეუფლოს. მაგრამ რა იგულისხმება ამ თვისებაში? სიბრძნე მოიცავს ცოდნას, გამჭრიახობასა და გაგების უნარს, რაც საქმეებში ვლინდება. უსაზღვრო ცოდნითა და ღრმა გაგების უნარით იეჰოვა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს და საუკეთესო გზას მიმართავს მათ განსახორციელებლად.

16, 17. როგორ ადასტურებს იეჰოვას ქმნილებები მის უსაზღვრო სიბრძნეს? მოიყვანეთ მაგალითი.

16 კონკრეტულად რაში ავლენს იეჰოვა სიბრძნეს? ფსალმუნების 103:24-ში ნათქვამია: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“. მართლაც, რაც მეტს ვიგებთ იეჰოვას შემოქმედების შესახებ, მით მეტად გვიჩნდება მოკრძალება მისი სიბრძნისადმი. მეცნიერებმა იეჰოვას შემოქმედებითი საქმეებიდან ბევრი რამ ისწავლეს! საფუძველი ჩაეყარა საინჟინრო ტექნიკის ახალ დარგს, ბიონიკას, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის საფუძველზე საინჟინრო ამოცანებს წყვეტს.

17 მაგალითად, ალბათ, გაოცებულხართ ობობას ქსელის სილამაზით. ის ნამდვილად საოცარი სქემით არის გაბმული. რამდენიმე, ერთი შეხედვით, ფაქიზი ძაფი პროპორციულად ფოლადზე ბევრად მტკიცე და ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე უფრო გამძლეა. რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინეთ ობობას ქსელი, რომელიც თევზსაჭერი გემის ბადის ზომამდეა გაზრდილი. ასეთი ქსელი სამგზავრო თვითმფრინავის გაჩერებას შეძლებდა ჰაერში. დიახ, იეჰოვამ ყველა ეს ქმნილება „სიბრძნით“ შექმნა.

18. როგორ გამოჩნდა იეჰოვას სიბრძნე იმაში, რომ მან თავისი სიტყვის დასაწერად ადამიანები გამოიყენა?

18 იეჰოვას სიბრძნის უდიდესი დადასტურება მისი სიტყვა, ბიბლიაა. მის ფურცლებზე მოცემული ბრძნული რჩევები ჭეშმარიტად ცხოვრების საუკეთესო გზას გვიჩვენებს (ესაია 48:17). იეჰოვას შეუდარებელი სიბრძნე იქიდანაც ჩანს, თუ როგორ იწერებოდა ბიბლია. რაში გამოიხატება ეს? თავისი სიტყვის დასაწერად ადამიანების გამოყენება იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს. დაფიქრდით, იეჰოვას ეს საქმე ანგელოზებისთვის რომ მიენდო, განა ბიბლია ასე მიმზიდველი იქნებოდა? ფაქტია, ანგელოზები იეჰოვას თავიანთი ზეადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე წარმოგვიდგენდნენ და ღვთისადმი თავიანთ თავდადებასთან დაკავშირებულ ცნობებს გადმოგვცემდნენ. ნუთუ შევძლებდით, რომ სამყაროსთვის შეგვეხედა ამ სრულყოფილი, სულიერი ქმნილებების თვალსაზრისით, რომელთა ცოდნაც, გამოცდილებაც და ძალაც დიდად აღემატება ჩვენსას? (ებრაელთა 2:6, 7).

19. რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ ბიბლიის დასაწერად ადამიანების გამოყენებით, ის უფრო გულში ჩამწვდომი და მიმზიდველი გახდა?

19 ბიბლიის დასაწერად ადამიანების გამოყენებამ ის ძალიან მიმზიდველ და გულში ჩამწვდომ წიგნად აქცია. მის დამწერ ადამიანებს ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდათ. ისინიც არასრულყოფილები იყვნენ და ისეთივე განსაცდელებსა და წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ, როგორსაც ჩვენ. ისინი ზოგჯერ პირველ პირში წერდნენ და გამოხატავდნენ საკუთარ გრძნობებსა და წუხილს (2 კორინთელთა 12:7—10). ისინი წერდნენ იმას, რისი გამოხატვაც არც ერთ ანგელოზს არ შეეძლო. მაგალითად, ავიღოთ დავითის სიტყვები, რომლებიც ფსალმუნის 50-ე თავშია ჩაწერილი. შესავალი სიტყვებიდან გამომდინარე, ეს ფსალმუნი მან სერიოზული ცოდვის ჩადენის შემდეგ შეთხზა. მასში ღვთის წინაშე გადმოღვარა გული; დიდად სწუხდა მომხდარის გამო და ღმერთს პატიებას ევედრებოდა. მე-4 და მე-5 მუხლებში ვკითხულობთ: „მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე; რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას“. ყურადღება მიაქციეთ მე-7 მუხლს: „აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი“. მე-19 მუხლი ამატებს: „შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“. გრძნობთ ამ სიტყვების დამწერის სულიერ ტანჯვას? არასრულყოფილი ადამიანის გარდა, შეეძლო ვინმეს ასეთი გულსაკლავი გრძნობების გამოხატვა?

20, 21.ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიაში იეჰოვას სიბრძნეა მოცემული, მაშინ როცა მის დასაწერად ღმერთმა ადამიანები გამოიყენა? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

20 არასრულყოფილი მიწიერი მწერლების მეშვეობით იეჰოვამ ზუსტად ის გადმოგვცა, რაც გვჭირდება — ჩანაწერები „ღვთივსულიერია“, მაგრამ მათში ადამიანის გრძნობებიცაა ასახული (2 ტიმოთე 3:16). დიახ, ბიბლიის დამწერებს სულიწმიდა ხელმძღვანელობდა. ასეთნაირად, ბიბლიაში იეჰოვას სიბრძნე აისახა და არა მათი. ასეთი სიბრძნე აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს. ის იმდენად აღემატება ჩვენს სიბრძნეს, რომ ღმერთი სიყვარულით მოგვიწოდებს: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6). თუ ამ ბრძნულ რჩევას გავითვალისწინებთ, დავუახლოვდებით ჩვენს ყოველმხრივ ბრძენ ღმერთს.

21 იეჰოვას თვისებებიდან ყველაზე მიმზიდველი და შესანიშნავი სიყვარულია. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას.

გახსოვთ?

რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ მასთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა გვქონოდა?

რაში ვლინდება იეჰოვას შემოქმედებითი და მფარველი ძალა?

როგორ ავლენს იეჰოვა სამართლიანობას?

როგორ ჩანს იეჰოვას სიბრძნე მის ქმნილებებსა და ბიბლიაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

იმ მწყემსის მსგავსად, რომელიც უბით ატარებს ბატკანს, იეჰოვა ზრუნავს თავის ცხვრებზე.

[სურათი 13 გვერდზე]

იეჰოვას სიბრძნე იქიდანაც ჩანს, თუ როგორ იწერებოდა ბიბლია.