მას სიკეთე უყვარდა
მას სიკეთე უყვარდა
მილტონ ჰენშელმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო, 2003 წლის 22 მარტს, 82 წლის ასაკში დაასრულა მიწიერი ცხოვრების გზა.
მილტონ ჰენშელმა ახალგაზრდობაში დაიწყო მსახურება იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში, სადაც 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად იმსახურა. მისი გამჭრიახობა და სამქადაგებლო საქმისადმი გულწრფელი ინტერესი მალევე გახდა შესამჩნევი. 1939 წელს ის ნ. ნორის (რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეთა ბრუკლინის ტიპოგრაფიის ზედამხედველი იყო) მდივნად დაინიშნა. 1942 წლიდან, როდესაც ძმა ნორი სათავეში ჩაუდგა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობას, ძმა ჰენშელი მის თანაშემწედ მსახურობდა. 1956 წელს მილტონ ჰენშელი დაქორწინდა ლუსილ ბენეტზე. ისინი წლების განმავლობაში ერთად იზიარებდნენ სიხარულს და უმკლავდებოდნენ სირთულეებს.
ძმა ჰენშელი ერთგულად ეხმარებოდა ძმა ნორს 1977 წლამდე — მის გარდაცვალებამდე. მათ ერთად 150-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურეს თანამორწმუნეების, ძირითადად, მისიონერებისა და ბეთელის ოჯახის წევრების მოსანახულებლად და გასამხნევებლად. ასეთი მოგზაურობები ზოგჯერ დამქანცველი და სახიფათოც კი იყო. 1963 წელს ლიბერიაში კონგრესზე ჩასული ძმა ჰენშელი უსასტიკესი დევნის მსხვერპლი გახდა პატრიოტულ ცერემონიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო *. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ ის გაბედულად დაბრუნდა ლიბერიაში ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად, რათა ლიბერიელ მოწმეებს თავისუფლად შესძლებოდათ ღვთის თაყვანისცემა.
პრობლემების მოგვარების დროს ძმა ჰენშელი პრაქტიკული, რბილი და წინდახედული იყო. თანამსახურები განსაკუთრებით მის მოწესრიგებულობას, უბრალოებასა და იუმორის გრძნობას აფასებდნენ. ძმა ჰენშელს შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა, რისი წყალობითაც ხშირად აოცებდა სხვადასხვა ქვეყანაში მომსახურე მისიონერებს, როდესაც მათ სახელებს ადვილად იხსენებდა, ადგილობრივ ენებზე ფრაზებს სწავლობდა და გაბრწყინებული თვალებით წარმოთქვამდა მახვილგონივრულ გამოთქმებს.
მიქას 6:8-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთი ჩვენგან «წყალობის [„სიკეთის“, აქ] სიყვარულს» მოითხოვს. მილტონ ჰენშელმა ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე და სერიოზული პასუხისმგებლობები ჰქონდა დაკისრებული, ის უბრალო, რბილი და კეთილი ადამიანი იყო. ძმა ჰენშელი ხშირად ამბობდა: „როცა გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არა ხარ, გახსოვდეს, რომ არ შეცდები, თუ სიკეთეს გამოავლენ“. ჩვენ დამწუხრებულები ვართ საყვარელი ძმის გარდაცვალების გამო, მაგრამ, ამავე დროს, გვახარებს ის, რომ მან ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება და მიიღო „სიცოცხლის გვირგვინი“ (გამოცხადება 2:10).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 იხილეთ „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“ (1977 წელი, გვერდები 171—177 [ინგლ.]).
[სურათი 31 გვერდზე]
მ. ჰენშელი და ნ. ნორი.
[სურათი 31 გვერდზე]
ლუსილთან ერთად.