არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ მას ძალა მიეცა, შეცვლილიყო

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ მას ძალა მიეცა, შეცვლილიყო

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ მას ძალა მიეცა, შეცვლილიყო

მექსიკელი სანდრა საკუთარ ოჯახში თავს სრულიად უცხოდ გრძნობდა. სხვების მხრიდან უარყოფამ და უსიყვარულო მოპყრობამ მას მოზარდობის ასაკიდანვე აუწეწა ცხოვრება. სანდრა ამბობს: „მოზარდობის ასაკში არარაობის ძლიერი გრძნობა დამეუფლა. ვერ გამეგო, რისთვის ვარსებობდი. ბევრს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა საერთოდ სიცოცხლე“.

სკოლაში სიარულის დროს სანდრამ დაიწყო ღვინის სმა, რომელიც მამამისს ხშირად ჰქონდა სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის თავად ყიდულობდა ალკოჰოლურ სასმელებს და შედეგად გალოთდა. „ცხოვრების სტიმულს არაფერი მაძლევდა“, — აღიარებს ის. სასოწარკვეთილებაში მყოფმა სანდრამ ნარკოტიკების მიღებასაც მიჰყო ხელი. „ერთადერთი, რაც ჩემს პრობლემებს მავიწყებდა, ის იყო, რასაც ხელჩანთით დავატარებდი: სასმელი, ნარკოტიკული მოქმედების აბები და მარიხუანა“, — ამბობს ის.

სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სანდრა კიდევ უფრო მიეძალა ალკოჰოლს. ერთხელაც თავის მოკვლას შეეცადა, მაგრამ გადარჩა.

სანდრა სხვადასხვა რელიგიაში ეძებდა სულიერ დახმარებასა და ემოციურ მხარდაჭერას, მაგრამ უშედეგოდ. იმედგადაწურული და სასოწარკვეთილი, არაერთხელ შესტიროდა ღმერთს: „სად ხარ? რატომ არ მეხმარები?“. მას თითქმის დაკარგული ჰქონდა პირადი ღირსების გრძნობა, როდესაც იეჰოვას ერთი მოწმე გაესაუბრა. ამას ბიბლიის შესწავლა მოჰყვა. სანდრაზე დიდად იმოქმედა იმის გაგებამ, რომ «თანაუდგება უფალი [„იეჰოვა“, აქ] გულმკვდართ» (ფსალმუნები 33:19, ჯ. აჯიაშვილის თარგმანი).

იმ მოწმის დახმარებით, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა, სანდრამ გაიგო, რომ იეჰოვა ღმერთმა იცის ჩვენი სუსტი მხარეების შესახებ, რაც ადამისგან შთამომავლობით მიღებული არასრულყოფილებისა და ცოდვის შედეგია; ღმერთს ესმის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სრულიად შევესაბამებოდეთ სამართლიან ნორმებს (ფსალმუნები 50:7; რომაელთა 3:23; 5:12, 18). სანდრა ძალიან გაახარა იმან, რომ იეჰოვა ჩვენს სუსტ მხარეებზე არ ამახვილებს ყურადღებას და იმაზე მეტს არ მოელის ჩვენგან, რამდენის გაკეთებაც სინამდვილეში შეგვიძლია. ერთხელ ფსალმუნმომღერალმა ასეთი კითხვა დასვა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნები 129:3).

სანდრას განსაკუთრებით იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაუთბო გული. იეჰოვამ თავისი გულმოწყალებით ამ მსხვერპლის საფუძველზე მორჩილი ადამიანები მართლებად ცნო მათი არასრულყოფილების მიუხედავად (1 იოანე 2:2; 4:9, 10). დიახ, ჩვენ ‘ცოდვები მოგვეტევა’ და ამგვარად ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული არარაობის გრძნობის დაძლევა შეგვიძლია (ეფესელთა 1:7).

სანდრამ პავლე მოციქულის მაგალითზე ფასდაუდებელი რამ ისწავლა. პავლე ძალიან აფასებდა იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიკეთეს; ღმერთმა გულმოწყალედ აპატია მას წარსულში ჩადენილი ცოდვები და დაეხმარა იმ სისუსტეებთან საკმაოდ რთული ბრძოლის დროს, რომლებიც მას არაერთხელ ახსენებდა თავს (რომაელთა 7:15—25; 1 კორინთელთა 15:9, 10). პავლემ შეიცვალა ცხოვრების წესი და ‘თრგუნავდა და იმონებდა საკუთარ სხეულს’, რათა ღვთის მოსაწონი გზიდან არ გადაეხვია (1 კორინთელთა 9:27). მან არ მისცა თავის ცოდვილ მიდრეკილელებებს მასზე ბატონობის საშუალება.

სანდრა საკუთარი სისუსტეების გამო ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ ის დაუცხრომლად განაგრძობდა ბრძოლას მათ წინააღმდეგ. სანდრა მთელი გულით სთხოვდა იეჰოვას დახმარებას მათ აღმოსაფხვრელად და მის წყალობას ეძებდა (ფსალმუნები 54:23; იაკობი 4:8). იმის გაცნობიერებამ, რომ ღმერთი პირადად იყო დაინტერესებული მისით, სანდრას ძალა მისცა, თავიდან დაეწყო ცხოვრება. „დიდ სიხარულს მანიჭებს ის, რომ სრული დროით ვმსახურობ და სხვებს ბიბლიას ვასწავლი“, — ამბობს ის. სანდრას შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, რომ თავის დასა და მამას დახმარებოდა იეჰოვას გაცნობაში. სანდრა ‘სიკეთის კეთებას’ არ იშურებს და იეჰოვას მოწმეების კონგრესებზე ნებაყოფლობით უწევს და–ძმებს სამედიცინო დახმარებას (გალატელთა 6:10).

დაძლია თუ არა სანდრამ მავნე ჩვევები? ის სრული სითამამით ამბობს: „ახლა ჩემი გონება აღარ არის დაბინდული. აღარც ვსვამ, აღარც ვეწევი და აღარც ნარკოტიკებს ვიღებ. მე აღარ მჭირდება ისინი. ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი“.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი“.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპები მოქმედია

ბიბლიური პრინციპები ბევრს დაეხმარა მავნე ჩვევების დაძლევაში. აი ზოგი მათგანი:

„განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7:1). ღმერთი მათ აკურთხებს, ვინც ხორცის სიბილწისგან, უწმინდური ჩვევებისგან, იწმინდება.

„უფლის შიში ბოროტების სიძულვილია“ (იგავები 8:13). ღვთისადმი მოკრძალებული შიში ადამიანს ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში, მათ შორის ნარკოტიკების მიტოვებაში. გარდა იმისა, რომ ამგვარი მოქმედებით ადამიანი ღვთის მოწონებას იმსახურებს, ის საშიში დაავადებებისგანაც იცავს თავს.

„დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ“ (ტიტე 3:1). ბევრ ქვეყანაში ზოგიერთი ნარკოტიკის ქონა ან გამოყენება კანონის დარღვევად ითვლება. ჭეშმარიტი ქრისტიანები არც ფლობენ და არც იყენებენ კანონით აკრძალულ ნარკოტიკებს.