არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ღმერთი სიყვარულია“

„ღმერთი სიყვარულია“

„ღმერთი სიყვარულია“

„ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).

1—3. ა) რას ამბობს ბიბლია იეჰოვას თვისებაზე, სიყვარულზე, და რა მხრივ არის ეს სიტყვები შეუდარებელი? ბ) რატომ ამბობს ბიბლია, რომ „ღმერთი სიყვარულია“?

იეჰოვას ყველა თვისება წუნდაუდებელი, სრულყოფილი და მიმზიდველია, მაგრამ მათგან გამორჩეული სიყვარულია, რომელიც ყველაზე ძლიერ გვიზიდავს მისკენ. საბედნიეროდ, სიყვარული მისი ძირითადი თვისებაა. რის საფუძველზე შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება?

2 ბიბლია სიყვარულის შესახებ ამბობს იმას, რასაც არასოდეს ამბობს იეჰოვას სხვა თვისებებზე. ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთი სიძლიერეა, სამართალია ან თუნდაც სიბრძნეა. მას აქვს ეს თვისებები. ის არის ამ სამივე თვისების ძირითადი წყარო, მაგრამ მეოთხე თვისების შესახებ განსაკუთრებული სიტყვებია ნათქვამი 1 იოანეს 4:8-ში: „ღმერთი სიყვარულია“. დიახ, სიყვარული მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ეს თვისება ღვთის უმთავრესი შინაგანი ძალაა, მისი ბუნებაა. მოდი ვიმსჯელოთ: იეჰოვა თავისი ძალით მოქმედებს; საქმეებს სამართლიანობითა და სიბრძნით წარმართავს, მაგრამ სიყვარული მას მოქმედებისკენ აღძრავს. და მის სხვა თვისებებს ყოველთვის თან ახლავს სიყვარული.

3 ხშირად ამბობენ, რომ იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა. აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, უფრო მეტი გავიგოთ სიყვარულის შესახებ, იეჰოვა უნდა გავიცნოთ. მოდი განვიხილოთ იეჰოვას ამ უძვირფასესი თვისების ზოგი მხარე.

სიყვარულის უდიდესი გამოვლინება

4, 5. ა) რა იყო სიყვარულის უდიდესი გამოვლინება კაცობრიობის ისტორიის მანძილზე? ბ) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვა და მისი ძე სიყვარულის უძლიერესი კავშირით არიან შეკრული?

4 იეჰოვა მრავალმხრივ ავლენს სიყვარულს, მაგრამ მისი ერთ-ერთი მოქმედება ამ მხრივ ყველა დანარჩენს აღემატება. რას ვგულისხმობთ? იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რომ ჩვენ გამო დატანჯულიყო და მომკვდარიყო. სრული სითამამით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამით კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უდიდესი სიყვარული გამოვლინდა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

5 ბიბლია იესოს უწოდებს „პირმშოს ყოველი ქმნილებისას“ (კოლასელთა 1:15). წარმოიდგინეთ, იეჰოვას ძე ჯერ კიდევ მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა. რამდენ ხანს იყვნენ მამა-შვილი ერთად? ზოგი მეცნიერის ვარაუდით, სამყარო 13 მილიარდი წლისაა. ეს ვარაუდი სწორიც რომ იყოს, საკმარისად მაინც ვერ წარმოგვიდგენდა იეჰოვას მხოლოდშობილი ძის სიცოცხლის ხანგრძლივობას! რას აკეთებდა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში? ძე სიხარულით ემსახურებოდა მამას, „როგორც ოსტატი“ (იგავები 8:30, სსგ; იოანე 1:3). იეჰოვა და ძე ერთად ქმნიდნენ მთელ სამყაროს. რა საინტერესო და ბედნიერი იქნებოდა ის დრო! ამიტომ, რომელ ჩვენგანს შეუძლია ჩასწვდეს ისეთი კავშირის სიმტკიცეს, რომელსაც უთვალავი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი? ნათელია, რომ იეჰოვა და მისი ძე სიყვარულის უძლიერესი კავშირით არიან შეკრული.

6. იესოს ნათლობისას როგორ გამოხატა იეჰოვამ თავისი გრძნობები ძისადმი?

6 მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თავისი ძე დედამიწაზე გამოგზავნა, რათა ადამიანად დაბადებულიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გარკვეული ხანი იეჰოვას თავის საყვარელ შვილთან განშორება მოუწევდა. იეჰოვა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ზეციდან, როგორ იზრდებოდა იესო და როგორ ყალიბდებოდა სრულყოფილ მამაკაცად. დაახლოებით 30 წლის ასაკში იესო მოინათლა. მამამ პირადად განაცხადა ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17). მამა ნამდვილად კმაყოფილი და გახარებული იქნებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ ერთგულად ასრულებდა იესო მის შესახებ დაწერილ ყველა წინასწარმეტყველებას, ყველაფერს, რაც კი მოეთხოვებოდა! (იოანე 5:36; 17:4).

7, 8. ა) როგორ აწამეს იესო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს და როგორ იმოქმედა ამან მის ზეციერ მამაზე? ბ) რატომ დაუშვა იეჰოვამ თავისი ძის წამება და სიკვდილი?

7 წარმოგიდგენიათ, როგორი გრძნობა დაეუფლებოდა იეჰოვას ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესოს გაცემისას, ან იმ დროს, როდესაც ბრბომ შეიპყრო ის? ან მაშინ, როდესაც დასცინოდნენ, აფურთხებდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და შოლტავდნენ, რის დროსაც ზურგი ეფლითებოდა? როდესაც ხის ძელზე გააკრეს, ფეხებითა და ხელებით მიალურსმეს და თან ლანძღავდნენ? რა მდგომარეობაში იქნებოდა მამა, როდესაც მისი საყვარელი შვილი ტკივილებისგან იტანჯებოდა და მას შეჰღაღადებდა? რას იგრძნობდა იეჰოვა, როდესაც იესოს უკანასკნელი სიტყვა აღმოხდა და, სამყაროს გაჩენის დღიდან პირველად, მისმა ძვირფასმა ძემ არსებობა შეწყვიტა? (მათე 26:14—16, 46, 47, 56, 59, 67; 27:26, 38—44, 46; იოანე 19:1).

8 ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რომელიც იეჰოვამ თავისი ძის სიკვდილისას განიცადა, მაგრამ შესაძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ დაუშვა იეჰოვამ ეს. რატომ დაუშვა მამამ, რომ პირადად განეცადა ასეთი ტკივილი? იოანეს 3:16-ში იეჰოვა საოცარ ინფორმაციას გვიმხელს. ეს მუხლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას მინიატურული სახარებაც კი უწოდეს. მასში ნათქვამია: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. ასე რომ, მიზეზი შეიძლებოდა ასე შეგვეჯამებინა: სიყვარული. ასეთი დიდი სიყვარული არასოდეს გამოვლენილა.

როგორ გვარწმუნებს იეჰოვა თავის სიყვარულში?

9. რაში სურს სატანას დაგვარწმუნოს ჩვენდამი ღვთის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, მაგრამ რაში გვარწმუნებს თავად იეჰოვა?

9 მიუხედავად ზემოთქმულისა, წამოიჭრება მნიშვნელოვანი კითხვა: პირადად ჩვენ თუ ვუყვარვართ იეჰოვა ღმერთს? ზოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ, მთლიანობაში, ღმერთს უყვარს კაცობრიობა, როგორც ამას იოანეს 3:16 ამბობს. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ პირადად მათ ღმერთი ვერასდროს შეიყვარებს. სატანას მთელი გულით სწადია, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ღმერთს არ ვუყვარვართ და არ გვაფასებს. მეორე მხრივ, როგორი უღირსებიც უნდა გვეგონოს საკუთარი თავი და ვფიქრობდეთ, რომ არ ვიმსახურებთ სიყვარულს, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ თითოეული მისი ერთგული მსახური ძვირფასია მისთვის.

10, 11. როგორ გვიჩვენებს ბეღურასთან დაკავშირებით მოყვანილი იესოს მაგალითი, რომ ძვირფასნი ვართ იეჰოვასთვის?

10 მაგალითისთვის დავფიქრდეთ იესოს სიტყვებზე, რომლებიც მათეს 10:29—31-შია ჩაწერილი. იმისათვის, რომ თავისი მოწაფეებისთვის ეჩვენებინა, რამდენად ძვირფასნი იყვნენ, იესომ თქვა: „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“. განვიხილოთ, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები იესოს მსმენელებისთვის პირველ საუკუნეში.

11 იესოს დროს ბეღურა უიაფეს ფრინველად ითვლებოდა. ერთ ასარად (ერთი პატარა მონეტის ფასად) ორი ბეღურის ყიდვა შეიძლებოდა. როგორც ლუკას 12:6, 7-შია მოთხრობილი, შემდეგ იესომ თქვა, რომ თუ მყიდველი ორ ასარს გადაიხდიდა, ოთხის ნაცვლად, ხუთ ბეღურას იყიდდა. მეხუთე ბეღურას ყოველგვარი საფასურის გარეშე აძლევდნენ. შეიძლება ასეთი ფრინველები არაფრად ფასობდა ადამიანის თვალში, მაგრამ როგორ უყურებდა მათ შემოქმედი? იესომ თქვა: „არც ერთი მათგანი [ისიც კი, რომელსაც უფასოდ აძლევდნენ] დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე“. ახლა, ალბათ, უკეთ გვესმის, რის თქმა სურდა ამით იესოს. თუ იეჰოვა ერთ ბეღურას ასე აფასებს, რამდენად ძვირფასია მისთვის ადამიანი! როგორც იესომ თქვა, იეჰოვამ ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. ჩვენს თავზე თმის ყოველი ღერიც კი დათვლილია!

12. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იესო არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: „თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია“?

12 ზოგმა შეიძლება იესოს ეს ნათქვამი გაზვიადებულად მიიჩნიოს. მაგრამ, აბა, დაფიქრდით აღდგომის იმედზე. რამდენად კარგად უნდა გვიცნობდეს იეჰოვა, რომ ხელახლა შეგვქმნას? ის იმდენად კარგად გვიცნობს, რომ ახსოვს ყოველი წვრილმანი, მათ შორის ჩვენი რთული გენეტიკური კოდი, მთელი ჩვენი განვლილი ცხოვრება და გამოცდილება. ყოველივე ამასთან შედარებით, თმის რაოდენობის დათვლა, რაც საშუალოდ დაახლოებით 100 000-ს აღწევს, არაფერია. რა შესანიშნავად ამტკიცებს იესოს სიტყვები, რომ იეჰოვა პირადად ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე.

13. როგორ გვიჩვენებს იოშაფატის მაგალითი, რომ იეჰოვა კარგს ეძებს ადამიანებში მათი არასრულყოფილების მიუხედავად?

13 ღვთის სიტყვა სხვა მხრივაც გვარწმუნებს იეჰოვას სიყვარულში. ბიბლიიდან ჩანს, რომ ის კარგს ეძებს ჩვენში და ამის გამო გვაფასებს. მაგალითად, დავფიქრდეთ კარგი მეფე იოშაფატის შემთხვევაზე. ერთხელ, როდესაც მეფე უგუნურად მოიქცა, იეჰოვას წინასწარმეტყველმა მას უთხრა: „ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს“. რა შემზარავი სიტყვებია! მაგრამ იეჰოვას ცნობა ამით არ დამთავრებულა. „თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა“, — განაგრძო წინასწარმეტყველმა (2 ნეშტთა 19:1—3). ასე რომ, სამართლიანმა რისხვამ იეჰოვას არ დაავიწყა იოშაფატის „კეთილი საქმეები“. ნუთუ მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი კარგს ეძებს ადამიანებში მათი არასრულყოფილების მიუხედავად?

ღმერთი, რომელიც მზად არის მისატევებლად

14. როდესაც ვცოდავთ, რა დამთრგუნველი გრძნობები შეიძლება დაგვეუფლოს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ღვთისგან პატიების მიღება?

14 შეცოდების შემდეგ გულგატეხილობის, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის გამო შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ვეღარასოდეს დავიმსახურებთ, კვლავ იეჰოვას მსახურად ვიწოდებოდეთ. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვა ‘მზად არის, მოგვიტევოს’ (ფსალმუნები 86:5, აქ [85:5]). დიახ, თუ ვინანიებთ და მთელი ძალებით ვცდილობთ, რომ ხელმეორედ აღარ ჩავიდინოთ ცოდვა, შეგვიძლია იეჰოვასგან პატიების მიღება. განვიხილოთ, როგორ აღწერს ბიბლია იეჰოვას სიყვარულის ამ საოცარ მხარეს.

15. როგორ გვაშორებს იეჰოვა ცოდვებს?

15 ფსალმუნმომღერალმა დავითმა ამგვარად აღწერა იეჰოვას მიმტევებლობა: „როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი“ (ფსალმუნები 102:12). რა მანძილით არის დაცილებული აღმოსავლეთი დასავლეთისგან? შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი მათ შორის წარმოსახვითი მანძილის უკიდურესი წერტილებია, რომლებიც ყოველთვის დაშორებულია ერთმანეთისგან. ერთი მკვლევარის აზრით, ამ ფრაზაში იგულისხმება „ყველაზე დიდი მანძილი, რომლის წარმოდგენაც შეგვიძლია“. დავითის სიტყვებში, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა, ჩანს, რომ პატიებისას იეჰოვას ჩვენგან რაც შეიძლება შორს მიაქვს ჩადენილი ცოდვები.

16. როდესაც იეჰოვა გვაპატიებს ცოდვებს, რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ მის თვალში სუფთები ვიქნებით?

16 გიცდიათ ოდესმე ღია ფერის ტანსაცმლიდან ლაქის ამოყვანა? შესაძლებელია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ლაქა მაინც შესამჩნევი დარჩა. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა თავისი პატიების უნარზე: «ყირმიზივით [„ალისფერიც“, აქ] რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით [„შინდისფერივით“, აქ] წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა“ (ესაია 1:18). სიტყვა „ალისფერი“ მკვეთრ წითელ ფერს ნიშნავს *, „შინდისფერი“ კი ერთ-ერთი მუქი ფერია. საკუთარი ძალებით ვერასდროს შევძლებდით ცოდვის ლაქის მოშორებას. იეჰოვას კი შეუძლია აიღოს ჩვენი „ალისფერი და შინდისფერი“ ცოდვები და თოვლივითა და მატყლივით გაასპეტაკოს. ამიტომ, მას შემდეგ, რაც იეჰოვა გვაპატიებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოგვიწევს ცოდვის ლაქის ტარება.

17. რა გაგებით ყრის იეჰოვა ჩვენს ცოდვებს თავის ზურგს უკან?

17 მომაკვდინებელი სენისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დაწერილ სიმღერაში ხიზკიაჰუმ იეჰოვას უთხრა: „შენს ზურგს უკან გადაყარე ყველა ჩემი ცოდვა“ (ესაია 38:17). იეჰოვა, ასე ვთქვათ, იღებს ადამიანის ცოდვებს და თავის ზურგს უკან ყრის, რომ აღარ დაინახოს და აღარასოდეს მიაქციოს ყურადღება. ერთი თეოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ამ ფრაზაში შემდეგი აზრია ჩადებული: „შენ მომაშორე [ცოდვები], თითქოს არასდროს ჩამიდენია“. განა ეს მანუგეშებელი არ არის?

18. როგორ გვაჩვენებს წინასწარმეტყველი მიქა, რომ, იეჰოვა სამუდამოდ გვაშორებს ცოდვებს, როდესაც გვპატიობს?

18 აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველებისას მიქამ მტკიცე რწმენა გამოხატა, რომ მონანიების შემდეგ იეჰოვა უსათუოდ აპატიებდა თავის ხალხს: „რომელ ღმერთს . . . უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? . . .ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას“ (მიქა 7:18, 19). წარმოიდგინეთ, რამდენად ძვირფასი იქნებოდა ეს სიტყვები ბიბლიურ დროში მცხოვრებთათვის. განა მოახერხებდა ვინმე „ზღვის უფსკრულებიდან“ რამის ამოღებას? ამრიგად, მიქა გვეუბნება, რომ იეჰოვა გვპატიობს და სამუდამოდ გვაშორებს ცოდვებს.

„ღვთის თანაგრძნობა“

19, 20. ა) რა მნიშვნელობას ატარებს ებრაული ზმნა, რომელიც „შეწყალებად“ ან „შებრალებად“ არის ნათარგმნი? ბ) როგორ იყენებს ბიბლია დედობრივ გრძნობებს იეჰოვას თანაგრძნობაში გასარკვევად?

19 თანაგრძნობა იეჰოვას სიყვარულის სხვა მხარეა. რა არის თანაგრძნობა? ბიბლიაში თანაგრძნობასა და გულმოწყალებას შორის ახლო კავშირია. თანაგრძნობის გამომხატველი რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა არსებობს. მაგალითად, განვიხილოთ ებრაული ზმნა „რახამ“, რომელიც ხშირად ითარგმნება, როგორც „შეწყალება“ ან „შებრალება“. ებრაული სიტყვა, რომელსაც იეჰოვა საკუთარ თავთან მიმართებაში იყენებს, სიტყვა „საშვილოსნოს“ მონათესავეა და „დედობრივ თანაგრძნობასაც“ გულისხმობს.

20 იეჰოვას თანაგრძნობაში გასარკვევად, ბიბლია ამ თვისებას დედობრივ გრძნობებს ადარებს. ესაიას 49:15-ში ვკითხულობთ: «განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს [„რახამ“] ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!». ძნელი წარმოსადგენია დედა, რომელიც დაივიწყებდა, რომ პატარას მოვლა და კვება სჭირდება. ბავშვი ხომ უმწეოა; ის დღედაღამ დედის ზრუნვას საჭიროებს. სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ზოგი დედა უარს ამბობს საკუთარ შვილზე, განსაკუთრებით ამ „საზარელ ჟამს“ (2 ტიმოთე 3:1, 3). მაგრამ იეჰოვა ამბობს: „მე არ დაგივიწყებ შენ!“. იეჰოვას მიერ თავისი მსახურებისადმი გამოვლენილი თანაგრძნობა ბევრად აღემატება ჩვენთვის ცნობილ ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი, თუნდაც დედის ბუნებრივ გრძნობებს საკუთარი შვილისადმი.

21, 22. რა მხრივ იტანჯებოდნენ ისრაელები ძველ ეგვიპტეში და როგორ გამოეხმაურა იეჰოვა მათ ღაღადს?

21 როგორ ავლენს იეჰოვა თანაგრძნობას მოსიყვარულე მშობლის მსგავსად? ეს თვისება აშკარად გამოჩნდა ისრაელი ერისადმი მის მოპყრობაში. ძვ. წ. XVI საუკუნის მიწურულს ისრაელი ერი ძველ ეგვიპტეში მონობაში იმყოფებოდა, სადაც მათ მძიმედ ჩაგრავდნენ (გამოსვლა 1:11, 14). გასაჭირში მყოფი ისრაელები იეჰოვას შეჰღაღადებდნენ დახმარებისთვის. უპასუხა თანამგრძნობმა ღმერთმა მათ ლოცვებს?

22 იეჰოვას გული შეძრა მათმა ვედრებამ. მან თქვა: „ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა . . . მე ვიცი მისი სატკივარი“ (გამოსვლა 3:7). იეჰოვა ვერ იხილავდა თავისი ხალხის ჩაგვრას და არც მათ ღაღადს მოისმენდა, თანამგრძნობი რომ არ ყოფილიყო. ის შემბრალე ღმერთია. სიბრალული სხვისი ტკივილის გაზიარებას ნიშნავს, რაც თანაგრძნობასთან მჭიდრო კავშირშია. იეჰოვას არა მარტო შეებრალა თავისი ხალხი, არამედ აღიძრა მათ დასახმარებლად. ესაიას 63:9-ში ნათქვამია: „თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი“. იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან „ძლიერი ხელით“ გამოიყვანა (მეორე რჯული 4:34). იმ დროიდან მოყოლებული სასწაულებრივად კვებავდა და ნაყოფიერი ქვეყანაც დაუმკვიდრა.

23. ა) როგორ გვარწმუნებს ფსალმუნმომღერლის სიტყვები, რომ იეჰოვა დიდად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით? ბ) რა მხრივ გვეხმარება იეჰოვა?

23 იეჰოვა თავისი მსახურებისადმი თანაგრძნობას მხოლოდ როგორც ჯგუფისადმი არ ავლენს. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი დიდად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით. მას შესანიშნავად ესმის ნებისმიერი სატანჯველი თუ უბედურება, რომელიც თავს გვატყდება. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები — მათი ღაღადისაკენ. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის“ (ფსალმუნები 33:16, 19). როგორ გვეხმარება იეჰოვა თითოეულს? მან შეიძლება არ აგვაცილოს თავიდან ტანჯვის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ბევრს აკეთებს მათთვის, ვინც მას საშველად უხმობს. მისი სიტყვა პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. კრებაში იეჰოვა გამოცდილი ზედამხედველებით უზრუნველგვყოფს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, იეჰოვას მსგავსად თანაგრძნობა გამოავლინონ და დაეხმარონ თანამორწმუნეებს (იაკობი 5:14, 15). როგორც ‘ლოცვების მომსმენი’, ის აძლევს „სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ფსალმუნები 64:3; ლუკა 11:13). ყველა ეს ძღვენი «ჩვენი ღვთის გულმოწყალების [„თანაგრძნობის“, აქ]» მაჩვენებელია (ლუკა 1:78).

24. როგორ გამოეხმაურებით იეჰოვას სიყვარულს?

24 განა არ აღგვაფრთოვანებს ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულზე დაფიქრება? წინა სტატიაში შევეხეთ იმას, რომ იეჰოვა თავის ძლიერებას, სამართლიანობასა და სიბრძნეს სიყვარულით ავლენს ჩვენს სასარგებლოდ. ამ სტატიაში კი დავინახეთ, რომ იეჰოვა უშუალოდ სიყვარულს ავლენს მრავალგვარი საოცარი სახით, როგორც მთელი კაცობრიობისადმი, ისე ყოველი ჩვენგანისადმი. ახლა კი კარგი იქნება, თითოეულმა ვკითხოთ საკუთარ თავს: მე როგორ გამოვეხმაურები იეჰოვას სიყვარულს? გამოავლინეთ ღვთისადმი სიყვარული მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით (მარკოზი 12:29, 30). დაე თქვენი ცხოვრებით ყოველდღიურად დამტკიცდეს, რომ გულწრფელად გსურთ, უფრო და უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას. და იეჰოვაც — ღმერთი, რომელიც სიყვარულია — სულ უფრო და უფრო დაგიახლოვდებათ მთელი მარადიულობის განმავლობაში! (იაკობი 4:8, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 16 ერთი მკვლევარის აზრით, ალისფერი „მკვეთრი ფერი იყო. არც ნესტს, წვიმასა და რეცხვას გადაჰყავდა და არც დროთა განმავლობაში გადადიოდა“.

გასამეორებელი კითხვები

საიდან ვიცით, რომ სიყვარული იეჰოვას გამორჩეული თვისებაა?

რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მიერ თავისი ძის გამოგზავნით, რომელიც უნდა დატანჯულიყო და ჩვენ გამო მომკვდარიყო, უდიდესი სიყვარული გამოვლინდა?

როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ თითოეულისადმი ავლენს სიყვარულს?

რომელი ცოცხალი მაგალითებით აღწერს ბიბლია იეჰოვას მიმტევებლობას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

„ღმერთმა . . . მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

„ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“

[საავტორო უფლება]

© J. Heidecker/VIREO

[სურათი 18 გვერდზე]

დედის მიერ საკუთარი შვილისადმი გამოვლენილი გრძნობები იეჰოვას თანაგრძნობის დანახვაში გვეხმარება.