არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღარიბები ღატაკდებიან

ღარიბები ღატაკდებიან

ღარიბები ღატაკდებიან

„საზოგადოება, უეჭველია, ვერ აყვავდება და ბედნიერი ვერ იქნება, თუ მის წევრთა უმრავლესობა ღატაკი და უბედურია“.

ეკონომისტმა ადამ სმითმა ეს სიტყვები XVIII საუკუნეში წარმოთქვა. დღეს ბევრი სულ უფრო მეტად რწმუნდება მისი ნათქვამის ჭეშმარიტებაში. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა უფრო და უფრო აშკარა ხდება. ფილიპინებში მოსახლეობის მესამედის დღიური შემოსავალი 1 დოლარსაც კი არ შეადგენს. ამ თანხას მდიდარ ქვეყნებში უმრავლესობა რამდენიმე წუთში გამოიმუშავებს. გაეროს „კაცობრიობის განვითარების შესახებ 2002 წლის ანგარიშში“ ნათქვამია, რომ „მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი 5%-ის შემოსავალი 114-ჯერ აღემატება უღარიბესი 5%-ის შემოსავალს“.

მართალია, ზოგიერთი შედარებით ნორმალურ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ მილიონობით უსახლკაროს უკანონოდ, სადაც კი მოუხერხდება, თავშესაფრად ქოხმახების სახელდახელოდ აგება უწევს. სხვებს ამის საშუალებაც არა აქვთ და ღამეს ქუჩაში ათევენ ძირს დაფენილ მუყაოს ან პლასტმასის ნაჭრებზე. შიმშილით რომ არ მოკვდნენ, ბევრი ნაგავსაყარებს ქექავს. ზოგიც მძიმე ტვირთს ეზიდება ან გადაყრილ ბოთლებსა და ქილებს აგროვებს პურის ფულის საშოვნელად.

ასეთი უთანასწორობა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში როდი შეინიშნება. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, „ღარიბი უბნები ყველა ქვეყანაში გვხვდება“. „ბანგლადეშსა თუ შეერთებულ შტატებში, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად კარგად შეიძლება ცხოვრობდეს ზოგიერთი, არიან ისეთებიც, რომლებსაც უჭირთ ლუკმაპურის შოვნა და თავშესაფრის შენარჩუნება. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ დაბეჭდილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები, რომელთა თანახმადაც, ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული სულ უფრო იზრდება. ანგარიშში ნათქვამი იყო: „გასულ წელს მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 20%-ზე საერთო შემოსავლის ნახევარი მოდიოდა . . . ყველაზე ღარიბ 20%-ზე კი — 3, 5%“. ასეთივე ან უარესი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 57 პროცენტის დღიური შემოსავალი 2 დოლარიც კი არ არის.

მდგომარეობას კიდევ ერთი რამ ართულებს: 2002 წელს ფართოდ გაშუქდა იმ თანამდებობის პირთა შემთხვევები, რომლებიც საეჭვო ვითარებაში გამდიდრდნენ. მაშინაც კი, თუ მათ აშკარად არ დაურღვევიათ კანონი, ბევრის აზრით, როგორც ჟურნალ „ფორტუნაში“ იყო აღნიშნული, „მათ უპატიოსნო გზებით მოიხვეჭეს დიდძალი სიმდიდრე“. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შემხედვარე ზოგიერთი ადამიანის აზრით, შეუძლებელია გამართლება მოეძებნოს ერთეულების მიერ მცირე დროში უზარმაზარი თანხების, ასობით მილიონი დოლარის, მითვისებას, მაშინ როდესაც მრავალი სიღარიბეში ცხოვრობს.

დავაღწევთ თავს სიღარიბეს?

მართალი არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ არავინ ებრძვის სიღარიბეს. კეთილი სურვილით აღძრულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ მსოფლიო ორგანიზაციებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად მრავალი გეგმა შეიმუშავეს. მიუხედავად ამისა, ფაქტები ვერაფრით გვაიმედებს. „კაცობრიობის განვითარების შესახებ 2002 წლის ანგარიშში“ ნათქვამია: „მდგომარეობის გამოსწორების არაერთი კეთილშობილური მცდელობის მიუხედავად, ბევრი ქვეყანა დღეს უფრო ღარიბია, ვიდრე 10, 20 და, ზოგ შემთხვევაში, 30 წლის წინათ იყო“.

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღარიბების მდგომარეობა უიმედოა? წაიკითხეთ მომდევნო სტატია, სადაც ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკულ სიბრძნეზე, რომელიც დღესვე დაგვეხმარება; აგრეთვე საუბარია გამოსავალზე, რომლის შესახებაც შესაძლოა არც კი გსმენიათ.