არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ არის ებრაელთა 2:14-ში ნათქვამი, რომ სატანას „სიკვდილის ხელმწიფება აქვს“?

ამ სიტყვებში პავლე გულისხმობდა, რომ სატანას, პირადად თუ თავისი მსახურების მეშვეობით, შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. სწორედ აქედან გამომდინარე უწოდა იესომ სატანას „კაცისმკვლელი“ (იოანე 8:44).

გაუგებრობას შეიძლება ქმნიდეს ებრაელთა 2:14–ის ზოგი თარგმანი, რომლებშიც ნათქვამია, რომ სატანას „სიკვდილის ხელმწიფება“ ან „სიკვდილის ძლიერება“ აქვს (საქართველოს ბიბლიური საზოგადოების გამოცემა; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა; „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წ.; „ახალი აღთქმა“, 1818 წ.). ასეთმა თარგმანებმა შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ სატანას აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება, თავისი სურვილისამებრ მოკლას ადამიანი. სინამდვილეში კი ეს სიმართლესთან ახლოს არ არის. ეს რომ ასე ყოფილიყო, უეჭველია, სატანა უკვე დიდი ხნის წინათ გაანადგურებდა იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს (დაბადება 3:15).

გამოთქმა „სიკვდილის ხელმწიფება აქვს“ თარგმნილია ბერძნული ფრაზიდან „კრატოს ტუ თანატუ“. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს ფრაზა ასე ითარგმნება: „ვინც სიკვდილს იწვევს“. გამოთქმა „ტუ თანატუ“ „სიკვდილს“ ნიშნავს, ხოლო „კრატოს“, ძირითადად, — „ძალას, სიძლიერეს“. „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, ეს გამოთქმა მიუთითებს „ძალის არსებობაზე, მის შთამბეჭდაობაზე და არა მის გამოყენებაზე“. აქედან გამომდინარე, ებრაელთა 2:14–ში პავლე არ გულისხმობს, რომ სატანას სიკვდილზე აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ის უფრო იმაზე მიუთითებს, რომ სატანას აქვს სიკვდილის გამოწვევის უნარი.

როგორ „იწვევს სატანა სიკვდილს“? წიგნ „იობში“ ვკითხულობთ შემთხვევას, რომელიც გამონაკლისი უფროა, ვიდრე ტიპობრივი მაგალითი. ეს შემთხვევა ეხება იმას, თუ როგორ გამოიყენა სატანამ ქარიშხალი იობის შვილების ‘დასახოცად’. ყურადღება მიაქციეთ, რომ სატანას ამის გაკეთება მხოლოდ ღვთის ნებართვით შეეძლო და თავად ღმერთმა იმიტომ მისცა მას ამის უფლება, რომ მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭრილიყო (იობი 1:12, 18, 19). გავიხსენოთ, რომ სატანას არ შეეძლო მოეკლა თავად იობი. მას ამის უფლება არ ჰქონდა მიცემული (იობი 2:6). აქედან გამომდინარე, თუმცა ზოგ შემთხვევაში სატანას მიეცა საშუალება, ერთგული ადამიანების სიკვდილი გამოეწვია, არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ მას თავისი სურვილისამებრ შეუძლია მოგვისწრაფოს სიცოცხლე.

სატანა თავისი მიწიერი მსახურების დახმარებითაც იწვევს სიკვდილს. ამგვარად ბევრი ქრისტიანი დაიღუპა საკუთარი რწმენის გამო. ზოგი გამძვინვარებულმა ბრბომ მოკლა, ზოგიც უსამართლოდ დასაჯეს სიკვდილით სახელმწიფო მოხელეების თუ მოსყიდული მოსამართლეების ბრძანებით (გამოცხადება 2:13).

გარდა ამისა, სატანა ზოგჯერ ადამიანურ სისუსტეებს იყენებს სიკვდილის გამოსაწვევად. ძველი ისრაელის დროს წინასწარმეტყველმა ბალაამმა (ბილყამმა) მოაბელებს ურჩია, შეეცდინათ ისრაელები, რომ ისინი ‘განდგომოდნენ უფალს’ (რიცხვნი 31:16). ამის შედეგად 23 000–ზე მეტი ისრაელი დაიღუპა (რიცხვნი 25:9; 1 კორინთელთა 10:8). დღეს ზოგი მსგავსად ხდება სატანის „მზაკვრობის“ მსხვერპლი და სექსუალურ უზნეობას ან სხვა უღვთო ქმედებას სჩადის (ეფესელთა 6:11). მართალია, ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, მაშინვე არ კვდებიან, მაგრამ მათ შეიძლება დაკარგონ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა და ამგვარად სატანა მათ სიკვდილს იწვევს.

გვესმის, რომ სატანას აქვს ზიანის მოყენების უნარი, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გვეშინოდეს მისი. როდესაც პავლემ თქვა, სატანას სიკვდილის გამოწვევა შეუძლიაო, იქვე ისიც აღნიშნა, რომ ქრისტე იმისათვის მოკვდა, რათა „გააქარწყლოს ის [სატანა] . . . და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო“ (ებრაელთა 2:14, 15). დიახ, იესომ გამოსასყიდი გაიღო და მორწმუნე ადამიანები სიკვდილისა და ცოდვის მონობისგან გაათავისუფლა (2 ტიმოთე 1:10).

რასაკვირველია, გამომაფხიზლებელია იმაზე ფიქრი, რომ სატანას აქვს სიკვდილის გამოწვევის უნარი; თუმცა მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას სატანისა და მისი მსახურების მიერ მოყენებული ნებისმიერი ზიანის გაქარწყლება შეუძლია. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მკვდრეთით აღდგენილი იესო ‘დაარღვევს ეშმაკის საქმეებს’ (1 იოანე 3:8). იეჰოვას ძალით იესო მიცვალებულებს აღადგენს და ამგვარად ბოლოს მოუღებს სიკვდილს (იოანე 5:28, 29). სატანას რომ არა აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, ყველაზე აშკარად ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც იესო უფსკრულში ჩააგდებს მას. საბოლოოდ, სატანა სამუდამოდ განადგურდება (გამოცხადება 20:1—10).