არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას ნიშნავს გამოთქმა: აქვს „სიცოცხლე თავის თავში“?

ბიბლიაში იესო ქრისტეზე ნათქვამია, რომ მას აქვს „სიცოცხლე თავის თავში“ და იესოც თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ‘ჰქონოდათ სიცოცხლე თავიანთ თავში’ (იოანე 5:26; 6:53). საინტერესოა, რომ ამ ორ მუხლს ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს.

„როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, — ამბობს იესო, — ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში“. ამ მნიშვნელოვანი სიტყვების წარმოთქმამდე იესომ აღნიშნა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე . . . მოდის ჟამი, და უკვე დადგა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან“. ამ სიტყვებით იესომ ყურადღება გა­ამახვილა იმ სასწაულებრივ ძალაზე, რომელიც ზეციერმა მამამ უბოძა და რომლითაც ადამიანებს ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებაში ეხმარება. გარდა ამისა, იესოს მიცვალებულებისთვის სიცოცხლის დაბრუნებაც შეუძლია. იესოს იმ გაგებით აქვს „სიცოცხლე თავის თავში“, რომ ზემოთ აღნიშნული შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. მამის მსგავსად, ძესაც აქვს ‘სიცოცხლის ძღვენი თავის თავშიʼ, — ასე გადმოსცემს ამ სიტყვებს ზოგი თარგმანი (იოანე 5:24—26). რისი თქმა შეიძლება მის მიმდევრებზე?

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იესომ თავის მსმენელებს მიმართა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს“ (იოანე 6:53, 54). იესომ ერთნაირი აზრობრივი დატვირთვა მისცა ორ ფრაზას — ‘ჰქონოდათ სიცოცხლე თავიანთ თავში’ და მოეპოვებინათ „საუკუნო სიცოცხლე“. ბერძნულ წერილებში სხვაგანაც შეიძლება ისეთი გრამატიკული კონსტრუქციის მქონე გამოთქმების პოვნა, როგორიცაა ‘გქონდეთ სიცოცხლე თქვენში’. მაგალითად, „იქონიეთ თქვენში მარილი“ (მარკოზი 9:50). ამ შემთხვევაში ეს ფრაზა არ მიუთითებს სხვებისთვის მარილის მიცემაზე; აქ საუბარია შინაგან სისრულეზე ანუ სისავსეზე. ამგვარად, იოანეს 6:53-ში ჩაწერილი გამოთქმა — გქონდეთ „სიცოცხლე თქვენში“, ნიშნავს სიცოცხლის სისავსის მიღწევას.

როდესაც იესო თავის მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ ‘ჰქონოდათ სიცოცხლე თავიანთ თავშიʼ, თავისი ხორცი და სისხლი მოიხსენია. მოგვიანებით, როცა უფლის გახსენების საღამო დააწესა, იესომ კვლავ გაამახვილა ყურადღება თავის ხორცსა და სისხლზე და თავის მიმდევრებს, რომლებთანაც ახალი შეთანხმება დადო, მიუთითა, რომ მიეღოთ სიმბოლოები — უფუარი პური და ღვინო. ნიშნავს ეს იმას, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთთან ახალ შეთანხმებაში მყოფ სულით ცხებულ ქრისტიანებს შეუძლიათ სიცოცხლის სისავსის მიღწევა? არა. აქ მოხსენიებულ ორ შემთხვევას შორის ერთი წელი იყო შუალედი. მათ, ვინც იესოს მიერ იოანეს 6:53, 54-ში მოყვანილი სიტყვები მოისმინა, წარმოდგენა არ ჰქონდათ ყოველწლიურ დღესასწაულზე და სიმბოლოებზე, რომლებითაც იესოს ხორცი და სისხლი იყო წარმოდგენილი.

იოანეს მე-6 თავის თანახმად, იესომ თავდაპირველად თავისი ხორცი მანანას შეადარა: „თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ჩამომავალი ზეციდან, რათა კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს“. იესოს ხორცი და სისხლი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფიზიკური მანანა. რა გაგებით? მან თავისი სხეული „წუთისოფლის სიცოცხლისათვის“ გაიღო და, ამგვარად, ადამიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ *. აქედან გამომდინარე, იოანეს 6:53-ში მოცემული ფრაზა, ‘გქონდეთ სიცოცხლე თქვენში’, ეხება ყველას, ვინც მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს, ზეცაში თუ დედამიწაზე (იოანე 6:48—51).

როდის მიიღებენ იესოს მიმდევრები ‘სიცოცხლეს თავიანთ თავში’, ანუ როდის მიაღწევენ სიცოცხლის სისავსეს? სამეფოს სულით ცხებული მემკვიდრეები ამას მაშინ მიაღწევენ, როცა უკვდავ სულიერ ქმნილებებად აღდგებიან ზეციერი ცხოვრებისთვის (1 კორინთელთა 15:52, 53; 1 იოანე 3:2). „სხვა ცხვრები“ კი სიცოცხლის სისავსეს იესოს ათასწლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ მიაღწევენ. იმ დროს ისინი უკვე გამოცდა გამოვლილნი იქნებიან; მათ დამტკიცებული ექნებათ თავიანთი ერთგულება და მართლებად გამოცხადდებიან, რათა დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდრონ (იოანე 10:16; გამოცხადება 20:5, 7—10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 უდაბნოში, როგორც ისრაელებისთვის, ისე „უცხოტომელებისთვის“, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მანანა (გამოსვლა 12:37, 38; 16:13—18). მსგავსადვე, მარადიული სიცოცხლის მისაღებად ყველა ქრისტიანს, სულით ცხებულებსა თუ სხვა ცხვრებს, ესაჭიროება სულიერი მანანა, რასაც იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული ხორცისა და სისხლის გამომსყიდველური ძალისადმი რწმენის გამოვლენით იღებენ (იხილეთ 1988 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31 [ინგლ.]).

[სურათები 31 გვერდზე]

ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია ყურად იღოს იესოს სიტყვები: ‘გქონდეთ სიცოცხლე თქვენშიʼ.