არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავეუფლოთ ტაქტიანობის ხელოვნებას

დავეუფლოთ ტაქტიანობის ხელოვნებას

დავეუფლოთ ტაქტიანობის ხელოვნებას

პეგიმ შენიშნა, რომ მისი უფროსი ვაჟი უმცროსს უხეშად ელაპარაკებოდა. „კარგია, ძმას ასე რომ ელაპარაკები? — ჰკითხა მან შვილს. — შეხედე, როგორი გულნატკენია“. რატომ უთხრა ეს სიტყვები პეგიმ თავის ბიჭს? ის ტაქტიანობას ასწავლიდა მას და უჩვენებდა, რომ საჭიროა სხვების გრძნობებისთვის ანგარიშის გაწევა.

მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა თანამსახურ ტიმოთეს მოუწოდა, ყოფილიყო ‘თავაზიანი [ანუ ტაქტიანი] ყველასთან’. ამგვარი მოქმედებით ტიმოთე სხვების გრძნობებს გაუფრთხილდებოდა (2 ტიმოთე 2:24, აქ). რა არის ტაქტი? როგორ შეგვიძლია გავხდეთ უფრო ტაქტიანები? როგორ დავეხმაროთ სხვებს ტაქტიანობის ხელოვნების დაუფლებაში?

რა არის ტაქტი?

ლექსიკონები ტაქტს ასე განმარტავს: „ზომიერების გრძნობა, რომელიც ადამიანს უკარნახებს ყველაზე უფრო სწორ მიდგომას, ყველაზე უფრო თავაზიან მოქცევას“. სიტყვა ტაქტი ლათინური წარმოშობისაა და „შეხებას“ ნიშნავს. როგორც თითებით შეიგრძნობა წებოვანია, რბილია, ცხელია, პრიალაა თუ ბალნიანია ზედაპირი, ისე ტაქტიანი ადამიანი გრძნობს სხვების განწყობას და ხვდება, როგორ იმოქმედებს მისი სიტყვები ან ამა თუ იმ სახით მოქმედება მათზე. მაგრამ ასე მოქმედებას ვერ ვისწავლით, თუ მთელი გულით არ გვენდომება, რომ სხვებს გული არ ვატკინოთ.

ბიბლია მოგვითხრობს ელისეს მსახურის, გეხაზის, უტაქტო მოქმედების შესახებ. ერთხელ ნუგეშის საპოვნელად ელისესთან მივიდა ერთი შუნამელი ქალი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი ხელში ჩააკვდა. გეხაზიმ ქალი მოიკითხა, მან კი უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ეს ქალი წინასწარმეტყველთან მივიდა და ფეხებში ჩაეჭიდა. ამის დანახვაზე „მივარდა გეხაზი, რომ მოეშორებინა“. სრულიად სხვაგვარი რეაქცია ჰქონდა ელისეს — მან თავის მსახურს უთხრა: „თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული“ (4 მეფეთა 4:17—20, 25—27).

რატომ მოიქცა გეხაზი ასე დაუფიქრებლად და უტაქტოდ? მართალია, მის კითხვაზე პასუხად ქალს თავისი გრძნობები არ გაუმხელია, მაგრამ ეს გასაგებიცაა. დღესაც ხომ ადამიანთა უმეტესობა თავის სატკივარს განურჩევლად ყველას არ უზიარებს. სულგამწარებულ ქალს რამეზე მაინც შეეტყობოდა, თუ რას გრძნობდა. ელისემ შენიშნა ეს, გეხაზიმ კი — ვერა, ან არჩია, რომ არ შეემჩნია. ამ შემთხვევიდან კარგად ჩანს, ჩვეულებრივ, რატომ იქცევიან ადამიანები უტაქტოდ. როდესაც ადამიანი აზვიადებს თავისი საქმის მნიშვნელოვნებას, მან შეიძლება ვერ შენიშნოს, რას გრძნობენ სხვები, ან არც კი ადარდებდეს ეს. ასეთი პიროვნება ძალიან ჰგავს ბევრისთვის ცნობილ ავტობუსის მძღოლს, რომელსაც მხოლოდ განრიგის მიხედვით მოძრაობა აინტერესებს და ოდნავ დაგვიანებულ მგზავრს ავტობუსში ასვლას არ აცლის.

გეხაზივით უტაქტოები რომ არ ვიყოთ, საჭიროა, შევეცადოთ გულთბილად მოვეპყროთ სხვებს, რადგან არ ვიცით, სინამდვილეში რას გრძნობენ ისინი. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, შევამჩნიოთ ესა თუ ის ნიშნები, საიდანაც ჩანს ადამიანის განწყობა და თბილი სიტყვით ან კეთილი საქმით შევეწიოთ მას. როგორ შეგვიძლია ამ საკითხში გაუმჯობესება?

ჩასწვდით, რას გრძნობენ სხვები

იესო ბრწყინვალედ ხვდებოდა, რას გრძნობდნენ ადამიანები და იცოდა, როგორი სახით მოქმედება იქნებოდა საუკეთესო. ერთხელ იესო ერთი ფარისევლის, სიმონის, სახლში სადილობდა. მასთან მივიდა ქალი, „რომელსაც ქალაქში იცნობდნენ როგორც ცოდვილს“ (აქ). ამ შემთხვევაშიც, ქალს კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ მისი მოქმედებიდან ბევრის დანახვა შეიძლებოდა. მან „მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით. და დადგა უკან, მის [იესოს] ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა“. იესო მიხვდა, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. სიმონსაც არაფერი უთქვამს, მაგრამ იესომ დაინახა, რას ფიქრობდა გულში: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“ (ლუკა 7:37—39).

წარმოგიდგენიათ, რა საზიანო იქნებოდა, თუ იესო ქალს ხელს ჰკრავდა ან სიმონს ეტყოდა: „რა გაუგებარი ადამიანი ხარ! ვერ ხედავ, რომ ქალი ინანიებს?“. არა, იესო ამგვარად არ მოქცეულა. მან ტაქტიანობა გამოავლინა და სიმონს იგავი მოუყვა. ამ იგავში ერთი კაცი თავის მოვალეს საკმაოდ დიდ თანხას პატიობს, მეორეს კი — ბევრად მცირეს. „რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“ — ჰკითხა იესომ სიმონს. ამგვარად, მან კი არ გაკიცხა სიმონი, არამედ კითხვა დაუსვა, რამაც შესაძლებლობა მისცა, გაცემული სწორი პასუხისთვის შეექო იგი. შემდეგ კი გულთბილად დაეხმარა ქალის ნამდვილი გრძნობებისა და მონანიების მაჩვენებელი მრავალი ნიშნის დანახვაში. იესომ უყურადღებოდ არც ქალი დატოვა და დიდი სითბოთი აჩვენა, რომ ესმოდა მისი; უთხრა, რომ მიეტევა ცოდვები და დასძინა: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით“. ასე ტაქტიანად ნათქვამი სიტყვები მართლაც რომ ძალიან განუმტკიცებდა ამ ქალს სწორად მოქმედების სურვილს! (ლუკა 7:40—50). იესოს არ უჭირდა, ტაქტიანი ყოფილიყო, რადგან აკვირდებოდა, რას გრძნობდნენ სხვები და მათ მიმართ თანაგრძნობას ავლენდა.

იესოს მიერ სიმონისთვის გაწეული დახმარების მაგალითზე, ჩვენც შეგვიძლია ჯერ თავად ვისწავლოთ, შემდეგ კი სხვებსაც დავეხმაროთ სხვისი ემოციების უსიტყვოდ გაგებაში. გამოცდილ ქრისტიან მსახურებს შეუძლიათ ახალბედებს ასწავლონ, მსახურებისას როგორ გამოავლინონ ტაქტიანობა. სასიხარულო ცნობის ქადაგების შემდეგ, მათ შეეძლოთ ემსჯელათ იმ ნიშნებზე, რომელთა დახმარებითაც შეიძლებოდა მობინადრეთა განწყობის დანახვა. მორიდებული ხომ არ იყო ეს ადამიანი? იქნებ სკეპტიკურად იყო განწყობილი? ან რაღაცით გაღიზიანებული, ან დაკავებული? როგორ შეიძლებოდა მისთვის დახმარების გაწევა რაც შეიძლება თავაზიანად? უხუცესებსაც შეუძლიათ იმ ძმებისა და დების დახმარება, რომლებმაც შეიძლება უტაქტობა გამოავლინეს და ერთმანეთს აწყენინეს. უხუცესებო, დაეხმარეთ თითოეულს იმის დანახვაში, თუ რას გრძნობს მეორე ადამიანი. შეურაცხყოფილად ხომ არ გრძნობს თავს? იქნებ ფიქრობს, რომ ანგარიშს არ უწევენ? ან ჰგონია, რომ არასწორად გაუგეს? როგორ დაეხმარება მას ჩვენი მხრიდან გამოვლენილი სიკეთე გულისტკივილის განელებაში?

მშობლები შვილებს უნდა დაეხმარონ თანაგრძნობის განვითარებაში, რადგან სწორედ ეს თვისება უბიძგებს მათ ტაქტიანობისკენ. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა პეგის ვაჟმა დაინახა უმცროსი ძმის აწითლებული სახე, გამობურცული ტუჩები და ცრემლიანი თვალები, რამაც მიახვედრა, თუ რამხელა ტკივილს განიცდიდა ძმა. დედას იმედი გაუმართლდა — უფროსმა შვილმა ინანა თავისი საქციელი და გადაწყვიტა, გამოსწორებულიყო. პეგის ორივე ვაჟმა ბრწყინვალედ გამოიყენა ბავშვობაში მიღებული გაკვეთილები და წლების შემდეგ წარმატებული მქადაგებლები და ქრისტიანული კრების მწყემსები გახდნენ.

აგრძნობინეთ სხვებს, რომ გესმით მათი

ტაქტიანობის გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ვინმეზე განაწყენებულნი ვართ. ამ დროს შეიძლება ადვილად შევლახოთ სხვისი პირადი ღირსება. კარგი იქნებოდა, პირველ რიგში, კონკრეტულად რაიმესთვის შეგვექო ადამიანი. მისი გაკრიტიკების ნაცვლად, მთელი ყურადღება პრობლემის გადაჭრაზე უნდა გვქონდეს გადატანილი. მართებული იქნებოდა აგვეხსნა, როგორ მოქმედებს მისი საქციელი ჩვენზე და მისი მხრიდან კონკრეტულად რა ცვლილებების დანახვას ვისურვებდით. შემდეგ კი მზად უნდა ვიყოთ მის მოსასმენად. შეიძლება გამოირკვეს, რომ უბრალოდ არასწორად გავიგეთ მისი სიტყვები თუ საქციელი.

ადამიანებს უყვართ, როდესაც ესმით მათი, მაშინაც კი, თუ მათ თვალსაზრისს არ იზიარებენ. იესო მართას ტაქტიანად ელაპარაკა. საუბრისას მან მართას დაანახვა, რომ ესმოდა მისი. „მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ“, — მიმართა იესომ (ლუკა 10:41). როდესაც ვინმე ამა თუ იმ პრობლემაზე გველაპარაკება, კარგი იქნებოდა მსგავსად მოვქცეულიყავით — პრობლემიდან გამოსავლის შეთავაზებამდე, ბოლომდე მოგვესმინა, რაშია საქმე, ტაქტიანობა გამოგვევლინა და პრობლემის არსი ან გულისტკივილის მიზეზი საკუთარი სიტყვებით გაგვემეორებინა. ასეთი სახით ადამიანს დიდი სითბოთი დავანახვებდით, რომ გვესმის მისი.

იცოდეთ, რა არ უნდა თქვათ

დედოფალმა ესთერმა ტაქტიანობა გამოავლინა და სანამ ქმარს ებრაელების განადგურების თაობაზე ჰამანის გეგმის ჩაშლას სთხოვდა, ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ მეუღლე კარგ ხასიათზე ყოფილიყო. მხოლოდ ამის შემდეგ წამოიწყო ამ დელიკატურ თემაზე საუბარი. აგრეთვე მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არ თქვა მან. დედოფალმა ტაქტიანად აარიდა თავი იმის მოხსენიებას, რომ ამ ბოროტი განზრახვით შედგენილ გეგმაში მის ქმარსაც მიუძღოდა წვლილი (ესთერი 5:1—8; 7:1, 2; 8:5).

მსგავსად ამისა, როდესაც ქრისტიანი დის ურწმუნო ქმარს ინახულებთ, მისთვის მაშინვე ბიბლიური მუხლების წაკითხვის ნაცვლად, კარგი იქნებოდა თავიდან ტაქტიანად გაგეგოთ, რა აინტერესებს მას და რა — არა. როდესაც სამეფო დარბაზში შემოვა შემთხვევისთვის შეუფერებელ ტანსაცმელში გამოწყობილი უცნობი ან გამოჩნდება ვინმე, ვინც დიდი ხანია კრებებზე არ დადიოდა, გულთბილად მიესალმეთ, ნაცვლად იმისა, რომ მისი ჩაცმულობის ან არყოფნის თაობაზე თქვათ რამე. როდესაც შენიშნავთ, რომ ახალ დაინტერესებულს ამა თუ იმ საკითხზე არასწორი შეხედულება აქვს, შეიძლება უკეთესი იყოს, მაშინვე არ შევუსწოროთ თვალსაზრისი (იოანე 16:12). მაშასადამე, ტაქტიანობაში ისიც შედის, რომ ადამიანს ესმოდეს, რა არ უნდა თქვას.

ტკბილი სიტყვა მალამოა

ტაქტიანად ლაპარაკის ხელოვნება სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება მაშინაც კი, თუ ვინმემ არასწორი მოტივები მოგვაწერა ან ძალიან არის ჩვენზე განაწყენებული. მაგალითად, როდესაც ეფრემელებმა გედეონს „მაგარი ჩხუბი აუტეხეს“, მან ტაქტიანად მიმართა და აღნიშნა, რა მოხდა სინამდვილეში; აგრეთვე გულწრფელად შეაფასა ეფრემელთა წარმატებები. ამგვარად, გედეონი ტაქტიანად მოიქცა, რადგან ესმოდა, რატომ იყვნენ ეფრემელები განაწყენებულნი. მათზე ასევე დადებითად იმოქმედა გედეონის მიერ მოკრძალებულობის გამოვლენამ (მსაჯულთა 8:1—3; იგავები 16:24).

მოდი ყოველთვის ვეცადოთ იმის გათვალისწინებას, თუ როგორ იმოქმედებს ჩვენი სიტყვები სხვებზე. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიყოთ ტაქტიანები. ეს კი იმ სიხარულს განგვაცდევინებს, რომელზეც იგავების 15:23–შია ლაპარაკი: „კაცის სიხარული მისი ბაგის პასუხშია და კარგია სიტყვა თავის დროზე“.

[სურათი 31 გვერდზე]

გამოცდილ ქრისტიან მსახურს შეუძლია ახალბედას ტაქტიანობის გამოვლენა ასწავლოს.

[სურათი 31 გვერდზე]

მშობლებს შეუძლიათ შვილებს სხვებისადმი თანაგრძნობა ასწავლონ.