არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უბრალო ადამიანები, რომლებმაც ბიბლია თარგმნეს

უბრალო ადამიანები, რომლებმაც ბიბლია თარგმნეს

უბრალო ადამიანები, რომლებმაც ბიბლია თარგმნეს

ინგლისელმა კალატოზმა, ჰენრი ნოტმა და ვალიელმა სურსათით მოვაჭრემ, ჯონ დეივისმა 1835 წელს გრანდიოზული საქმე დაასრულეს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მძიმე შრომის შემდეგ მათ დაამთავრეს მთლიანი ბიბლიის თარგმნა ტაიტურ ენაზე. რა სირთულეებს წააწყდა ეს ორი უბრალო წარმოშობის ადამიანი და რა შედეგები მოიტანა მათმა უანგარო შრომამ?

„დიდი გამოღვიძება“

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში პროტესტანტული მიმდინარეობის, „დიდი გამოღვიძების“ ან, უბრალოდ, „გამოღვიძების“ წევრები დიდი ბრიტანეთის სოფლების მოედნებზე და მაღაროებსა და ქარხნებში ქადაგებდნენ. მათი მიზანი იყო, უბრალო ადამიანებამდე მიეწვდინათ ხმა. ამ მიმდინარეობის მქადაგებლები დიდი ენთუზიაზმით ცდილობდნენ, რომ ბიბლია ბევრისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

„დიდი გამოღვიძების“ დამფუძნებელმა, ბაპტისტმა უილიამ კერიმ, თავისი წვლილი შეიტანა 1795 წელს ლონდონის მისიონერული საზოგადოების დაფუძნებაში. ეს საზოგადოება ამზადებდა ისეთ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ სურვილი წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენა ესწავლათ და მისიონერებად ემსახურათ. ამ მისიონერების მიზანი კი ადგილობრივი მცხოვრებლების ენაზე სახარების ქადაგება იყო.

კუნძული ტაიტი, რომელიც იმ დროისთვის ახალი აღმოჩენილი იყო, ლონდონის მისიონერული საზოგადოებისთვის მისიონერული დანიშნულების პირველი ადგილი გახდა. „გამოღვიძების“ წევრებისთვის ეს წარმართული და „ბნელით მოცული კუნძულები“ მოსამკელად გამზადებული ყანები იყო.

უბრალო ადამიანები თავს ართმევენ რთულ სამუშაოს

ტაიტიზე მცხოვრები ხალხისთვის რომ ექადაგათ, დაახლოებით 30 სახელდახელოდ შერჩეული და არასათანადოდ მომზადებული მისიონერი გაემგზავრა ამ კუნძულზე ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ შეძენილი გემით, „დეფით“. ერთი ცნობის თანახმად, მათ შორის იყვნენ „ოთხი პასტორი, ექვსი დურგალი, ორი მეწაღე, ორი კალატოზი, ორი ფეიქარი, ორი მკერავი, მედუქნე, მეუნაგირე, შინამოსამსახურე, მებაღე, ექიმი, მჭედელი, მეკასრე, ბამბის მწარმოებელი, ქუდების მკერავი, ტანსაცმლის მწარმოებელი და ავეჯის დურგალი; მათ ახლდათ ხუთი მათგანის ცოლი და სამი ბავშვი“.

ამ მისიონერებს ბიბლიის ორიგინალის ენების შესასწავლად ხელთ ჰქონდათ მხოლოდ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი და ბიბლია, რომელსაც ებრაული ლექსიკონი ჰქონდა დართული. შვიდი თვის განმავლობაში ზღვით მგზავრობის დროს ეს მისიონერები სწავლობდნენ ტაიტურ სიტყვებს, რომელთა სიაც მათ შეადგინეს, ვინც მანამდე იყო ნამყოფი ტაიტიზე; ესენი კი, უმთავრესად, გემ „ბაუნტიზე“ მყოფი მეამბოხეები იყვნენ. საბოლოოდ, მათმა გემმა, „დეფმა“, კუნძულ ტაიტიმდე მიაღწია და 1797 წლის 7 მარტს მისიონერებმა კუნძულზე პირველად დადგეს ფეხი. ერთ წელიწადში უმეტესობას გული გაუტყდა და დატოვა კუნძული. სულ შვიდი მისიონერიღა დარჩა.

ამ შვიდთაგან ერთ-ერთი, ჰენრი ნოტი, ყოფილი კალატოზი, მხოლოდ 23 წლისა იყო. თუ მის მიერ დაწერილი პირველი წერილის საფუძველზე ვიმსჯელებთ, მას მარტო საშუალო განათლება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან თავიდანვე შესანიშნავად აუღო ალღო ტაიტური ენის შესწავლას. მას ახასიათებდნენ გულწრფელ და გულკეთილ მამაკაცად, რომელთანაც სასიამოვნო იყო ურთიერთობა.

1801 წელს ნოტს დაევალა, რომ ტაიტური ენა ცხრა ახალჩასული მისიონერისთვის ესწავლებინა. მათ შორის იყო 28 წლის ვალიელი ჯონ დეივისი, რომელიც ნიჭიერი, შრომისმოყვარე და რბილი ხასიათითა და კეთილშობილებით გამორჩეული ადამიანი აღმოჩნდა. ცოტა ხანში ამ ორმა მამაკაცმა გადაწყვიტა ტაიტურ ენაზე ბიბლიის თარგმნა.

რთული სამუშაო

ტაიტურ ენაზე თარგმნა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ტაიტელებს არ ჰქონდათ დამწერლობა. მისიონერებს ეს ენა მხოლოდ და მხოლოდ მოსმენით უნდა ესწავლათ. მათ არც ლექსიკონი ჰქონდათ და არც გრამატიკის სახელმძღვანელო. ამ ენაზე მეტყველებისას იმდენად ძნელად აღსაქმელი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერები წარმოითქმებოდა და ერთმანეთზე მიყოლებით იმდენად ბევრი ხმოვანი (ერთ სიტყვაში ხუთ ხმოვნამდე) და ცოტა თანხმოვანი გამოიყენებოდა, რომ მისიონერები გულგატეხილობაში ვარდებოდნენ. „ბევრი სიტყვა მხოლოდ ხმოვნებისგან შედგება და თითოეული ცალ-ცალკე წარმოითქმება,“ — ჩიოდნენ მისიონერები. ისინი აღიარებდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ „სწორად აღექვათ ბგერები ასეთი სიტყვების წარმოთქმისას“. მათ ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩებოდათ, რომ არარსებული ბგერები ესმოდათ.

ზოგჯერ საქმეს უფრო ართულებდა ზოგი ისეთი სიტყვა, რომელთა გამოყენებაც დროდადრო იკრძალებოდა ტაიტიზე და ამიტომ საჭირო იყო მათი სხვა სიტყვებით შეცვლა. სინონიმები სხვა თავსატეხს ქმნიდა. მაგალითად, სიტყვა „ლოცვისთვის“ ტაიტურ ენაზე 70-ზე მეტი გამოთქმა არსებობდა. ამ ენის სინტაქსი სრულიად განსხვავდება ინგლისურისგან, რაც კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. ამდენი სირთულის მიუხედავად, მისიონერები თანდათან ადგენდნენ სიტყვების სიას და 50 წლის გასვლის შემდეგ დეივისმა 10 000 სიტყვისგან შემდგარი ლექსიკონი გამოსცა.

გარდა ამისა, სირთულე ტაიტური დამწერლობის შექმნის დროსაც წარმოიქმნა. მისიონერები ინგლისური ორთოგრაფიის გამოყენებით ცდილობდნენ დამწერლობის შექმნას, მაგრამ ინგლისურში გამოყენებული ლათინური ასოები არ ეთავსებოდა ტაიტურ ბგერებს. ამიტომ გაუთავებელი მსჯელობები მიმდინარეობდა ფონეტიკისა და ორთოგრაფიის თაობაზე. ხშირად, მისიონერები მართლწერის ახალ წესებს იგონებდნენ, რადგან ისინი წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონში პირველები იყვნენ, რომლებიც ზეპირი ენის დამწერლობას ქმნიდნენ. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ მოგვიანებით მათი ნაშრომი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ბევრი ენისთვის იქცეოდა ნიმუშად.

უიარაღონი, მაგრამ საზრიანნი

მთარგმნელებს მხოლოდ რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო ჰქონდათ. ლონდონის მისიონერული საზოგადოების მითითებით, ისინი უნდა დაყრდნობოდნენ ლათინურ „ტექსტუს რესეპტუსსა“ და ინგლისურ „მეფე ჯეიმზის თარგმანს“. ნოტმა სთხოვა ლონდონის მისიონერულ საზოგადოებას, გამოეგზავნათ დამატებითი ებრაული და ბერძნული ლექსიკონები და ამ ენებზე არსებული ბიბლიები. ცნობილი არ არის, მიიღო თუ არა მან ეს წიგნები, მაგრამ დეივისს ვალიელმა მეგობრებმა გამოუგზავნეს რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი. არსებული ცნობების თანახმად, ის ფლობდა, სულ მცირე, ბერძნულ ლექსიკონს, ებრაულ ბიბლიას, ბერძნულ ახალ აღთქმასა და „სეპტუაგინტას“.

ენის შესწავლისა და თარგმნის პროცესში მისიონერთა სამქადაგებლო საქმიანობა სრულიად უნაყოფო იყო. თუმცა ისინი კუნძულ ტაიტიზე უკვე 12 წელი იმყოფებოდნენ, ამ დროის განმავლობაში ერთი ადგილობრივი მცხოვრებიც კი არ მონათლულა. საბოლოოდ, იმ მხარეში მიმდინარე გაუთავებელი სამოქალაქო ომების გამო ყველა მისიონერი, მტკიცე ხასიათის მქონე ნოტის გარდა, იძულებული გახდა, ავსტრალიაში გაქცეულიყო. რამდენიმე ხნის განმავლობაში ნოტი ერთადერთი მისიონერი იყო, რომელიც საზოგადოების კუნძულთა ჯგუფში შემავალ ქარპირა კუნძულებზე იმყოფებოდა, მაგრამ მეფე პომარე II–სთან ერთად მასაც მოუწია მეზობლად მდებარე კუნძულ მურეაზე გაქცევა.

ნოტის სხვაგან გადასვლამ ვერ შეაჩერა მთარგმნელობითი საქმიანობა. ავსტრალიაში ორი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, დეივისი კვლავ შეუერთდა ნოტს. ამასობაში ნოტი ბერძნულისა და ებრაულის შესწავლას შეუდგა და კარგად დაეუფლა ამ ენებს. ამის შედეგად მან ებრაული წერილების ზოგი ნაწილის თარგმნა დაიწყო ტაიტურზე. ნოტმა ბიბლიის ისეთი მონაკვეთები ამოირჩია სათარგმნად, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადვილად გასაგები და გულში ჩამწვდომი იქნებოდა.

შემდეგ ნოტმა დეივისთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით მუშაობა დაიწყო ლუკას სახარებაზე, რომლის თარგმნაც 1814 წლის სექტემბერში დაასრულა. ის ისე თარგმნიდა, რომ ტექსტი ბუნებრივი ყოფილიყო ტაიტელებისთვის, ხოლო დეივისი მის თარგმანს სიზუსტის შესამოწმებლად ორიგინალთან ადარებდა. 1817 წელს მეფე პომარე II–მ ნოტს სთხოვა, რომ პირადად დაებეჭდა ლუკას სახარების პირველი გვერდი. მან მართლაც დაბეჭდა ის პატარა ხელის საბეჭდ დაზგაზე, რომელიც კუნძულ მორეაზე სხვა მისიონერებმა ჩაიტანეს. ტაიტურ ენაზე ბიბლიის თარგმნის ისტორიის მოთხრობისას შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ ერთი ერთგული ტაიტელი მამაკაცი, სახელად ტუახინე. ის წლების მანძილზე მისიონერებთან თანამშრომლობდა და ეხმარებოდა მათ ტაიტური ენის ნიუანსების გაგებაში.

თარგმნა დასრულდა

1819 წელს, ექვსი წლის მძიმე შრომის შემდეგ, სახარებების, „მოციქულთა საქმეებისა“ და „ფსალმუნების“ თარგმნა დასრულდა. ახალჩამოსული მისიონერების მიერ ჩამოტანილი საბეჭდი დაზგის საშუალებით მთარგმნელებმა ბიბლიის ეს წიგნები დაბეჭდეს და გაავრცელეს.

ამას მოჰყვა დაძაბული მუშაობის გაგრძელება თარგმნაზე, ტექსტის კორექტირებასა და დახვეწაზე. 28 წლის მანძილზე კუნძულ ტაიტიზე ცხოვრების შემდეგ, 1825 წელს ნოტი ავად გახდა და ლონდონის მისიონერულმა საზოგადოებამ ნება დართო მას, ინგლისში დაბრუნებულიყო. საბედნიეროდ, იმ დროისთვის ბერძნული წერილების თარგმანი თითქმის დასრულებული იყო. მან ბიბლიის დარჩენილი წიგნების თარგმნა მგზავრობისას განაგრძო. ის ინგლისში ყოფნის დროსაც თარგმნიდა. 1827 წელს ნოტი ტაიტიზე დაბრუნდა. რვა წლის შემდეგ კი, 1835 წლის დეკემბერში მან დაამთავრა თავისი საქმე. 30 წელზე მეტი ხნის მძიმე შრომის შემდეგ, საბოლოოდ, მთელი ბიბლია ითარგმნა.

1836 წელს ნოტი ინგლისში დაბრუნდა, რათა ლონდონში დაებეჭდა მთლიანი ბიბლია ტაიტურ ენაზე. 1838 წლის 8 ივნისს სიხარულით სავსე ნოტი ტაიტურ ენაზე დაბეჭდილი ბიბლიის პირველი გამოცემით დედოფალ ვიქტორიას წინაშე წარდგა. გასაგებია, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო ყოფილი კალატოზისთვის, რომელიც 40 წლის წინათ „დეფის“ სახელით ცნობილი გემით გაემგზავრა ტაიტიზე და ტაიტური კულტურის გაცნობას შეუდგა, რათა განეხორციელებინა ეს გრანდიოზული პროექტი, რომელსაც თითქმის მთელი სიცოცხლე შეალია.

ორი თვის შემდეგ ნოტი კვლავ დაადგა წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონისკენ მიმავალ გზას ტაიტურ ენაზე გამოცემული სრული ბიბლიის პირველი 3 000 ეგზემპლარით სავსე 27 ხის ყუთით. მას შემდეგ, რაც გემი ქალაქ სიდნეიში გაჩერდა, ნოტი კვლავ შეუძლოდ გახდა, მაგრამ მან არ მოისურვა ამ ძვირფასი განძით სავსე ყუთებთან განშორება. გამოჯანმრთელების შემდეგ, ის 1840 წელს ჩავიდა ტაიტიზე, სადაც მოსახლეობა იმდენად მოუთმენლად ელოდა ბიბლიების მიღებას, რომ გაშმაგებულები მიაწყდნენ გემს. ნოტი 1844 წლის მაისში 70 წლის ასაკში გარდაიცვალა კუნძულ ტაიტიზე.

გაცილებით დიდი გავლენა

ნოტის ნაშრომი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მისმა თარგმანმა უდიდესი გავლენა მოახდინა პოლინეზიურ ენებზე. ტაიტური დამწერლობის შექმნით მისიონერებმა თვით ამ ენის შენარჩუნებას შეუწყვეს ხელი. ერთმა მწერალმა თქვა: „ნოტის წყალობით კლასიკური, გრამატიკულად სწორი ტაიტური ენა შენარჩუნდა. ამიტომ სუფთა ტაიტური ენის შესასწავლად ყოველთვის საჭირო იქნება ამ ენაზე თარგმნილი ბიბლიით სარგებლობა“. მთარგმნელების გულმოდგინე მუშაობის წყალობით ათასობით სიტყვა იქნა შემონახული, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებას მიეცემოდა. ამ თარგმანის შესრულებიდან ასი წლის გასვლის შემდეგ ერთმა მწერალმა აღნიშნა: „ნოტის მიერ შესრულებული ბიბლიის შესანიშნავი თარგმანი უდიდესი ლიტერატურული შედევრია ტაიტურ ენაზე — ამ განაცხადს ყველა ეთანხმება“.

ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი მხოლოდ ტაიტელებისთვის როდი აღმოჩნდა სასარგებლო: ის საფუძვლად დაედო წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონში მცხოვრები სხვა ხალხების ენაზე შესრულებულ თარგმანებსაც. მაგალითად, კუკისა და სამოას კუნძულებზე მთარგმნელებმა ნიმუშად ტაიტური ბიბლია გამოიყენეს. „ძირითადად, ბატონი ნოტის მიერ შესრულებული თარგმანით ვხელმძღვანელობ, რომელიც საგულდაგულოდ გამოვიკვლიე,“ — განაცხადა ერთმა მთარგმნელმა. ერთი ცნობის თანახმად, სხვა მთარგმნელი, როდესაც სამოურ ენაზე დავითის ერთერთ ფსალმუნს თარგმნიდა, ებრაული ფსალმუნებითა და ინგლისური და ტაიტური თარგმანებით სარგებლობდა.

ინგლისში არსებული მიმდინარეობის, „გამოღვიძების“, წევრების მაგალითის მიყოლით, ტაიტიზე მყოფი მისიონერები დიდი ენთუზიაზმით ასწავლიდნენ იქ მცხოვრებ ხალხს წერა–კითხვას. ფაქტობრივად, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთადერთი ხელმისაწვდომი სახელმძღვანელო ტაიტელი ხალხისთვის ბიბლია იყო. ამგვარად, ბიბლია ტაიტური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ნოტის მიერ შესრულებული ებრაული და ბერძნული წერილების თარგმანი ერთი შესანიშნავი თავისებურებით გამოირჩევა — მასში ბევრგან არის მოხსენიებული ღვთის სახელი. ასე რომ, დღეს იეჰოვას სახელი კარგად არის ცნობილი ტაიტიზე და სხვა ახლო–მახლო კუნძულებზე. ღვთის სახელი იმ მხარეში არსებული ზოგი პროტესტანტული ეკლესიის ფასადზეც კი გვხვდება. მიუხედავად ამისა, დღეს ღვთის სახელი ძირითადად დაკავშირებულია იეჰოვას მოწმეებსა და მათ გულმოდგინე სამქადაგებლო საქმიანობასთან, რომლის დროსაც მოწმეები ძალიან ხშირად სარგებლობენ ნოტისა და მისი თანამშრომლების მიერ ტაიტურ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანით. ჰენრი ნოტის მსგავსი მთარგმნელების დაძაბული და შრომატევადი მუშაობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მადლიერი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა დღეს ადვილად ხელმისაწვდომია მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.

[სურათები 26 გვერდზე]

1815 წელს ტაიტურ ენაზე გამოცემული ბიბლიის პირველი თარგმანები, რომლებშიც იეჰოვას სახელი გვხვდება.

ჰენრი ნოტი (1774—1844), ტაიტური ბიბლიის ძირითადი მთარგმნელი.

[საავტორო უფლება]

Tahitian Bible: Copyright the British Library (3070.a.32); Henry Nott and letter: Collection du Musée de Tahiti et de ses Îles, Punauia, Tahiti; catechism: With permission of the London Missionary Society Papers, Alexander Turnbull Library, Wellington, New Zealand

[სურათი 28 გვერდზე]

1801 წელს ტაიტურ და ვალიურ ენებზე გამოცემული ორენოვანი კატეხიზისი, სადაც ღვთის სახელია გამოყენებული.

[საავტორო უფლება]

With permission of the London Missionary Society Papers, Alexander Turnbull Library, Wellington, New Zealand

[სურათი 29 გვერდზე]

იეჰოვას სახელი პროტესტანტული ეკლესიის ფასადზე, კუნძული ხუახინე, საფრანგეთის პოლინეზია.

[საავტორო უფლება]

Avec la permission du Pasteur Teoroi Firipa