არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერია ის, ვისი ღმერთიც იეჰოვაა

ბედნიერია ის, ვისი ღმერთიც იეჰოვაა

ბიოგრაფია

ბედნიერია ის, ვისი ღმერთიც იეჰოვაა

მოგვითხრო ტომ დიდურმა

დარბაზი უკვე დაქირავებული გვქონდა. პორკიუპაინში (სასკაჩევანის პროვინცია, კანადა) კონგრესზე დაახლოებით 300 დამსწრეს ველოდით. ოთხშაბათს თოვა დაიწყო და პარასკევისთვის ისეთი ქარბუქი ამოვარდა, რომ არაფერი ჩანდა. ტემპერატურა -40° C-მდე დაეცა. კონგრესზე 28 კაცი მაინც მოვიდა. მათ შორის რამდენიმე ბავშვიც იყო. მაშინ 25 წლის ვიყავი. სარაიონო ზედამხედველად დანიშვნის შემდეგ, ეს ჩემი პირველი კონგრესი იყო და ძალიან ვღელავდი. სანამ მოგიყვებოდეთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ნება მიბოძეთ მოგითხროთ, რა გზა განვვლე ამ განსაკუთრებული მსახურების დაწყებამდე.

ოჯახში რვა დედმამიშვილიდან (რვავე ბიჭები ვართ) მე მეშვიდე ვარ. უფროსი ბილი იყო, შემდეგ დაიბადნენ მეტრო, ჯონი, ფრედი, მიკი და ალექსი. მე 1925 წელს დავიბადე. ჩემ შემდეგ კი ყველაზე უმცროსი, ვალე, მოევლინა ქვეყანას. ვცხოვრობდით ქალაქ უკრაინის (მანიტობის პროვინცია) მახლობლად. ჩვენს მშობლებს, მაიკლ და ანა დიდურებს, ერთი პატარა ფერმა ჰქონდათ. მამა რკინიგზაზე მუშაობდა. ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით ჰქონდათ საერთო საცხოვრებლები. ცხადია, დიდი ოჯახის ასეთ ადგილას ცხოვრება მოუხერხებელი იყო. ამიტომაც მამის გარდა, ყველანი სახლში ვრჩებოდით. მამა უმეტესწილად არ იყო სახლში და დედა გვზრდიდა. დროდადრო დაახლოებით ერთი კვირით ან მეტით ის მამასთან მიდიოდა, წასვლამდე კი შეგვამოწმებდა, შეგვეძლო თუ არა საჭმლის კეთება, ცხობა და სახლის მოვლა. ჩვენი ოჯახი ბერძნულ კათოლიკურ ეკლესიაში დადიოდა. ამიტომაც დედა ბავშვობიდანვე გვაზეპირებინებდა ლოცვებს და სხვადასხვა რიტუალშიც გვაღებინებდა მონაწილეობას.

ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან გაცნობა

ბიბლიისადმი ინტერესი ბავშვობაში გამიჩნდა. მეზობლად იეჰოვას ერთი მოწმე ცხოვრობდა. ის რეგულარულად დადიოდა ჩვენთან და ბიბლიის იმ მონაკვეთებს გვიკითხავდა, რომლებშიც ღვთის სამეფოს, არმაგედონისა და მშვენიერი ახალი ქვეყნიერების შესახებ იყო ლაპარაკი. დედას სრულიად არ აინტერესებდა მისი სიტყვები, მაგრამ მიკისა და ალექსის — ძალიან. ნასწავლმა მათზე იმდენად იმოქმედა, რომ II მსოფლიო ომის დროს რელიგიური მოსაზრებით უარი თქვეს სამხედრო სამსახურში წასვლაზე. შედეგად, მიკის მცირე ხნით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ალექსი ონტარიოს შრომა-გასწორების ბანაკში გაგზავნეს. გარკვეული დროის შემდეგ ფრედმა და ვალემაც მიიღეს ჭეშმარიტება, რასაც ვერ ვიტყვი სამ უფროს ძმაზე. წლების განმავლობაში დედა ჭეშმარიტების წინააღმდეგ იყო, მაგრამ ბოლოს ყველა გაგვაოცა და იეჰოვას მხარეს დადგა. 83 წლის ასაკში ის მოინათლა. დედა 96 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლოს მამაც დადებითად იყო განწყობილი ჭეშმარიტებისადმი.

17 წლის რომ გავხდი, უინიპეგში წავედი, რათა სამუშაო მეშოვა და დავკავშირებოდი ვინმეს, ვინც ბიბლიის შესწავლაში დამეხმარებოდა. იმ დროს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ოფიციალურად აკრძალული იყო, მაგრამ კრების შეხვედრები რეგულარულად ტარდებოდა. პირველ შეხვედრას კერძო სახლში დავესწარი. რადგანაც კათოლიკურ რწმენაზე ვიყავი აღზრდილი, რაც კრებაზე მესმოდა, თავიდან ჩემთვის საკმაოდ უცნაური იყო. შემდგომში კი თანდათანობით გავიგე, რომ ადამიანების სამღვდელოებად და საეროებად დაყოფა არაბიბლიურია. აგრეთვე გავიგე, რატომ არ იწონებს ღმერთი სამღვდელოების მიერ ომის კურთხევას (ესაია 2:4; მათე 23:8—10; რომაელთა 12:17, 18). დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება ბევრად უფრო დასაშვებად და გონივრულად მივიჩნიე, ვიდრე სადღაც შორს უკვდავების მიღება.

დარწმუნებულმა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო, თავი მივუძღვენი იეჰოვას და 1942 წელს უინიპეგში მოვინათლე. 1943 წელს კანადაში იეჰოვას მოწმეებზე ოფიციალური აკრძალვა გაუქმდა და სამქადაგებლო საქმიანობამ სწრაფად წაიწია წინ. ბიბლიური ჭეშმარიტება უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენდა ჩემს გულზე. კრებაში მსახურად დამნიშნეს; აგრეთვე ვმონაწილეობდი საჯარო შეხვედრებში და ვქადაგებდი გაუნაწილებელ ტერიტორიაზე. შეერთებულ შტატებში დიდ კონგრესებზე დასწრებამ ჩემს სულიერ წინსვლაში უზარმაზარი როლი ითამაშა.

იეჰოვას მსახურებაში მეტი წვლილის შეტანა

1950 წელს პიონერული მსახურება დავიწყე, იმავე წლის დეკემბერში კი სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. წილად მხვდა პატივი, ასეთი მსახურებისთვის მოვემზადებინე ტორონტოს მახლობლად მომსახურე გამოცდილ და ერთგულ ძმას, ჩარლ ჰეპვორსს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, რომ მომზადების ბოლო კვირას ჩემს ღვიძლ ძმასთან, ალექსისთან, ვთანამშრომლობდი. ის იმ დროისთვის უინიპეგში უკვე სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა.

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჩემი პირველი სარაიონო კონგრესი გონებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. ბუნებრივია, ძალიან ვღელავდი. საოლქო ზედამხედველს, ძმა ჯეკ ნეითანს, უსაქმოდ არავინ დავუტოვებივართ და თანაც სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. კონგრესი დამსწრეთა აქტიური მონაწილეობით ჩავატარეთ. ვყვებოდით შემთხვევებს, ვვარჯიშობდით, თუ როგორ უნდა გვექადაგა კარდაკარ და განმეორებით მოგვენახულებინა დაინტერესებულები; აგრეთვე ინსცენირებებში ვაჩვენებდით, როგორ შეიძლებოდა ბიბლიის შესწავლების ჩატარება. ვმღეროდით სამეფო სიმღერებს. უხვად გვქონდა საკვები. თითქმის ყოველ ორ საათში ყავასა და ნამცხვარს მივირთმევდით. ღამით ზოგს გრძელ სკამებზე ეძინა, ზოგს — სცენაზე და ზოგსაც — იატაკზე. კვირისთვის ქარბუქი ცოტათი ჩაწყნარდა და საჯარო მოხსენებას უკვე 96 ადამიანი ესწრებოდა. ამ შემთხვევამ რთულ სიტუაციებთან გამკლავება მასწავლა.

სარაიონო მსახურებამ ჩრდილოეთში — ალბერტაში, ბრიტანეთის კოლუმბიასა და იუკონში — წამიყვანა. ამ ადგილებს შუაღამის მზის ქვეყანას უწოდებენ. ალასკის გზატკეცილით დოსონ–კრიკიდან (ბრიტანეთის კოლუმბია) უაიტჰორსამდე (იუკონი) მგზავრობას (მათ შორის მანძილი 1477 კილომეტრია) და თანაც გზაში ქადაგებას ამტანობა და სიფრთხილე სჭირდებოდა. ზვავები, მთების მოლიპული ფერდობები და ქარბუქის გამო ცუდი ხილვადობა დიდ სირთულეებს გვიქმნიდა.

გაოცებული ვიყავი იმის დანახვით, თუ როგორ აღწევდა ჭეშმარიტება უკიდურეს ჩრდილოეთში. ერთხელ მე და ვოლტერ ლიუკოვიცი ლოუერ პოსტთან (ბრიტანეთის კოლუმბია, ეს სოფელი ალასკის გზატკეცილზე, იუკონის საზღვრის მახლობლად მდებარეობს) ერთ ღარიბულ ქოხს მივადექით. მივხვდით, რომ იქ ვიღაც ცხოვრობდა, რადგან პატარა ფანჯრიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა. დაახლოებით საღამოს ცხრა საათი იყო. კარზე დავაკაკუნეთ. ქოხიდან მამაკაცის ხმამ გამოგვძახა, მობრძანდითო, და ჩვენც არ დავაყოვნეთ. შევედით თუ არა სახტად დავრჩით: ორსართულიან საწოლზე ხანში შესული მამაკაცი წამოწოლილიყო და „საგუშაკო კოშკს“ კითხულობდა. მას ამ ჟურნალის უფრო ახალი ნომერი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ გვინდოდა, რომ შეგვეთავაზებინა. მამაკაცმა აგვიხსნა, რომ ჟურნალი საჰაერო ფოსტით მიიღო. რადგან ამ დროს კრებიდან რვა დღეზე მეტის წამოსულები ვიყავით, ჟურნალების ბოლო ნომრები ჯერ არ გვქონდა. მამაკაცი ფრედ ბერგად გაგვეცნო. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც მას ჩვენი ჟურნალები ჰქონდა გამოწერილი. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეებს ამჯერად პირველად შეხვდა. ფრედმა ღამე თავის ქოხში გაგვათევინა. ღამის განმავლობაში მრავალ ბიბლიურ სწავლებაზე ვესაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, რომ მასთან მივიდოდნენ ის მოწმეები, რომლებსაც ამ გზაზე რეგულარულად უწევდათ სიარული.

რამდენიმე წლის განმავლობაში სამ პატარა რაიონს ვემსახურებოდი. ისინი აღმოსავლეთით გრანდ პრერიადან (ალბერტა) დასავლეთით კოდიაკამდე (ალასკა), დაახლოებით 3 500 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.

იმ მოშორებულ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან, შესანიშნავად ჩანდა, რომ იეჰოვა გულმოწყალეა ყველას მიმართ და ღვთის სული მოქმედებს მარადიული სიცოცხლისთვის სწორად განწყობილი ადამიანების გონებასა და გულებზე. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ჰენრი ლეპინი დოსონ–სიტიდან (იუკონი, დღეს ამ ქალაქს დოსონი ეწოდება). ჰენრი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა. ის 60 წელზე მეტი იყო, რაც ოქროს მოპოვების ადგილას ცხოვრობდა და იქიდან არსად გასულა. მაგრამ იეჰოვას სულმა ეს 84 წლის კაცი აღძრა, 1600 კილომეტრი გაევლო (მხოლოდ ერთი მიმართულებით), რათა ანკორიჯიში სარაიონო კონგრესს დასწრებოდა, თუმცა მანამდე კრების შეხვედრებზე ერთხელაც არ ყოფილა. ის აღფრთოვანებული იყო პროგრამით და ძალიან ნასიამოვნები დარჩა ქრისტიანებთან ურთიერთობით. დოსონ–სიტიში დაბრუნების შემდეგ, ჰენრი სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა. ჰენრის ბევრ ნაცნობს აინტერესებდა, რამ აღძრა ეს ხანდაზმული კაცი ასე შორ გზას დასდგომოდა. ამის შედეგად რამდენიმე ხანდაზმულმა ადამიანმა ჭეშმარიტება მიიღო. ამგვარად, ჰენრიმ თავისი მოქმედებით შესანიშნავად დაუმოწმა სხვებს.

იეჰოვას წყალობა

1955 წელს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 26–ე კლასში მიმიწვიეს, რამაც ძალიან გამახარა. იქ მიღებულმა მომზადებამ რწმენა განმიმტკიცა და იეჰოვასთან უფრო დამაახლოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ კანადაში დამნიშნეს, რათა სარაიონო მსახურება გამეგრძელებინა.

დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ონტარიოს პროვინციაში ვმსახურობდი. შემდეგ ისევ საუცხოო ჩრდილოეთში დამნიშნეს. დღესაც თვალწინ მიდგას გზატკეცილი, რომლის გასწვრივაც გამვლელი ნახავდა სუფთა, მოლივლივე ტბებსა და ფრიალო კლდეებს, რომელთა მწვერვალები თოვლით იყო დაფარული. ზაფხულში მინდორ–ველი ათასფერი მინდვრის ყვავილების ხალიჩით ირთვებოდა. ჰაერი იყო სუფთა და წყალი — კამკამა. დათვები, მგლები, ლოსები, ჩრდილოეთის ირმები და სხვა გარეული ცხოველები მშვიდად მიმოდიოდნენ მათთვის ბუნებრივ გარემოში.

ალასკაში მსახურება გარკვეულ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული. პრობლემას ქმნიდა არა მარტო ცვალებადი ამინდი, არამედ უზარმაზარი მანძილები. ჩემი რაიონი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე 3 200 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. მაშინ ჩვენს ქვეყანაში სარაიონო ზედამხედველებს ავტომობილით არ უზრუნველყოფდნენ. ერთი კრებიდან მეორეში ადგილობრივ ძმებს დავყავდით. ზოგჯერ კი შემხვედრ სატვირთო მანქანებსა და ტურისტებს მივყვებოდი.

მინდა მოგიყვეთ ერთი ეპიზოდი, რომელიც ალასკის გზატკეცილზე, სოფელ ტოკ–ჯანკშენსა და 1202–ე მილს (სკოტი–კრიკი) შორის გადამხდა თავს. ამ ორი პუნქტის საბაჟოები ერთმანეთისგან 160 კილომეტრით იყო დაშორებული. ტოკ–ჯანკშენში შეერთებული შტატების საბაჟო გადავკვეთე და დაახლოებით 50 კილომეტრი ტრანსპორტით ვიმგზავრე. შემდეგ კი არც ერთ მანქანას არ ჩაუვლია და დაახლოებით ათი საათის განმავლობაში ფეხით 40 კილომეტრი ვიარე. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემ მიერ საზღვრის გადაკვეთიდან ცოტა ხნის შემდეგ, საბაჟოდან მოშორებით, ზვავი ჩამოწოლილიყო და ყოველგვარი მოძრაობა შეჩერებულიყო. შუაღამისთვის ტემპერატურა –23° C–მდე დაეცა. უახლოეს თავშესაფრამდე კიდევ დაახლოებით 80 კილომეტრი უნდა გამევლო. ჰაერივით მჭირდებოდა თავშესაფრის პოვნა, სადაც ცოტა სულს მოვითქვამდი.

ფეხებს ძლივძლივობითღა მივათრევდი. უცებ გზაზე მიგდებული მანქანა დავინახე, რომელიც ნახევრად თოვლში იყო ჩაფლული. კარგი იქნებოდა შიგნით შემეღწია და მის რბილ სავარძელზე ცოტაოდენი ჩამეთვლიმა — გავიფიქრე ჩემთვის. ამგვარად ცივი ღამის სუსხს გადავურჩებოდი. როგორც იქნა, თოვლი გადავხვეტე, ისე რომ კარის გამოღება შემძლებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ თურმე მხოლოდ მანქანის მეტალის კარკასს წავწყდომივარ. საბედნიეროდ, ცოტა მოშორებით უპატრონო ქოხს წავაწყდი. რის ვაივაგლახით შიგნით შევაღწიე და ცეცხლი დავანთე, რამაც რამდენიმე საათით წაძინების საშუალება მომცა. დილით გზა უკვე მანქანით განვაგრძე და ვიპოვე თავშესაფარი, სადაც საშინელი შიმშილის გრძნობის გარკვეულწილად დაოკებისა და დაკაწრული თითების მოვლის შესაძლებლობა მომეცა.

იეჰოვას კურთხევით ჩრდილოეთში საქმე წინ მიიწევს

ფერბენქსში ჩემი პირველი სტუმრობა ძალიან გამამხნევებელი იყო. მსახურება ბრწყინვალედ წარიმართა და კვირას საჯარო მოხსენებას დაახლოებით 50 კაცი დაესწრო. შეხვედრა ჩავატარეთ პატარა მისიონერულ სახლში, სადაც ვერნერ და ლორენ დევისები ცხოვრობდნენ. მოხსენებისთვის რომ მოესმინათ, ხალხს თავები გამოყოფილი ჰქონდათ სამზარეულოდან, საძინებელი ოთახიდან და შემოსასვლელიდან. ხალხის ამგვარმა დადებითმა რეაქციამ გვაფიქრებინა, რომ ფერბენქსში სამეფო დარბაზის აშენება იქ სამქადაგებლო საქმიანობის სტაბილურად გაგრძელებას შეუწყობდა ხელს. ამგვარად, იეჰოვას დახმარებით, ვიყიდეთ საკმაოდ დიდი შენობა, რომელიც ადრე საცეკვაო დარბაზი იყო და სხვა ადგილას ჩავდგით. გავაკეთეთ ჭაბურღილი; დავაყენეთ ტუალეტები და შენობაში გავიყვანეთ გათბობა. ერთ წელიწადში ფერბენქსში უკვე სამეფო დარბაზი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით დარბაზს სამზარეულოც შეემატა და 1958 წელს იქ ჩავატარეთ საოლქო კონგრესი, რომელსაც 330 კაცი დაესწრო.

1960 წლის ზაფხულში მანქანით საკმაოდ გრძელ გზას დავადექი — გავემგზავრე იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ნიუ–იორკი), რათა შეერთებული შტატებისა და კანადის ყველა მიმომსვლელი ზედამხედველისთვის დაგეგმილ კურსებს დავსწრებოდი. იქ ყოფნის განმავლობაში ძმა ნეითან ნორი და სხვა პასუხისმგებელი ძმები მელაპარაკნენ ალასკაზე ფილიალის დაფუძნების შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ ძალიან გაგვახარა იმის გაგებამ, რომ 1961 წლის 1 სექტემბრიდან ალასკას საკუთარი ფილიალი ექნებოდა. ოფისის საქმიანობის ზედამხედველად ძმა ენდრუ ვაგნერი დაინიშნა. ეს ძმა და მისი მეუღლე, ვერა, მანამდე ბრუკლინში მსახურობდნენ 20 წელი. გარდა ამისა, მიმოსვლით მსახურებაშიც ჰქონდათ გამოცდილება. ძალიან მადლიერები ვიყავით ალასკის ფილიალის დაფუძნებისთვის, რადგან შედეგად მიმომსვლელ ზედამხედველებს ნაკლებად გვიწევდა მგზავრობა. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევდა, მეტად გვეზრუნა კრებისა და მოშორებით მდებარე ტერიტორიების მოთხოვნილებებზე.

1962 წლის ზაფხული ჩრდილოეთში განსაკუთრებით სასიხარულო იყო. მაშინ მოხდა ალასკის ფილიალის მიძღვნა, ჯუნოში (ალასკა) კი საოლქო კონგრესი ჩატარდა. ახალი სამეფო დარბაზები აშენდა ჯუნოსა და უაიტჰორში (იუკონი). აგრეთვე ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფები რამდენიმე მოშორებულ ტერიტორიაზე.

კანადაში დაბრუნება

წლების განმავლობაში მიმოწერა მქონდა ერთ კანადელ დასთან, მარგარეტ პეტრასთან. რიტამ (ასე ეძახოდნენ მას) პიონერობა 1947 წელს დაიწყო; 1955 წელს სკოლა „გალაადი“ დაამთავრა და პიონერად მსახურება აღმოსავლეთ კანადაში განაგრძო. მას ცოლობა ვთხოვე. იგი დამთანხმდა და 1963 წლის თებერვალში უაიტჰორსში დავქორწინდით. იმავე წლის შემოდგომაზე სარაიონო ზედამხედველად დასავლეთ კანადაში დამნიშნეს, სადაც დაახლოებით 25 წელი ვიმსახურეთ.

1988 წელს, ჯანმრთელობის შერყევის გამო, უინიპეგში (მანიტობა) დაგვნიშნეს სპეციალურ პიონერებად. ჩვენს მოვალეობაში საკონგრესო დარბაზის მოვლაც შედიოდა. ამ მსახურებას დაახლოებით ხუთი წელი ვეწეოდით. დღესაც, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვმონაწილეობთ მოწაფეების მომზადების საქმეში. სარაიონო მსახურების დროს ჩვენ ბიბლიის მრავალი შესწავლა დავიწყეთ, მაგრამ მათ შემდეგ სხვები ატარებდნენ. ახლა კი, იეჰოვას წყალობით, ჩვენ ვიწყებთ შესწავლებს და იმ ბედნიერებასაც ვიღებთ, რაც მოწაფეების სულიერი წინსვლის, იეჰოვასადმი თავის მიძღვნისა და მონათვლის დანახვას მოაქვს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ადამიანს ცხოვრების საუკეთესოდ გატარება სურს, იეჰოვას უნდა ემსახუროს. ასეთი ცხოვრება აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელია და იეჰოვასადმი სიყვარულსაც დღითი დღე გვიღრმავებს. ამას მოაქვს ჭეშმარიტი ბედნიერება. ნებისმიერი თეოკრატიული დავალების შესრულებისა და ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილას მსახურებისას, ჩვენც გავიმეორებდით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!“ (ფსალმუნები 143:15).

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

სარაიონო მსახურებაში

[სურათი 25 გვერდზე]

ჰენრი ლეპინთან სტუმრობა (დოსონ–სიტი). მე მარცხნივ ვდგავარ.

[სურათი 26 გვერდზე]

პირველი სამეფო დარბაზი ანკორიჯიში.

[სურათი 26 გვერდზე]

მე და რიტა, 1998 წელი.