არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად ვჭირდებით ერთმანეთს?

ნამდვილად ვჭირდებით ერთმანეთს?

ნამდვილად ვჭირდებით ერთმანეთს?

„საკუთარ ცხოვრებასა და ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად გამოვლენილ მცდელობას როცა ვაკვირდებით, უმალვე შევნიშნავთ ხოლმე, რომ ჩვენი თითქმის ყველა მოქმედება თუ სურვილი მჭიდროდ უკავშირდება სხვა ადამიანებს“, — აღნიშნა ალბერტ აინშტაინმა. მან დასძინა: „ჩვენ მივირთმევთ სხვების მიერ მომზადებულ საკვებს, ვიცვამთ სხვების მიერ შეკერილ ტანსაცმელს, ვცხოვრობთ სხვების მიერ აშენებულ სახლში . . . ადამიანის ღირსება მისი პირადი მიღწევებით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რა წვლილი შეაქვს საზოგადოების ცხოვრებაში; საზოგადოებისა, რომელიც დაბადებიდან სიკვდილამდე მისი ფიზიკური და სულიერი ცხოვრების წარმმართავია“.

ცხოველთა სამყაროში ერთმანეთის დახმარება ჩვეულებრივი მოვლენაა; ისინი ინსტინქტურად აკეთებენ ამას. მაგალითად, სპილოები ჯოგებად როცა დადიან, სათუთად ზრუნავენ თავიანთ პატარებზე. ძუ ლომები ერთად ნადირობენ და შემდეგ მამალ ლომებს უყოფენ საკვებს. დელფინები ერთად თამაშობენ და გაჭირვების დროს ცხოველებს ან მოცურავეებსაც კი შველიან.

სოციოლოგები შენიშნავენ საზოგადოებაში არსებულ ტენდენციას, რომელიც უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. მეხიკოს ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, ზოგი სოციოლოგი ფიქრობს, რომ „ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავში ჩაკეტვამ და საზოგადოებრივი ცხოვრების მოშლამ ცუდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაზე“. ამავე გაზეთში ნათქვამია, რომ „ერის კეთილდღეობისთვის საჭიროა საყოველთაო სოციალური ცვლილებები. ეს კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას ნიშნავს“.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მათ შორისაა ფართოდ გავრცელებული, ვინც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს. დღეს ბევრი იკეტება საკუთარ თავში და ეს ტენდენცია უფრო და უფრო მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას. მათ სურთ, სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ და კატეგორიულად უკრძალავენ სხვებს მათ ცხოვრებაში ჩარევას ან მათთან სიახლოვეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ასეთი თვალსაზრისის შედეგად ადამიანებს ადვილად ექმნებათ ემოციური პრობლემები, უფრო მეტად ხდებიან მიდრეკილი დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენ.

ამის თაობაზე დოქტორმა დენიელ გოულმენმა აღნიშნა: „საზოგადოებისგან მოწყვეტა — გრძნობების სხვებისთვის გაზიარების უგულებელყოფა ან ვინმესთან ახლო ურთიერთობის უქონლობა — ორჯერ ზრდის ავადმყოფობისა და სიკვდილის საშიშროებას“. ჟურნალ „საიენსის“ თანახმად, საზოგადოებისგან იზოლირების შედეგად გამოწვეული „სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ისეთივეა, როგორიც მოწევის, მაღალი წნევის, ქოლესტერინის სიჭარბის, ავადმყოფური სიმსუქნისა და ფიზიკური უმოძრაობის შემთხვევაში“.

ასე რომ, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ნამდვილად ვჭირდებით ერთმანეთს. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ უერთმანეთოდ. როგორ შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვის პრობლემის გადაჭრა? რა შემატებს ნამდვილ აზრს ბევრის სიცოცხლეს? მომდევნო სტატია სწორედ ამ კითხვებზე გვიპასუხებს.

[ჩანართი 3 გვერდზე]

„ჩვენი თითქმის ყველა მოქმედება თუ სურვილი მჭიდროდ უკავშირდება სხვა ადამიანებს“ (ალბერტ აინშტაინი).