არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ევსები კესარიელი „საეკლესიო ისტორიის მამა“?

ევსები კესარიელი „საეკლესიო ისტორიის მამა“?

ევსები კესარიელი „საეკლესიო ისტორიის მამა“?

რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ახ. წ. 325 წელს ყველა ეპისკოპოსი ნიკეაში მიიწვია. მიზანი? გადაეჭრათ საკითხი, რომლის შესახებაც ბევრს კამათობდნენ და რომელიც ღვთისა და მისი ძის დამოკიდებულებას ეხებოდა. კრებას ესწრებოდა მამაკაცი, რომელიც თავის თანამედროვეთა შორის ყველაზე განათლებულად ითვლებოდა. ეს იყო ევსები კესარიელი. მას კარგად ჰქონდა შესწავლილი საღვთო წერილი და ქრისტიანული მონოთეიზმის დამცველი გახლდათ.

ნიკეის კრებას «კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა, — გვამცნობს ენციკლოპედია „ბრიტანიკა“, — აქტიურად უძღვებოდა დისკუსიებს. მანვე წამოაყენა წინადადება . . . ქრისტეს ღმერთთან დამოკიდებულების განსასაზღვრავად კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში „ერთარსის“ ჩაწერის შესახებ . . . იმპერატორისადმი შიშნარევი მოწიწებით გამსჭვალულმა ეპისკოპოსებმა, ორის გამოკლებით, ყველამ ხელი მოაწერა ნიკეის კრების მრწამსს (სარწმუნოების სიმბოლოს). ბევრმა მათგანმა ეს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა». იყო ევსები ამ გამონაკლისთა შორის? რის სწავლა შეგვიძლია ევსების მიერ დაკავებული პოზიციის გაანალიზებიდან? მოდი ჯერ ევსების გავეცნოთ — გავიგოთ რა საქმიანობას ეწეოდა იგი და რას მიაღწია.

მნიშვნელოვანი ნაშრომები

როგორც ჩანს, ევსები დაახლოებით ახ. წ. 260 წელს დაიბადა პალესტინაში. სიყმაწვილეში იგი დაუახლოვდა პამფილოსს, კესარიის ეკლესიის პრესვიტერს. პამფილოსის თეოლოგიურ სკოლაში ევსები გულმოდგინე მოსწავლე გახდა. მას ხშირად ნახავდით პამფილოსის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში კითხვაში ჩაფლულს. ის ბეჯითად სწავლობდა, განსაკუთრებით კი ბიბლიას იკვლევდა. ევსები პამფილოსის ერთგული მეგობარიც გახდა და მოგვიანებით საკუთარ თავს „ევსები პამფილიელი“ უწოდა.

თავისი ძლიერი სურვილის შესახებ ევსები წერდა: „მიზნად დავისახე აღმეწერა შემდეგი მოვლენები: როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს წმინდა მოციქულები; რა მოხდა ჩვენი მხსნელის მოვლინებიდან დღემდე; გადმოცემის თანახმად, როგორ განვითარდა მოვლენები საეკლესიო ისტორიაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისინი; ვინ იდგა გამოჩენილი საეკლესიო წრეების სათავეში; თითოეულ თაობაში, ზეპირსიტყვიერად თუ წერილობით, ვინ იცავდა ღვთის სიტყვას“.

ევსები კარგად არის ცნობილი თავისი ნაშრომით „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“, რომელსაც ძალიან აფასებენ. დაახლოებით ახ. წ. 324 წლისთვის გამოცემული მისი ათწიგნეული დღემდე შემორჩენილ უმნიშვნელოვანეს ნაშრომად არის მიჩნეული საეკლესიო ისტორიაში. ამის გამო ევსების საეკლესიო ისტორიის მამა ეწოდა.

„საეკლესიო ისტორიის“ გარდა ევსების კალამს ეკუთვნის „ქრონიკაც“, რომელიც ორწიგნეულად გამოიცა. პირველ წიგნში მოკლედ იყო გადმოცემული კაცობრიობის ისტორია. IV საუკუნიდან ამ ნაშრომზე აფუძნებდნენ მსოფლიო ქრონოლოგიას. მეორე წიგნში მოცემული იყო ისტორიული მოვლენები და თარიღები. ევსებიმ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო გენეალოგია პარალელურ სვეტებად განათავსა.

ევსები სხვა ორი ისტორიული ნაშრომის, „პალესტინელი წამებულებისა“ და „კონსტანტინეს ცხოვრების“, ავტორიცაა. პირველ ნაშრომში ის ახ. წ. 303—310 წლებში წამებულების შესახებ მოგვითხრობს. ევსები, როგორც ჩანს, თავად იყო ამ მოვლენების თვითმხილველი. მეორე ნაშრომი, რომელიც ახ. წ. 337 წელს იმპერატორ კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ ოთხ წიგნად გამოიცა, მნიშვნელოვან ისტორიულ დეტალებს შეიცავს. მაგრამ ის უფრო სახოტბო ნაწარმოებია, ვიდრე ისტორიული.

ევსების აპოლოგეტურ ნაშრომთა შორის არის მისი პასუხი ჰიეროკლესისადმი, ერთ-ერთი რომაელი მმართველისადმი. ერთხელ, როდესაც ჰიეროკლესი ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოვიდა, ევსებიმ საპასუხო წერილით დაიცვა ისინი. გარდა ამისა, იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ საღვთო წერილის ავტორი ღმერთია, მან დაწერა 35 წიგნი, რომლებიც ამგვარ ნაშრომთა შორის უმნიშვნელოვანესად და საგულდაგულოდ დამუშავებულად ითვლება. 15 წიგნში ავტორი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ქრისტიანები არ უარყოფენ წმინდა ებრაულ წერილებს. 20 წიგნში კი მოჰყავს იმის მტკიცებები, რომ ქრისტიანები მართებულად იქცევიან, როდესაც იუდეველთა წესების ფარგლებს სცდებიან და ახალ პრინციპებსა თუ ჩვეულებებს ითვისებენ. მთლიანობაში ყველა ამ წიგნით ევსები, თავისი შეხედულების თანახმად, ყოველმხრივ იცავდა ქრისტიანობას.

ევსებიმ იცოცხლა დაახლოებით 80 წელი (ახ. წ. 260—340 წწ.) იცოცხლა. ის ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი იყო. მის ნაშრომებში გაშუქებულია პირველი სამი საუკუნის მოვლენები იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობამდე. ხანდაზმულობის ასაკში შესვლის შემდეგ ევსები მწერლობას კესარიის ეპისკოპოსობასაც უთავსებდა. მართალია, ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ისტორიკოსი, მაგრამ ევსები აპოლოგეტი, ტოპოგრაფი, მქადაგებელი, თეოლოგი, კრიტიკოსი და რელიგიური ტექსტების განმმარტებელიც იყო.

ორი მიზეზი

რატომ შეეჭიდა ევსები ასე დიდ საქმეს? მას სჯეროდა, რომ ახალი ერის მიჯნაზე ცხოვრობდა. ფიქრობდა, რომ წარსულის მოვლენებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და საჭირო იყო მათი ჩაწერა და მომავალი თაობებისთვის შემონახვა.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ევსები აპოლოგეტი იყო. მას სწამდა, რომ ქრისტიანობა ღმერთმა დააფუძნა. იმ დროს კი ზოგი ამ აზრის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ევსები წერდა: „ჩემი მიზანი ისიცაა, მოგითხროთ სიახლეთა მოყვარული იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს ეგრეთ წოდებული ცოდნის მაძიებლებს უწოდებენ და რომლებიც, ულმობელი მგლების მსგავსად, უმოწყალოდ აჩანაგებდნენ ქრისტეს სამწყსოს; მოვიყვანო მათი სახელები, რაოდენობა და ის, თუ რამდენჯერ შევიდნენ შეცდომაში“.

ქრისტიანად მიიჩნევდა ევსები საკუთარ თავს? როგორც ჩანს, დიახ, რადგან ქრისტეს „ჩვენს მხსნელად“ მოიხსენიებს. ის წერდა: „მიზნად დავისახე . . . აღვწერო ის უბედურებები, რაც ჩვენი მხსნელის წინააღმდეგ შეთქმულების გამო მთელ იუდას მალევე დაატყდა თავს; ჩავწერო, როდის და როგორ გაილაშქრეს წარმართებმა ღვთის სიტყვის წინააღმდეგ; აღვწერო, სხვადასხვა პერიოდში როგორ გამოავლინეს სიმტკიცე მოწამეებმა, რომლებმაც საშინელი წამება გადაიტანეს და საკუთარი სისხლი დაღვარეს; ასევე მოვიხსენიო თანამედროვე მაგალითები და ჩვენი მხსნელის მიერ ყველა მათგანისადმი გამოვლენილი წყალობა და სიკეთე“.

ევსების მიერ ჩატარებული ღრმა კვლევა-ძიება

ევსების უამრავი წიგნი ჰქონდა წაკითხული და თავის ნაშრომებშიც ბევრ მათგანს მოიხსენიებს. ახალი წელთაღრიცხვით პირველი სამი საუკუნის განმავლობაში მცხოვრები მრავალი გამოჩენილი პირის შესახებ ცნობებს მხოლოდ ევსების ნაშრომები გვაწვდის. ასევე მხოლოდ მისი ნაშრომები ჰფენს ნათელს ზოგიერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რადგანაც ისინი დაფუძნებულია ისეთ წყაროებზე, რომლებიც დღეს აღარ არსებობს.

ევსები მასალებს გულმოდგინედ აგროვებდა. როგორც ჩანს, ის ერთმანეთისგან მთელი გულისყურით არჩევდა სანდო და არასანდო ინფორმაციას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ნაშრომები უნაკლო არ იყო. ზოგჯერ ის არასწორ განმარტებას იძლეოდა. ხდებოდა ისეც, რომ სწორად არ ესმოდა ადამიანების და მათ მოქმედებებს სათანადო შეფასებას ვერ აძლევდა. ზოგჯერ მის მიერ შედგენილ ქრონოლოგიაშიც შეინიშნება უზუსტობა. ევსების ნაშრომები მხატვრული გადმოცემის მხრივაც მოიკოჭლებს. ასეა თუ ისე, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ისინი მაინც ფასდაუდებელ განძად ითვლება.

ჭეშმარიტების მოყვარული?

ევსების დიდად აწუხებდა ერთი გადაუწყვეტელი საკითხი — რა დამოკიდებულება იყო მამასა და ძეს შორის. არსებობდა თუ არა მამა ძეზე ადრე, როგორც მას სწამდა? იქნებ მამა და ძე თანაარსნი იყვნენ? ის კითხულობდა: „თუ ისინი თანაარსნი არიან, მამა როგორ იქნება მამა და ძე — ძე?“. თავისი მრწამსის დასადასტურებლად, ევსების საღვთო წერილიდან მუხლებიც კი მოჰყავდა. მაგალითად, იოანეს 14:28, სადაც ნათქვამია: „მამა ჩემზე დიდია“. აგრეთვე იოანეს 17:3, სადაც იესოზე აღნიშნულია, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის მიერ არის ‘მოვლენილი’. კოლასელთა 1:15-ისა და იოანეს 1:1-ის საფუძველზე ევსები ამტკიცებდა, რომ სიტყვა — „უხილავი ღვთის ხატება“ — ღვთის ძეა.

საოცარია, რომ ნიკეის კრების დასასრულს ევსებიმ საპირისპირო შეხედულებას დაუჭირა მხარი. საღვთო წერილზე დაფუძნებული თავისი შეხედულების საპირისპიროდ, რომ ღმერთი და ძე თანაარსნი არ იყვნენ, ის იმპერატორს დაეთანხმა.

გაკვეთილი ჩვენთვის

რატომ დათმო ნიკეის კრებაზე ევსებიმ თავისი პოზიცია და რატომ დაუჭირა მხარი არაბიბლიურ დოგმატს? პოლიტიკური მიზნები ხომ არ ამოძრავებდა მას? რატომ დაესწრო იგი ამ კრებას? იქ ყველა ეპისკოპოსი მიიწვიეს, მაგრამ მხოლოდ ნაწილი — 300 ეპისკოპოსი — მივიდა. თავისი სოციალური მდგომარეობის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობდა ის? ან რატომ აფასებდა იმპერატორი კონსტანტინე მას ასე ძალიან? კრებაზე ევსები იმპერატორს ხელმარჯვნივ ეჯდა.

როგორც ჩანს, ევსებიმ უგულებელყო იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის წაყენებული მოთხოვნა, ‘არ ყოფილიყვნენ წუთისოფლისა’ (იოანე 17:16; 18:36). „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა?“ — იკითხა მოწაფე იაკობმა (იაკობი 4:4). მართლაც მართებულია პავლეს დარიგება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად“! (2 კორინთელთა 6:14). დაე ყოველთვის ვიყოთ ამ წუთისოფლისგან გამოყოფილნი და მამას ‘სულითა და ჭეშმარიტებით ვცეთ თაყვანი’ (იოანე 4:24).

[სურათი 31 გვერდზე]

ნიკეის კრების ამსახველი ფრესკა.

[საავტორო უფლება]

Scala/Art Resource, NY

[საავტორო უფლებები დაცულია 29 გვერდზე]

Courtesy of Special Collections Library, University of Michigan