როგორ სახელს იმკვიდრებთ?
როგორ სახელს იმკვიდრებთ?
წაგიკითხავთ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებები გარდაცვლილთა შესახებ ან ვრცელი სტატია მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე? დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, თუ რას იტყოდა ხალხი თქვენზე? რამდენი ადამიანი დაფიქრებულა ცხოვრებაში იმის შესახებ, თუ როგორ გაიხსენებენ მათ სიკვდილის შემდეგ? გულახდილად ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას იტყოდნენ ადამიანები დღეს ჩემზე, გუშინ რომ დამესრულებინა სიცოცხლე? როგორ სახელს ვიმკვიდრებ? როგორი მინდა, რომ დავამახსოვრდე ნაცნობებსა და ღმერთს?
ბიბლიის წიგნის, „ეკლესიასტეს“, ბრძენმა დამწერმა თქვა: „კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე — შობის დღეს“ (ეკლესიასტე 7:1). რატომ უნდა სჯობდეს სიკვდილის დღე გაჩენის დღეს? მიზეზი ის არის, რომ ახალდაბადებულ ადამიანს არანაირი რეპუტაცია არა აქვს. მისი ცხოვრების ფურცლები ცარიელია, განვლილი ცხოვრებით კი ის ან კარგ სახელს დაიმკვიდრებს, ან — ცუდს. ამიტომ, მათთვის, ვინც წლების მანძილზე კარგი სახელი დაიმკვიდრეს, სიკვდილის დღე გაჩენის დღეზე მართლაც რომ უკეთესია.
ასე რომ, ჩვენ არჩევნის წინაშე ვდგავართ. ყოველდღიურად ბევრ რამეში გვიწევს არჩევნის გაკეთება, რაც იმოქმედებს იმაზე, თუ როგორი რეპუტაცია გვექნება სიკვდილის შემდეგ და, განსაკუთრებით, როგორები დავრჩებით ღვთის მეხსიერებაში. იმავე ბრძენმა ებრაელმა მამაკაცმა სწორედ ამიტომ დაწერა: „მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, უკეთურთა სახელი კი დალპება“ (იგავები 10:7). ღვთის მეხსიერებაში კარგ ადამიანად დარჩენა ნამდვილად დიდი პატივია!
თუ გონიერები ვართ, ჩვენი მიზანი იქნება ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისად ცხოვრება და ამით მისი გულის გახარება. ეს ნიშნავს, მივყვეთ ქრისტეს მიერ მოცემულ ძირითად პრინციპებს: «„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი» (მათე 22:37—40).
ზოგიერთს იხსენებენ ქველმოქმედად, კაცთმოყვარედ, მოქალაქეთა უფლებების დამცველად ან ბიზნესის, მედიცინის თუ მეცნიერების სხვა რომელიმე სფეროში მოწინავე ადამიანად. პირადად თქვენ როგორ ადამიანად გინდათ დაამახსოვრდეთ სხვებს?
შოტლანდიელ პოეტს, რობერტ ბერნსს (1759—1796 წწ.) დიდი სურვილი ჰქონდა, რაიმე ძალას ჩვენთვის იმის უნარი ებოძებინა, რომ საკუთარი თავისთვის სხვების თვალით შეგვეხედა. შეგიძლიათ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი და თქვათ, რომ ღვთისა და ადამიანთა თვალში კარგი რეპუტაცია გაქვთ? საბოლოო ჯამში, სხვებთან ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტსა თუ ბიზნესში მიღწეული ნებისმიერი დროებითი წარმატება. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: „როგორ მოქმედებს სხვებზე ჩვენი საუბარი,
ქცევა, ჟესტიკულაცია თუ მიმიკა? უადვილდებათ სხვებს ჩვენთან მოსვლა თუ მათგან შორს გვიჭირავს თავი? თავაზიანები ვართ თუ უხეშები? ადვილად ვეგუებით სიახლეებსა და განსხვავებულ აზრს თუ ძნელად ვიცვლით შეხედულებებს და მომთხოვნები ვართ? თანამგრძნობები და ჰუმანურები ვართ თუ გულგრილები და ცივები? გამანადგურებელი კრიტიკის მოყვარულები ვართ თუ კეთილი მრჩეველები? მოდი განვიხილოთ წარსულისა და თანამედროვე დროის მაგალითები, რათა დავინახოთ, როგორ შეგვიძლია კარგი სახელის დამკვიდრება.[სურათი 3 გვერდზე]
რობერტ ბერნსს დიდი სურვილი ჰქონდა, რაიმე ძალას ჩვენთვის იმის უნარი ებოძებინა, რომ საკუთარი თავისთვის სხვების თვალით შეგვეხედა.
[საავტორო უფლება]
From the book A History of England