რეალური იმედი ღარიბებისთვის
რეალური იმედი ღარიბებისთვის
დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტე, ღვთის ძე, გულწრფელ ინტერესს ავლენდა ღარიბთა მიმართ. იესოს მსახურების თვითმხილველები აღნიშნავდნენ: „ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ“ (მათე 11:5). რის თქმა შეიძლება დღეს მცხოვრებ მილიონობით ღარიბ ადამიანზე? არსებობს მათთვის რაიმე სასიხარულო ცნობა? დიახ, ეს არის იმედის ჩამნერგავი ცნობა.
თუმცა ქვეყნიერებაში ხშირად არაფრად აგდებენ და ივიწყებენ ღარიბ ხალხს, ღვთის სიტყვა, ბიბლია ასეთ დაპირებას იძლევა: „სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ — დაკარგული უპოვართა იმედი“ (ფსალმუნები 9:19). ეს მანუგეშებელი სიტყვები მაშინ შესრულდება, როცა ღვთის სამეფო, ზეციერი მთავრობა, ყველა ადამიანურ მმართველობას შეცვლის (დანიელი 2:44). იესო, როგორც ზეციერი სამეფოს მეფე, „შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნები 71:13, 14).
რა პირობები იქნება დედამიწაზე იესო ქრისტეს მმართველობისას? ქრისტეს მეფობის დროს მცხოვრებნი თავიანთი შრომის ნაყოფით გაიხარებენ. მიქას 4:3, 4-ში აღნიშნულია: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“. ღვთის სამეფოს მმართველობისას ავადმყოფობასა და სიკვდილსაც მოეღება ბოლო (ესაია 25:8). ყველაფერი საოცრად შეიცვლება! შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიაში მოცემული ამ დაპირებების, რადგან ისინი ღვთის შთაგონებითაა დაწერილი.
გარდა იმისა, რომ ბიბლია დამაიმედებელ ცნობას შეიცავს, ის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაშიც გვეხმარება. მაგალითად, სიღარიბით გამოწვეული უღირსობის გრძნობის დაძლევაში. გაჭირვებაში მყოფმა ქრისტიანმა ბიბლიის საფუძველზე იცის, რომ ღვთის თვალში ისიც ისეთივე ძვირფასია, როგორც მდიდარი ქრისტიანი. ბიბლიის წიგნ „იობში“ აღნიშნულია, რომ ღმერთი „მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მის ხელთა ქმნილებანი არიან“ (იობი 34:19). ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს (საქმეები 10:34, 35).