მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
მსოფლიოს ბევრ კუთხეში მიღებულია საქორწილო საჩუქრების გაკეთება. რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ ასეთი საჩუქრების გაკეთების ან მიღების დროს?
ბიბლია იწონებს, როდესაც რაიმეს სწორი მოტივით და შესაფერის დროს გავცემთ. საღვთო წერილი ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ მიჰბაძონ თავიანთ ხელგაშლილ ღმერთს, იეჰოვას (იაკობი 1:17). პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მიმართავდა: „არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის“. როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ქრისტიანები ხელგაშლილნი უნდა იყვნენ (ებრაელთა 13:16; ლუკა 6:38).
რისი თქმა შეიძლება საჩუქრების სიის გამოყენებაზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ რამედ ითვლება? ინგლისში ამას საქორწილო ნუსხას ეძახიან. ჩვეულებისამებრ, წყვილი დაქორწინებამდე მიდის უნივერმაღში, სადაც შემოთავაზებულ საქონელს ათვალიერებენ. ისინი თავად ადგენენ იმ ნივთების სიას, რომელთა მიღებაც სურთ საქორწილო საჩუქრებად. წყვილის ნათესავები და მეგობრები იღებენ მოსაწვევებს, სადაც აღნიშნულია, რომელ უნივერმაღს უნდა ეწვიონ მათ მიერ შედგენილი სიიდან განსაზღვრული საჩუქრის საყიდლად. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს სტუმრებს საჩუქრის ძებნაში ზედმეტ დროს არ აკარგვინებს და ახალდაქოწინებულებსაც აღარ უწევთ არასასურველი საჩუქრის უკან დაბრუნება.
დასაქორწინებელი წყვილის პირადი გადასაწყვეტია, შეადგენენ თუ არა საჩუქრების სიას, მაგრამ ქრისტიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავი აარიდონ ნებისმიერ ისეთ ჩვეულებას, რომლითაც ბიბლიურ პრინციპებს დაარღვევდნენ. მაგალითად, რა იქნება, თუ დანიშნული წყვილი მხოლოდ ძვირადღირებული ნივთების სიას შეადგენს? ასეთ შემთხვევაში, ისინი, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ, ვერ შეძლებენ საჩუქრის ყიდვას ან შეიძლება ქორწილში მისვლაზე თქვან უარი, რათა უხერხულად არ იგრძნონ თავი იაფი საჩუქრის გამო. ერთმა ქრისტიანმა ქალმა დაწერა: „შესაფერისი საქორწილო საჩუქრის ყიდვა სულ უფრო და უფრო მიძნელდება. ვცდილობ, გულუხვი ვიყო, მაგრამ ბოლო დროს საერთოდ დავკარგე სიხარული, რასაც გაცემა ანიჭებს ადამიანს“. რა სამწუხარო იქნებოდა, ქორწილი ვინმეს გულგატეხილობის მიზეზი რომ გამხდარიყო.
რასაკვირველია, სტუმრებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი საჩუქარი მაინცდამაინც იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ განსაკუთრებულ მაღაზიაში იყიდიან ან მასში დიდ თანხას გადაიხდიან. იესო ქრისტემ ხომ გვაჩვენა, რომ ღვთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი მოტივები და არა საჩუქრის ღირებულება (ლუკა 21:1—4). მსგავსადვე გაუსვა ამას პავლე მოციქულმა ხაზი, როცა გაჭირვებულთა დახმარებასთან დაკავშირებით აღნიშნა: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7).
ბიბლიის თანახმად, არაფერი ირღვევა იმით, თუ ვინმე აღნიშნავს, რომ საჩუქარი მის მიერაა გაკეთებული. მაგალითად, როცა საჩუქართან ერთად მიცემულ ბარათზე ორიოდე სიტყვას წააწერს. ზოგან მიღებულია, რომ დამსაჩუქრებელი ყველა დამსწრის წინაშე იქნეს წარდგენილი. ამ ჩვეულებამ შეიძლება სირთულეები წარმოქმნას. შესაძლოა, ვინმეს არ სურს, რომ მეტისმეტი ყურადღება მიიქციოს. ასეთი ადამიანები მათეს 6:3-ში ჩაწერილი პრინციპის თანახმად მოქმედებენ. ამ მუხლში იესოს შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა“. სხვები შეიძლება ფიქრობენ, რომ საჩუქრის გაკეთება პირადული საქმეა, რომელიც მხოლოდ დამსაჩუქრებელსა და საჩუქრის მიმღებს უნდა ეხებოდეს. ამავე დროს, დამსაჩუქრებლის სხვების წინაშე წარდგენამ შეიძლება საჩუქრების ერთმანეთთან შედარებას და ამის შედეგად, ერთმანეთს შორის ‘გაჯიბრებას’, შეუწყოს ხელი (გალატელთა 5:26, აქ). ქრისტიანები, რასაკვირველია, უნდა მოერიდონ დამსაჩუქრებლების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას მათი სახელების სახალხოდ გამოცხადებით (1 პეტრე 3:8).
ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპების გამოყენების შედეგად, გაცემას სიხარული მოაქვს (საქმეები 20:35).