არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?

„არ აყოვნებს უფალი აღთქმულს . . . არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9).

1, 2. ა) რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ადამიანებზე? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

იეჰოვას მსახურებს დავალებული აქვთ, ‘მოიმოწაფონ ყველა ხალხი’ (მათე 28:19). ამ დავალების შესრულებისას, სანამ «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დიდ დღეს» ველოდებით, ადამიანების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს (სოფონია 1:14). როგორია მისი დამოკიდებულება? პეტრე მოციქული ამბობს: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). ღმერთი თითოეულ ადამიანს პოტენციურ მომნანიებლად მიიჩნევს. მას სურს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). იეჰოვას ახარებს „ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა“ (ეზეკიელი 33:11, სსგ).

2 პირადად ჩვენ თუ ვიზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს? ვფიქრობთ მის მსგავსად, რომ შეიძლება ნებისმიერი გახდეს ‘მისი სამწყსოს ცხვარი’, რასისა და ეროვნების მიუხედავად? (ფსალმუნები 99:3; საქმეები 10:34, 35). განვიხილოთ ორი მაგალითი, რომლებიც დაგვანახვებს, რამდენად აუცილებელია ღვთის თვალსაზრისის გაზიარება. ორივე შემთხვევაში მოახლოებული იყო ღვთის რისხვა და ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ მისმა მსახურებმა. ამ მაგალითების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც იეჰოვას დიდ დღეს ველოდებით.

აბრაამი იზიარებდა იეჰოვას თვალსაზრისს

3. რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას სოდომისა და გომორას მცხოვრებლებზე?

3 განვიხილოთ ღვთის ერთგული პატრიარქის, აბრაამის მაგალითი, რომელიც სოდომთან და გომორასთან არის დაკავშირებული. როდესაც იეჰოვას ყურს მისწვდა „ღაღადი სოდომზე და გომორაზე“, მან მაშინვე არ გაანადგურა ეს ქალაქები. ღმერთმა თავიდან მდგომარეობა გამოიკვლია (დაბადება 18:20, 21). მან სოდომში გაგზავნა ორი ანგელოზი, რომლებიც ღვთისმოშიში ლოტის სახლში გაჩერდნენ. იმავე ღამეს „სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად“. მათ ანგელოზებთან ჰომოსექსუალური ურთიერთობის დამყარება სურდათ. ქალაქის მცხოვრებთა ასეთი ზნედაცემულობით აშკარად დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ განადგურებას. მიუხედავად ამისა, ანგელოზებმა ლოტს უთხრეს: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი — ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან“. იეჰოვამ ქალაქის ზოგ მცხოვრებს გადარჩენის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ლოტმა და მისმა ორმა ქალიშვილმა დააღწიეს თავი განადგურებას (დაბადება 19:4, 5, 12, 16, 23—26).

4, 5. რატომ შეევედრა აბრაამი ღმერთს სოდომის მცხოვრებლებისთვის და შეესაბამებოდა თუ არა ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულება ღვთის თვალსაზრისს?

4 ახლა გავიხსენოთ ის დრო, როდესაც იეჰოვამ სოდომსა და გომორაში შექმნილი მდგომარეობის გამორკვევა განიზრახა. სწორედ მაშინ შეევედრა მას აბრაამი: „იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“. აბრაამმა ორჯერ გამოიყენა სიტყვები: „არ ეგების“. მან პირადი დაკვირვებიდან იცოდა, რომ იეჰოვა მართალს ბოროტთან ერთად არ დაღუპავდა. როდესაც იეჰოვამ უთხრა, რომ სოდომს არ გაანადგურებდა, თუ ‘ქალაქში ორმოცდაათ მართალს მაინც ჰპოვებდა’, აბრაამმა ეს რიცხვი თანდათანობით შეამცირა და ბოლოს ათამდე დავიდა (დაბადება 18:22—33, სსგ).

5 დაეთანხმებოდა იეჰოვა აბრაამს, თავისი თვალსაზრისის საწინააღმდეგო რომ ყოფილიყო მისი თხოვნა? ცხადია, არა. აბრაამი „ღვთის მეგობარი“ იყო და, როგორც ჩანს, იცოდა, როგორ უყურებდა ადამიანებს ღმერთი. ამასთანავე, ის იზიარებდა ღვთის თვალსაზრისს (იაკობი 2:23). იეჰოვა მზად იყო, გაეთვალისწინებინა აბრაამის თხოვნა. რატომ? ჩვენს ზეციერ მამას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“.

იონას სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი

6. რა გააკეთეს ნინეველებმა იონას ქადაგების შემდეგ?

6 ახლა კი იონას მაგალითი განვიხილოთ. ამ შემთხვევაში განადგურება ქალაქ ნინევეს მოელოდა. წინასწარმეტყველ იონას უნდა გაეცხადებინა, რომ ‘ღმერთს მისწვდა’ ქალაქის მცხოვრებთა ბოროტების ამბავი (იონა 1:2). ნინევე თავისი გარეუბნებით „სამი დღის სავალი“ დიდი ქალაქი იყო. ბოლოს, როდესაც იონა ღმერთს დაემორჩილა და ნინევეში ჩავიდა, მან ქადაგება დაიწყო: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“. ამის მოსმენის შემდეგ, „იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და . . . ჯვალოთი შეიმოსნენ“. ნინევეს მეფემაც კი მოინანია (იონა 3:1—6).

7. რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას მომნანიებელი ნინეველების მიმართ?

7 მათი რეაქცია სრულიად განსხვავდებოდა სოდომელთა საქციელისგან. რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას მომნანიებელი ნინეველების მიმართ? იონას 3:10-ში ვკითხულობთ: „შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო“. იეჰოვამ იმ გაგებით „შეინანა“, რომ სხვაგვარად მოექცა ნინეველებს, რადგანაც მათ ბოროტების კეთება მიატოვეს. ღვთის ნორმები არ შეცვლილა, მაგრამ იეჰოვამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, როდესაც დაინახა, რომ ქალაქის მოსახლეობამ მოინანია (მალაქია 3:6).

8. რამ გაანაწყენა იონა?

8 გაიზიარა იონამ იეჰოვას თვალსაზრისი, როდესაც გაიგო, რომ ნინევე აღარ განადგურდებოდა? არა. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა“. გარდა ამისა, მან «ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: „ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას“» (იონა 4:1, 2). იონასთვის კარგად იყო ნაცნობი იეჰოვას თვისებები. მაგრამ ამ შემთხვევამ წინასწარმეტყველი გაანაწყენა და მან არ ისურვა მომნანიებელ მცხოვრებლებზე ღვთის თვალსაზრისის გაზიარება.

9, 10. ა) რა და როგორ ასწავლა იეჰოვამ იონას? ბ) რატომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლოს იონამ გაიზიარა ნინეველებზე იეჰოვას თვალსაზრისი?

9 იონა ქალაქიდან გავიდა, ჩარდახი გაიკეთა, მის ჩრდილში დაჯდა და „დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს“. იეჰოვას ნებით იქვე ერთი აყირო გაიზარდა, რათა იონას ჩრდილი ჰქონოდა. მაგრამ მცენარე მეორე დღეს გახმა. ამან იონა გაამწარა, რაზეც იეჰოვამ უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა . . . აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“ (იონა 4:5—11). რამდენ რამეს ისწავლიდა იონა ადამიანების მიმართ იეჰოვას დამოკიდებულებაზე!

10 ბიბლიაში ჩაწერილი არ არის, როგორ მოიქცა იონა ღვთის ამ სიტყვების შემდეგ, მაგრამ ნათელია, რომ მან შეიცვალა თვალსაზრისი მომნანიებელ ნინეველებზე. ასეთი დასკვნის გამოტანა იმის საფუძველზე შეგვიძლია, რომ იეჰოვამ ის თავისი სულის შთაგონებით ამ ამბის დასაწერად გამოიყენა.

თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

11. რა დამოკიდებულება ექნებოდა აბრაამს დღეს მცხოვრები ხალხის მიმართ?

11 ამჟამად მოახლოებულია იეჰოვას დიდი დღე, ამ სისტემის განადგურება (ლუკა 17:26—30; გალატელთა 1:4; 2 პეტრე 3:10). რა დამოკიდებულება ექნებოდა აბრაამს მათდამი, ვინც ამ წუთისოფლის აღსასრულის წინა პერიოდში ცხოვრობს? მისთვის, ალბათ, სულერთი არ იქნებოდა იმ ადამიანების მომავალი, რომლებსაც ჯერ არ მოუსმენიათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14). აბრაამმა რამდენჯერმე სთხოვა ღმერთს, გადაერჩინა ის, ვინც მართალი ადამიანი აღმოჩნდებოდა სოდომში. ვართ პირადად ჩვენც დაინტერესებული იმ ხალხით, რომლებიც უარყოფდნენ სატანის მმართველობის ქვეშ არსებულ წუთისოფელს, თუკი მონანიებისა და ღვთის მსახურების შესაძლებლობა მიეცემოდათ? (1 იოანე 5:19; გამოცხადება 18:2—4).

12. რატომ შეიძლება ადვილად განგვივითარდეს ადამიანების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იონას ჰქონდა და რის გაკეთება შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში?

12 სავსებით ნორმალურია ის, რომ გვსურს, მალე მოეღოს ბოლო ბოროტებას (აბაკუმი 1:2, 3). მიუხედავად ამისა, ადვილად შეიძლება განგვივითარდეს ადამიანებისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იონას ჰქონდა — აღარ დავინტერესდეთ იმ ხალხის მომავლით, რომლებმაც შეიძლება მოინანიონ. ამის ალბათობა უფრო მეტია, თუ კარდაკარ ქადაგებისას ხშირად ვხვდებით გულგრილ, უარყოფითად განწყობილ და აგრესიულ ადამიანებს. არსებობს საშიშროება, რომ ყურადღება აღარ მივაქციოთ მათ, ვინც იეჰოვამ ამ ბოროტი სისტემიდან უნდა გამოიყვანოს (რომაელთა 2:4). თუ სერიოზული თვითშემოწმების შემდეგ მცირეოდენ მსგავსებას მაინც შევნიშნავთ ხალხის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასა და ნინეველებისადმი იონას თავდაპირველ დამოკიდებულებას შორის, ღმერთს უნდა ვთხოვოთ, დაგვეხმაროს იმაში, რომ ადამიანებს მისი თვალით ვუყუროთ.

13. რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს იეჰოვასთვის სულერთი არ არიან ადამიანები?

13 იეჰოვა ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ არ გამხდარან მისი მსახურები. ამავე დროს, ის ისმენს თავისი ხალხის ვედრებას (მათე 10:11). მაგალითად, ლოცვების პასუხად, ღმერთი «დაიცავს მათ [„გაუჩენს მათ სამართალს“, აქ]» (ლუკა 18:7, 8). უფრო მეტიც, იეჰოვა დანიშნულ დროს შეასრულებს თავის ყველა აღთქმას და განახორციელებს ყველა განზრახვას (აბაკუმი 2:3). ამაში ისიც იგულისხმება, რომ დედამიწაზე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას ისევე, როგორც ნინევეში, როდესაც ქალაქი გაანადგურა იმის გამო, რომ მისმა მცხოვრებლებმა კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა (ნაუმი 3:5—7).

14. რა უნდა ვაკეთოთ იეჰოვას დიდი დღის დადგომამდე?

14 დაველოდებით მოთმინებით იეჰოვას დიდ დღეს და განვაგრძობთ ღვთის ნების აქტიურად შესრულებას ბოროტი სისტემის განადგურებამდე? ჩვენ ზუსტად არ ვიცით, კიდევ რა უნდა გაკეთდეს სამქადაგებლო საქმეში იეჰოვას დღის მოსვლამდე. იმაში კი დარწმუნებული ვართ, რომ ამ სისტემის აღსასრულამდე მთელ მსოფლიოში იქნება ნაქადაგები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ღვთისთვის დამაკმაყოფილებელი მასშტაბით. ცხადია, უნდა ვეძებოთ «ყოველი ხალხის საწადელი [„ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ]», ვიდრე იეჰოვა დიდებით ავსებს თავის სახლს (ანგია 2:7).

ხალხისადმი დამოკიდებულებას საქმით ცხადვყოფთ

15. რა დაგვეხმარება, უფრო მეტად ვიგრძნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამქადაგებლო საქმიანობა?

15 შესაძლოა, ჩვენს ტერიტორიაზე ხალხი სასიხარულო ცნობისადმი ინტერესს არ ავლენს, პირადი მდგომარეობა კი არ გვაძლევს იქ გადასვლის შესაძლებლობას, სადაც მაუწყებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა. დავუშვათ, ამ სისტემის აღსასრულამდე ჩვენს მხარეში კიდევ ათი კაცი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. როგორ ფიქრობთ, ღირს ძალისხმევად ამ ათის მოძებნა? იესოს ებრალებოდა ხალხი, რადგან „დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). ბიბლიის შესწავლა და „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში სტატიების ყურადღებით კითხვა უკეთესად დაგვანახვებს, რა სავალალო მდგომარეობაშია წუთისოფელი. შესაბამისად, უფრო მეტად ვიგრძნობთ, რამდენად საჭიროა სასიხარულო ცნობის ქადაგება. გარდა ამისა, თუ სათანადოდ დავაფასებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას, რომელსაც „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის, უფრო დამაჯერებლად ვიქადაგებთ უბნებზე, სადაც ხალხი ჩვენს საქმიანობას კარგად იცნობს (მათე 24:45—47; 2 ტიმოთე 3:14—17).

16. როგორ შეგვიძლია, უფრო ეფექტური მქადაგებლები გავხდეთ?

16 ჩვენთვის სულერთი არ არიან ისინი, ვინც შეიძლება გამოეხმაუროს სიცოცხლის მომცემ ბიბლიურ ცნობას. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ქადაგებისთვის უფრო მოსახერხებელი დრო და საშუალებები გამოვნახოთ. შესაძლოა, კარდაკარ ქადაგებისას ბევრი არ გვხვდება სახლში. ასეთ შემთხვევაში, შეგვეძლო სხვადასხვა დროს და ადგილას გვექადაგა. მეთევზეები მაშინ თევზაობენ, როცა თევზის დაჭერა შესაძლებელია. ჩვენც მათ მსგავსად ხომ არ მოვქცეულიყავით? (მარკოზი 1:16—18). იქნებ საღამოობით დაგვეგეგმა ქადაგება, ან ტელეფონით გვექადაგა, სადაც ეს კანონით ნებადართულია? ზოგი ეფექტურად ქადაგებს ავტოსადგომებზე, ავტოგასამართ სადგურებზე, ბაზრებსა და მაღაზიებში. თუ, აბრაამის მსგავსად, გვაღელვებს ადამიანების მომავალი, ამას იმითაც ცხადვყოფთ, რომ ხელიდან არ გავუშვებთ არაფორმალური ქადაგების შესაძლებლობებს.

17. როგორ შეგვიძლია გავამხნევოთ მისიონერები და სხვა მსახურები, რომლებიც უცხო ქვეყნებში მსახურობენ?

17 მილიონობით ადამიანს ჯერ არ მოუსმენია სამეფოს შესახებ ცნობა. გარდა იმისა, რომ ვქადაგებთ, შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელადაც გამოვავლინოთ მათდამი მზრუნველობა? როგორ? მაგალითად, ხომ არ ვიცნობთ მისიონერებს ან სრული დროით მსახურებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში მსახურობენ? კარგი იქნებოდა, მათთვის წერილები გაგვეგზავნა და დაგვენახვებინა, რომ ვაფასებთ მათ შრომას. როგორ გამოვხატავთ ამით მილიონობით ადამიანზე მზრუნველობას? ჩვენმა გამამხნევებელმა წერილებმა და კეთილმა სიტყვებმა შესაძლოა მისიონერებს მსახურების გაგრძელების ძალა შეჰმატოს. შედეგად კი ისინი კიდევ ბევრს დაეხმარებიან ჭეშმარიტების შეცნობაში (მსაჯულთა 11:40, აქ). აგრეთვე შეგვიძლია ვილოცოთ მისიონერებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ჭეშმარიტებას მოწყურებული ხალხისთვის (ეფესელთა 6:18—20). გარდა ამისა, ადამიანებზე მზრუნველობის ერთ-ერთი საშუალება იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმისთვის მატერიალური შესაწირავების გაღებაა (2 კორინთელთა 8:13, 14; 9:6, 7).

ხომ არ შეგეძლო სხვაგან გადასვლა?

18. რას აკეთებს ზოგი ქრისტიანი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სასიხარულო ცნობის ქადაგებას თავისივე ქვეყანაში?

18 ზოგი საქადაგებლად იქ გადავიდა, სადაც უფრო მეტი მოთხოვნილებაა მქადაგებლებზე. ეს მათთვის კურთხევა აღმოჩნდა. სხვები თავიანთ ქვეყნებში რჩებიან, მაგრამ უცხო ენას სწავლობენ იმიგრანტებთან ქადაგების მიზნით. მათ მცდელობას შესანიშნავი შედეგები მოაქვს. მაგალითად, ტეხასის შტატის (აშშ) ერთ ქალაქში, შვიდი მაუწყებლის დახმარებით, რომლებიც ჩინელებთან ქადაგებენ, 2001 წელს გახსენების საღამოს 114 ჩინელი იმიგრანტი დაესწრო. მქადაგებლები, რომლებიც ასეთი სახის მსახურებაში მონაწილეობენ, ხედავენ, რომ მინდვრები მზადაა მკისთვის (მათე 9:37, 38).

19. რის გაკეთებაა გონივრული, თუ საქადაგებლად სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობთ?

19 შესაძლოა ფიქრობთ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადახვიდეთ იქ, სადაც მქადაგებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა. ცხადია, თავიდან გონივრული იქნება, ‘დასხდეთ და გამოთვალოთ ფასი’ (ლუკა 14:28). ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებთ. ყველამ, ვინც სხვაგან გადასვლაზე ფიქრობს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შემდეგი კითხვები: შევძლებ ოჯახის შენახვას? მივიღებ ვიზას? ვიცი უკვე ენა, რომელზეც ქვეყანაში ლაპარაკობენ ან მინდა მისი სწავლა? ვიღებ მხედველობაში კლიმატსა და კულტურას? ნამდვილად „თანამშრომელი“ ვიქნები თანამორწმუნეთათვის, თუ ტვირთად დავაწვები მათ? (კოლასელთა 4:10, 11). იმის დასადგენად, თუ რამდენად დიდია მოთხოვნილება მქადაგებლებზე იქ, სადაც აპირებთ გადასვლას, ყოველთვის მიზანშეწონილია, მისწეროთ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს, რომელიც იმ მხარეში სამქადაგებლო საქმეს უწევს ხელმძღვანელობას *.

20. რა გააკეთა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა უცხო ქვეყანაში მცხოვრები როგორც თანამორწმუნეების, ისე სხვა ხალხის დასახმარებლად?

20 ერთმა დაუქორწინებელმა ახალგაზრდა ძმამ, რომელიც იაპონიაში სამეფო დარბაზის მშენებლობაზე მუშაობდა, გაიგო, რომ პარაგვაიში სამეფო დარბაზის ასაშენებლად ხელოსნები სჭირდებოდათ. ის მალევე გადავიდა პარაგვაიში, სადაც რვა თვე იმუშავა მშენებლობაზე. ეს ძმა მშენებლებს შორის ერთადერთი სრული დროით მსახური იყო. ამ ხნის განმავლობაში ის ესპანურს სწავლობდა და ბიბლიის შესწავლებსაც ატარებდა. მან დაინახა, რომ პარაგვაიში დიდი მოთხოვნილება იყო მქადაგებლებზე. ამიტომაც იაპონიაში მცირე ხნით დაბრუნების შემდეგ კვლავ პარაგვაიში ჩავიდა, სადაც შეეძლო, ხალხი იმ სამეფო დარბაზში მიეწვია, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობა მიიღო.

21. რით უნდა ვიყოთ უმთავრესად დაკავებული და რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანებისადმი იეჰოვას დიდი დღის დადგომამდე?

21 სამქადაგებლო საქმე ბოლომდე შესრულდება. ეს ღვთის ნებაა და თავადვე იზრუნებს ამაზე. იეჰოვა დღეს აჩქარებს სულიერ მკას, რომელიც დასასრულს უახლოვდება (ესაია 60:22). მაშ, ვიდრე იეჰოვას დღეს ველით, გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა მკაში და ადამიანებისადმი ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორც ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს აქვს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ყოველთვის არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად იმ ქვეყანაში გადასვლა, სადაც ქადაგება აკრძალული ან შეზღუდულია. ამან შეიძლება ზიანიც კი მოუტანოს მაუწყებლებს, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში გონივრულად მსახურობენ.

გახსოვთ?

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხალხისადმი იეჰოვას დღის დადგომამდე?

რა თვალსაზრისი ჰქონდა აბრაამს იმ მართალ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სოდომში?

რა დამოკიდებულება ჰქონდა იონას ნინეველებისადმი მას შემდეგ, რაც მათ მოინანიეს?

რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ იეჰოვას თვალსაზრისს ვიზიარებთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯერ არ მოუსმენიათ სასიხარულო ცნობა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

აბრაამი ადამიანებზე ღვთის თვალსაზრისს იზიარებდა.

[სურათი 17 გვერდზე]

ბოლოს იონამ გაიზიარა ნინეველებზე იეჰოვას თვალსაზრისი.

[სურათები 18 გვერდზე]

ხალხზე მზრუნველობა აღგვძრავს, ქადაგებისთვის უფრო მოსახერხებელი დრო და საშუალებები გამოვნახოთ.