„უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით“
„უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით“
„უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). ასეთი მითითება მისცა იესომ თავის მოციქულებს, როცა ისინი სასიხარულო ცნობის საქადაგებლად გაგზავნა. მოიქცნენ მოციქულები ამ მითითების თანახმად? დიახ, და ამის გაკეთებას იესოს სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდნენ.
მაგალითად, ყოფილმა ჯადოქარმა სიმონმა როცა დაინახა, რა სასწაულებრივ ძალას ფლობდნენ პეტრე და იოანე მოციქულები, ფული შესთავაზა, რომ ისიც აღეჭურვათ ძალით. პეტრემ ამის გამო უსაყვედურა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე“ (საქმეები 8:18—20).
პავლე მოციქულმაც პეტრეს მსგავსი სულისკვეთება გამოავლინა. მას შეეძლო კორინთში მცხოვრებ ქრისტიან ძმებს ტვირთად დასწოლოდა და მათი ხარჯით ეცხოვრა, მაგრამ ის საკუთარი ხელით შრომობდა თავის სარჩენად (საქმეები 18:1—3). ამიტომ, მას სავსებით თამამად შეეძლო იმის თქმა, რომ კორინთელებს „უსასყიდლოდ“ უქადაგა სასიხარულო ცნობა (1 კორინთელთა 4:12; 9:18).
სამწუხაროდ, მრავალი, ვისაც ქრისტეს მიმდევრად მოაქვს თავი, არ ავლენს ‘უსასყიდლოდ გაცემის’ მზადყოფნას. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი რელიგიური წინამძღოლი ‘გასამრჯელოს ართმევს დამოძღვრაში’ (მიქა 3:11). ზოგიერთი გამდიდრდა კიდეც თავიანთი მრევლის შეწირული თანხით. 1989 წელს ერთ ამერიკელ ევანგელისტს 45 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. რატომ? მან „თავისი მიმდევრებისგან მოტყუებით აკრიფა მილიონი დოლარი და ამ თანხის გარკვეული ნაწილი მოახმარა შვებულებებს, სახლების, მანქანებისა და ძაღლისთვის კონდიციონერიანი სადგომის ყიდვას“, — ნათქვამია ერთ–ერთ გაზეთში (People’s Daily Graphic, 1989 წლის 7 ოქტომბერი).
სხვა გაზეთში (Ghanaian Times, 1990 წლის 31 მარტი) აღნიშნულია, რომ განაში რომის კათოლიკური ეკლესიის ერთმა მღვდელმა საეკლესიო მსახურებისას შეგროვილი ფული გამოიტანა და მრევლს მიუყარა. „ეს იმით ახსნა, რომ თავისი მრევლისგან, როგორც უკვე სრულწლოვანი ადამიანებისგან, უფრო სოლიდურ თანხას მოელოდა“, — დასძენს გაზეთი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეკლესიის ბევრი მოძღვარი თავისი მრევლის წევრებს იმისკენაც კი აღრძავს, რომ ფულის შოვნის მიზნით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აზარტულ თამაშებში, ან სხვა მსგავსი უპატიოსნო საშუალებებით შემოსავალი გაიზარდონ.
მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ იესოსა და მის პირველ მოწაფეებს მიჰბაძონ. მათ არ ჰყავთ სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს მსახურებისთვის. თითოეული მოწმე ღვთის მსახურია და მათი მოვალეობა „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგებაა (მათე 24:14, აქ). ამიტომ, მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტ მოწმეს უსასყიდლოდ მიაქვს „სიცოცხლის წყალი“ ადამიანებთან (გამოცხადება 22:17). ამის შედეგად, „ფულის უქონლებსაც“ კი აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ბიბლიურ ცნობას და სარგებლობა მიიღონ მისგან (ესაია 55:1). იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ისინი არასოდეს ითხოვენ ფულს. როგორც ღვთის ნამდვილი მსახურები, ისინი ‘არ ვაჭრობენ ღვთის სიტყვით’ (აფ), არამედ ქადაგებენ „წრფელად, როგორც ღვთისაგან“ (2 კორინთელთა 2:17).
საინტერესოა, რატომ ეხმარებიან იეჰოვას მოწმეები მზადყოფნით სხვებს და თანაც საკუთარი ხარჯებით? რა უბიძგებთ ამისკენ? ნიშნავს უსასყიდლოდ გაცემა იმას, რომ ისინი საერთოდ არაფერს უნდა მოელოდნენ თავიანთი მცდელობისა და ძალისხმევისთვის?
პასუხი სატანის გამოწვევაზე
ჭეშმარიტ ქრისტიანებს იეჰოვას ნების შესრულების სურვილი ამოძრავებთ და არა — გამდიდრების სურვილი. ამგვარად, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, სატანა ეშმაკის მიერ საუკუნეების წინათ წამოჭრილ კითხვას უპასუხონ. სატანამ სადავო საკითხი წამოჭრა მართალი მამაკაცის — იობის შესახებ. მან იეჰოვას ჰკითხა: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?“. როგორც სატანამ განაცხადა, იობი ღმერთს მხოლოდ იმიტომ ემსახურებოდა, რომ იეჰოვა ყოველმხრივ იცავდა მას. სატანის მტკიცების თანახმად, იობი ღმერთს დაგმობდა, თუ დაკარგავდა ქონებას (იობი 1:7—11).
ღმერთმა სატანას იობის გამოცდის ნება დართო, რათა მის გამოწვევას პასუხი გასცემოდა. იეჰოვამ უთხრა მას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი“ (იობი 1:12). რა მოჰყვა ამას შედეგად? იობმა სატანის სიცრუე გამოააშკარავა. თავს დატეხილი უამრავი გასაჭირის მიუხედავად, იობი ბოლომდე ერთგული დარჩა. მან თქვა: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5, 6).
დღეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებსაც იობის მსგავსი აზროვნება აქვთ. ისინი ღმერთს გამორჩენის მიზნით არ ემსახურებიან.
ღვთის წყალობა — უანგარო ძღვენი
სხვა მიზეზი, რის გამოც ჭეშმარიტი ქრისტიანები ‘უსასყიდლოდ გასცემენ’, ის არის, რომ ღვთისგან თავადაც ‘უსასყიდლოდ მიიღეს’. კაცობრიობა ჩვენი წინაპრის ადამის შეცოდების გამო ცოდვისა და სიკვდილის მონობაშია (რომაელთა 5:12). იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა, რომ თავისი ძე მსხვერპლად შეწირულიყო — ამის გაკეთება მისთვის ნამდვილად არ იყო ადვილი. კაცობრიობას, რასაკვირველია, ასეთი რამ არ დაუმსახურებია. ეს ღვთის მიერ ბოძებული ძღვენი იყო (რომაელთა 4:4; 5:8; 6:23).
რომაელთა 3:23, 24–ის (აქ) თანახმად, პავლემ სულითცხებულ ქრისტიანებს უთხრა: „ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას, და მათთვის უანგარო ძღვენია, რომ მისმა წყალობამ გაათავისუფლა ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით“. „უანგარო ძღვენს“ ისინიც იღებენ, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს. ზუსტად ამ ძღვენის წყალობით გვხვდა წილად პატივი, როგორც იეჰოვას მეგობრები, მის მიერ მართლებად ვიყოთ აღიარებული (იაკობი 2:23; გამოცხადება 7:14).
ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი ყველა ქრისტიანს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ღვთის მსახურები იყვნენ. პავლე მოციქულმა დაწერა: „მე რომ ამის [წმინდა საიდუმლოს] მსახური გავხდი, ეს ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ბოძებული უანგარო ძღვენია“ (ეფესელთა 3:4—7, აქ). ვინაიდან ღვთის ჭეშმარიტი მსახურები ამ ძღვენის წყალობით განისწავლნენ მსახურებისთვის, რაც არ დაუმსახურებიათ და ვერც დაიმსახურებდნენ, ისინი არ უნდა მოელოდნენ გასამრჯელოს იმისათვის, რომ ამ ძღვენთან დაკავშირებულ ცნობას სხვებს უზიარებენ.
მარადიული სიცოცხლე — ეგოისტურ სურვილზე გათვლილი სატყუარა?
ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ქრისტიანებისგან მოითხოვს, ყოველგვარი ჯილდოს მოლოდინის გარეშე ემსახურონ მას? რასაკვირველია, არა. პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს უთხრა: «ღმერთი არაა უსამართლო [„უმართლო“, აქ], რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის» (ებრაელთა 6:10). იეჰოვა არც უსამართლო ღმერთია (მეორე რჯული 32:4). პირიქით, ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). მაგრამ სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესახებ დანაპირები ადამიანის ეგოისტურ სურვილებზეა გათვლილი? (ლუკა 23:43).
სრულებითაც არა. სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის სურვილი ღმერთმა თავიდანვე ჩადო ადამიანებში. სწორედ ეს იმედი მისცა მან ადამიანთა პირველ წყვილს (დაბადება 1:28; 2:15—17). როცა ადამმა და ევამ შეცოდების გამო თავიანთ შთამომავლობას ეს პერსპექტივა მოუსპეს, იეჰოვამ მის აღდგენაზეც იზრუნა. ღმერთი ბიბლიაში გვპირდება, რომ „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:21). ამიტომ, ქრისტიანებისთვის სავსებით მართებულია, მოსეს მსგავსად ‘ხედავდნენ ჯილდოს’ (ებრაელთა 11:26, აქ). ამ ჯილდოს შემოთავაზებით იეჰოვას არ სურს ადამიანების მოსყიდვა. ის თავის მსახურებს გულწრფელი სიყვარულით სთავაზობს ამ პერსპექტივას (2 თესალონიკელთა 2:16, 17). ჩვენ კი „გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19).
ღვთისთვის სწორი მოტივით მსახურება
ქრისტიანებმა გამუდმებით უნდა ამოწმონ საკუთარი თავი იმაში გასარკვევად, თუ რა მოტივით ემსახურებიან ღმერთს. იოანეს 6:10—13–ში ვკითხულობთ, რომ იესომ სასწაულებრივი სახით ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დააპურა. ამის შემდეგ ზოგიერთი მხოლოდ ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად გახდა იესოს მიმდევარი. იესომ უთხრა მათ: „იმიტომ . . . მეძებთ . . . რომ პური ჭამეთ და გაძეხით“ (იოანე 6:26). ამის მსგავსად, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ზოგიერთი მიძღვნილი ქრისტიანიც ემსახურებოდა ღმერთს, მაგრამ „არასწორი აზრები ამოძრავებდათ“ (ფილიპელთა 1:16, 17, აქ). ზოგიერთები, რომლებიც ‘არ მიჰყვებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს’, იმასაც კი ცდილობდნენ, რომ გამორჩენა ენახათ ქრისტიანებთან ურთერთობისას (1 ტიმოთე 6:3—5).
ქრისტიანს, რომელიც მხოლოდ სამოთხეში მარადიული სიცოცხლის გამო ემსახურება ღმერთს, შესაძლოა, ეგოისტური მიზანი ამოძრავებდეს. საბოლოოდ, ამან შეიძლება ის სულიერად დასცეს. ასეთი ადამიანის აზრით, სატანის სისტემა მოსალოდნელზე დიდხანს გრძელდება. ამიტომ, ის შესაძლებელია, ‘მოდუნდეს’ იმის ფიქრით, რომ აღსასრული აგვიანებს (გალატელთა 6:9). მას შეიძლება სინანულის გრძნობაც კი დაეუფლოს აქამდე გაღებული მატერიალური შესაწირავების გამო. იესო შეგვახსენებს: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). ის, ვინც სიყვარულით ემსახურება ღმერთს, ამას მხოლოდ განსაზღვრული დროით არ აკეთებს. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მარადიულად ემსახუროს იეჰოვას (მიქა 4:5). ის ღვთის მსახურებისთვის გაღებული არანაირი მსხვერპლის გამო არ განიცდის სინანულს (ებრაელთა 13:15, 16). მას ღვთისადმი სიყვარული აღძრავს, რომ ღვთის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს ცხოვრებაში (მათე 6:33).
დღეს ღვთის ექვს მილიონზე მეტი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ‘მოხალისედ’ ემსახურება იეჰოვას (ფსალმუნები 109:3). ხართ თქვენც მათ შორის? თუ არა, დაფიქრდით, რას გთავაზობთ ღმერთი: ჭეშმარიტების შესახებ შეუბღალავ შემეცნებას (იოანე17:3); ცრუ რელიგიის სწავლებების მონობისგან გათავისუფლებას (იოანე 8:32); მარადიული სიცოცხლის იმედს (გამოცხადება 21:3, 4). იეჰოვას მოწმეები დაგეხმარებიან იმის გაგებაში, თუ როგორ შეგიძლიათ ღვთისგან ამ ყველაფრის უსასყიდლოდ მიღება.
[ჩანართი 22 გვერდზე]
ჭეშმარიტ ქრისტიანებს იეჰოვას ნების შესრულების სურვილი ამოძრავებთ და არა — გამდიდრების სურვილი.
[სურათი 21 გვერდზე]
ღვთის მიერ გაღებული უანგარო ძღვენი — გამომსყიდველური მსხვერპლი — ქრისტიანებს აღძრავს, რომ უსასყიდლოდ გაუზიარონ სხვებს სასიხარულო ცნობა.