„გული სითბოთი ამივსო“
„გული სითბოთი ამივსო“
«უსაზღვროდ მადლობელი ვარ შესანიშნავი საჩუქრისთვის — წიგნისთვის „დაუახლოვდი იეჰოვას“. ამ წიგნის წაკითხვამ გული სითბოთი ამივსო — იეჰოვას სიყვარული და მზრუნველობა შევიგრძენი. ახლა უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ იეჰოვასა და მის საყვარელ ძესთან. მინდა, რომ ყველას მოვუთხრო ამ პუბლიკაციის შესახებ და ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს მივცე ეს წიგნი». აი ასეთი გრძნობები დაეუფლა იეჰოვას ერთ მოწმეს ამ 320-გვერდიანი წიგნის წაკითხვის შემდეგ, რომლის გამოცემაც გამოცხადდა 2002 წელს ჩატარებულ საოლქო კონგრესზე „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“. რა არის ამ ახალი წიგნის ზოგი თავისებურება და მისი დანიშნულება?
ახალი წიგნის ზოგი თავისებურება
რას შეიცავს ეს წიგნი? ამ ორ სასწავლო სტატიაში მოცემულ მთელ ინფორმაციას და გაცილებით მეტსაც! ამ წიგნში სულ 31 თავია და თითოეული დაახლოებით „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის მოცულობისაა. წინასიტყვაობისა და პირველი სამი თავის შემდეგ, წიგნი ოთხ ნაწილად არის გაყოფილი და ყოველ ნაწილში იეჰოვას ძირითადი თვისებები ცალ-ცალკეა განხილული. წიგნის ოთხივე ნაწილს მოკლე შესავალი უძღვის, რის საშუალებითაც იეჰოვას თითოეულ თვისებაზე საერთო წარმოდგენა გვექმნება. ამ შესავალს კი მოჰყვება რამდენიმე თავი, სადაც განიხილება, თუ როგორ ავლენს იეჰოვა თავის თვისებებს. ყოველ ნაწილში ერთი თავი იესოს ეთმობა. რატომ? თავად იესომ თქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9). იესომ სრულყოფილად აირეკლა იეჰოვას პიროვნება და, ასეთი სახით, ცოცხალი მაგალითით გვიჩვენა, როგორ ავლენს იეჰოვა თავის თვისებებს. თითოეული ნაწილის ბოლო თავში ახსნილია, როგორ მივბაძოთ იეჰოვას მისი თვისებების გამოვლენაში მათი ძირფესვიანად გამოკვლევის შედეგად. ამ სახელმძღვანელოში ბიბლიის ყველა წიგნიდან არის მოყვანილი ციტატები.
წიგნს „დაუახლოვდი იეჰოვას“ განსაკუთრებული თავისებურებაც აქვს. მეორე თავიდან დაწყებული ამ წიგნის ყველა თავს დართული აქვს ჩარჩო, სათაურით „საფიქრებელი კითხვები“. ამ ჩარჩოში მოცემული კითხვები და წმინდა წერილებიდან მოყვანილი მუხლები თავის გასამეორებლად კი არ არის განკუთვნილი, არამედ იმისათვის, რომ ბიბლიის გამოყენებით ღრმად დაფიქრდეთ განხილულ თემაზე. სასურველია, რომ ყურადღებით წაიკითხოთ ბიბლიიდან მოყვანილი ადგილები, შემდეგ დაფიქრდეთ მოცემულ კითხვებზე და ეცადოთ ისეთი რამის პოვნას, რასაც პირადად გამოიყენებდით ცხოვრებაში. ასეთი დაფიქრება აღგვძრავს, უფრო მეტად დავუახლოვდეთ იეჰოვას (ფსალმუნები 18:15).
წიგნში „დაუახლოვდი იეჰოვას“ მოცემული ილუსტრაციები საგულდაგულოდ არის შერჩეული. ისინი დამრიგებლური და მოქმედებისკენ აღმძვრელია. ჩვიდმეტ თავს დართული აქვს მთლიან გვერდზე მოცემული მშვენიერი ილუსტრაციები, რომლებზეც გამოსახულია ბიბლიური სიუჟეტები.
წიგნის დანიშნულება
რა მიზნით გამოიცა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“? ამ პუბლიკაციის მთავარი მიზანია, კიდევ უფრო უკეთესად გაგვაცნოს იეჰოვა, რათა ჩვენს ღმერთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ.
თქვენი აზრით, ვისთვის იქნებოდა სასარგებლო წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“? ბიბლიის შემსწავლელისთვის ან არააქტიური ძმისა თუ დისთვის? რის თქმა შეიძლება თქვენზე — უკვე დაიწყეთ ამ ახალი წიგნის კითხვა? თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, რატომ არ გამოყოფდით დროს, რომ რაც შეიძლება მალე დაგეწყოთ მისი კითხვა? კარგი იქნება, თუ წაკითხულზე ფიქრსაც დაუთმობთ დროს. დაე ამ ახალმა პუბლიკაციამ იმდენად დაგაახლოვოთ ღმერთთან, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უფრო მეტი სიხარულითა და გულმოდგინებით გააცხადოთ!