მისი მოთმინება და სიმტკიცე დაჯილდოვდა
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
მისი მოთმინება და სიმტკიცე დაჯილდოვდა
იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში ‘მრავალს გაუნელდებოდა სიყვარული’. ამის შედეგი ის არის, რომ მსოფლიოში ბევრ ადგილას გულგრილად ეკიდებიან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ზოგიერთი საკმაოდ უარყოფითადაც კი არის განწყობილი რელიგიის მიმართ (მათე 24:12, 14).
მიუხედავად ამისა, სამეფოს მაუწყებლები რწმენითა და მოთმინებით უმკლავდებიან სირთულეებს, როგორც ამას ჩეხეთის რესპუბლიკაში მომხდარი ერთი შემთხვევა ცხადყოფს:
ორი მოწმე კარს მიღმა ესაუბრა ერთ მანდილოსანს. გარკვეული ხნის შემდეგ ქალმა ოდნავ გააღო კარი და მოწმეების მიერ შეთავაზებულ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს სტაცა ხელი. „გმადლობთ“ — თქვა და კარი მიიჯახუნა. მოწმეები საგონებელში ჩაცვივდნენ, ღირდა თუ არა მასთან ხელმეორედ მისვლა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სრული დროით მსახურობდა, გადაწყვიტა, კვლავ მიეკითხა ქალისთვის, მაგრამ ყველაფერი უწინდელივით მოხდა და ასე გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში.
პიონერმა დამ გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა და დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა ლოცვით. მომდევნო მონახულებისას ქალს ჟურნალები შესთავაზა და თავაზიანად ჰკითხა: „როგორ ბრძანდებით?“ „მოგწონთ ჩვენი ჟურნალები?“ თავდაპირველად მანდილოსანმა არ უპასუხა, მაგრამ რამდენიმე მონახულების შემდეგ შედარებით კეთილგანწყობილი გახდა. ერთხელ მან ფართოდ გააღო კარი, თუმცა საუბარი მცირე ხანს გაგრძელდა.
პიონერმა დამ როცა შეატყო, რომ ქალს არ სურდა კართან საუბარი, გადაწყვიტა, წერილი მიეწერა მისთვის. მან აუხსნა, რა მიზნით ინახულებდა მას და ბიბლიის საშინაო შესწავლა შესთავაზა. საბოლოოდ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოვლენილი მოთმინების შედეგად დამ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ჩვენი დისთვის მოულოდნელი და, ამავე დროს, გამამხნევებელი იყო, როდესაც მოგვიანებით ქალმა უთხრა: „თქვენ მიერ პირველად მოტანილი ჟურნალების წაკითხვისთანავე ვიწამე ღმერთი“.
სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობისას და მოწაფეების მომზადებისას გამოვლენილი მოთმინება და სიმტკიცე მართლაც ჯილდოვდება (მათე 28:19, 20).