არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქეთ იეჰოვა „კრებულთა შორის“

აქეთ იეჰოვა „კრებულთა შორის“

აქეთ იეჰოვა „კრებულთა შორის“

იეჰოვა თავის ხალხს ქრისტიანული შეხვედრებით უზრუნველყოფს. ეს შეხვედრები სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათზე რეგულარული დასწრებით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას ამ ღონისძიებას. გარდა ამისა, გვეძლევა საშუალება, „წავახალისოთ [ჩვენი ძმები] სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“. ამის გაკეთება კი ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა (ებრაელთა 10:24; იოანე 13:35). როგორ შეგვიძლია კრების შეხვედრებზე ჩვენი ძმების წახალისება?

საჯაროდ გამოხატეთ თქვენი რწმენა

მეფე დავითი წერდა: „ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ . . . მინდა შეგასხა ხოტბა მრავალ კრებულში“. „მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას“. „შენს სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს, აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს“ (ფსალმუნები 21:23, 26; 34:18; 39:10).

პავლე მოციქულის დღეებში, როდესაც ქრისტიანები თაყვანისცემის მიზნით ერთად იკრიბებოდნენ, მსგავსად გამოხატავდნენ იეჰოვასადმი თავიანთ რწმენას და ხოტბას ასხამდნენ ღმერთს. ამგვარად ისინი შეაგონებდნენ და სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის ახალისებდნენ ერთმანეთს. დღეს, როდესაც დავითისა და პავლეს ცხოვრების პერიოდიდან უკვე მრავალმა საუკუნემ განვლო, ნამდვილად ‘ვატყობთ იმ [იეჰოვას] დღის მოახლოებას’ (ებრაელთა 10:24, 25). სატანის სისტემა თავის აღსასრულს უახლოვდება; შესაბამისად, პრობლემებიც სულ უფრო და უფრო მატულობს. ამიტომ დღეს, ისე როგორც არასოდეს, ‘გვჭირდება მოთმინება’ (ებრაელთა 10:36, აქ). თუ არა ჩვენი ძმები, სხვა ვინ გაგვამხნევებს, რომ მოვითმინოთ?

დღეს, ისევე როგორც ადრე, თითოეულ მოწმეს აქვს შესაძლებლობა, „კრებულთა შორის“ საჯაროდ გამოხატოს თავისი რწმენა. ამის ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ კრების შეხვედრებზე ყველას შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა. ყოველთვის სათანადოდ დააფასეთ კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა და მისით მოტანილი სარგებლობა. მაგალითად, კომენტარები, რომლებიც პრობლემების თავიდან არიდებას ან მათთვის თავის გართმევას ეხება, განამტკიცებს და-ძმების გადაწყვეტილებას, კვლავაც მიჰყვნენ ბიბლიურ პრინციპებს; შეიძლება პირადი შესწავლის გაუმჯობესებისკენ იყოს აღმძვრელი ისეთი კომენტარები, რომლებშიც ახსნილია ბიბლიური მუხლები, რომლებიც ციტირებული არ არის და მხოლოდ მითითებულია, ან პირადი გამოკვლევის შედეგად ნაპოვნი საინტერესო აზრებია ჩართული.

იმის ცოდნამ, რომ კრების შეხვედრებზე კომენტარებში მონაწილეობა სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც, უნდა აღგვძრას, დავძლიოთ გაუბედაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომენტარებში უხუცესებმა და თანაშემწეებმა მიიღონ მონაწილეობა, რადგან აქტიურობითა თუ კრებებზე დასწრებით მათ უნდა მისცენ სხვებს მაგალითი. რა შეიძლება ვიღონოთ, თუ გვიჭირს ამის გაკეთება?

რჩევები გასაუმჯობესებლად

გახსოვდეთ, რომ კომენტარებში მონაწილეობა იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნაწილია. ერთი გერმანელი ქრისტიანი და გვიყვება, რას ნიშნავს მისთვის კომენტარებში მონაწილეობა: „მათი საშუალებით პირადად ვცემ პასუხს სატანას, რომელიც ცდილობს ღვთის ხალხს ხელი შეუშალოს თავიანთი რწმენის გამოხატვაში“. იმავე კრებიდან არც ისე დიდი ხნის წინათ მონათლულმა ძმამ თქვა: „ბევრს ვლოცულობ კომენტარების თაობაზე“.

კარგად მოემზადეთ. თუ მასალა წინასწარ არ გაქვთ შესწავლილი, გაგიძნელდებათ კომენტარებში მონაწილეობა და თქვენი პასუხები ნაკლებად ეფექტური იქნება. კრების შეხვედრებზე კომენტარების წარმოთქმასთან დაკავშირებული რჩევები მოცემულია სახელმძღვანელოში „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“, 70–ე გვერდზე *.

მიზნად დაისახეთ, თითოეულ შეხვედრაზე ერთხელ მაინც მიიღოთ კომენტარებში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა რამდენიმე პასუხის მომზადება, რადგან რაც უფრო ხშირად აიწევთ ხელს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ჩამტარებელმა თქვენ გაპასუხებინოთ. შეგიძლიათ წინასწარ უთხრათ ჩამტარებელს, რომელ კითხვაზე გაქვთ პასუხი მომზადებული. ასე მოქმედება განსაკუთრებით დამწყებთათვის არის კარგი. თუ გამბედაობა არ გყოფნით „დიდ კრებულში“ ხელის ასაწევად, იმის ცოდნა, რომ ეს თქვენი აბზაცია და ჩამტარებელი თქვენს ხელს ეძებს, აღგძრავთ კომენტარის გასაკეთებლად.

ეცადეთ განხილვის დასაწყისშივე მიიღოთ მონაწილეობა. რთული დავალება გადადებით არ გაადვილდება. განხილვის დასაწყისშივე მონაწილეობა დაგეხმარებათ: გაოცებული დარჩებით იმის აღმოჩენით, რამდენად ადვილია მეორე ან მესამე კომენტარის თქმა მას შემდეგ, რაც დაბრკოლებას გადალახავთ და პირველს იტყვით.

დარბაზში ამოარჩიეთ სათანადო ადგილი. ზოგს უადვილდება კომენტარის თქმა, როდესაც სამეფო დარბაზში წინა რიგებში ზის. იქ ხელის შემშლელი ფაქტორებიც ნაკლებია და ჩამტარებელიც უფრო შეამჩნევს აწეულ ხელს. თუ ამგვარად მოქმედებას გადაწყვეტთ, ისე ილაპარაკეთ, რომ თქვენი ხმა ყველას ესმოდეს. განსაკუთრებით ეს მაშინ არის გასათვალისწინებელი, როდესაც კრება მიკროფონებს არ იყენებს.

უსმინეთ ყურადღებით. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ გაიმეოროთ სხვისი ნათქვამი. აგრეთვე, სხვების კომენტარებმა შეიძლება გაგახსენოთ ბიბლიური მუხლი ან აზრი, რომლითაც გამოთქმულ აზრს განავითარებდით. დროდადრო საკითხის უფრო ნათლად გასაშუქებლად კარგი იქნებოდა შესაბამისი მოკლე შემთხვევის მოყოლაც. ამგვარი კომენტარები ძალზე სასარგებლოა.

ისწავლეთ კომენტარის საკუთარი სიტყვებით გაკეთება. შესასწავლი მასალიდან კომენტარის წაკითხვა იმის მაჩვენებელია, რომ სწორი პასუხი იპოვეთ და ამგვარად მოქმედება დასაწყისისთვის ცუდი არ არის. მაგრამ პასუხის საკუთარი სიტყვებით გადმოცემით ცხადყოფთ, რომ გესმით განსახილველი საკითხი. აუცილებელი არ არის პუბლიკაციებიდან ფრაზების სიტყვასიტყვით გამეორება. ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, პუბლიკაციების სიტყვებს მექანიკურად არ ვიმეორებთ.

თემიდან ნუ გადაუხვევთ. კარგი არ იქნებოდა ისეთი კომენტარების თქმა, რომლებიც განსახილველ საკითხს არ შეესაბამება ან მთავარი აზრებიდან ყურადღება სხვაზე გადააქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი კომენტარი განსახილველ საკითხს უნდა უკავშირდებოდეს. თუ ამას გაითვალისწინებთ, თქვენი კომენტარებით გაამდიდრებთ განსახილველ თემას და ეს სულიერ აღშენებას მოემსახურება.

მიზნად დაისახეთ სხვების გამხნევება. რადგან კომენტარებში მონაწილეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სხვების გამხნევებაა, უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც სხვებს გულს გაუტეხდა. გარდა ამისა, მთელ აბზაცს დაწვრილებით ისე ნუ მოჰყვებით, რომ სხვებს სათქმელად ძალიან ცოტა ან არაფერი დაუტოვოთ. როდესაც პასუხები გრძელი და რთულია, აზრი ნათლად არ იკვეთება. ძალიან კარგია მოკლე კომენტარები, რომლებიც მრავალსიტყვაობით არ გამოირჩევა. ეს ახლებსაც უბიძგებს, რომ მათაც თქვან თავიანთი მოკლე პასუხები.

შეხვედრის ჩამტარებლის როლი

რადგან კრების შეხვედრები ქრისტიანთა გამხნევებასაც ემსახურება, ამ მხრივ ჩამტარებელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. თუ ყოველ კომენტარს ყურადღებით უსმენს და კეთილგანწყობით უყურებს მათ, ვინც კომენტარს ამბობს (ამ დროს მართებული არ იქნებოდა, ჩამტარებელი სხვა რამით ყოფილიყო გართული) ჩამტარებელი ცხადყოფს, რომ ნამდვილად აინტერესებს მათი ნათქვამი. არ იქნებოდა კარგი, თუ ჩამტარებელი ყურადღებით არ მოისმენდა კომენტარებს და, შედეგად, უადგილოდ გაიმეორებდა იმას, რაც უკვე ითქვა, ან დასვამდა კითხვას, რომელზეც უკვე უპასუხეს.

გულის გამტეხი იქნებოდა, თუ ჩამტარებელი ოდნავ განსხვავებული სიტყვებით რეგულარულად გაიმეორებდა პასუხებში უკვე ნათქვამ აზრებს. ამით ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ კომენტარი სათანადოდ არ იყო ნათქვამი. ამის საპირისპიროდ, ძალიან გამამხნევებელი იქნებოდა მისი მხრიდან ისეთი კომენტარების გაკეთება, რომლებიც მნიშვნელოვანი საკითხის უფრო ღრმად განხილვას შეუწყობდა ხელს. „როგორ შეგვეძლო ამ მასალის გამოყენება ჩვენს კრებაში?“; „აბზაცში მითითებული რომელი ბიბლიური მუხლი მიესადაგება კომენტარში ნათქვამ აზრს?“ — მსგავსი კითხვები აუდიტორიას აღძრავდა ისეთი აზრების გამოთქმისკენ, რომლებიც გაამდიდრებდა განხილვას.

ჩამტარებელმა კომენტარისთვის განსაკუთრებით ახლები და გაუბედავები უნდა შეაქოს. ამის გაკეთება კარგი იქნებოდა შესწავლის შემდეგ პირად საუბარში, რათა ადამიანმა თავი უხერხულად არ იგრძნოს და, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო რჩევის მიცემის შესაძლებლობაც იყოს.

თუ ყოველდღიური საუბრების დროს რომელიმე მოსაუბრე დომინირებს, ჩვეულებრივ, ეს ხელს უშლის აზრთა გაცვლა–გამოცვლას. შეიძლება მეორე ადამიანმა იფიქროს, რომ მისი მხრიდან რამის თქმა ზედმეტია და ცალი ყურით ან საერთოდაც არ უსმინოს მოსაუბრეს. მსგავსი რამ ხდება, როდესაც ჩამტარებელი ძალიან ხშირად აკეთებს კომენტარებს. მეორე მხრივ, თუ ჩამტარებელი დროდადრო დამატებით კითხვებს დასვამს, ამით მსმენელებს აღძრავს, გამოთქვან საკუთარი აზრი და უფრო ჩაუღრმავდნენ მასალას. მსგავსი კითხვები ბევრი არ უნდა იყოს.

ჩამტარებელი აუცილებლად იმას არ ჰკითხავს, ვინც პირველი აიწევს ხელს. ამას შეიძლება კომენტარებში მონაწილეობის ხალისი დაეკარგვინებინა მათთვის, ვისაც აზრების ჩამოსაყალიბებლად ცოტა მეტი დრო სჭირდება. ოდნავ შეყოვნებით ის აზრის გამოთქმის საშუალებას მათაც მისცემს, ვისაც ჯერ არ მიუღია განხილვაში მონაწილეობა. ჩამტარებელი გონიერებას იმითაც გამოავლენს, რომ ბავშვებს არ აპასუხებინებს ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც მათთვის რთული აღსაქმელია.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როდესაც ვინმე არასწორ კომენტარს ამბობს? ჩამტარებელმა ის უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდოს. არასწორად გაცემულ კომენტარებშიც კი არის რაღაცა სწორი. კარგი იქნებოდა, ჩამტარებელს ტაქტიანად აღენიშნა ის, რაც სწორი იყო, შემდეგ კი სხვა სიტყვებით დაესვა იგივე ან დამატებითი კითხვა და, ამგვარად, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გაცემულიყო სწორი პასუხი.

როდესაც ჩამტარებელი მსმენელებს კომენტარებში მონაწილეობისკენ აღძრავს, სასურველია მოერიდოს ისეთ ზოგად კითხვებს, როგორიცაა: „კიდევ ვინმეს ხომ არ სურდა აზრის გამოთქმა?“; „ვის არ მიუღია კომენტარებში მონაწილეობა? ახლა ამის გაკეთების ბოლო შესაძლებლობა გეძლევათ“. ასეთი სიტყვების წარმოთქმისას ჩამტარებელს შეიძლება კეთილი სურვილი ამოძრავებდეს, მაგრამ მსგავსი სახით მსმენელებს ვერ წაახალისებს აზრების გამოსათქმელად. ძმებმა არ უნდა იგრძნონ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ კომენტარებში ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა. ნაცვლად ამისა, უმჯობესია მათთვის იმის დანახვება, რომ თავიანთი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებით მათ მიმართ სიყვარულს ავლენენ. აგრეთვე სასურველია, რომ ჩამტარებელს, მას შემდეგ, როცა ვინმეს კომენტარის თქმის შესაძლებლობას მისცემდა, არ ეთქვა: „შემდეგ კომენტარს იტყვის ესა და ეს ძმა, ან ესა და ეს და“. ჩამტარებელმა ჯერ უნდა მოისმინოს კომენტარი და მხოლოდ შემდეგ განსაზღვროს, საჭიროა თუ არა დამატებითი კომენტარი.

კომენტარებში მონაწილეობა დიდი პატივია

სულიერობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. კომენტარებში მონაწილეობა კი დიდი პატივია. ამ განსაკუთრებული შესაძლებლობის გამოყენებით და „კრებულთა შორის“ იეჰოვას განდიდებით, მივბაძავთ დავითს და გავითვალისწინებთ პავლეს რჩევას. კრების შეხვედრებზე მონაწილეობით ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ჩვენი ძმები და იეჰოვას დიდი კრების ნაწილი ვართ. სხვაგან კიდევ სად უნდა გვინდოდეს ყოფნა, თუ არა კრებაში, მაშინ როდესაც ‘ვატყობთ იმ დღის მოახლოებას’ (ებრაელთა 10:25).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათები 20 გვერდზე]

ქრისტიანულ შეხვედრებზე მნიშვნელოვანია როგორც მოსმენა, ისე კომენტარებში მონაწილეობა.

[სურათი 21 გვერდზე]

ჩამტარებელი დიდი ინტერესით ისმენს თითოეულ კომენტარს.