იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე
ბიოგრაფია
იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე
მოგვითხრო ენელეს მზანგამ
იდგა 1972 წელი. „მალავის ახალგაზრდული ლიგის“ წევრებმა, ათმა ახალგაზრდამ, სახლის კარი შემოგვიმტვრიეს, ხელი ჩამავლეს და ახლოს მდებარე შაქრის ლერწმის ყანაში წამათრიეს. საშინლად მცემეს და იქვე მიმაგდეს, რადგან ეგონათ, უკვე მკვდარი ვიყავი. მალავიში იეჰოვას მრავალმა მოწმემ გადაიტანა მსგავსი სასტიკი თავდასხმები. რატომ დევნიდნენ მათ? რა დაეხმარა ამ ერთგულ მსახურებს ყოველივეს ატანაში? ნება მიბოძეთ, ჩემი ოჯახის შესახებ მოგითხროთ.
დავიბადე 1921 წლის 31 დეკემბერს. ჩვენი ოჯახი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. მამა ცენტრალური აფრიკის პრესვიტერიანული ეკლესიის მოძღვარი იყო. გავიზარდე მალავის დედაქალაქის, ლილონგვეს, მახლობლად მდებარე ერთ პატარა ქალაქ ნკომაში. 15 წლის ასაკში ემას მზანგას გავყევი ცოლად.
ერთხელ სახლში მამაჩემის მეგობარი (ისიც მოძღვარი იყო) გვესტუმრა. მას შეუმჩნევია, რომ ჩვენს მეზობლად იეჰოვას მოწმეები ცხოვრობდნენ და გაგვაფრთხილა, მათგან თავი შორს დაგვეჭირა. მან გვითხრა, რომ მოწმეები დემონებით შეპყრობილები იყვნენ და თუ ფრთხილად არ ვიქნებოდით, ჩვენც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ამ გაფრთხილებამ ჩვენზე იმდენად იმოქმედა, რომ საცხოვრებლად სხვა სოფელში გადავედით. იქ ემასმა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მაგრამ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ აქაც გვყავდნენ მეზობლად იეჰოვას მოწმეები.
ცოტა ხნის შემდეგ ემასი ბიბლიისადმი დიდმა სიყვარულმა აღძრა, რომ ერთ მოწმეს გამოლაპარაკებოდა. მრავალ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხების მიღების შემდეგ ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. თავდაპირველად ის შესწავლას თავის
სამუშაო ადგილზე, მაღაზიაში, გადიოდა. მოგვიანებით კი შესწავლამ ჩვენს სახლში გადმოინაცვლა და კვირაში ერთხელ ტარდებოდა. ყოველთვის, როდესაც მოწმეები მოდიოდნენ, სახლს ვტოვებდი, რადგან მათი მეშინოდა. მიუხედავად ამისა, ემასი ბიბლიის შესწავლას განაგრძობდა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, 1951 წლის აპრილში ის მოინათლა, მაგრამ ჩემთვის არ გაუმხელია, რადგან ეშინოდა, რომ ამის გამო გავეყრებოდი.რთული კვირები
ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობარმა ელენ კაძალერომ მითხრა, რომ ჩემი ქმარი იეჰოვას მოწმედ მოინათლა. საშინლად გავბრაზდი. იმ დღის შემდეგ ქმარს არც ველაპარაკებოდი და არც საჭმელს ვუკეთებდი. მისთვის არც დასაბანი წყალი მომქონდა და არც ვუთბობდი. ასე რომ, არ ვუკეთებდი არაფერს, რაც, ჩვეულებრივ, ჩვენს ქვეყანაში ცოლის მოვალეობა იყო.
ემასმა სამი კვირა ითმინა, შემდეგ კი მთხოვა, გვესაუბრა. საუბრისას მომიყვა, თუ რატომ გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. წამიკითხა და ამიხსნა რამდენიმე ბიბლიური მუხლი; ერთ-ერთი იყო 1 კორინთელთა 9:16. ყოველივე ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და ვიფიქრე, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამიტომ, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ჩემი მოსიყვარულე ქმრისთვის გული რომ გამეხარებინა, იმავე საღამოს მოვუმზადე ბრწყინვალე ვახშამი.
ჭეშმარიტების გაზიარება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის
მშობლებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, როდესაც გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმეებთან გვქონდა ურთიერთობა. ჩემი ოჯახისგან წერილი მივიღეთ, სადაც გვწერდნენ, რომ მათთან ფეხი აღარ დაგვედგა. მათმა ამგვარმა რეაქციამ დაგვამწუხრა, მაგრამ მივენდეთ იესოს აღთქმას — რომ გვეყოლებოდა ბევრად მეტი ძმები, დები, მამები და დედები (მათე 19:29).
ბიბლიის შესწავლაში ვიყოჩაღე და 1951 წლის აგვისტოში, ჩემი მეუღლის მონათვლიდან სულ რაღაც სამთვენახევრის შემდეგ, მოვინათლე. თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჭეშმარიტება ჩემი მეგობრისთვის, ელენისთვისაც გამეზიარებინა. საბედნიეროდ, ბიბლიის შესწავლაზე მას უარი არ უთქვამს. 1952 წლის მაისში ისიც მოინათლა და ჩემი სულიერი და გახდა, რამაც ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო განამტკიცა. დღემდე ჩვენ ახლო მეგობრები ვართ.
1954 წელს ემასი სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა და მისი მოვალეობა კრებების მონახულება იყო. იმ დროს ექვსი შვილი გვყავდა. მაშინ სარაიონო ზედამხედველები, რომლებსაც ცოლ-შვილი ჰყავდათ, ერთ კვირას კრებებს ინახულებდნენ, ხოლო მეორე კვირას ცოლ-შვილთან ატარებდნენ. ემასი ყოველთვის აქცევდა იმას ყურადღებას, რომ ბიბლიის ოჯახური შესწავლა ჩამეტარებინა მაშინ, როდესაც თავად მონახულებაზე იყო. ვცდილობდით, შესწავლები ბავშვებისთვის საინტერესო გაგვეხადა. შვილებთან მთელი გულწრფელობითა და დამაჯერებლობით არაერთხელ გვისაუბრია იეჰოვასა და მის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტებისადმი ჩვენი სიყვარულის შესახებ. მთელი ოჯახი სამქადაგებლო მსახურებაშიც ვმონაწილეობდით. ამგვარმა სულიერმა წვრთნამ ბავშვებს რწმენა განუმტკიცა და იმ დევნისთვის მოამზადა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა მოგვიანებით გადაიტანა.
იწყება რელიგიური დევნა
1964 წელს მალავი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. როგორც კი ჩვენი ნეიტრალური პოზიციის შესახებ გაიგეს, მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლები მაშინვე შეეცადნენ, ჩვენთვის პარტიული ბილეთის ყიდვა დაეძალებინათ *. მე და ემასმა უარი ვთქვით მის შეძენაზე, ამიტომაც, ახალგაზრდული ლიგის წევრებმა სიმინდის ყანა გაგვიჩანაგეს — სიმინდი კი ჩვენთვის მთელი წლის საზრდო იყო. ყანის გაჩანაგებისას ახალგაზრდული ლიგის წევრები მღეროდნენ: „ყველას, ვინც არ იყიდის კამუზუს [პრეზიდენტ ბანდას] ბილეთს, ტერმიტები გაუნადგურებენ სიმინდის ყანებს და ამ ყანების პატრონები სიმწრისგან ატირდებიან“. ასეთი დანაკარგის მიუხედავად, ჩვენ გული არ გაგვიტეხავს. ვგრძნობდით, რომ იეჰოვა ზრუნავდა ჩვენზე. იმ ძნელბედობის ჟამს მან დიდი სიყვარულით განგვამტკიცა (ფილიპელთა 4:12, 13).
1964 წლის აგვისტოს ერთ ღამეს სახლში ბავშვებთან ერთად მარტო ვიყავი. გვიანი ღამე იყო და გვეძინა. მოულოდნელად შორიდან მოღწეულმა სიმღერის ხმამ გამაღვიძა. მღეროდნენ გულევამკულუს (მოცეკვავეთა საშიში საიდუმლო ჯგუფი) წევრები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ხოლმე ხალხს და თავიანთ თავს გარდაცვლილ წინაპართა სულებად წარმოადგენდნენ. ახალგაზრდულმა ლიგამ ისინი ჩვენთან გამოგზავნა. ბავშვები სასწრაფოდ გავაღვიძე და ვიდრე თავდამსხმელები ჩვენს სახლს მოადგებოდნენ, გავიქეცით და თავი ბუჩქებს შევაფარეთ.
სამალავიდან დავინახეთ, თუ როგორ განათდა იქაურობა. გულევამკულუს წევრებს ჩვენი სახლის ჩალის სახურავისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ. სახლიც და მთელი ჩვენი ქონებაც ფერფლად იქცა. როდესაც თავდამსხმელები ტოვებდნენ ჩვენს ნასახლარს, რომელსაც ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა, გავიგეთ მათი სიტყვები: „გასათბობად კარგი კოცონი მოვუწყეთ მოწმეებს“. ჩვენ ძალიან ვემადლიერებოდით იეჰოვას, რომ ცოცხლები გადავრჩით! მართალია, მთელი ქონება გაგვინადგურეს, მაგრამ ვერაფერი ავნეს ჩვენს გადაწყვეტილებას, ადამიანებზე კი არ ვყოფილიყავით მინდობილნი, არამედ იეჰოვაზე (ფსალმუნები 117:8).
გავიგეთ, რომ გულევამკულუს წევრებს ასეთივე საშინელება დაუტრიალებიათ ჩვენს მხარეში მცხოვრები ხუთი მოწმის ოჯახში. ძალიან გავიხარეთ და დიდად მადლობლები დავრჩით, როდესაც მეზობელი კრებიდან ძმებმა დახმარების ხელი გამოგვიწოდეს. მათ ახალი სახლები აგვიშენეს და რამდენიმე კვირის სამყოფი საკვებითაც მოგვამარაგეს.
დევნა ძლიერდება
1967 წლის სექტემბერში მალავიში დაიწყო სპეციალური კამპანია, რათა თავი მოეყარათ მთელ ქვეყანაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის. უმოწყალო და აგრესიული ახალგაზდა მამაკაცები — მალავის ახალგაზრდა პიონერთა და ახალგაზრდული ლიგის წევრები, — რომლებიც მაჩეტეებით იყვნენ შეიარაღებულნი, მოწმეების საპოვნელად კარდაკარ დადიოდნენ. როგორც კი იპოვიდნენ მათ, პარტიული ბილეთის ყიდვას აძალებდნენ.
ჩვენს სახლში როცა მოვიდნენ, გვკითხეს, გვქონდა თუ არა პარტიული ბილეთი. მე ვუპასუხე: „არა, არ შემიძენია და არც ახლა და არც არასდროს ვაპირებ მის ყიდვას“. მაშინ მე და ჩემი ქმარი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში წაგვიყვანეს, ისე რომ არაფრის წაღების საშუალება არ მოგვცეს. სკოლიდან დაბრუნებულ უმცროს შვილებს სახლში არავინ დახვდათ, რამაც ისინი ძალიან შეაშინა. საბედნიეროდ, ცოტა ხნის შემდეგ სახლში უფროსი ვაჟი დანიელი მივიდა და მეზობლებისგან გაიგო, რაც მოხდა. ის უმცროს და-ძმებთან ერთად მაშინვე პოლიციის განყოფილებისკენ გამოემართა. ისინი სწორედ იმ დროს მოვიდნენ, როდესაც ლილონგვეში (დედაქალაქში) გადასაყვანად პოლიციელი სატვირთო მანქანაში გვსვამდა. ბავშვებიც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ.
ლილონგვეში პოლიციის მთავარ სამმართველოში უკანონო სასამართლო განხილვა მოაწყვეს. ჩინოვნიკებმა გვკითხეს: „რჩებით იეჰოვას მოწმეებად?“ „დიახ“, — ვუპასუხეთ ჩვენ, თუმცა ეს ავტომატურად შვიდი წლით პატიმრობას ნიშნავდა. მათ, ვისაც ჩვენი ორგანიზაციის „წინამძღოლებად“ მიიჩნევდნენ, 14 წლით აპატიმრებდნენ.
მეორე დილით, მშივრები და უძილოები, პოლიციამ მაულას ციხეში გადაგვიყვანა. იქ საკნები ისე იყო გადაჭედილი, რომ იატაკზე დასაწოლი ადგილიც კი ვერ ვიპოვეთ. საპირფარეშოს მოვალეობას თითოეულ გადაჭედილ საკანში თითო ვედრო ასრულებდა. საჭმელს ძალიან ცოტას გვაძლევდნენ და ისიც ცუდად იყო მომზადებული. ორი კვირის შემდეგ, ციხის ადმინისტრაცია მიხვდა, რომ უწყინარი ხალხი ვიყავით და გარეთ, ციხის სავარჯიშო ეზოში გასვლის უფლება მოგვცა. ასეთი სახით ბევრი მოწმის ერთად თავმოყრა ყოველდღიურად იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ ერთმანეთი გაგვემხნევებინა და გვექადაგა მათთვის, რომლებიც ციხეში ჩვენთან ერთად ისხდნენ. ჩვენდა გასაოცრად, დაპატიმრებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაგვათავისუფლეს, რადგან მალავის მთავრობაზე გავლენა იქონია საერთაშორისო საზოგადოებრიობის აქტიურობამ.
პოლიციელებმა გვითხრეს, რომ სახლში დავბრუნებულიყავით, მაგრამ იქვე დასძინეს, რომ მალავიში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა კანონით აკრძალული იყო. აკრძალვა 1967 წლის 20 ოქტომბრიდან 1993 წლის 12 აგვისტომდე, თითქმის 26 წელი გაგრძელდა. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძელით ნეიტრალიტეტის შეურყევლად დაცვა.
ჩვენზე „ნადირობდნენ“
1972 წლის ოქტომბერში მთავრობის მიერ გამოცემულმა ახალმა დადგენილებამ დევნის ახალი ტალღა გამოიწვია. ამ დადგენილების თანახმად, ყველა იეჰოვას მოწმე უნდა დაეთხოვათ სამუშაოდან და ვინც სოფლებში ცხოვრობდა, სახლიდან უნდა გაეგდოთ. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, თითქოს ჩვენზე ნადირობდნენ.
იმ დროს ჩვენს სახლში ერთი ახალგაზრდა ძმა მოვიდა და გვითხრა, რომ ჩემი მეუღლისთვის ახალი ამბავი ჰქონდა სასწრაფოდ გადასაცემი — თურმე ახალგაზრდული ლიგის წევრებს გადაუწყვეტიათ, ემასისთვის თავი მოეჭრათ, მოჭრილი თავი მარგილზე წამოეცვათ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიეტანათ. ემასი დაუყოვნებლივ ამოქმედდა, მაგრამ სახლიდან წასვლამდე იმაზეც იზრუნა, რომ ჩვენც რაც შეიძლება მალე მივყოლოდით მას. ბავშვები სასწრაფოდ გავგზავნე. შემდეგ კი ის-ის იყო მეც უნდა წავსულიყავი, რომ გამოჩნდა ახალგაზრდული ლიგის ათი წევრი, რომლებიც ემასს ეძებდნენ. ისინი სახლში შემოცვივდნენ და დაინახეს, რომ ემასი წასული იყო. ათმა გაცოფებულმა მამაკაცმა მახლობლად მდებარე შაქრის ლერწმის ყანაში წამათრია, სადაც წიხლები მირტყეს და შაქრის ლერწმის ღეროებით მცემეს. შემდეგ კი მკვდარი ვეგონე და მიმაგდეს. გონზე მოსვლის შემდეგ ფორთხვით სახლში დავბრუნდი.
იმ ღამეს, ჩამობნელდა თუ არა, ემასმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ჩემს სანახავად სახლში დაბრუნდა. ასე ნაცემ-ნაბეგვი როცა დამინახა, მან და მისმა მეგობარმა, რომელიც საკუთარი მანქანით იყო, ფრთხილად გადამიყვანეს მანქანაში. მიმიყვანეს ლილონგვეში, ერთი ძმის სახლში, სადაც ნელ-ნელა მომიშუშდა ჭრილობები. ამასობაში ემასმა გეგმა შეადგინა, თუ როგორ დაგვეტოვებინა ქვეყანა.
ლტოლვილები, რომლებსაც წასასვლელი არსად გვქონდა
ჩვენს სიძესა და ქალიშვილს, დინესს, ათტონიანი სატვირთო მანქანა ჰყავდათ. მათ დაიქირავეს მძღოლი, რომელიც ერთ დროს „მალავის ახალგაზრდა პიონერთა“ წევრი იყო, მაგრამ ახლა ჩვენდამი თანაგრძნობით იყო გამსჭვალული. მძღოლმა თავად გამოთქვა ჩვენი და სხვა მოწმეების დახმარების სურვილი. რამდენიმე დღის განმავლობაში, საღამოობით, დათქმული საიდუმლო ადგილებიდან აგროვებდა მოწმეებს. შემდეგ მალავის ახალგაზრდა პიონერის ფორმა ჩაიცვა და მოწმეებით დატვირთული სატვირთო მანქანით რამდენიმე საკონტროლო პოსტი გაიარა. ის დიდ რისკზე წავიდა იმით, რომ ასობით მოწმეს საზღვრის გადაკვეთასა და ზამბიაში ჩასვლაში დაეხმარა.
რამდენიმე თვის შემდეგ ზამბიის ხელისუფლებამ კვლავ მალავიში გადმოგვასახლა, მაგრამ მშობლიურ სოფელში დაბრუნება არ შეგვეძლო. ყველაფერი, რაც იქ დავტოვეთ, უკვე მოპარული იყო. ჩვენი სახლის სახურავიდან მეტალის ფურცლებიც კი ჰქონდათ აძრობილი. რადგან წასასვლელი არსად გვქონდა, მოზამბიკში გავიქეცით და თავი მლანჟენს შევაფარეთ. იქ ლტოლვილთა ბანაკში დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი დავყავით. 1975 წლის ივნისში კი მოზამბიკის ახალმა მთავრობამ ბანაკი დახურა და გვაიძულა, დავბრუნებულიყავით მალავიში, სადაც იეჰოვას ხალხის მიმართ დამოკიდებულება ჯერაც არ შეცვლილიყო. სხვა გზა არ გვქონდა: ხელმეორედ ზამბიაში უნდა გავქცეულიყავით. იქ ჩიგუმუკირის ლტოლვილთა ბანაკში გავჩერდით.
ორი თვის შემდეგ ბანაკთან მდებარე მთავარ გზაზე ავტობუსებისა და სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა გაჩერდა. კბილებამდე შეიარაღებული ასობით ზამბიელი ჯარისკაცი ბანაკში შემოიჭრა. გვითხრეს, რომ ჩვენთვის ძალიან კარგი სახლები იყო აშენებული და მოვიდნენ, რათა გადაადგილებაში დაგვხმარებოდნენ. ვიცოდით, რომ ეს მართალი არ იყო. ჯარისკაცებს ხალხი სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებში ძალით აჰყავდათ. ბანაკი პანიკამ მოიცვა. ჯარისკაცებმა ავტომატებით ჰაერში სროლა დაიწყეს. შიშით შეპყრობილი ათასობით და-ძმა აქეთ-იქით გაიფანტა.
ამ არეულობაში ემასი მოულოდნელად დაეცა და ზედ გადაუარეს, მაგრამ ერთმა ძმამ წამოაყენა ფეხზე. ვფიქრობდით, რომ ეს დიდი გასაჭირის დასაწყისი იყო. ყველა ლტოლვილი მალავის მიმართულებით გაიქცა. ჯერ კიდევ ზამბიის ტერიტორიაზე ყოფნისას მდინარეს მივადექით, სადაც ძმებმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა ყველას შეძლებოდა მდინარის გადალახვა. მეორე მხარეს ზამბიის ჯარისკაცების ალყაში მოვხვდით. მათ გვაიძულეს, მალავიში დავბრუნებულიყავით.
კვლავ მალავიში დაბრუნებულებმა, არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. გავიგეთ, რომ პოლიტიკური კრებებისა და გაზეთების საშუალებით ხალხს აფრთხილებდნენ, ფხიზლად ყოფილიყვნენ და შეემჩნიათ „ახალი სახეები“ — მხედველობაში ჰყავდათ იეჰოვას მოწმეები. ამიტომ გადავწყვიტეთ, დედაქალაქში წავსულიყავით, სადაც ისე შესამჩნევი არ ვიქნებოდით, როგორც სოფელში. დავიქირავეთ ერთი პატარა სახლი. ემასმაც განაახლა სარაიონო მსახურება და მთავრობისგან ფარულად კრებებს ინახულებდა.
კრების შეხვედრებზე დასწრება
რა დაგვეხმარა ერთგულების შენარჩუნებაში? კრების შეხვედრები! მოზამბიკისა და ზამბიის ლტოლვილთა ბანაკებში კრების შეხვედრებზე დასასწრებად თავისუფლად ვიკრიბებოდით უბრალო, ჩალით გადახურულ სამეფო დარბაზებში. მალავიში შეხვედრების ჩატარება საშიში და რთული იყო, მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის ღირდა ძალისხმევად. სხვების ყურადღება რომ არ მიგვეპყრო, შეხვედრებს გვიან ღამით მივარდნილ ადგილებში ვატარებდით. მომხსენებლისადმი მადლიერების გამოსახატავად ტაშს არ ვუკრავდით. უბრალოდ, ხელს ხელზე ვუსვამდით.
მონათვლებიც გვიან ღამით ხდებოდა. ჩვენი ვაჟი აბიიუდიც ამგვარად მოინათლა. მოსანათლავებისთვის მოხსენების მოსმენის შემდეგ ის და სხვები, რომლებიც იმ ღამეს უნდა მონათლულიყვნენ, სიბნელეში ჭაობიანი ადგილისკენ გაემართნენ, სადაც პატარა ორმო იყო ამოთხრილი. სწორედ ამ ორმოში მოინათლნენ ისინი.
ჩვენი პატარა სახლი — უსაფრთხო თავშესაფარი
აკრძალვის უკანასკნელ წლებში, ლილონგვეში, ჩვენი სახლი უსაფრთხო საწყობადაც გვემსახურებოდა. ზამბიის ფილიალიდან ჩვენს სახლში მალულად მოჰქონდათ წერილები და ლიტერატურა. ძმები მოდიოდნენ ველოსიპედებით და ზამბიიდან მიღებულ ფოსტასა და ლიტერატურას მთელ მალავიში ანაწილებდნენ. „საგუშაგო კოშკი“, რომელსაც ვავრცელებდით, ძალიან თხელი იყო, რადგან ბიბლიისთვის განკუთვნილ თხელ ფურცლებზე იყო დაბეჭდილი. ეს კი ამ ჟურნალების დამტარებლებს ორჯერ მეტი ჟურნალის წაღების საშუალებას აძლევდა. მათ მინი „საგუშაგო კოშკებიც“ დაჰქონდათ, რომლებშიც მხოლოდ სასწავლო სტატიები იყო. ასეთი ჟურნალის დამალვა ადვილად შეიძლებოდა პერანგის ჯიბეში, რადგან მთელი ჟურნალი ერთი ფურცლისგან შედგებოდა.
ეს ძმები თავისუფლებასა და სიცოცხლეს იგდებდნენ საფრთხეში, როდესაც მივარდნილი,
უკაცრიელი ადგილების გავლით, ზოგჯერ უკუნეთ ღამეში, ველოსიპედებით აკრძალულ ლიტერატურას დაატარებდნენ. საკონტროლო პოსტებისა თუ სხვა ხიფათების მიუხედავად, ისინი ასობით კილომეტრს გადიოდნენ დარსა თუ ავდარში, რათა ძმებისთვის სულიერი საზრდო მიეწოდებინათ. მართლაც რომ გულადები იყვნენ ჩვენი ძვირფასი დამტარებლები!იეჰოვა ზრუნავს ქვრივებზე
1992 წლის დეკემბერში სარაიონო მონახულების დროს მოხსენების წარმოთქმისას ემასს დამბლა დაეცა. ამის შედეგად მას მეტყველების უნარი წაერთვა. გარკვეული დროის შემდეგ დამბლა გაუმეორდა და სხეულის ერთი მხარე პარალიზებული გაუხდა. ჯანმრთელობის დაკარგვა მისთვის დიდი დანაკლისი იყო. კრების მხრიდან სიყვარულის გამოვლენა და მხარში ამოდგომა მდგომარეობას მიმსუბუქებდა. მეუღლეს სახლში ვუვლიდი. სამწუხაროდ, 1994 წლის ნოემბერში, 76 წლის ასაკში, ემასი გარდაიცვალა. 57 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ემასი აკრძალვის გაუქმებას მოესწრო. ერთგული თანამგზავრის დაკარგვა ჩემთვის დღემდე მოუშუშებელი ჭრილობაა.
დაქვრივების შემდეგ საცხოვრებლად სიძესა და ქალიშვილთან გადავედი. ჩემი სიძე, ცოლსა და ხუთი შვილის გარდა, ჩემზეც ზრუნავდა. სამწუხაროდ, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 2000 წლის აგვისტოში ის გარდაიცვალა. როგორ უნდა ვერჩინეთ ჩემს ქალიშვილს და სად უნდა გვეცხოვრა? კვლავ დავინახე, რომ იეჰოვა მზრუნველია და ნამდვილად არის „მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა“ (ფსალმუნები 67:6). იეჰოვამ თავისი მიწიერი მსახურების მეშვეობით შესანიშნავი ახალი სახლი გვაჩუქა. როგორ? ჩვენი კრების ძმებმა და დებმა როგორც კი დაინახეს ჩვენი გაჭირვება, სახლის აშენებას შეუდგნენ და მშენებლობა ხუთ კვირაში დაასრულეს. დახმარების ხელი გამოგვიწოდეს სხვა კრების კალატოზმა ძმებმაც. უსაზღვრო იყო ამ ძმების მიერ გამოვლენილი სიყვარული და სიკეთე, რადგან სახლი, რომელიც აგვიშენეს ბევრი მათგანის სახლზე უკეთესი იყო. კრების მხრიდან ასეთი სიყვარულის გამოვლენა არც მეზობლებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. დასაძინებლად რომ მივდივარ, თავი სამოთხეში მგონია! მართალია, ჩვენი მშვენიერი სახლი აგურითა და ცემენტით არის აშენებული, მაგრამ, როგორც მრავალი აღნიშნავს, ეს სიყვარულით აშენებული სახლია (გალატელთა 6:10).
იეჰოვას მზრუნველობა
ბევრჯერ ვყოფილვარ სასოწარკვეთილების პირას, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას სიკეთესა და დახმარების ხელს. ცხრა შვილიდან შვიდი ცოცხალი მყავს და ჩემი ოჯახი დღეს 123 წევრისგან შედგება. ძალიან მადლიერი ვარ, რომ თითქმის ყველა ერთგულად ემსახურება იეჰოვას.
დღეს, 82 წლის ქალს, დიდ სიხარულს მანიჭებს იმის დანახვა, თუ რა გაკეთდა ღვთის სულიწმიდის დახმარებით მალავიში. ოთხი წლის წინ ერთი სამეფო დარბაზი გვქონდა, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა 600-მდე გაიზარდა. ლილონგვეში ახალი ფილიალიც გვაქვს და თავისუფლად, ყოველგვარი აკრძალვის გარეშე ვიღებთ სულიერ საზრდოს, რაც ჩვენს განმტკიცებას ემსახურება. საკუთარ თავზე გამოვცადე ესაიას 54:17-ში მოცემული დაპირების შესრულება. ამ მუხლში ღმერთი გვარწმუნებს: „ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება“. იეჰოვას მსახურებაში 50 წელზე მეტი ხნის გატარების შემდეგ, გულდაჯერებით შემიძლია ვთქვა: რა განსაცდელსაც უნდა შევხვდეთ, იეჰოვა ყოველთვის იზრუნებს ჩვენზე.
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 მალავიში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული, 1999“, გვერდები 149—223 (რუს.); გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 24 გვერდზე]
ჩემი მეუღლე, ემასი, 1951 წლის აპრილში მოინათლა.
[სურათი 26 გვერდზე]
ლიტერატურის გულადი დამტარებლები.
[სურათი 28 გვერდზე]
სიყვარულით აშენებული სახლი.