სხვებისთვის მსახურება ტკივილს მიმსუბუქებს
ბიოგრაფია
სხვებისთვის მსახურება ტკივილს მიმსუბუქებს
მოგვითხრო ხულიან არიასმა
ორმოცი წლის ასაკში, 1988 წელს, ჩემი პროფესიული კარიერა საიმედო მეჩვენებოდა. იმ დროს დიდი საერთაშორისო კომპანიის ფილიალის დირექტორი ვიყავი. ჩემი სამუშაოს წყალობით ძვირადღირებული უახლესი მოდელის მანქანა და მადრიდის ცენტრში მდებარე კეთილმოწყობილი ოფისი მქონდა, აგრეთვე კომპანიამ დიდი ხელფასი დამინიშნა. კომპანიის ადმინისტრაციამ გადაკვრით ისიც კი მითხრა, რომ გენერალურ დირექტორად აპირებდნენ ჩემს დანიშვნას. მაშინ ვერც წარმომედგინა, რომ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლებოდა.
ერთხელაც, იმავე წელს, ჩემი ექიმისგან შევიტყვე, რომ განუკურნავი დაავადება, გაფანტული სკლეროზი მჭირდა. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ძალიან შევშინდი, როდესაც წავიკითხე, რა ემართება ადამიანს ამ დაავადების შედეგად *. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს, მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. როგორ ვიზრუნებდი ასეთ მდგომარეობაში მეუღლეზე, მილაგროსზე, და სამი წლის ვაჟზე, ისმაელზე. როგორ გავართმევდით თავს მდგომარეობას? სანამ გამოსავალს მოვძებნიდი, სხვა მტკივნეული ფაქტის წინაშე დავდექი.
ერთი თვის შემდეგ, რაც ამ დაავადების შესახებ შევიტყვე, ჩემმა უფროსმა თავის ოფისში გამომიძახა და მითხრა, რომ კომპანიას „სასიამოვნო გარეგნობის“ ადამიანები სჭირდებოდა და ის, ვისაც დეგენერაციული დაავადება სჭირდა, თუნდაც დასაწყის სტადიაში, არ შეესაბამებოდა მათთვის სასურველ გარეგნობას. ასე რომ, უფროსმა მაშინვე დამითხოვა სამუშაოდან. ჩემს კარიერას მომენტალურად დაესვა წერტილი!
ვცდილობდი, მეუღლისა და შვილის თვალში შეუდრეკელი დავრჩენილიყავი და არ დამენახვებინა მათთვის, რას განვიცდიდი. სულ განმარტოებას ვცდილობდი, რათა ჩემს ახალ მდგომარეობასა და მომავალზე მეფიქრა. გამუდმებით ვებრძოდი გულგატეხილობით გამოწვეულ სულ უფრო და უფრო მტანჯველ გრძნობებს. ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, რომ ჩემი კომპანიის თვალში მოულოდნელად სრულიად გამოუსადეგარი აღმოვჩნდი.
სისუსტეში ძალებს ვპოულობ
საბედნიეროდ, ჩემთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდში საიმედო დასაყრდენი მქონდა. ამ შემთხვევამდე დაახლოებით 20 წლით ადრე იეჰოვას მოწმე გავხდი. როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, გულწრფელად ვლოცულობდი და ველაპარაკებოდი იეჰოვას ჩემს გრძნობებსა და მომავალთან დაკავშირებით გაჩენილ შიშზე. ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეა, ძალიან მიჭერდა მხარს. დიდ დახმარებას მიწევდნენ ახლო მეგობრებიც, რომელთა სიკეთე და თანაგრძნობა მართლაც რომ ფასდაუდებელი აღმოჩნდა (იგავები 17:17).
მდგომარეობასთან გამკლავებაში სხვების წინაშე პასუხისმგებლობაც მეხმარებოდა. მსურდა, რომ ღირსეულად აღმეზარდა ჩემი ვაჟი; მეთამაშა მასთან, ბევრი რამ მესწავლებინა და სამქადაგებლო მსახურებაში დამეხელოვნებინა. ასე რომ, არ მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდნილიყავი. თანაც, იმ პერიოდში უკვე უხუცესი ვიყავი იეჰოვას მოწმეთა კრებაში და ქრისტიან და–ძმებსაც უნდა ამოვდგომოდი მხარში. თუ ავადმყოფობის გამო რწმენა დამისუსტდებოდა, რა მაგალითს მივცემდი სხვებს?
რასაკვირველია, ჩემი ფიზიკური და ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა. ერთი მხრივ ამ ცვლილებებმა უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მეორე მხრივ — დადებითად. ერთხელ ერთმა ექიმმა ასეთი რამ თქვა: „დაავადება ადამიანს კი არ ანადგურებს, არამედ ცვლის“. მივხვდი, რომ ცვლილებები ყოველთვის არ არის უარყოფითი შედეგების მომტანი.
„ეკალი . . . სხეულში“ უპირველესად იმაში მეხმარება, რომ უკეთ გავუგო და თანავუგრძნო მათ, ვისაც ცუდი ჯანმრთელობა აქვს (2 კორინთელთა 12:7). უწინ ასე კარგად არასოდეს მესმოდა იგავების 3:5–ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობა: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი“. და რაც მთავარია, ჩემმა მდგომარეობამ მასწავლა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, რას მოაქვს ნამდვილი კმაყოფილება და რა გვინერგავს საკუთარი ღირსების გრძნობას. დავინახე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო იეჰოვას ორგანიზაციაში. უკეთესად ჩავწვდი იესოს შემდეგი სიტყვების არსს: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).
ახალი ცხოვრების დაწყება
დიაგნოზის დასმის შემდეგ ცოტა ხანში მადრიდში მიმიწვიეს სემინარზე, სადაც ქრისტიან მოხალისეებს ასწავლიდნენ, როგორ დახმარებოდნენ ექიმებსა და იეჰოვას მოწმე პაციენტებს ერთმანეთთან თანამშრომლობაში. მოგვიანებით ამ მოხალისეებისგან საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტები შედგა. ეს სემინარი ჩემთვის ნამდვილად რომ დროული იყო: ვიპოვე უკეთესი სამუშაო, რომელმაც ნებისმიერ კომერციულ საქმიანობაზე გაცილებით დიდი კმაყოფილება მომიტანა.
ამ სემინარზე ვისწავლეთ, რომ ახალჩამოყალიბებული საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტების მოვალეობაში საავადმყოფოების მონახულება, ექიმებთან საუბარი და საავადმყოფოს მედპერსონალისთვის მკურნალობის უახლესი მეთოდების გაცნობა შედიოდა. ეს ყოველივე იმას უნდა მომსახურებოდა, რომ ექიმებსა და პაციენტებს შორის თანამშრომლობის სული ყოფილიყო და სირთულეები არ წარმოქმნილიყო. ეს კომიტეტები თანამორწმუნეებს ეხმარება იმ ექიმებთან დაკავშირებაში, რომლებიც მზად არიან, უსისხლოდ უმკურნალონ მათ. რასაკვირველია, როგორც მედიცინის დარგში არაკვალიფიცირებულს, ბევრი რამის სწავლა მომიწევდა სამედიცინო ტერმინების, ექიმის ეთიკისა და საავადმყოფოს ფუნქციონირების შესახებ. სემინარის შემდეგ სულ სხვა აზროვნებით დავბრუნდი სახლში და მომზადებული ვიყავი ამ ახალი, მაგრამ ამავდროულად რთული დავალების შესასრულებად, რომელმაც ძალიან დამაინტერესა.
საავადმყოფოების მონახულება — კმაყოფილების მომტანი საქმიანობა
თუმცა ჩემი დაავადება ნელ–ნელა და შეუბრალებლად მაუძლურებდა და ფიზიკურად უუნაროს მხდიდა, ჩემი, როგორც საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის, პასუხისმგებლობები იზრდებოდა. როგორც ინვალიდს, დამენიშნა პენსია, ამიტომ საკმარისი დრო მქონდა საავადმყოფოების მოსანახულებლად. მართალია, ზოგჯერ გულგატეხილობის გრძნობა მეუფლებოდა, მაგრამ ეს ვიზიტები უფრო ადვილი გასაკეთებელი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ამჟამად ინვალიდის სავარძელს ვარ მიჯაჭვული, მაგრამ ეს დიდ დაბრკოლებას არ მიქმნის. კომიტეტში მომსახურე რომელიმე ძმა ყოველთვის თან მახლავს. გარდა ამისა, თავად ექიმები შეჩვეულები არიან ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ ადამიანებთან საუბარს და ზოგჯერ, როდესაც ხედავენ, რა ძალისხმევის ფასად მიჯდება მათი მონახულება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი უფრო მეტი პატივისცემით მისმენენ.
ბოლო ათი წლის მანძილზე ასობით ექიმი მოვინახულე. ზოგი თავიდანვე მზად იყო ჩვენს დასახმარებლად. მაგალითად, ექიმმა ხუან დუარტემ მაშინვე შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ის მადრიდში კარდიოქირურგად მუშაობს. ეს ექიმი პატივს სცემს პაციენტის სინდისს. მან უკვე 200–ზე მეტი უსისხლო ოპერაცია გაუკეთა ესპანეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ იეჰოვას მოწმე პაციენტებს. წლების სვლასთან ერთად, უფრო მეტმა ექიმმა დაიწყო ოპერაციების გაკეთება სისხლის გადასხმის გარეშე. მართალია, ამ მხრივ ჩვენმა რეგულარულმა ვიზიტებმა გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ ამას მედიცინის წინსვლამ და უსისხლო ქირურგის მიღწევებმაც შეუწყო ხელი. აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ჩვენი მცდელობები.
განსაკუთრებით გამამხნევა ზოგი კარდიოქირურგის გამოხმაურებამ, რომლებიც ბაშვებს მკურნალობენ. ორი წლის განმავლობაში ვინახულებდით ორი ქირურგისა და მათი ანესთეზიოლოგებისგან შემდგარ ჯგუფს. ჩვენ მათ მივუტანეთ სამედიცინო ლიტერატურა, რომელშიც ახსნილი იყო, რა მეთოდებს იყენებდნენ სხვა ექიმები ქირურგიაში. 1999 წელს ჩვენი მცდელობა დაჯილდოვდა ბავშვთა გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამედიცინო კონფერენციის დროს. დაახლოებით ამავე პერიოდში ამ ორმა ქირურგმა კვალიფიციური ინგლისელი ქირურგის ხელმძღვანელობით, ძალიან რთული ოპერაცია გაუკეთა იეჰოვას მოწმეების ბავშვს, რომლის აორტის სარქველი უნდა შეეცვალათ *. მე ამ ბავშვის მშობლებთან ერთად ვიყავი, როცა ერთ–ერთი ქირურგი საოპერაციოდან გამოვიდა და გვახარა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაირა და რომ ოჯახის სინდისსაც პატივი სცეს. ამჟამად ეს ორი ექიმი ესპანეთის ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ მოწმე პაციენტებს რეგულარულად მკურნალობს.
ასეთ სიტუაციებში ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იმ ფაქტის გაანალიზებაა, რომ შემიძლია ქრისტიან ძმებს დავეხმარო. ჩვეულებრივ, როდესაც და–ძმები საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტს მიმართავენ დახმარებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მათ ერთ–ერთი ურთულესი პერიოდი უდგათ. მათ ოპერაცია სჭირდებათ, მაგრამ ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებს არ სურთ ან არ შეუძლიათ მათთვის სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობა. მათთვის შვების მომგვრელია იმის გაგება, რომ მადრიდში მოიძებნება ნებისმიერი განხრით მომუშავე ქირურგი, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სათანამშრომლოდ. თავად მინახავს, როგორ შეცვლია ძმას სახის გამომეტყველება — შეწუხებული სახე სრულიად დამშვიდებია — მხოლოდ იმიტომ, რომ მის გვერდით ვიყავით საავადმყოფოში.
სასამართლო სისტემა და სამედიცინო ეთიკის ნორმები
ბოლო წლებში საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტების წევრები მოსამართლეებსაც ინახულებენ. ჩვენ მათ ვაძლევთ პუბლიკაციას, სახელწოდებით „ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სამედიცინო დახმარება იეჰოვას მოწმეებისთვის“. ეს პუბლიკაცია იმ მიზნით არის გამოცემული, რომ ასეთ თანამდებობის პირებს მიეწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პოზიციაზე სისხლის გამოყენებასთან და უსისხლო მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა მონახულებები მართლაც რომ საჭიროა, რადგან ერთ დროს ესპანეთში მოსამართლეებისთვის სავსებით ნორმალური იყო, ნება დაერთოთ ექიმებისთვის, პაციენტის სურვილის საწინააღმდეგოდ გადაესხათ სისხლი.
სასამართლოს შენობები ძალიან შთამბეჭდავია. მოსამართლეებთან პირველი ვიზიტის დროს, როდესაც ჩემი ინვალიდის სავარძლით კაბინეტებს შორის დერეფანს მივუყვებოდი, პატარა ბავშვივით ვგრძნობდი თავს. თითქოს ეს არ კმაროდა, შემთხვევით რაღაცას დავეჯახე, სავარძლიდან გადმოვვარდი და მუხლებზე დავეცი. რამდენიმე მოსამართლემ და ადვოკატმა, რომლებმაც დაინახეს ჩემი გასაჭირი, თავაზიანად შემომთავაზეს დახმარება, მაგრამ მათ წინაშე თავი საშინლად უხერხულად ვიგრძენი.
თუმცა მოსამართლეები დარწმუნებული არ იყვნენ იმ მიზეზების საფუძვლიანობაში, რომელთა გამოც მათ მივაკითხეთ, მათგან უმეტესობა თავაზიანად მოგვეპყრო. მოსამართლეს, რომელიც პირველად მოვინახულეთ, ადრე უკვე ნაფიქრი ჰქონდა ჩვენს პოზიციაზე. როგორც თქვა, მას სურდა, დაწვრილებით გვესაუბრა მასთან ამ საკითხზე. მომდევნო შეხვედრისას მან თავად შემიყვანა თავის კაბინეტში და ყურადღებით მომისმინა. ამ ვიზიტის შედეგად გამოღებულმა კარგმა ნაყოფმა მე და ჩემს თანამშრომლებს შიშის გრძნობა დაგვაძლევინა და მალე სხვა დადებითი შედეგების მოწმენიც გავხდით.
იმავე წელს პუბლიკაცია „ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ დავუტოვეთ სხვა მოსამართლესაც, რომელმაც თავაზიანად მიგვიღო და დაგვპირდა, რომ ამ ინფორმაციას წაიკითხავდა. მას ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი იმ შემთხვევისთვის, თუ სასწრაფოდ დასჭირდებოდა ჩვენთან დაკავშირება. ორი კვირის შემდეგ მან დამირეკა იმის სათქმელად, რომ ადგილობრივმა ქირურგმა სთხოვა, უფლება მიეცა, მოწმე პაციენტისთვის ოპერაციის დროს სისხლი გადაესხა. ამ მოსამართლემ დახმარება გვთხოვა ისეთი გამოსავლის მოძებნაში, რაც ხელს შეუწყობდა სისხლის გადასხმის თავიდან არიდებას და იეჰოვას მოწმეთა პოზიციის პატივისცემას. ჩვენ ადვილად მოვძებნეთ სხვა საავადმყოფო, სადაც ქირურგებმა სისხლის გამოყენების გარეშე შესანიშნავად გააკეთეს ოპერაცია. მოსამართლე აღფრთოვანდა, როცა შედეგის შესახებ შეიტყო და დაგვარწმუნა, რომ მომავალშიც იგივე გამოსავალს მიმართავდა.
საავადმყოფოების მონახულების დროს ხშირად გვიხდებოდა სამედიცინო ეთიკის ნორმების მოშველიება, რათა ექიმებს გაეთვალისწინებინათ პაციენტის უფლებები და პატივი ეცათ მათი სინდისისთვის. მადრიდში ერთი საავადმყოფოს მედპერსონალმა, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობდა, მიმიწვია ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით ჩატარებულ კურსში მონაწილეობის მისაღებად. ამ კურსზე შესაძლებლობა მომეცა, ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი თვალსაზრისი გამეცნო ბევრი მედმუშაკისთვის. ეს იმის დანახვაშიც დამეხმარა, თუ რამდენად ხშირად უწევთ ექიმებს რთული გადაწყვეტილებების მიღება.
ამ კურსის ერთი–ერთი მასწავლებელი, პროფესორი დიეგო გრასია, ესპანელი ექიმებისთვის სისტემატურად უწევს ორგანიზებას ეთიკის ნორმებთან დაკავშირებულ პრესტიჟულ სპეციალურ კურსებს. იგი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს უფლებას სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით *. მასთან რეგულარული ურთიერთობის წყალობით ესპანეთში არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალის წარმომადგენლები მიიწვიეს პროფესორ გრასიას მიერ მომზადებულ ასპირანტებთან შესახვედრად, რათა მათთვის ჩვენი პოზიცია აეხსნათ. აღსანიშნავია, რომ ამ ასპირანტებისგან ზოგიერთი ესპანეთში საუკეთესო ექიმად ითვლება.
რეალობისთვის თვალის გასწორება
რასაკვირველია, თანამორწმუნეთა სასარგებლოდ გაწეული ეს სასიამოვნო სამუშაო ყველა პირადი პრობლემის გადაჭრაში ვერ მეხმარება. ჩემი დაავადება სულ უფრო და უფრო რთულ ფორმაში გადადის. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემიძლია საღად აზროვნება. მეუღლისა და ვაჟის წყალობით, რომლებიც არასდროს გამოხატავენ უკმაყოფილებას, კვლავაც ვასრულებ ჩემს მოვალეობებს. მათი მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. დამოუკიდებლად შარვლის შეკვრა და პალტოს ჩაცმაც კი არ შემიძლია. განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს ყოველ შაბათს ჩემს ვაჟთან ერთად ქადაგება, რომელსაც ინვალიდის სავარძლით დავყავარ, და ამის წყალობით შემიძლია თითოეულ მობინადრეს ვესაუბრო. როგორც კრების უხუცესი, ჯერ კიდევ ვასრულებ ჩემს მოვალეობებს.
უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში დროდადრო ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიწევს ყოფნა. ზოგჯერ ის უფრო დიდ ტკივილს მაყენებს, როდესაც ვხედავ, როგორ მოქმედებს ჩემი უძლურება ოჯახის წევრებზე. მართალია, ისინი არაფერს ამბობენ ამის შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ ამის გამო იტანჯებიან. არც ისე დიდი ხნის წინ, სულ რაღაც ერთ წელიწადში, მამა და სიდედრი დამეღუპა. იმავე წელს მივხვდი, რომ ინვალიდის სავარძლის გარეშე აღარ შემეძლო გადაადგილება. მამაჩემი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, სხვა დეგენერაციული დაავადების გამო დაიღუპა. მილაგროსს, რომელიც მას უვლიდა, თვალწინ დაუდგა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი მომავალში.
ჩემს მდგომარეობას ის დადებითი მხარე აქვს, რომ ჩვენი ოჯახი უფრო გაერთიანდა, რადგან ერთად მოგვიწია სირთულეების წინაშე დგომა. მართალია, დირექტორის სავარძლიდან ინვალიდის სავარძელში აღმოვჩნდი, მაგრამ სინამდვილეში ახლა უფრო უკეთესი ცხოვრება მაქვს, რადგან სხვებისთვის მსახურებას მეტ დროს ვუთმობ. მათთვის დროისა და ენერგიის შეწირვა ტკივილს მიმსუბუქებს და ამით ვხედავ, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის დანაპირებს, რომ გაგვაძლიერებს გაჭირვების ჟამს. პავლეს მსგავსად, მეც შემიძლია თამამად ვთქვა: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:13).
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებაა. ხშირ შემთხვევაში, ეს პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის ფუნქციათა მოშლას იწვევს. მაგალითად, ხშირად გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ადამიანს სულ უფრო და უფრო უძნელდება წონასწორობის შენარჩუნება, სხეულის კიდურების გამოყენება; ზოგჯერ უქვეითდება მხედველობა და კარგავს ლაპარაკის ან აღქმის უნარს.
^ აბზ. 19 ეს ოპერაცია „როსის მეთოდის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
^ აბზ. 27 იხილეთ 1997 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19, 20.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
შვილის აზრი
მამაჩემის მოთმინება და დადებითი განწყობილება შესანიშნავი მაგალითია ჩემთვის. ძალიან მსიამოვნებს, როცა მამა სადმე მიმყავს. მესმის, რომ ყოველთვის არ შემიძლია იმის კეთება, რაც მსურს. ახლა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ როდესაც გავიზრდები, მინდა, რომ საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრად ვიმსახურო. ვიცი, რომ ბიბლიაში მოცემული დანაპირების თანახმად, დღევანდელი ტანჯვა დროებითია. ბევრი და–ძმა ჩვენზე გაცილებით უარეს მდგომარეობაშია.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
მეუღლის აზრი
რასაკვირველია, გაფანტული სკლეროზით დაავადებულ მეუღლესთან ცხოვრება ადვილი არ არის — გონებრივად, ემოციურად თუ ფიზიკურად. როცა რაღაცის გაკეთებას ვაპირებ, გონივრულობა და ზომიერება მმართებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისე განვეწყო, რომ მომავალთან დაკავშირებით მეტისმეტად არ ვინერვიულო (მათე 6:34). მიუხედავად ამისა, მძიმე მდგომარეობაში ყოფნა უკეთესად აჩენს პიროვნების საუკეთესო თვისებებს. ჩვენი ქორწინება უფრო მტკიცე გახდა და იეჰოვასაც უფრო დავუახლოვდი. მსგავს სტრესულ მდგომარეობაში მყოფი სხვა დაძმების ბიოგრაფიებიც ძალიან მაძლიერებს. ხულიანთან ერთად მეც ვგრძნობ მის მიერ ძმების სასარგებლოდ გაწეული სამსახურის შედეგად განცდილ კმაყოფილებას და ვხედავ, რომ, თუმცა ყოველ დღეს ახალი სირთულეები მოაქვს, იეჰოვა არასდროს გვტოვებს.
[სურათი 22 გვერდზე]
მეუღლე დიდი გამხნევების წყაროა ჩემთვის.
[სურათი 23 გვერდზე]
კარდიოქირურგ ხუან დუარტესთან საუბრისას.
[სურათი 25 გვერდზე]
მე და ჩემი ვაჟი ერთად ვქადაგებთ.