გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმეთ რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• რა მხრივ მოგვცა რუთმა შესანიშნავი მაგალითი?
რუთი იეჰოვას სიყვარულით, ნაყომისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ხალხში მას „ღირსეული ქალის“ სახელი ჰქონდა (რუთი 3:11) (15.04, გვერდები 23—26).
• საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს უბრალო ადამიანებზე?
ისრაელებს, რომლებსაც ეგვიპტეში საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი უმოწყალო მოპყრობა, ღმერთმა უთხრა, რომ არ დაეჩაგრათ უბრალო ხალხი (გამოსვლა 22:21—24). იესო, რომელიც მამას ჰბაძავდა, გულწრფელ ინტერესს ავლენდა უბრალო ადამიანების მიმართ. მოციქულებად მან ისეთი მამაკაცები ამოირჩია, რომლებიც „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ იყვნენ ცნობილნი (საქმეები 4:13, აქ; მათე 9:36). ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს სხვებისადმი, მაგალითად ახალგაზრდებისადმი, ინტერესის გამოვლენაში (15.04, გვერდები 28—31).
• რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს საქმეებს?
ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ იეჰოვა ხედავს ადამიანთა საქმეებს. მას შეუმჩნეველი არ დარჩენია აბელის მიერ გაღებული ძღვენი და ის ჩვენ მიერ გაღებულ ‘ქების მსხვერპლს, აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფსაც’ ხედავს (ებრაელთა 13:15). იეჰოვასთვის ცნობილი იყო, რომ ენოქი მთელი ძალით ცდილობდა ზნეობრივად სუფთად ეცხოვრა და ამით ღვთისთვის ესიამოვნებინა. ღმერთმა ისიც დაინახა, თუ როგორ უწილადა მცირეოდენი საკვები ცარფათში მცხოვრებმა უცხოტომელმა ქვრივმა წინასწარმეტყველ ელიას. იეჰოვა რწმენით გაკეთებულ ჩვენს საქმეებსაც ხედავს (01.05, გვერდები 28—31).
• რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ იუდეველებს, რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ გახდნენ ქრისტიანები, პირადად უნდა მიეძღვნათ თავი ღმერთისთვის?
ძვ. წ. 1513 წელს ისრაელი იეჰოვას წმინდა ერი გახდა (გამოსვლა 19:3—8). იმ დროიდან მოყოლებული ისრაელები რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმებით ღვთისადმი მიძღვნილ ერში იბადებოდნენ. ახ. წ. 33 წელს კი იესო ქრისტეს სიკვდილით იეჰოვამ გააუქმა ეს შეთანხმება (კოლასელთა 2:14). მას შემდეგ იმ იუდეველებს, რომლებსაც ღვთისთვის მისაღები სახით სურდათ მსახურება, თავი უნდა მიეძღვნათ მისთვის და იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ (15.05, გვერდები 30, 31).
• მისაღებია თუ არა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში საკმევლის კმევა?
ძველ ისრაელში საკმევლის კმევა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაწილი იყო (გამოსვლა 30:37, 38; ლევიანები 16:12, 13). მაგრამ რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმება — და მათ შორის საკმევლის კმევა — ქრისტეს სიკვდილით გაუქმდა. ქრისტიანებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა საკმეველს არარელიგიური მიზნით, მაგრამ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დღეს ეს არ არის მისაღები. აგრეთვე ანგარიში უნდა გაეწიოს სხვების გრძნობებს, რათა ეს მათთვის დაბრკოლებად არ იქცეს (01.06, გვერდები 28—30).
• რომელმა ახალმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ აღძრა მრავალი ადამიანი, უფრო სერიოზულად მისდგომოდა საკითხს იმის თაობაზე, რომ იესო ნამდვილად ცხოვრობდა დედამიწაზე?
დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმის გაგებას, რომ ისრაელში აღმოაჩინეს კირქვის ყუთი ანუ ოსუარიუმი. როგორც ჩანს, ის პირველ საუკუნეშია დამზადებული. მასზე გაკეთებულია ასეთი წარწერა: „იაკობი, იოსების ძე, იესოს ძმა“. ზოგიერთი ამას იესოს არსებობის „დამადასტურებელ უძველეს არქეოლოგიურ ნივთმტკიცებად“ მიიჩნევს (15.06, გვერდები 3, 4).
• როგორ სწავლობს ადამიანი სიყვარულს?
უპირველესად, ადამიანი სიყვარულს მშობლების მაგალითით და აღზრდის შედეგად სწავლობს. როცა ცოლ–ქმარი სიყვარულსა და პატივისცემას ავლენს ერთმანეთის მიმართ, შვილებიც სწავლობენ სიყვარულს (ეფესელთა 5:28; ტიტე 2:4). მათაც კი, ვინც მოსიყვარულე ოჯახში არ აღზრდილა, იეჰოვას მამობრივი ხელმძღვანელობის მიყოლით, მისი სულიწმიდის დახმარებითა და ქრისტიანული საძმოს გულთბილი მხარდაჭერით შეუძლიათ სიყვარულის სწავლა (01.07, გვერდები 4—7).
• ვინ იყო ევსები კესარიელი და რას ვსწავლობთ მისი ცხოვრებიდან?
ევსები კესარიელი იყო ძველი დროის ისტორიკოსი. მან ახ. წ. 324 წელს დაასრულა ათწიგნეული, სახელწოდებით „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“. თუმცა ევსების სჯეროდა, რომ მამა ძეზე ადრე არსებობდა, ნიკეის კრებაზე საპირისპირო შეხედულებას დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს, მან უგულებელყო იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის მიცემული მითითება, ‘არ ყოფილიყვნენ წუთისოფლისა’ (იოანე 17:16) (15.07, გვერდები 29—31).
• შეიცვალა იეჰოვამ თვალსაზრისი მრავალცოლიანობაზე?
რასაკვირველია, იეჰოვას მრავალცოლიანობაზე თვალსაზრისი არ შეუცვლია (მალაქია 3:6). ღმერთმა პირველ მამაკაცს უთხრა, რომ ‘მიეკრობოდა თავის დედაკაცს’ და იქნებოდნენ ერთი ხორცი (დაბადება 2:24). იესომ აღნიშნა, რომ ის, ვინც სიძვის მიზეზის გარეშე ეყრებოდა მეუღლეს და სხვაზე ქორწინდებოდა, მრუშობდა (მათე 19:4—6, 9). ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ იეჰოვა აღარ იწყნარებს მრავალცოლიანობას (01.08, გვერდი 28).