არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!

იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!

იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!

„ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“ (მიქა 4:5).

1. რას ვიგებთ მიქას წინასწარმეტყველების 3—5 თავებიდან?

იეჰოვას სურს, წინასწარმეტყველ მიქას მეშვეობით თავის ხალხს მნიშვნელოვანი ცნობა გადასცეს. კერძოდ, განზრახული აქვს მათი დასჯა, ვინც მის კანონებს არღვევს. იეჰოვა ისრაელს განდგომილების გამო დასჯის. მაგრამ, საბედნიეროდ, ის აკურთხებს მათ, ვინც მისი სახელით დადის. ეს აზრები ნათლად იკვეთება მიქას წინასწარმეტყველების 3—5 თავებში.

2, 3. ა) რა თვისებას უნდა ავლენდნენ ისრაელის წინამძღოლები, მაგრამ როგორ იქცევიან ისინი? ბ) როგორ ახსნიდით მიქას 3:2, 3-ში გამოყენებულ შედარებებს?

2 ღვთის წინასწარმეტყველი აცხადებს: „ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?“. დიახ, რა თქმა უნდა! ეს მათ მოვალეობაში შედის. მაგრამ რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში? მიქა აგრძელებს: „სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. როცა ჭამენ ჩემი ხალხის ხორცს, ტყავს ხდიან, მათ ძვლებს ამტვრევენ და აქუცმაცებენ, როგორც ქოთანში, და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად“ (მიქა 3:1—3).

3 მართლაცდა, როგორ ჩაგრავენ წინამძღოლები საბრალო, დაუცველ ხალხს! აქ გამოყენებული შედარებები კარგად ესმით მათ, ვინც მიქას სიტყვებს ისმენს. როგორც ვიცით, დაკვლის შემდეგ ცხვარს ჯერ ატყავებენ, შემდეგ გამოშიგნავენ და ნაჭრებად ჭრიან. ზოგჯერ ძვლებს ამტვრევენ ძვლის ტვინის ამოსაღებად. ამის შემდეგ ხორცსაც და ძვლებსაც ისეთ ჭურჭელში ხარშავენ, როგორსაც მიქა იხსენიებს (ეზეკიელი 24:3—5, 10). რა ზუსტად აღწერს ეს სურათი იმას, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ ხალხს მიქას დღეებში უგულო რელიგიური წინამძღოლები!

იეჰოვა ჩვენგან სამართლიანობას მოითხოვს

4. როგორ განსხვავდებიან იეჰოვასგან ისრაელის წინამძღოლები?

4 რამდენად განსხვავდება მოსიყვარულე მწყემსი იეჰოვა ისრაელის წინამძღოლებისგან. ისინი უსამართლოები არიან, რის გამოც ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას — ვერ იცავენ ფარას. ნაცვლად ამისა, ეგოისტურად ჩაგრავენ სიმბოლურ ცხვარს, უსამართლოდ ექცევიან და ‘სისხლიან საქმეებში’ ხვევენ, როგორც მიქას 3:10-შია აღნიშნული. რას ვსწავლობთ აქედან?

5. რას მოელის იეჰოვა მათგან, ვისაც მის ხალხში ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული?

5 ღმერთი სამართლიანობის გამოვლენას მოელის მათი მხრიდან, ვისაც მის ხალხში ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. სწორედ ასე იქცევიან დღეს იეჰოვას მსახურები. ეს თანხმობაშია ესაიას 32:1-თან, სადაც ვკითხულობთ: „აჰა, სამართლიანად იმეფებს მეფე და მთავარნი სიმართლით იმთავრებენ“. მაგრამ რა მდგომარეობა იყო მიქას დროს? „სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი“ სამართლის გამრუდებას განაგრძობდნენ.

ვის ლოცვებს პასუხობს ღმერთი?

6, 7. რა მნიშვნელოვანი აზრი იკვეთება მიქას 3:4-ში?

6 მოიპოვებენ ბოროტების ჩადენით მიქას თანამედროვენი იეჰოვას კეთილგანწყობილებას? ცხადია, ვერ მოიპოვებენ! მიქას 3:4-ში ნათქვამია: „მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ. თავის სახეს უმალავს იმ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან“. ამ სიტყვებში მნიშვნელოვანი აზრი იკვეთება.

7 იეჰოვა არ მოისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ვცოდავთ; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ გაორებულ ცხოვრებას ვეწევით და ვმალავთ ცოდვებს, — თავი კი ისე გვიჭირავს, თითქოს ღმერთს ერთგულად ვემსახურებით. ფსალმუნების 25:4-ის თანახმად, დავითი მღეროდა: „არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ“. მით უმეტეს იეჰოვა არ მოისმენს მათ ლოცვებს, ვინც მის სიტყვას შეგნებულად არღვევს!

ღვთის სულით გაძლიერებული

8. რა მოელით მიქას თანამედროვე ცრუწინასწარმეტყველებს?

8 რა სისაძაგლეებს სჩადიან ისრაელის სულიერი წინამძღოლები! ცრუწინასწარმეტყველები ღვთის ხალხს გზა-კვალს ურევენ. გაუმაძღარი ადამიანები „მშვიდობას . . . ქადაგებენ“, მაგრამ „თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ“. «ამიტომ, — ამბობს იეჰოვა, — დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე — მისნობის გარეშე. მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს მოკუმავენ [„ულვაშს დაიფარავენ“, აქ] ყველანი» (მიქა 3:5—7ა).

9, 10. რა იგულისხმება ‘ულვაშის დაფარვაში’ და რატომ არ უწევს მიქას ამის გაკეთება?

9 რატომ ‘დაიფარავენ ულვაშს ყველანი’? იმიტომ, რომ მიქას ბოროტი თანამედროვენი შერცხვებიან. ეს უღვთო ხალხი უეჭველად შერცხვენილ უნდა იქნეს. მათთვის „პასუხს არ გაიღებს ღმერთი“ (მიქა 3:7ბ). დიახ, იეჰოვა არ ისმენს ამპარტავანთა და ბოროტთა ლოცვებს.

10 მიქას არ უწევს ულვაშის დაფარვა. მას არა აქვს სირცხვილის მიზეზი. იეჰოვა პასუხობს მის ლოცვებს. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ერთგული წინასწარმეტყველი მიქას 3:8-ში: „მე კი აღვსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით“. რა მადლიერია მიქა, რომ თავისი ხანგრძლივი და ერთგული მსახურების განმავლობაში ყოველთვის იეჰოვას „ძალით, უფლის სულით“ ივსება! ეს მას ძალას აძლევს, ‘გამოუცხადოს იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს — მისი ცოდვა’.

11. რა აძლევს ადამიანს ღვთის ცნობის ქადაგების ძალას?

11 მიქას აღმატებული ძალა სჭირდებოდა იეჰოვას არაკეთილსასურველი განაჩენის გასაცხადებლად. ამისათვის საჭირო იყო იეჰოვას სულიწმიდა ანუ მოქმედი ძალა. რას ვიტყოდით ჩვენზე? ქადაგებასთან დაკავშირებული დავალების შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იეჰოვა სულიწმიდით გაგვაძლიერებს. თუ შეგნებულად ვცოდავთ და, ამავე დროს, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას ვცდილობთ, ამაოდ ვირჯებით. ასეთ შემთხვევაში, ღმერთი არ მოისმენს ჩვენს ლოცვებს და არ განგვამტკიცებს ამ საქმის შესასრულებლად. „უფლის სულის“ დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ ჩვენი ზეციერი მამის განაჩენის გაცხადებას. როდესაც იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს, გვაძლევს სულიწმიდას, რომლის დახმარებითაც მიქას მსგავსად გაბედულად ვქადაგებთ.

12. რამ შეაძლებინა იესოს პირველ მოწაფეებს, მთელი გაბედულებით ელაპარაკათ ღვთის სიტყვა?

12 შესაძლოა გახსოვთ, რა წერია საქმეების 4:23—31-ში. წარმოიდგინეთ, რომ პირველ საუკუნეში ცხოვრობთ და იესო ქრისტეს მოწაფე ხართ. გაშმაგებული მოწინააღმდეგეები ცდილობენ, დაადუმონ ქრისტეს მიმდევრები. მაგრამ ერთგული მოწაფეები ლოცულობენ და უზენაეს უფალს სთხოვენ: „დაინახე უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა“. რა მოჰყვა ამას? ბიბლიაში ნათქვამია: „როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას“. ამიტომაც, მსახურებისას მოდი ყოველთვის ლოცვით მივმართოთ იეჰოვას და გვქონდეს მისი დახმარების იმედი, რომ მოგვცემს სულიწმიდას.

13. რა დაემართება იერუსალიმსა და სამარიას და რატომ?

13 ახლა მიქას დროს დავუბრუნდეთ. მიქას 3:9—12-ის თანახმად, სისხლისმღვრელი გამგებლები ქრთამით სჯიან სამართალს, მღვდლები გასამრჯელოს ითხოვენ დამოძღვრაში, ცრუწინასწარმეტყველნი კი მარჩიელობაში იღებენ ფულს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ღმერთმა იუდას დედაქალაქს, იერუსალიმს, განაჩენი გამოუტანა: ქალაქი „ნანგრევებად იქცევა“! რადგანაც ცრუ თაყვანისმცემლობამ და ზნეობრივმა გახრწნილებამ ისრაელიც მოიცვა, მიქა ღვთის მიერ აღძრულია, გააფრთხილოს ხალხი, რომ ღმერთი სამარიასაც „ქვების გროვად“ აქცევს (მიქა 1:6). მიქამ საკუთარი თვალით იხილა ამ წინასწარმეტყველების შესრულება — ძვ. წ. 740 წელს სამარია ასურელი დამპყრობლების მიერ განადგურდა (4 მეფეთა 17:5, 6; 25:1—21). ნათელია, რომ იერუსალიმისა და სამარიის განადგურების შესახებ ღვთის განაჩენის გაცხადება მისთვის მხოლოდ იეჰოვას დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი.

14. როგორ შესრულდა მიქას 3:12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან ჩვენზე?

14 იუდა თავს ვერ დააღწევს იეჰოვას განაჩენს. მიქას 3:12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, სიონი „ყანად გადაიხვნება“. დღეს, XXI საუკუნის გადასახედიდან, ვიცით, რომ ეს სიტყვები ძვ. წ. 607 წელს შესრულდა, როდესაც ბაბილონელებმა იუდა და იერუსალიმი გაანადგურეს. აღნიშნული მოვლენები წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ მოხდა, მაგრამ მიქა დარწმუნებული იყო, რომ ეს წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდებოდა. ჩვენც დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ეს ბოროტი სისტემა ნაწინასწარმეტყველებ „ღვთის . . . დღეს“ განადგურდება (2 პეტრე 3:11, 12).

იეჰოვა მდგომარეობას აგვარებს

15. როგორ გადმოსცემდით თქვენი სიტყვებით მიქას 4:1—4-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?

15 თუ კვლავ მიქას დროში გადავინაცვლებთ, დავინახავთ, რომ შემდეგ ის იმედის მომცემ, აღმაფრთოვანებელ ცნობას აცხადებს. მიქას 4:1—4-ში გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ: «უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები . . . გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს [„მდგომარეობას მოაგვარებს ძლიერი ხალხებისთვის“, აქ] შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას».

16, 17. როგორ სრულდება დღეს მიქას 4:1—4?

16 ვინ არიან აქ მოხსენიებული „უამრავი ხალხები“ და „ძლიერი ხალხები“? ესენი არ არიან ამ წუთისოფლის ერები და მთავრობები. წინასწარმეტყველება ეხება ყველა ერიდან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან წმინდა მსახურებაში იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთაზე.

17 ზუსტად ისე, როგორც მიქას წინასწარმეტყველებაშია აღნიშნული, იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა მალე პირდაპირი მნიშვნელობით მთელ დედამიწას მოიცავს. ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილი’ ხალხი დღესვე ეცნობა იეჰოვას გზებს (საქმეები 13:48, აქ). იეჰოვა სულიერი გაგებით სამართალს განიკითხავს და მდგომარეობას აგვარებს იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც მისი სამეფოს მხარეს იკავებენ. ისინი გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, როგორც „უამრავი ხალხის“ ნაწილი (გამოცხადება 7:9 14). ისინი ჭედავენ მახვილებისგან სახნისებს, ამიტომაც დღესვე მშვიდობიანად ცხოვრობენ თანამორწმუნეებთან თუ სხვებთან. რამდენად სასიამოვნოა ასეთ ხალხს შორის ყოფნა!

იარეთ იეჰოვას სახელით

18. რისი სიმბოლოა ‘საკუთარი ვაზისა და ლეღვის ხის ქვეშ ჯდომა’?

18 დღეს, როცა მთელი მსოფლიო შიშშია, სასიხარულოა, რომ ბევრი ეცნობა იეჰოვას გზებს. ჩვენ ველით იმ დროს, როცა ღვთის მოსიყვარულე თითოეული ადამიანი საკუთარი ვაზისა და ლეღვის ქვეშ იჯდება და აღარავინ ისწავლის ომს. ეს დრო კარს არის მომდგარი. ძველად ლეღვის ხეებს ხშირად ვენახში რგავდნენ (ლუკა 13:6). საკუთარი ვაზისა და ლეღვის ხის ქვეშ ჯდომა მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო ცხოვრების სიმბოლოა. იეჰოვასთან ურთიერთობით დღესვე ვგრძნობთ სულის სიმშვიდესა და სულიერ უსაფრთხოებას. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს კი შიშის არანაირი მიზეზი აღარ გვექნება და ყოველმხრივ დაცულები ვიქნებით.

19. რას ნიშნავს იეჰოვას სახელით სიარული?

19 ღვთის კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, იეჰოვას სახელით უნდა ვიაროთ. ეს ხაზგასმით არის აღნიშნული მიქას 4:5-ში, სადაც წინასწარმეტყველი აცხადებს: „რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“. იეჰოვას სახელით სიარული მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა სიტყვიერად ვაღიაროთ ჩვენს ღმერთად. ამაში ქრისტიანულ შეხვედრებსა და სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე მეტიც იგულისხმება, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იეჰოვას სახელით მაშინ დავდივართ, როდესაც თავს ვუძღვნით მას და ერთგულად, სულითა და გულით — დიდი სიყვარულით ვემსახურებით (მათე 22:37). ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მარადიულად ჩვენი ღმერთის, იეჰოვას სახელით ვიაროთ!

20. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მიქას 4:6—13-ში?

20 ახლა ყურადღება მივაქციოთ მიქას 4:6—13-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებს იმის შესახებ, რომ „სიონის ასული“ ბაბილონში იქნება გადასახლებული. ზუსტად ეს ემართება იერუსალიმის მოსახლეობას ძვ. წ. VII საუკუნეში. თუმცა, მიქას წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ დარჩენილი ნაწილი თავის დროზე იუდაში დაბრუნდება და, ამასთანავე, სიონის აღდგენისას იეჰოვა იზრუნებს მისი მტრების შემუსვრაზე.

21, 22. როგორ შესრულდა მიქას 5:1?

21 მიქას წინასწარმეტყველების მე-5 თავში ლაპარაკია სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი მიქას 5:1—3-ში. მიქა წინასწარმეტყველებს, რომ ღვთის დანიშნული მმართველი, რომლის ‘წარმოშობაც დასაწყისიდან არის’, ბეთლემში დაიბადება. ის იქნება მმართველი და მწყემსი „უფლის ძალით“ და არა მარტო ისრაელში, არამედ „ქვეყნის კიდემდე“ იმმართველებს. ქვეყნიერებაში ბევრისთვის შეიძლება რთული სათქმელი იყოს, თუ ვინ არის ის, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის საიდუმლოებით მოცული.

22 ვინ იყო ბეთლემში დაბადებულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც „იდიდებს . . . ქვეყნის კიდემდე“? სხვა არავინ, თუ არა მესია, იესო ქრისტე! როდესაც მეფე ჰეროდემ ჰკითხა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, სად უნდა დაბადებულიყო მესია, მათ უპასუხეს: „იუდას ბეთლემში“. ამის დამადასტურებლად მიქას 5:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებაც მოიყვანეს (მათე 2:3—6). როგორც ჩანს, ეს წინასწარმეტყველება ზოგმა უბრალო ადამიანმაც იცოდა, რადგან იოანეს 7:42-ში მოყვანილია მათი სიტყვები: „განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“

ხალხის ჭეშმარიტი გამოცოცხლება

23. როგორ სრულდება დღეს მიქას 5:6?

23 მიქას 5:4—14 ეხება ასურეთის ჯარების თავდასხმას, რომელთა წარმატებაც დროებითი იქნება. გარდა ამისა, ამ მუხლებში აღნიშნულია, რომ ღმერთი სისრულეში მოიყვანს ურჩი ერებისთვის გამოტანილ განაჩენს. მიქას 5:6-ში მოცემული დანაპირები იუდაელთა იმ მცირე ნაწილს ეხება, რომელიც მონანიების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება, მაგრამ ამ მუხლის სიტყვები დღესაც სრულდება. მიქა აცხადებს: „იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე“. მიქა ასეთი შესანიშნავი სიმბოლური ენით წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთი სულიერი იაკობის ანუ ისრაელის დარჩენილი ნაწილის მეშვეობით აკურთხებს ხალხს. იესოს „სხვა ცხვრები“, მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, სიხარულით მსახურობენ „ღვთის ისრაელის“ წევრებთან და მათ ხალხის სულიერად გამოცოცხლებაში ეხმარებიან (იოანე 10:16; გალატელთა 6:16; სოფონია 3:9). ამასთან დაკავშირებით, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ჩვენ, სამეფოს მაუწყებლები, უნდა ვაფასებდეთ, რომ შეგვიძლია ხალხს ჭეშმარიტად გამომაცოცხლებელი ცნობა გადავცეთ.

24. რომელმა აზრებმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება მიქას წინასწარმეტყველების 3—5 თავებიდან?

24 რომელი ძირითადი აზრები დაგამახსოვრდათ მიქას წინასწარმეტყველების 3—5 თავებიდან? ალბათ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ აზრებს: 1) ღმერთი სამართლიანობის გამოვლენას მოელის მათგან, ვისაც მის ხალხში ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აკისრია; 2) იეჰოვა არ მოისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ შეგნებულად ვცოდავთ; 3) ქადაგების შესახებ დავალების შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ღმერთი სულიწმიდით გაგვაძლიერებს; 4) იეჰოვას კეთილგანწყობილებას იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ, თუ მისი სახელით ვივლით; 5) სამეფოს მაუწყებლებმა უნდა დავაფასოთ ის, რომ წილად გვხვდა ბედნიერება, ადამიანებს მომავლის რეალური იმედი ჩავუსახოთ. შეიძლება სხვა აზრებმაც მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება. გარდა იმისა, რაც ამ სტატიაში განვიხილეთ, კიდევ რა შეგვიძლია ვისწავლოთ მიქას წინასწარმეტყველური წიგნიდან? მომდევნო სტატია დაგვეხმარება, პრაქტიკული რჩევები მივიღოთ ამ რწმენის განმამტკიცებელი წინასწარმეტყველების ბოლო ორი თავიდან.

როგორ უპასუხებდით?

• რას მოელის ღმერთი მათგან, ვისაც მის ხალხში ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული?

• რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვა და სულიწმიდის დახმარება იეჰოვას მსახურებაში?

• რას ნიშნავს იეჰოვას სახელით სიარული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

შეგიძლიათ ახსნათ მიქას მიერ მოყვანილი შედარებები?

[სურათები 16 გვერდზე]

მიქას მსგავსად, ჩვენც გაბედულად ვმსახურობთ.