არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ძველ დროში იეჰოვა თავის მსახურებს, ისრაელებს, მრავალცოლიანობაზე ნებას რთავდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელობაზე. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღვთის ნორმები ცვალებადია?

იეჰოვას მრავალცოლიანობაზე თვალსაზრისი არ შეუცვლია (ფსალმუნები 18:8; მალაქია 3:6). თავიდან ღვთის ნორმებში არ შედიოდა პოლიგამია და ასეა ეს დღესაც. მას შემდეგ, რაც ადამს ცოლი, ევა, შეუქმნა, იეჰოვამ განაცხადა, რომ ერთზე მეტი მეუღლის ყოლა მიუღებელი იყო. „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24).

დედამიწაზე ყოფნის დროს, განქორწინებისა და ქორწინების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, იესომ გაიმეორა, რა ნორმა იყო დადგენილი ამასთან დაკავშირებით. მან თქვა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’ ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი“. შემდეგ კი დასძინა: „ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:4—6, 9). აქედან აშკარად ჩანს, რომ ერთზე მეტი ცოლის ყოლაც მრუშობაა.

მაშ, რატომ იყო ძველ დროში დაშვებული მრავალცოლიანობა? არ დაგვავიწყდეს, რომ პოლიგამია იეჰოვას არ დაუწესებია. ბიბლიაში პირველად მოხსენიებული მრავალცოლიანი პიროვნება არის ლამექი, კაენის შთამომავალი (დაბადება 4:19—24). ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის დროს არც ნოეს და არც მის სამ ვაჟს არ ჰყოლია ერთზე მეტი ცოლი. ყველა მრავალცოლიანი წარღვნის დროს დაიღუპა.

საუკუნეების შემდეგ, როდესაც იეჰოვამ ისრაელი თავის ერად აირჩია, მრავალცოლიანობა მათ შორის უკვე არსებობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ერთცოლიანობა უფრო იყო გავრცელებული. მათგან, ვისაც ერთზე მეტი ცოლი ჰყავდა, ღმერთს არ მოუთხოვია, ოჯახი დაენგრიათ. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ თავის ერს ისეთი კანონები მისცა, რომ მკაცრად ყოფილიყო განსაზღვრული, როგორ მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ შემთხვევაში (გამოსვლა 21:10, 11; მეორე რჯული 21:15—17).

მრავალცოლიანობას იეჰოვა დროებით რომ უშვებდა, ეს კარგად ჩანს არა მარტო ქორწინებასთან დაკავშირებით იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესახებ იესოს სიტყვებიდან, არამედ ღვთის სულიწმიდის შთაგონებით პავლეს მიერ დაწერილი წერილიდანაც. მოციქული წერდა: „ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს — თავისი ქმარი“ (1 კორინთელთა 7:2). პავლემ ღვთის შთაგონებით აგრეთვე დაწერა, რომ კრებაში ზედამხედველად ან თანაშემწედ მომსახურე ქრისტიანი „ერთი ცოლის ქმარი“ უნდა ყოფილიყო (1 ტიმოთე 3:2, 12; ტიტე 1:6).

ამგვარად, ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ, რაც დაახლოებით 2000 წლის წინათ მოხდა, იეჰოვა აღარ იწყნარებდა მრავალცოლიანობას. იმ დროს ქორწინებასთან დაკავშირებით აღდგა ღვთის მიერ თავდაპირველად დადგენილი ნორმა: ერთი ქმარი, ერთი ცოლი. დღეს ღვთის ხალხი მთელ მსოფლიოში ამ ნორმას იცავს (მარკოზი 10:11, 12; 1 კორინთელთა 6:9, 10).