არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ განვივითაროთ ნამდვილი სიყვარული

როგორ განვივითაროთ ნამდვილი სიყვარული

როგორ განვივითაროთ ნამდვილი სიყვარული

„სიყვარული სიცოცხლის ელექსირია; სიყვარული თვითონ არის სიცოცხლე“ („აზრიანი ცხოვრება“, ჯოზეფ ჯონსონი, 1871).

როგორ სწავლობს ადამიანი სიყვარულს? ფსიქოლოგიის შესწავლით? თვითმასწავლებლების კითხვით? რომანტიკული ფილმების ყურებით? საეჭვოა. სიყვარულს უპირველეს ყოვლისა მშობლების მაგალითით და აღზრდის შედეგად ვსწავლობთ. ბავშვები სიყვარულის არსს მაშინ სწვდებიან, როდესაც ხედავენ, რომ მშობლები თბილად ეპყრობიან, აჭმევენ, მფარველობას უწევენ, ესაუბრებიან და ყურადღებას არ აკლებენ. ისინი სიყვარულს მაშინაც სწავლობენ, როდესაც მშობლები სიკეთისა და ბოროტების გარჩევას ასწავლიან.

ნამდვილი სიყვარული მიჩვევასა და გრძნობების ქონაზე მეტის მომცველია. სიყვარული ყოველთვის სხვების სასიკეთოდ მოქმედებს, მაშინაც კი, როდესაც მათ იმ მომენტისთვის ბოლომდე არ ესმით ამის ფასი. ასეთი რამ ხშირად ემართებათ ბავშვებს, როდესაც მათ მიმართ სიყვარულით ნაკარნახევ გამოსასწორებელ ზომებს მიმართავენ. უანგარო სიყვარულის გამოვლენის სრულყოფილ მაგალითს ჩვენი შემოქმედი გვაძლევს. მოციქული პავლე წერდა: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი“ (ებრაელთა 12:5, 6).

მშობლებო, როგორ შეგიძლიათ იეჰოვას მიბაძოთ სიყვარულის გამოვლენაში? რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითი, რომელსაც თქვენ, ცოლ-ქმარი, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით აძლევთ შვილებს?

საკუთარი მაგალითით ასწავლეთ სიყვარული

ქმრებო, პატივს სცემთ, ანუ ძალიან აფასებთ მეუღლეებს და, თუ დიახ, იგრძნობა ეს თქვენს მათდამი დამოკიდებულებაში? ცოლებო, სიყვარულით ეპყრობით თუ არა მეუღლეებს და მხარში უდგახართ თუ არა მათ? ბიბლია ამბობს, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა მართებთ (ეფესელთა 5:28; ტიტე 2:4). თუ მეუღლეები ერთმანეთს ამგვარად ეპყრობიან, შვილები საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ ვლინდება ქრისტიანული სიყვარული. მართლაც, ასეთი მაგალითი დიდ გავლენას მოახდენს ბავშვებზე და ეს მათთვის ფასდაუდებელი გაკვეთილი იქნება!

მშობლები ოჯახში სიყვარულის ატმოსფეროს იმითაც ქმნიან, რომ გართობის, ზნეობის, მიზნების დასახვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხებში მაღალი ნორმებით ხელმძღვანელობენ. მთელ მსოფლიოში ბევრმა დაინახა, რომ ოჯახებს ასეთი ნორმების დადგენაში ბიბლია უწევს დიდ დახმარებას. ისინი თავად არიან იმის დამადასტურებელი ცოცხალი მაგალითები, რომ ეს წიგნი ნამდვილად არის „ღვთივსულიერი და სასარგებლო სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16). მართლაც, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ზნეობრივი თუ ცხოვრებისეული პრინციპების მხრივ ჯერ მარტო მთაზე ქადაგებას ბადალი არ მოეპოვება (მათე, თავები 5—7).

მთელი ოჯახი თუ ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვება და მის ნორმებს იცავს, თითოეული თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს და, ჩვეულებრივ, ბავშვებსაც უფრო მეტად უყვართ მშობლები და მეტად სცემენ მათ პატივს. და პირიქით, თუ სახლში ბავშვები ხედავენ, რომ ერთს ეუბნებიან და მეორეს აკეთებენ, ან ყველა თავისი სურვილის მიხედვით იქცევა, ისინი ისე ყალიბდებიან, რომ ადვილად ღიზიანდებიან, რისხდებიან და ურჩობენ (რომაელთა 2:21; კოლასელთა 3:21).

რა შეიძლება ითქვას ისეთ ოჯახებზე, სადაც ბავშვებს მარტოხელა მშობლები ზრდიან? არიან ისინი იმდენად არახელსაყრელ სიტუაციაში, რომ შვილებს სიყვარული ვერ ჩაუნერგონ? არა მაინცდამაინც. ცხადია, ბავშვი საუკეთესო მდგომარეობაში მაშინ არის, როდესაც ორივე მშობელი ზრუნავს მასზე, მაგრამ გამოცდილება ცხადყოფს, რომ ოჯახში კარგი დამოკიდებულებით გარკვეულწილად შეიძლება ერთი მშობლის დანაკლისით გამოწვეული ხარვეზის კომპენსირება. თუ მარტოხელა მშობელი ხართ, ეცადეთ ოჯახში ბიბლიური პრინციპები გამოიყენოთ. ერთი იგავი გვირჩევს: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ — მათ შორის მშობლობის სირთულეებთან დაკავშირებულ ბილიკებსაც (იგავები 3:5, 6; იაკობი 1:5).

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა ათასობით კრებაში მრავალი ისეთი ახალგაზრდა ქრისტიანი ემსახურება ღმერთს ერთგულად, რომლებიც მარტოხელა მშობლებმა გაზარდეს. ისინი შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ეს ცხადყოფს, რომ მარტოხელა მშობლებსაც შეუძლიათ ასწავლონ შვილებს სიყვარული.

როგორ შეუძლია ნებისმიერს სიყვარულის სწავლა

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „არამოყვარულნი“ (აფ), ანუ ოჯახის წევრებს შორის არ იარსებებდა ბუნებრივი, თბილი გრძნობები (2 ტიმოთე 3:1, 3). მიუხედავად ამისა, სიყვარულის სწავლა მათაც კი შეუძლიათ, ვინც ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც ერთმანეთისადმი სითბოს არ ავლენდნენ. როგორ? ამას იეჰოვასგან ვისწავლით, რომლისგანაც იღებს სათავეს სიყვარული და რომელიც სიყვარულსა და სითბოს ავლენს ყველას მიმართ, ვინც მთელი გულით მიმართავს მას (1 იოანე 4:7, 8). „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე“, — თქვა ერთმა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 26:10).

იეჰოვა ჩვენ მიმართ სიყვარულს მრავალგვარად გამოხატავს. მაგალითად, ბიბლიის საშუალებით მამობრივ ხელმძღვანელობას გვიწევს, სულიწმიდით გვეხმარება და ქრისტიანული საძმოს გულთბილი მხარდაჭერით უზრუნველგვყოფს (ფსალმუნები 118:97—105; ლუკა 11:13; ებრაელთა 10:24, 25). განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება ჩვენდამი ამგვარად გამოვლენილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის გაღრმავებაში.

მამობრივი ხელმძღვანელობა

ვინმესთან ახლო, თბილი ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა მისი კარგად გაცნობა. იეჰოვა ბიბლიაში საკუთარი თავის შესახებ გვიყვება და ამით გვთავაზობს, დავუახლოვდეთ მას. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიბლიის კითხვა საკმარისი არ არის. საჭიროა გამოვიყენოთ ბიბლიური სწავლებები და საკუთარ თავზე გამოვცადოთ მათი სასიკეთო გავლენა (ფსალმუნები 18:8—11). „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“, — ნათქვამია ესაიას 48:17-ში (სსგ). დიახ, იეჰოვა, სიყვარულის განსახიერება, ჩვენდა სასიკეთოდ გვმოძღვრავს და არა იმ მიზნით, რომ ზედმეტი კანონებითა და წესებით შეგვზღუდოს.

ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა სხვებისადმი სიყვარულის გაღრმავებაშიც გვეხმარება. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება გვასწავლის ღვთის თვალსაზრისს ადამიანების მიმართ და გვიჩვენებს, რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. ეს კი სხვებისადმი სიყვარულის განვითარების მყარ საფუძველს გვიქმნის. მოციქულმა პავლემ თქვა: „ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შემეცნებასა და შეგრძნებაში“ (ფილიპელთა 1:9).

იმის თვალსაჩინოდ დასანახად, თუ როგორ შეუძლია „შემეცნებას“ სათანადო მიმართულება მისცეს სიყვარულს, დაუკვირდით საქმეების 10:34, 35-ში მოცემულ უტყუარ ჭეშმარიტებას: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“. თუ ღმერთი სიმართლის კეთებისა და ღვთისმოშიშების საფუძველზე აფასებს ადამიანებს და არა მათი ეროვნებისა თუ რასის მიხედვით, განა ჩვენც ასეთივე მიუკერძოებლობას არ უნდა ვავლენდეთ? (საქმეები 17:26, 27; 1 იოანე 4:7—11, 20, 21).

სიყვარული — ღვთის სულის ნაყოფი

ხეხილის ბაღისთვის დროული წვიმა მაცოცხლებელია და უხვმოსავლიანობას უწყობს ხელს. მსგავსად ამისა, ღვთის სულიწმიდა მათში, ვინც მზად არის დაექვემდებაროს მის გავლენას, იმ დადებითი თვისებების განვითარებას უწყობს ხელს, რომლებსაც ბიბლია „სულის ნაყოფს“ უწოდებს (გალატელთა 5:22, 23). სულის ნაყოფიდან უმთავრესი სიყვარულია (1 კორინთელთა 13:13). როგორ შეგვიძლია ღვთის სულის მიღება? მნიშვნელოვანია ლოცვა. თუ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდას ლოცვაში, ის მოგვცემს მას (ლუკა 11:9—13). „ითხოვთ“ ლოცვებში სულიწმიდას? თუ დიახ, მისი ძვირფასი ნაყოფი, რომელშიც სიყვარულიც შედის, უფრო შესამჩნევი იქნება თქვენს ცხოვრებაში.

არსებობს სხვა სულიც, რომელიც ღვთის სულის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ბიბლია მას „წუთისოფლის სულს“ უწოდებს (1 კორინთელთა 2:12; ეფესელთა 2:2). ეს სული დამღუპველი ზეგავლენაა და სატანა ეშმაკისგან, „წუთისოფლის [ღვთისგან გაუცხოებული ადამიანების] მთავრისგან“, მომდინარეობს (იოანე 12:31). როგორც ქარი ხვეტს და დააქროლებს მტვერსა და ნაგავს, ისე „წუთისოფლის სული“ აღძრავს ადამიანებში ზიანის მომტან სურვილებს, რითაც ძირს უთხრის სიყვარულს და ხელს უწყობს ხორცის სისუსტეებს (გალატელთა 5:19—21).

ადამიანი ამ ბოროტი სულის გავლენაში ექცევა, როდესაც მატერიალისტურ, ეგოისტურ და მოძალადეობრივ აზროვნებას ჰყვება და სიყვარულის შესახებ წუთისოფელში გაბატონებულ არასწორ, ხშირად კი გამრუდებულ, შეხედულებებს ითავისებს. თუ გსურთ ნამდვილი სიყვარულის გაღრმავება, მტკიცედ უნდა აღუდგეთ წინ წუთისოფლის სულს (იაკობი 4:7). ნუ იქნებით საკუთარი ძალების იმედზე, არამედ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ. მისი სული, რომელიც სამყაროში უძლიერესია, განგამტკიცებთ და მიზანს მიგაღწევინებთ (ფსალმუნები 120:2).

ისწავლეთ სიყვარული ქრისტიანულ საძმოში

როგორც ბავშვები სწავლობენ სიყვარულის გამოვლენას ოჯახში, ისე თითოეულ ჩვენგანს — ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს — შეუძლია გაიღრმაოს სიყვარული სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობით (იოანე 13:34, 35). მართლაც, ქრისტიანული კრების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ისეთი ატმოსფეროს შექმნაა, რომელშიც ქრისტიანები ‘ერთმანეთს სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ წაახალისებენ’ (ებრაელთა 10:24).

ასეთ სიყვარულს განსაკუთრებით ისინი აფასებენ, რომლებიც უსიყვარულო წუთისოფელში „დაუძლურებულნი და დაფანტულნი“ იყვნენ (მათე 9:36). გამოცდილება ცხადყოფს, რომ უფროს ასაკში მოსიყვარულე ადამიანებთან ურთიერთობით შეიძლება იმ დანაკლისის შევსება, რომელიც ბავშვობისას სიყვარულის ნაკლებობით იყო განპირობებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ღვთისთვის მიძღვნილმა ყველა ქრისტიანმა გულითადი სითბო გამოავლინოს მათ მიმართ, ვინც ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობას იწყებს!

„სიყვარული არასოდეს მთავრდება“

ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:8). რას ნიშნავს ეს? მოციქული პავლე გვეუბნება: „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს“ (1 კორინთელთა 13:4, 5). ცხადია, სიყვარული რაღაც აბსტრაქტული და ზედაპირული გრძნობა არ არის. პირიქით, მათთვის, ვინც სიყვარულს ავლენს, უცხო არ არის ცხოვრებისეული უსიამოვნებები და ტკივილი, მაგრამ ისინი ამ ფაქტორებს არ აძლევენ საშუალებას, ძირი გამოუთხაროს მოყვასისადმი მათ სიყვარულს. ამგვარი სიყვარული ნამდვილად „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლასელთა 3:12—14, აქ).

განვიხილოთ ერთი 17 წლის კორეელი ქრისტიანი გოგონას მაგალითი. როდესაც მან იეჰოვა ღმერთის მსახურება დაიწყო, ეს მის ოჯახს არ მოეწონა და სახლიდან გააგდეს. იმის მაგივრად, რომ ოჯახის წევრებზე განაწყენებულიყო, იგი ლოცულობდა თავის პრობლემაზე და უნდოდა, მისი აზროვნება ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის გავლენით ჩამოყალიბებულიყო. დრო გადიოდა. ის ოჯახს ხშირად სწერდა დიდი სითბოთი და გულწრფელობით გამსჭვალულ წერილებს. შედეგად მისმა ორმა უფროსმა ძმამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ახლა უკვე ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანები არიან. დედამისმა და უმცროსმა ძმამაც მიიღეს ბიბლიური ჭეშმარიტება. ბოლოს, მამამაც კი, რომელიც სასტიკი მოწინააღმდეგე იყო, შეიცვალა დამოკიდებულება. გოგონა წერს: „დედმამიშვილებიდან ყველა თანაქრისტიანებზე დავქორწინდით და ახლა ჩვენს ოჯახში 23 ადამიანი გაერთიანებულად სცემს თაყვანს ღმერთს“. სიყვარულის მართლაც დიდებული გამარჯვებაა!

გსურთ ნამდვილი სიყვარულის განვითარება და იმავეს გაკეთებაში სხვებისთვის დახმარების გაწევა? თუ დიახ, მიმართეთ იეჰოვას, რომლისგანაც მომდინარეობს ეს ძვირფასი თვისება. გულთან ახლოს მიიტანეთ მისი სიტყვა, ილოცეთ სულიწმიდის მისაღებად და რეგულარული ურთიერთობა იქონიეთ ქრისტიანულ საძმოსთან (ესაია 11:9; მათე 5:5). გულს ახარებს იმის ცოდნა, რომ მალე ყოველგვარი ბოროტება მოისპობა და მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს ავლენს! ნამდვილად, სიყვარული ბედნიერებისა და სიცოცხლის საწინდარია (ფსალმუნები 36:10, 11; 1 იოანე 3:14).

[სურათები 6 გვერდზე]

ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლა ნამდვილი სიყვარულის განვითარებაში დაგვეხმარება.