არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარტინ ლუთერი მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა

მარტინ ლუთერი მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა

მარტინ ლუთერი მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა

„აამბობენ, რომ [მარტინ ლუთერზე] უფრო მეტი წიგნია დაწერილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ისტორიულ პიროვნებაზე, თუ არ ჩავთვლით თავად მის უფალს, იესო ქრისტეს“, — ნათქვამი იყო ჟურნალ „ტაიმში“. ლუთერის სიტყვებმა და საქმეებმა ბიძგი მისცა რეფორმაციას, ანუ რელიგიურ მოძრაობას, რომელიც „კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს გადატრიალებად არის ცნობილი“. ამგვარად, მან ხელი შეუწყო ევროპაში არსებული რელიგიური კლიმატის შეცვლას და შუა საუკუნეებიდან ახალ ეპოქაში გადაბიჯებას. აგრეთვე, ლუთერმა საფუძველი ჩაუყარა საერთო გერმანულ სალიტერატურო ენას. ბიბლიის ლუთერისეული თარგმანი გერმანულ ენაზე გამოცემულ სხვა თარგმანებთან შედარებით ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

ვინ იყო მარტინ ლუთერი? როგორ შეძლო მან ევროპაზე ასე დიდი გავლენის მოხდენა?

ლუთერი სწავლული ხდება

მარტინ ლუთერი 1483 წლის ნოემბერში ქალაქ აისლებენში (გერმანია) დაიბადა. მამამისი მაღაროელი იყო, მაგრამ იმდენი ფულის მოგროვება მოახერხა, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა. 1501 წელს მარტინი ერფურტის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან პირველად ამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წაიკითხა ბიბლია. „ამ წიგნის წაკითხვამ დიდი სიამოვნება მომანიჭა, — უთქვამს მას. — ვოცნებობ, რომ ოდესმე მეც გამიღიმოს ბედმა და გავხდე ასეთი წიგნის მფლობელი“.

22 წლის ასაკში ლუთერმა ერფურტში ავგუსტინეს მონასტერში დაიწყო მსახურება. მოგვიანებით მან ვიტენბერგის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიიღო. ლუთერი თვლიდა, რომ არ იყო ღვთის კეთილგანწყობის ღირსი და, სინდისის ქენჯნით დატანჯული, დროდადრო სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა. მაგრამ ბიბლიის შესწავლა, ლოცვა და წაკითხულის გაანალიზება დაეხმარა იმის უკეთესად დანახვაში, თუ როგორ უყურებს ღმერთი ცოდვილებს. ლუთერი მიხვდა, რომ ღვთის კეთილგანწყობას არავინ იმსახურებს. მან დაინახა, რომ მორწმუნეები ღვთის კეთილგანწყობას ღვთისავე წყალობის შედეგად იღებენ (რომაელთა 1:16; 3:23, 24, 28).

როგორ მივიდა ლუთერი იმ დასკვნამდე, რომ ეს ახალი გაგება სწორი იყო? კურტ ელენდი, ადრეული საეკლესიო ისტორიისა და ახალი აღთქმის შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორი, წერდა: „ის ღრმად აანალიზებდა მთელ ბიბლიას, რათა დაედგინა, შეესაბამებოდა თუ არა მის მიერ აღმოჩენილი გაგება ბიბლიის სხვა ადგილებში მოცემულ აზრებს და დაინახა, რომ იგი ყველგან დასტურდებოდა“. რწმენით და არა საქმეებით ან ეპიტიმიით გამართლების (ანუ ხსნის) შესახებ დოქტრინა ლუთერის სწავლების დედაბოძად იქცა.

ინდულგენციებით ვაჭრობის გამო აღშფოთებული

ცოდვილთა შესახებ ღვთის თვალსაზრისის გაგებამ ლუთერი რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დააპირისპირა. მაშინ საყოველთაოდ იყო გავრცელებული რწმენა იმის შესახებ, რომ ცოდვილები სიკვდილის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისჯებოდნენ. თუმცა ამბობდნენ, რომ ეს პერიოდი შეიძლებოდა შემოკლებულიყო პაპის ნებართვით გაცემული ინდულგენციებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, იყიდებოდა. ინდულგენციებით მოვაჭრე იოჰან ტეცელის მსგავსი ადამიანები (იგი მაინცის არქიეპისკოპოსის, ალბრეხტის, წარმომადგენელი იყო) უბრალო ხალხთან სარფიან ვაჭრობას ეწეოდნენ. მრავალი ინდულგენციებს მომავალი ცოდვების მისატევებელ გარანტადაც მიიჩნევდა.

ლუთერი აღშფოთებული იყო ინდულგენციებით ვაჭრობის გამო. მან იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ღმერთთან საქმიანი გარიგების წარმოება. 1517 წლის შემოდგომაზე მან დაწერა თავისი ცნობილი 95 თეზისი, რომლებშიც იგმობოდა არა მარტო ინდულგენციებით ვაჭრობის ამორალური მხარე, არამედ კათოლიკური დოგმების სისტემაც, რომელზეც დაფუძნებული იყო საეკლესიო–ფეოდალური ექსპლუატაცია. რეფორმაციის და არა რელიგიური გადატრიალების მსურველმა ლუთერმა ამ თეზისების ასლები მაინცის არქიეპისკოპოსს, ალბრეხტს, და რამდენიმე სწავლულს დაუგზავნა. მრავალი ისტორიკოსი 1517 წელს (ან დაახლოებით იმ პერიოდს) რეფორმაციის დაბადების წლად მიიჩნევს.

მხოლოდ ლუთერი როდი იყო ეკლესიის არასწორი ქმედებებით დიდად უკმაყოფილო. მანამდე ასი წლით ადრე, ჩეხი რეფორმატორი იან ჰუსიც გმობდა ინდულგენციებით ვაჭრობას. ჰუსამდე კი ინგლისელი ჯონ უიკლიფი აღნიშნავდა, რომ კათოლიკური ეკლესიის ზოგი ტრადიცია ბიბლიურ საფუძველს მოკლებული იყო. ლუთერის თანამედროვე ერაზმ როტერდამელი და ინგლისელი ტინდალიც რეფორმის გატარების მომხრეები იყვნენ. მაგრამ იოჰან გუტენბერგის მიერ გამოგონებული სტამბის წყალობით ლუთერის ხმა მის წინამორბედებზე მძლავრად გაისმა და მეტ ტერიტორიებამდე მიაღწია.

მაინცში გუტენბერგის სტამბა 1455 წელს ამოქმედდა. მომდევნო საუკუნის დასაწყისში სტამბები უკვე გერმანიის 60 ქალაქსა და ევროპის 12 ქვეყანაში იყო. ისტორიაში პირველად შესაძლებელი გახდა საინტერესო ინფორმაციის სწრაფად გავრცელება. ლუთერის 95 თეზისი დაიბეჭდა და გავრცელდა; შესაძლოა, ეს თავად მისგან ნებართვის აღების გარეშეც გაკეთდა. ასე იყო თუ ისე, საეკლესიო რეფორმის საკითხი ადგილობრივ საზღვრებს გასცდა. ფართოდ გავრცელდა ამ საკითხზე დისკუსიები და მარტინ ლუთერი მოულოდნელად გერმანიაში ყველაზე ცნობილი ადამიანი გახდა.

„მზისა და მთვარის“ რეაქცია

საუკუნეების განმავლობაში ევროპა ორი მძლავრი ინსტიტუტის, წმინდა რომის იმპერიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის, ხელში იყო. „იმპერატორი და პაპი მზე და მთვარესავით იყვნენ“, — თქვა ჰანს ლილიემ, საერთაშორისო ლუთერანული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბურუსით იყო მოცული, თუ ვინ იყო მათ შორის მზე და ვინ — მთვარე. XVI საუკუნის დასაწყისიდან ამ ორმა ინსტიტუტმა ძალაუფლების მწვერვალიდან დაშვება იწყო. ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებდა.

პაპი ლეო X ლუთერს დაემუქრა, რომ, თუ თავის 95 თეზისს საჯაროდ არ უარყოფდა, ეკლესიიდან განკვეთდა. ლუთერმა სახალხოდ ცეცხლს მისცა პაპის ბულა, რომელშიც მისადმი მუქარა იყო მოცემული და გამოაქვეყნა სხვა ნაშრომებიც, რომლებშიც მაღალი წრის ხალხს პაპის თანხმობის გარეშე რეფორმაციისკენ მოუწოდა. 1521 წელს პაპმა ლეო X–მ ლუთერი ეკლესიიდან განკვეთა. ლუთერმა გააპროტესტა პაპის დადგენილება, რადგანაც ის სასამართლო განხილვის გარეშე იყო გამოტანილი. ამიტომ იმპერატორმა კარლ V–მ რეფორმატორი ვორმსში რაიხსტაგის წინაშე წარსადგომად მიიწვია. 1521 წლის აპრილში ვიტენბერგიდან ვორმსამდე 15-დღიანი მგზავრობის დროს რეფორმატორს ყველგან ტრიუმფით ხვდებოდნენ. საზოგადოებრივი აზრი მის სწავლებას უჭერდა მხარს და ყველგან მისი ნახვა სურდათ.

ვორმსში ლუთერი იმპერატორის, იმპერატორის ძმის, საიმპერიო კურფიურსტების, ჰერცოგების, პრელატების, მთავრებისა და პაპის წარმომადგენლის წინაშე წარდგა. 1415 წელს კონსტანცში იან ჰუსსაც მსგავსმა სასამართლომ გამოუტანა განაჩენი. სასამართლოს დადგენილებით ის ძელზე გააკრეს და დაწვეს. ეკლესიისა და იმპერიის ყურადღება ლუთერისკენ იყო მიპყრობილი. მან განაცხადა, რომ არ უარყოფდა თავის აზრს, თუ მოწინააღმდეგეები ბიბლიის საფუძველზე არ დაუმტკიცებდნენ, რომ ცდებოდა. იქ მყოფთაგან კი ვერავინ შეედრებოდა მას საღვთო წერილის ცოდნაში. სასამართლო მოსმენის შემდეგ გამოიტანეს განაჩენი, რომელსაც ვორმსის ედიქტი ეწოდა. ამ ედიქტის თანახმად, ლუთერი კანონგარეშედ გამოცხადდა და მისი ნაშრომები აიკრძალა. პაპის მიერ განკვეთილი და იმპერატორისგან კანონგარეშედ გამოცხადებული ლუთერი სიცოცხლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა.

შემდეგ ამაღელვებელი და, ამავე დროს, მოულოდნელი რამ მოხდა. როდესაც ლუთერი ვიტენბერგში ბრუნდებოდა, მასზე თავდასხმისა და გატაცების სცენა გაითამაშეს. ყოველივეს ორგანიზატორი ფრიდრიხ საქსონიელი იყო. ამგვარი მოქმედებით მან რეფორმატორი მტრებისგან გადამალა. ლუთერი საიდუმლოდ ვარტბურგის ციხესიმაგრეში მიიყვანეს. იქ მან წვერი მოუშვა და რაინდ გეორგის სახელით იმალებოდა.

სექტემბრის ბიბლიაზე დიდი მოთხოვნილებაა

მომდევნო ათი თვის განმავლობაში ლუთერი ვარტბურგის ციხესიმაგრეში ემალებოდა როგორც იმპერატორს, ისე პაპს. ერთ–ერთ წიგნში ნათქვამია: „ვარტბურგში ყოფნის დრო ლუთერის ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი და შემოქმედებითი პერიოდი იყო“ (Welterbe Wartburg). იქ მან დაასრულა თავისი უდიდესი ნაშრომი — ერაზმისეული ბერძნული წერილების თარგმანი გერმანულ ენაზე. 1522 წლის სექტემბერში გამოიცა ლუთერის მიერ ნათარგმნი ბიბლია, რომელზეც არ იყო მითითებული მთარგმნელის ვინაობა და ნაშრომი ცნობილი გახდა, როგორც სექტემბრის ბიბლია. ის ერთ–ნახევარი გულდენი ღირდა, რაც შინამოსამსახურის ერთი წლის შემოსავალს უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, სექტემბრის ბიბლიაზე მოთხოვნილება ძალიან დიდი იყო. 12 თვის განმავლობაში ის ორჯერ დაიბეჭდა 6 000 ეგზემპლარად, ხოლო მომდევნო 12 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 69–ჯერ გამოიცა.

1525 წელს ლუთერი ყოფილ მონაზონზე, კატარინა ფონ ბორაზე, დაქორწინდა. კატარინა კარგი დიასახლისი იყო და წარმატებით ართმევდა თავს იმ მოვალეობას, რომელიც ქმრის უსაზღვრო სტუმართმოყვარეობის გამო ჰქონდა დაკისრებული. ლუთერის სახლეულობა ცოლითა და ექვსი შვილით არ შემოიფარგლებოდა. მასში შედიოდნენ მეგობრები, სწავლულები და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უცხოელები. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ლუთერმა იმდენად გაითქვა სახელი, რომ მასთან სტუმრად მისულ სწავლულებს კალამი და ფურცელი ჰქონდათ მომარჯვებული მისი გამონათქვამების ჩასაწერად. ეს ჩანაწერები თავმოყრილ იქნა და „სუფრული საუბრები“ ეწოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ეს კოლექცია, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე მეტად იყო გავრცელებული გერმანიაში.

ნიჭიერი მთარგმნელი და ნაყოფიერი მწერალი

1534 წლისთვის ლუთერმა ებრაული წერილების თარგმნაც დაასრულა. ის სტილის, რითმისა და ლექსიკის საოცრად გაწონასწორებულად გამოყენების უნარით იყო დაჯილდოებული. ამიტომაც მის მიერ ნათარგმნი ბიბლია უბრალო ხალხისთვის გასაგები იყო. თარგმნის იმ მეთოდთან დაკავშირებით, რომელსაც თავად იყენებდა, ლუთერი წერდა: „უნდა გავესაუბროთ სახლში დედებს, ქუჩაში ბავშვებს და ბაზარში მდგომ უბრალო ადამიანებს. ვუსმინოთ მათ ყურადღებით და შევნიშნოთ, როგორ საუბრობენ ისინი. შემდეგ კი შესაბამისად ვთარგმნოთ“. ლუთერისეულმა ბიბლიამ საფუძველი ჩაუყარა საერთო გერმანულ სალიტერატურო ენას, რომელიც მთელ გერმანიაში დამკვიდრდა.

ლუთერი არა მარტო ნიჭიერი მთარგმნელი იყო, არამედ დახელოვნებული მწერალიც. ამბობენ, რომ მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ის ყოველ ორ კვირაში ერთ ნაშრომს წერდა. ზოგ ნაწარმოებში მისივე ხასიათი ირეკლებოდა და პაექრობის სულით იყო გაჟღენთილი. თუ ლუთერის ადრინდელ ნაშრომებში სიმძაფრე შეიმჩნეოდა, ასაკმა მის კალამს სიტკბო ვერ შემატა. მოგვიანებით დაწერილი მისი ნარკვევები მეტი სიმკაცრით გამოირჩეოდა. „თეოლოგიური და საეკლესიო ლექსიკონის“ თანახმად, ლუთერის ნაშრომებში ჩანდა „მისი რისხვის სიმძაფრე“ და „თავმდაბლობისა და სიყვარულის ნაკლებობა“; აგრეთვე „იმის შეგრძნება, რომ მას გარკვეული მისია უნდა შეესრულებინა“.

როდესაც ქვეყანაში გლეხთა ომი გაჩაღდა და მრავალთა სისხლი დაიღვარა, ლუთერს სთხოვეს, აზრი გამოეთქვა ამ აჯანყებასთან დაკავშირებით. ჰქონდათ გლეხებს იმის საფუძვლიანი მიზეზი, რომ თავიანთი ბატონებით უკმაყოფილონი ყოფილიყვნენ? — ჰკითხეს მას. საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვის შიშით, ლუთერს არ უცდია უმრავლესობისთვის სასიამოვნო პასუხის გაცემა. მას სწამდა, რომ ღვთის მსახურები მმართველობის სათავეებში მყოფთ უნდა დამორჩილებოდნენ (რომაელთა 13:1). ლუთერმა გულახდილად გამოთქვა თავისი აზრი და აღნიშნა, რომ აჯანყება ძალის გამოყენებით უნდა ჩაეხშოთ. „დე, ყველამ განგმიროს, სცემოს და დაახრჩოს ისინი“, — თქვა მან. ჰანს ლილიემ აღნიშნა, რომ ეს პასუხი ლუთერს „სახალხო გმირის სახელის დაკარგვის ფასად დაუჯდა“. გარდა ამისა, იმ ებრაელების შესახებ, რომლებმაც ქრისტიანობის მიღებაზე უარი თქვეს, ლუთერის მიერ ხანდაზმულობაში დაწერილმა ნარკვევებმა და განსაკუთრებით ერთ­ერთმა ნაშრომმა, „ებრაელებსა და მათ სიცრუეზე“ (Von den Juden und ihren Lügen), მრავალს აფიქრებინა, რომ ის ანტისემიტი იყო.

ლუთერის მემკვიდრეობა

ლუთერის, კალვინის, ცვინგლისა და მათი მსგავსი ადამიანების მიერ წამოწყებული რეფორმაციის შედეგად წარმოიშვა ახალი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც პროტესტანტიზმი უწოდეს. პროტესტანტიზმისთვის ლუთერის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა იყო რწმენის საშუალებით გამართლების შესახებ მისი ძირითადი სწავლება. გერმანიის მთავართა სამფლობელოები ან პროტესტანტიზმის მომხრენი გახდნენ, ან კათოლიციზმის. პროტესტანტიზმი გავრცელდა და მრავალთა მხარდაჭერა მოიპოვა სკანდინავიის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში. დღეს ასობით მილიონი ადამიანია პროტესტანტიზმის მიმდევარი.

მრავალი, ვინც არ იზიარებს ლუთერის მრწამსს, მაინც ძალიან აფასებს რეფორმატორს. ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა აისლებენი, ერფურტი, ვიტენბერგი და ვარტბურგი, 1983 წელს ლუთერის დაბადების 500 წლისთავი აღინიშნა. ამ სოციალისტურმა სახელმწიფომ ლუთერი გერმანიის ისტორიასა და კულტურაში გამოჩენილ პიროვნებად ცნო. ერთმა კათოლიკე თეოლოგმა XX საუკუნის 80–იან წლებში ლუთერის გავლენის შეჯამებისას აღნიშნა: „ლუთერის ბადალი მის შემდეგ არავინ გამოჩენილა“. პროფესორმა ელენდმა დაწერა: „ყოველწლიურად მარტინ ლუთერსა და რეფორმაციაზე, სულ მცირე, 500 ახალი პუბლიკაცია იბეჭდება მსოფლიოს თითქმის ყველა ძირითად ენაზე“.

მარტინ ლუთერი მახვილგონიერი, საოცარი მეხსიერების პატრონი, სიტყვის ოსტატი და მუყაითი ადამიანი იყო. მას მოუთმენლობა და სარკაზმიც ახასიათებდა. ბუნებით ფიცხი ლუთერი მწვავედ რეაგირებდა ყველაფერზე, რაც თვალთმაქცობად მიაჩნდა. სასიკვდილო სარეცელზე ყოფნის დროს, 1546 წლის თებერვალში, მეგობრებმა ლუთერს ჰკითხეს, სწამდა თუ არა მას მტკიცედ ის, რასაც სხვებს ასწავლიდა. „დიახ“, — იყო მარტინის პასუხი. ლუთერი მოკვდა, მაგრამ მრავალი დღესაც იზიარებს მის მრწამსს.

[სურათი 27 გვერდზე]

ლუთერი ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

[საავტორო უფლება]

Mit freundlicher Genehmigung: Wartburg-Stiftung

[სურათი 28 გვერდზე]

ლუთერი უარს ამბობდა თავისი შეხედულებების საჯაროდ უარყოფაზე, თუ საღვთო წერილის საფუძველზე არ დაუმტკიცებდნენ, რომ ცდებოდა.

[საავტორო უფლება]

From the book The Story of Liberty, 1878

[სურათები 29 გვერდზე]

ლუთერის ოთახი ვარტბურგის ციხესიმაგრეში, სადაც მან ბიბლია თარგმნა.

[საავტორო უფლება]

Both images: Mit freundlicher Genehmigung: Wartburg-Stiftung

[საავტორო უფლებები დაცულია 26 გვერდზე]

From the book Martin Luther The Reformer, 3rd Edition, published by Toronto Willard Tract Depository, Toronto, Ontario

[საავტორო უფლებები დაცულია 30 გვერდზე]

From the book The History of Protestantism (Vol. I)