„ბრძენის კანონი“ სიცოცხლის წყაროა
„ბრძენის კანონი“ სიცოცხლის წყაროა
„ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!“ — აღფრთოვანებით წარმოთქვა პავლე მოციქულმა (რომაელთა 11:33). ერთგულმა პატრიარქმა იობმა კი აღნიშნა: „[იეჰოვა ღმერთი] გულით ბრძენია“ (იობი 9:4). დიახ, ცისა და დედამიწის შემოქმედი შეუდარებელი სიბრძნის პატრონია. რა შეიძლება ითქვას ასეთი შემოქმედის კანონზე, ანუ მის წერილობით სიტყვაზე?
ფსალმუნმომღერალი გალობდა: „რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს“ (ფსალმუნები 18:8, 9). რა კარგად ესმოდა ძველი ისრაელის მეფე სოლომონს ამ სიტყვების უტყუარობა. მან განაცხადა: «ბრძენის მოძღვრება [„კანონი“, აქ] სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს» (იგავები 13:14). იგავების მე–13 თავის პირველ 13 მუხლში სოლომონი გვიჩვენებს, ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები როგორ გვეხმარება ცხოვრების გაუმჯობესებასა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების თავიდან არიდებაში.
მიიღეთ დარიგება
«ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი [„დამცინავი“, აქ] კი არ ისმენს საყვედურს», — ნათქვამია იგავების 13:1–ში. მამამ შეიძლება შვილი მსუბუქად ან მკაცრად დაარიგოს. თავდაპირველად სიტყვიერი დარიგებებით იფარგლება, მაგრამ მათი უგულებელყოფის შემთხვევაში, საბოლოოდ, სასჯელი გარდაუვალია. შვილი მაშინ ავლენს გონიერებას, როცა იღებს მამის დარიგებას.
„რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. — ნათქვამია ბიბლიაში. — სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“ (ებრაელთა 12:6). ერთ–ერთი საშუალება, რითაც ჩვენი ზეციერი მამა გვარიგებს, მისი წერილობითი სიტყვა, ბიბლიაა. როდესაც მოწიწებით ვკითხულობთ ბიბლიას და წაკითხულს ცხოვრებაში ვიყენებთ, მართლაც რომ ვიწვრთნებით. ეს ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება, რადგან იეჰოვა ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ ამბობს (ესაია 48:17).
გამოსწორების მიზნით შეიძლება ჩვენი სულიერი კეთილდღეობით დაინტერესებული თანამორწმუნისგანაც მივიღოთ დარიგება. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი სასარგებლო რჩევა, რომელიც ღვთის სიტყვასთან არის შეთანხმებული, მომდინარეობს არა ჩვენი კეთილმოსურნე მრჩეველისგან, არამედ თავად ჭეშმარიტების წყაროსგან, იეჰოვასგან. გონიერებას გამოვავლენთ, თუ ასეთ რჩევას მივიღებთ, როგორც იეჰოვას მიერ მოცემულს. როდესაც ამგვარად ვიქცევით, რჩევის შესაბამისად ვიწყებთ აზროვნებას, ამ რჩევის შუქზე ვიღრმავებთ საღვთო წერილის ცოდნას და სათანადო ცვლილებებს ვახდენთ საკუთარ თავში, დარიგებას სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. იმავეს თქმა შეიძლება რჩევებზე, რომლებსაც ქრისტიანული კრების შეხვედრებზე ვისმენთ და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან ვიღებთ. წერილობითი სახითა თუ სიტყვიერად მოცემულ რჩევებზე გამოხმაურება დიდ დახმარებას გაგვიწევს თვითდისციპლინაში.
დამცინავი ამის საპირისპიროდ მოქმედებს და არ ეხმაურება დარიგებას. „ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მან იცის, რა არის საუკეთესო და ამიტომ არ იღებს დარიგებას“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. ის დარიგების შედარებით მკაცრ ფორმაზე — საყვედურზეც — არ რეაგირებს. მაგრამ აქვს მას იმის ფიქრის საფუძველი, რომ მამის დარიგება არასწორია? იეჰოვა ყოველთვის მართალია და არც არასდროს შეცდება. დარიგების უგულებელყოფით დამცინავი მხოლოდ საკუთარ თავს ხდის სასაცილოს. კარგად შერჩეული რამდენიმე სიტყვით რა შესანიშნავად ხსნის სოლომონი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დარიგების მიღება!
გაუფრთხილდით თქვენს ბაგეს!
იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეტყველებისას ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა, ისრაელის მეფე ბაგეს ნაყოფის მომტან ხეს ადარებს: „თავისი პირის ნაყოფიდან კაცი სიკეთეს შეჭამს, მოღალატეთა სული კი — ნაძარცვს [მოძალადეა]“ (იგავები 13:2). „პირის ნაყოფი“ წარმოთქმული სიტყვებია. ადამიანი იმას იმკის, რასაც თავისი სიტყვებით თესავს. «თუ ადამიანი კეთილი განზრახვით ლაპარაკობს და მოყვასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება სურს, — ამბობს ერთი სწავლული, — ის „სიკეთეს შეჭამს“, ანუ ბედნიერად და მშვიდად იცხოვრებს». სულ სხვაგვარადაა საქმე მოღალატე ადამიანის შემთხვევაში. მას სურს, სხვების მიმართ ძალადობა გამოავლინოს და ზიანი მიაყენოს მათ. ის ძალადობას თესავს და ძალადობასვე იმკის. მის კართან სიკვდილის მახეა დაგებული.
„ვინც თავის პირს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს. ვინც ფართოდ აღებს თავის ბაგეებს, უბედურება ელის მას“, — განაგრძობს სოლომონი (იგავები 13:3). დაუფიქრებლად, უგუნურად ლაპარაკს შეიძლება რეპუტაციის შელახვა, სულიერი ტკივილი, ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება და ფიზიკური ზიანიც კი მოჰყვეს. ‘ბაგეთა ფართოდ გაღებამ’, ანუ გაუკონტროლებელმა ლაპარაკმა შეიძლება ღვთის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან ღმერთი პასუხს აგებინებს ყველას თავის სიტყვებზე (მათე 12:36, 37). თუ მეტყველებისას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, ეს დაღუპვისგან დაგვიცავს. როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ ჩვენს ბაგეს?
ამის გაკეთება ადვილი იქნება, თუ ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებთ. „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 10:19, სსგ). აგრეთვე გონივრულია, თუ რამის თქმამდე დავფიქრდებით. ბიბლიის ერთმა დამწერმა ღვთის შთაგონებით თქვა: „ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს“ (იგავები 12:18). როდესაც ვინმე დაუფიქრებლად ლაპარაკობს, ამან შეიძლება ტკივილი მიაყენოს როგორც თავად მას, ისე მის მსმენელს. სწორედ ამიტომ ბიბლია პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობს: „მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ“ (იგავები 15:28).
იყავით ბეჯითნი
„ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება“, — აღნიშნავს სოლომონი (იგავები 13:4). „ამ სიტყვებით ნათქვამია, რომ მხოლოდ სურვილის ქონა არაფრის მომცემია, — აღნიშნულია ერთ ნაშრომში. — ის, რაც ნამდვილად ფასობს, სიბეჯითეა. ზარმაცები თავიანთი სურვილების მსხვერპლი ხდებიან . . . ეს სურვილები შთანთქავენ მათ და არანაირი ნაყოფის მოტანა არ შეუძლიათ“. ბეჯითი ადამიანები კი კმაყოფილნი არიან, რადგან ახორციელებენ თავიანთ სურვილებს.
რისი თქმა შეიძლება მათზე, რომლებიც პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად თავს იკავებენ იმისგან, რომ თავი მიუძღვნან იეჰოვას? მათ შეიძლება სურთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება, მაგრამ არიან მზად ამისათვის რამის გასაკეთებლად? მათთვის, ვინც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს, საჭიროა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოცხადება 7:14, 15).
გამოვლენა, იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და ამის ნიშნად წყალში მონათვლა (აგრეთვე დაფიქრდით კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობების აღებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, საქებარია, როცა ვინმეს ასეთი შესანიშნავი პასუხისმგებლობის აღების სურვილი აქვს; ამისკენ საღვთო წერილიც ახალისებს ღვთის მსახურებს (1 ტიმოთე 3:1). მაგრამ, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. ვინმე ამ პასუხისმგებლობისთვის შესაფერისი რომ გახდეს, საჭიროა შესაბამისი თვისებებისა და უნარის გამომუშავება. ამისათვის კი სიბეჯითე და პირადი ძალისხმევა მოითხოვება.
სიმართლე, როგორც თავშესაფარი
მართალი ადამიანი ღვთისმოსაწონ თვისებებს ავითარებს და სიმართლეს ლაპარაკობს. მას ესმის, რომ ტყუილის თქმით იეჰოვას კანონს დაარღვევს (იგავები 6:16—19; კოლასელთა 3:9). ამის თაობაზე სოლომონმა თქვა: „მართალს სძულს ტყუილი სიტყვა, უკეთური კი აუგ და შემარცხვენელ საქმეებს სჩადის“ (იგავები 13:5). მართალი არა მხოლოდ ერიდება ტყუილის თქმას, არამედ სძულს კიდეც ის. მან იცის, რომ რაც უნდა უვნებელი ჩანდეს ტყუილი, ის ძირს უთხრის ადამიანთა შორის კარგ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ის, ვინც ტყუილს მიმართავს, სხვების თვალში ნდობას კარგავს. ბოროტი ადამიანები ტყუილის თქმითა თუ სხვა უპატიოსნო გზებით უკეთურად იქცევიან და, ამგვარად, სირცხვილს იხვეჭენ.
ბრძენმა მეფემ იმის საჩვენებლად, რომ ღვთის მოსაწონად მოქცევა ძალიან სასარგებლოა, თქვა: „სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი სიბოროტე ღუპავს“ (იგავები 13:6, სსგ). სიმართლე ციხესიმაგრის მსგავსად იცავს ადამიანს, ხოლო ბოროტება ღუპავს მას.
მოსაჩვენებლად ნუ მოიქცევით
ისრაელის მეფემ ცხადყო, რომ ესმოდა ადამიანების ბუნება, როდესაც თქვა: „ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და არაფერი არა აქვს. ზოგი კი — ღარიბად და დიდი ქონება აქვს“ (იგავები 13:7). ადამიანი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორადაც მოაქვს თავი. ზოგი ღარიბი სხვებს მდიდარ ადამიანად აჩვენებს თავს — შესაძლოა, სხვების წინაშე თავის მოსაწონებლად, წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილების შესაქმნელად ან, უბრალოდ, პრესტიჟისთვის. მდიდარი კი შეიძლება ღარიბად წარმოაჩენდეს თავს, რათა დამალოს საკუთარი სიმდიდრე.
მიზანშეწონილი არც რაიმეს გაზვიადებაა და არც რაიმეს დაფარვა. თუ მცირე შემოსავალი გვაქვს და ფუფუნების საგნებში ვხარჯავთ ფულს მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლებულები გამოვჩნდეთ, შეიძლება ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის პირველადი მოთხოვნილების საგნების შეძენაც კი ვეღარ მოვახერხოთ. ის, ვისაც ღარიბად მოაქვს თავი, სინამდვილეში კი მდიდარია, შეიძლება ძუნწად იქცეს და საკუთარ თავს თავმოყვარეობა და ბედნიერება საქმეები 20:35). პატიოსნად ცხოვრება უკეთესი ცხოვრების საწინდარია.
დააკარგვინოს, რაც ხელგაშლილობას სდევს თან (უბრალოდ იცხოვრეთ
„სიცოცხლის გამოსასყიდი კაცის სიმდიდრეა, ღარიბს კი არ ესმის საყვედური“, — ამბობს სოლომონი (იგავები 13:8). რა არის ნათქვამი ამ ბრძნული სიტყვებით?
სიმდიდრის ქონა გარკვეულწილად სასარგებლოა, მაგრამ მას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება. ჩვენს მშფოთვარე დროში ხშირად მდიდარ ადამიანებსა და მათ ოჯახებს გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცების საფრთხე ემუქრებათ. ზოგჯერ მდიდრებს შეუძლიათ გადაიხადონ თავისი ან ოჯახის წევრის სიცოცხლის გამოსასყიდი, მაგრამ არცთუ იშვიათად გატაცებულებს კლავენ. ასეთი საშიშროება ყოველთვის ემუქრებათ მდიდრებს.
მცირე შემოსავლის მქონე ადამიანს კი ამდენი სადარდებელი არა აქვს. თუმცა შეიძლება ასეთი ადამიანი კომფორტულად არ ცხოვრობდეს და ბევრ ისეთ რამეს იყოს მოკლებული, რასაც მდიდრები ფლობენ, მას ნაკლებად ემუქრება გატაცების საფრთხე. ეს სწორედ ერთ–ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის სასარგებლო, უბრალოდ ვიცხოვროთ და ჩვენი დრო და ენერგია არ შევალიოთ სიმდიდრის დაგროვებას (2 ტიმოთე 2:4).
იხარეთ სინათლეში
შემდეგი სიტყვებით სოლომონი გვიჩვენებს, რომ იეჰოვას გზით სიარულს საუკეთესო შედეგი მოაქვს ჩვენთვის. ის ამბობს: „მართალთა სინათლე გაბრწყინდება, უკეთურთა სანთელი კი ჩაქრება“ (იგავები 13:9).
ამ მუხლში სანთელი იმის სიმბოლოდ არის გამოყენებული, რაც ცხოვრების გზას გვინათებს. ‘ღვთის სიტყვა სანთელია მართლის ფეხისთვის და სინათლე — მისი ბილიკისათვის’ (ფსალმუნები 118:105). მასში შემოქმედის უშრეტი ცოდნა და სიბრძნეა მოცემული. რაც უფრო ღრმად ვწვდებით ღვთის ნებას და მისი განზრახვების მნიშვნელობას, მით უფრო კაშკაშა ხდება ის სულიერი სინათლე, რომელიც გზას გვინათებს. რამხელა სიხარულის მომტანია ეს! მაშ, რატომ უნდა გადაგვიყვანოს სწორი გზიდან ამქვეყნიურმა სიბრძნემ ან ‘ეგრეთ წოდებულმა ცოდნამ’? (1 ტიმოთე 6:20, აქ; 1 კორინთელთა 1:20; კოლასელთა 2:8).
რაც შეეხება ბოროტ ადამიანს, როგორი ელვარეც არ უნდა ჩანდეს მისი ლამპარი და, ერთი შეხედვით, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს, მისი სანთელი ჩაქრება. ის ბოლოს აღმოჩნდება წყვდიადში, სადაც აუცილებლად წაბორძიკდება. უფრო მეტიც, მას „მომავალი არ ექნება“ (იგავები 24:20).
რისი გაკეთება გვმართებს, როცა ზუსტად არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში? ან როცა არ ვართ დარწმუნებულები, გვაქვს თუ არა საერთოდ გარკვეული ზომების მიღების უფლება? იგავების 13:10–ში ასეთი გაფრთხილებაა მოცემული: «ამპარტავნობისაგან [„კადნიერთაგან“, აქ] წარმოიშვება განხეთქილება». უცოდინარობით მოქმედება ან იმის კეთება, რაც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, კადნიერებაა და ამგვარი ქმედებით სხვებთან პრობლემებს შევიქმნით. განა უკეთესი არ იქნებოდა, ისეთი ადამიანებისთვის გვეკითხა რჩევა, რომლებსაც ცოდნა და გამჭრიახობა აქვთ? „მრჩეველთ . . . სიბრძნე აქვთ“, — ამბობს ბრძენი მეფე.
ნუ გექნებათ ფუჭი მოლოდინი
ფული შეიძლება სასარგებლო მიზნით იქნეს გამოყენებული. უკეთესია საკმარისი სახსრების ქონა, ვიდრე სიღარიბეში ცხოვრება (ეკლესიასტე 7:11, 12). მაგრამ სიმდიდრის უკანონოდ შეძენამ შეიძლება მახეში გაგვაბას. სოლომონი გვაფრთხილებს: „ქონება, ამაოებით შეძენილი, მცირდება, ხელით შემკრებელი კი გაამრავლებს მას“ (იგავები 13:11).
მაგალითად, დავფიქრდეთ, ერთი შეხედვით როგორი მიმზიდველი ჩანს აზარტული თამაშები. მოთამაშე მძიმე შრომით ნაშოვნ ფულს უფრო დიდი თანხის მოგების იმედით ხარჯავს. თუმცა, ეს ხშირად ოჯახის კეთილდღეობის მსხვერპლად გაღების ფასად ჯდება. რა ხდება, როდესაც მოთამაშე იგებს თანხას? რამდენადაც ეს იოლი გზით ნაშოვნი ფულია, მან თითქმის არ იცის მისი ფასი და შეიძლება ვერც კი შეძლოს მოგებული თანხის სათანადოდ მოხმარება. ნუთუ ისევე სწრაფად არ გაქრება მისი სიმდიდრე, როგორც მოიპოვა? მეორე მხრივ, გულმოდგინე შრომითა და პატიოსანი გზით დაგროვებული ქონება განუწყვეტლივ იზრდება და შეიძლება სასარგებლო მიზნისთვის იქნეს გამოყენებული.
„ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს, — ამბობს სოლომონი. — აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა“ (იგავები 13:12). როდესაც მოლოდინი არ მართლდება, ეს გულგატეხილობის მიზეზი ხდება, რაც „გულს ქანცავს“. ასეთი რამ ჩვეულებრივია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღვთის სიტყვაზე მყარად დაფუძნებული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით კი სულ სხვაგვარად არის საქმე. ჩვენ შეგვიძლია სრულებით დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ისინი შესრულდება. მაშინაც კი, თუ ჩვენი აზრით მათი შესრულება გვიანდება, ნაკლები ალბათობა არსებობს იმისა, რომ ამან გული გაგვიტეხოს.
მაგალითად, ვიცით, რომ ღვთის ახალი ქვეყნიერება აუცილებლად დამყარდება (2 პეტრე 3:13). ჩვენ მთელი გულითა და სიხარულით ველით ღვთის განზრახვების შესრულებას. რა შედეგს ვიმკით, როცა მოლოდინის დროს „უფლის საქმით“ ვართ დაკავებული, ვამხნევებთ თანამორწმუნეებს და უფრო ახლო ურთიერთობას ვამყარებთ იეჰოვასთან? ნაცვლად იმისა, რომ ‘გული დაგვექანცოს’, სიხარულით ვართ სავსე (1 კორინთელთა 15:58; ებრაელთა 10:24, 25; იაკობი 4:8). დიდი ხნის ნანატრი სურვილის ახდენა სიცოცხლის ხეა — ეს ნამდვილად გამამხნევებელი და გამომაცოცხლებელია.
ღვთის კანონი სიცოცხლის წყაროა
იგავების 13:13–ში ნაჩვენებია ღვთისადმი მორჩილების აუცილებლობა: „ღმერთის სიტყვის აბუჩად ამგდები თავის თავს აზიანებს, მცნების მოშიში კი დაჯილდოვდება“. თუ მოვალე მიცემულ სიტყვას გატეხს იმით, რომ არ გადაიხდის ვალს, ის დაკარგავს იმას, რაც გირაოდ დატოვა. მსგავსადვე, ჩვენც დავკარგავთ რაღაცას, თუ ღვთის მცნებებს არ შევასრულებთ. რას?
«ბრძენის მოძღვრება [„კანონი“, აქ] სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს» (იგავები 13:14). ყოვლადბრძენი ღმერთის, იეჰოვას კანონი რომ არ გვქონოდა, ვერ მივიღებდით იმ ხელმძღვანელობას, რომლის საშუალებითაც უკეთესად და ხანგრძლივად ცხოვრების შესაძლებლობა გვეძლევა. რა დიდი დანაკარგი იქნებოდა! გონიერებას გამოვავლენთ, თუ ღვთის სიტყვას ყურადღებით შევისწავლით, ვიფიქრებთ მასზე და ჩვენს აზროვნებაზე, მეტყველებასა და საქციელზე გავლენის მოხდენის საშუალებას მივცემთ (2 კორინთელთა 10:5; კოლასელთა 1:10).
[სურათები 23 გვერდზე]
ბიბლიაში მოცემული რჩევების გათვალისწინება დიდ დახმარებას გაგვიწევს თვითდისციპლინაში.
[სურათები 24, 25 გვერდებზე]
„მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ“.
[სურათები 24, 25 გვერდებზე]
„უფლის საქმით“ დაკავებას სიხარული მოაქვს.