არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება

უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება

უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება

ასაკის, კულტურის, ენისა თუ რასის მიუხედავად, ყველას აქვს სიყვარულის მოთხოვნილება. ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, თუ ამ მოთხოვნილებას ვერ დაიკმაყოფილებს. მედიცინის ერთი მუშაკი წერდა: „სიყვარულისა და თბილი, ახლო ურთიერთობის ქონა-არქონაზეა დამოკიდებული, ავად ვიქნებით თუ კარგად, დამწუხრებული ვიქნებით თუ სიცოცხლით სავსე, უბედური ვიქნებით თუ ბედნიერი. მეცნიერებს ასეთი მოქმედების პრეპარატი რომ გამოეგონებინათ, ყველა ექიმი გამოუწერდა მას თავის პაციენტს და დანაშაული იქნებოდა, ამგვარად რომ არ მოქცეულიყო“.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით კი საინფორმაციო საშუალებები და პოპულარული პიროვნებები, ხშირად მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმდიდრეს, ძალაუფლებას, სახელსა თუ სექსს — და არა ადამიანისთვის ასე საჭირო სითბოსა და სიყვარულს. მრავალი პედაგოგი ცხოვრებაში წინსვლასა თუ კარიერის შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ ამას მიიჩნევს წარმატების განმსაზღვრელად. ცხადია, განათლება და ამა თუ იმ ტალანტის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ განა ამით ადამიანი ისე უნდა იყოს შთანთქმული, რომ ოჯახისა და მეგობრებისთვის დრო აღარ დარჩეს? ძველი დროის ერთმა განათლებულმა პიროვნებამ, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ადამიანის ბუნებას, მრავალი ღირსების მქონე, მაგრამ უსიყვარულო ადამიანი „ჟღარუნა რვალს“ და „ჩხარუნა წინწილას“ შეადარა (1 კორინთელთა 13:1). ასეთი ადამიანი შეიძლება გამდიდრდეს, სახელი და დიდებაც კი მოიხვეჭოს, მაგრამ ნამდვილ ბედნიერებას ვერასოდეს მიაღწიოს.

იესო ქრისტემ, რომელიც კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას და რომელსაც მთელი გულით უყვარდა ადამიანები, თავის მოძღვრებას საძირკვლად ღვთისა და მოყვასის სიყვარული დაუდო. მან თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა . . . შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:37—39). იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები მხოლოდ ისინი იქნებოდნენ, ვინც ამ სიტყვებს შეასრულებდა. ქრისტემ აღნიშნა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35).

მაშ, როგორღა შეიძლება დღევანდელ მსოფლიოში სიყვარულის განვითარება? როგორ შეუძლიათ მშობლებს სიყვარული ასწავლონ შვილებს? მომდევნო სტატიაში ეს საკითხები იქნება გაშუქებული.

[სურათები 3 გვერდზე]

ადვილი არ არის სიყვარულის განვითარება მსოფლიოში, სადაც სიხარბეა გაბატონებული.