არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დაგეხმარებათ ქორწინების განმტკიცებაში

რა დაგეხმარებათ ქორწინების განმტკიცებაში

რა დაგეხმარებათ ქორწინების განმტკიცებაში

წარმოიდგინეთ მიტოვებული სახლი, რომელიც დანგრევის პირასაა მისული. საღებავი გადაცლილია, სახურავი დაზიანებულია, ეზოში კი სარეველა ბალახია მოდებული. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში სახლზე მრავალმა ქარიშხალმა გადაიარა და მოუვლელობის გამო გავერანდა. აუცილებელია მისი დანგრევა და ახლის აშენება? არა. თუ სახლს ძლიერი საძირკველი აქვს და კარკასიც საიმედოა, მისი აღდგენა შესაძლებელია.

ხომ არ გაგონებთ ამ სახლის მდგომარეობა თქვენს ქორწინებას? წლების განმავლობაში „ძლიერმა ქარიშხლებმა“ შეიძლება საგრძნობლად შეარყია თქვენი ცოლქმრული ურთიერთობა. ამაში დამნაშავე შეიძლება, გარკვეულწილად, ერთ-ერთი თქვენგანი ან ორივე იყავით. შესაძლოა, თქვენც ისეთივე გრძნობა გაქვთ, როგორიც სანდის. ქორწინებაში გატარებული 15 წლის შემდეგ მან თქვა: „ჩვენ საერთო აღარაფერი გვქონდა, გარდა იმისა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით. ეს კი არ იყო საკმარისი“.

თუ თქვენი ქორწინება ამ დონემდეა მისული, ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ უნდა განქორწინდეთ. თქვენი ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გრძნობთ იმ ვალდებულების შესრულების აუცილებლობას, რომელიც დაქორწინებისას საკუთარ თავზე აიღეთ. ამ ვალდებულებისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება რთული სიტუაციების დროს თქვენს ოჯახს სტაბილურობას შესძენს. რა შედის ქორწინების დროს აღებულ ვალდებულებაში და როგორ დაგვეხმარება ბიბლია მის შესრულებაში?

ვალდებულებაში მოვალეობის გრძნობაც შედის

განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ვალდებულება არის „მიცემული პირობის მიხედვით აუცილებლად შესასრულებელი რამ“. ამ სიტყვას მარტო ადამიანებთან მიმართებაში კი არ იყენებენ, არამედ საქმიანი ხელშეკრულების დადების დროსაც. მაგალითად, მშენებელი ვალდებულებას იღებს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სახლის აშენებასთან დაკავშირებით. ის შეიძლება პირადად არ იცნობს შემკვეთს, მაგრამ თავს მოვალედ თვლის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

ცხადია, ქორწინება ცივი, საქმიანი გარიგება არ არის, მაგრამ ქორწინების დროს მეუღლის წინაშე ვალდებულების აღება იმას ნიშნავს, რომ თქვენს თავს გარკვეული მოვალეობის შესრულება დააკისრეთ. თქვენ და თქვენმა მეუღლემ, ალბათ, საზეიმო ვითარებაში ღვთისა და ადამიანების წინაშე ერთმანეთს შეჰფიცეთ, რომ რაც უნდა მომხდარიყო თქვენს ცხოვრებაში, მაინც ბოლომდე ერთად იქნებოდით. იესომ აღნიშნა: „შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს“. შემდეგ კი დასძინა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:4—6). პრობლემების წამოჭრის დროს თქვენ და თქვენს მეუღლეს მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, შეასრულოთ ერთმანეთის წინაშე აღებული ვალდებულება *. ერთი ცოლი ამბობს: „ჩვენი ქორწინება მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც გაყრას ერთადერთ ალტერნატივად აღარ მივიჩნევდით“.

ცოლქმრული ვალდებულება მოვალეობის გრძნობით ნაკარნახევ მოქმედებაზე ბევრად მეტს მოიცავს. კონკრეტულად რას?

ურთიერთგაგება და ცოლქმრული ვალდებულების შესრულება

ცოლქმრული ვალდებულების შესრულება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეუღლეებს აზრთა სხვადასხვაობა არასოდეს ექნებათ. როდესაც უთანხმოება წარმოიშობა, მთელი გულით უნდა გვსურდეს მისი მოგვარება არა მარტო ვალდებულების, არამედ მეუღლის მიმართ თბილი გრძნობების გამოც. იესომ ცოლ-ქმრის შესახებ თქვა: „ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი“.

რას ნიშნავს „ერთ ხორცად“ ყოფნა? მოციქულმა პავლემ დაწერა: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესელთა 5:28, 29). როგორც ვხედავთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მეუღლის კეთილდღეობაზეც ისევე იზრუნოთ, როგორც საკუთარზე. მეუღლეებმა „ჩემი“ უნდა შეცვალონ „ჩვენით“, ხოლო „მე“ — „ჩვენ“-ით. ერთმა მრჩეველმა ქორწინების დარგში დაწერა: „ორივემ მთელი გულით უნდა შეიგრძნოს, რომ მეორე ნახევარი ჰყავს და დაუქორწინებელი აღარ არის“.

გაქვთ თქვენ და თქვენს მეუღლეს მთელი გულით, არსებით გათავისებული, რომ, როგორც დაქორწინებულები, ერთმანეთის ნაწილი ხართ? შეიძლება წლები იცხოვროთ ერთად და ამ გაგებით „ერთი ხორცი“ არ იყოთ. დიახ, ეს შეიძლება ასე იყოს. წიგნში „დრო გამოყავით პრობლემების გადასაჭრელად“ ნათქვამია: „ქორწინება ცხოვრების გაზიარებას ნიშნავს და ცოლ-ქმარი მით უფრო ბედნიერია, რაც მეტი აქვთ საერთო“.

ზოგი წყვილი, რომელიც ბედნიერი არ არის, მხოლოდ ბავშვების ან ფინანსური მდგომარეობის გამო არ ეყრება ერთმანეთს. სხვებისთვის მორალური თვალსაზრისითაა მიუღებელი გაყრა, ზოგს კი იმის შიში აკავებს, თუ რას იტყვიან სხვები. ისინი, რომლებიც ინარჩუნებენ ოჯახს, ქებას იმსახურებენ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის შენარჩუნება, არამედ ერთმანეთის მიმართ სიყვარულის განვითარება.

არაეგოისტური დამოკიდებულება ხელს უწყობს ცოლქმრული ვალდებულების შესრულებას

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ადამიანები საკუთარი თავის მოყვარულები იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1, 2). მართლაც, როგორც წინასწარმეტყველება ამბობს, დღეს მრავლად არიან ისეთები, რომლებიც საკუთარ თავს ეთაყვანებიან. ბევრი დაქორწინებული სისუსტედ მიიჩნევს მეუღლისადმი თავგანწირვის სულის გამოვლენას, თუ თავადაც იმავეს არ მოელის. ბედნიერი ქორწინების დროს ორივე მეუღლე ავლენს თავგანწირვის სულს. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასეთი სულის გამოვლენა?

ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ, „რას ვიღებ ქორწინებიდან“, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „პირადად რას ვაკეთებ ჩვენი ქორწინების განსამტკიცებლად?“ ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). იფიქრეთ ამ ბიბლიურ პრინციპზე და მის შუქზე გააანალიზეთ, როგორ მოიქეცით, მაგალითად, გასულ კვირას: რამდენჯერ გამოავლინეთ სიკეთე მეუღლის მიმართ? უსმენდით მეუღლეს, როცა მას თქვენთან საუბარი სურდა, მაშინაც კი, თუ მაინცდამაინც არ იყავით ამის ხასიათზე? რამდენჯერ გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენს მეუღლეს უფრო მოსწონდა, ვიდრე თქვენ?

ასე მოქცევისას ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი კეთილი საქმეები შეუმჩნეველი ან სათანადო რეაგირების გარეშე დარჩება. ერთ ცნობარში ნათქვამია: „სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენას, ხშირ შემთხვევაში, საპასუხო დადებითი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ასე რომ, მოიქეცით კარგად და ამით მეუღლესაც უბიძგებთ იმისკენ, რომ თავადაც კარგად მოგექცეთ“. თავგანწირული მოქმედებით თქვენს ქორწინებას განამტკიცებთ, რადგან ამით აჩვენებთ, რომ აფასებთ ქორწინებას და გსურთ მისი შენარჩუნება.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ქორწინება მუდმივი კავშირია

იეჰოვა ღმერთი აფასებს ერთგულებას. ბიბლია ამბობს: „ერთგულს [იეჰოვა] ერთგულად ექცევი“ (მეორე მეფეთა 22:26, აქ). ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება ღვთის მიერ დაფუძნებული ქორწინებისადმი ერთგულებასაც მოიცავს (დაბადება 2:24).

თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ერთმანეთის ერთგულები იქნებით, გექნებათ შინაგანი სიმშვიდე და იმის გრძნობა, რომ ეს კავშირი არასოდეს გაწყდება. მომავალ თვეებზე, წლებზე და ათწლეულებზე ფიქრისას საკუთარ თავს მეუღლის გვერდით წარმოიდგენთ. თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება უერთმანეთოდ ცხოვრება. ქორწინებაზე ასეთი შეხედულება კი თქვენს ურთიერთობას ზიანისგან დაიცავს. ერთი დაქორწინებული ქალი ამბობს: „მაშინაც კი, როცა ძალიან ვარ მეუღლეზე გაბრაზებული, უფრო მეტად იმაზე ვდარდობ, თუ რა ხდება ჩვენს თავს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქორწინება დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ სიტუაციის გამოსწორებაზე და ჩვენი ურთიერთობის აღდგენაზე ვფიქრობ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს გამოგვივა, თუმცა იმ მომენტში კონკრეტულად არ ვიცი, როგორ მოხდება ეს“.

ქორწინებისას მეუღლის წინაშე აღებული ვალდებულება იმასაც მოიცავს, რომ წყვილისთვის ქორწინება ხანგრძლივ კავშირს ნიშნავდეს. სამწუხაროდ, ეს ბევრს ავიწყდება. გაცხარებული კამათისას ერთ-ერთმა შეიძლება წამოიძახოს: „გეყრები!“; ან „ვიპოვი ისეთ ვინმეს, ვინც შენზე უკეთესად დამაფასებს!“ ხშირ შემთხვევაში, ასეთ სიტყვებს გულით არ ამბობენ. მიუხედავად ამისა, ბიბლია შენიშნავს, რომ ენა „მომაკვდინებელი გესლითაა სავსე“ (იაკობი 3:8). მუქარა და ულტიმატუმები დაახლოებით იგივეა, რაც ამის თქმა: „ჩვენს ქორწინებას მუდმივ კავშირად არ მივიჩნევ. ნებისმიერ დროს შემიძლია გაყრა“. ასეთ აზროვნებას ქორწინება რღვევამდე მიჰყავს.

როცა ქორწინებას მუდმივ კავშირად მიიჩნევთ, გესმით, რომ სიძნელეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მეუღლის გვერდით უნდა იყოთ. ამას თავისი წვლილი შეაქვს ურთიერთობაში. ეს ორივეს ბევრად გაგიადვილებთ, რომ დადებითი რეაქცია გქონდეთ ერთმანეთის სისუსტეებსა თუ შეცდომებზე და მომთმენნი და მიმტევებელნი იყოთ ერთმანეთისადმი (კოლასელთა 3:13). ერთ წიგნში ნათქვამია: „ქორწინება მაშინ არის კარგი, როცა მეუღლეები ერთმანეთის შეცდომებს შემწყნარებლურად უყურებენ და ამ შეცდომებით გამოწვეული სირთულეები მათ ერთიანობას საფრთხეს არ უქმნის“.

ქორწილის დღეს იმის ვალდებულებას კი არ იღებთ, რომ ფორმალურად იყო დაქორწინებულნი, არამედ გინდათ, რომ მთელი ცხოვრება გაატაროთ კონკრეტულ ადამიანთან, თქვენს მეუღლესთან. ამ ფაქტმა უნდა იმოქმედოს იმაზე, თუ როგორც დაქორწინებული ადამიანი, როგორ იფიქრებთ და იმოქმედებთ. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ მეუღლესთან მთელი ცხოვრება მარტო იმის გამო კი არ უნდა იყოთ, რომ მტკიცედ გჯერათ ქორწინების სიწმინდის, არამედ იმის გამოც, რომ გიყვართ ის, ვისზეც დაქორწინდით?

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 გამოუვალ სიტუაციებში შეიძლება გამართლებული იყოს ცოლ-ქმრის დროებით ცალ-ცალკე ცხოვრება (1 კორინთელთა 7:10, 11; იხილეთ აგრეთვე წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვ. 160, 161, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ). გარდა ამისა, მრუშობის (სქესობრივი უზნეობის) შემთხვევაში ბიბლია გაყრის ნებას რთავს უდანაშაულო მხარეს (მათე 19:9).

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

რის გაკეთება შეგიძლიათ ახლა

რა როლს ასრულებს ვალდებულების გრძნობა თქვენს ქორწინებაში? შეიძლება ხედავთ, რომ საჭიროა აღებული ვალდებულების უკეთესად შესრულება. თუ ასეა, სცადეთ შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

● გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. დაფიქრდით, მართლაც მთელი გულით ხართ დაქორწინებულები თუ ჯერაც დაუქორწინებელი ადამიანივით ფიქრობთ და მოქმედებთ. გაიგეთ, რას უჩვენებს თქვენი მოქმედებები მეუღლეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

● წაიკითხეთ ეს სტატია მეუღლესთან ერთად. შემდეგ მშვიდად ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ვალდებულების უკეთესად შესრულება.

● დაკავდით საქმეებით, რომლებიც ერთმანეთის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, დაათვალიერეთ ქორწილის ან სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენის დროს გადაღებული ფოტოსურათები. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებდათ დაქორწინების წინა პერიოდში ან თქვენი ერთად ცხოვრების დასაწყისში. ერთად შეისწავლეთ ქორწინების შესახებ ბიბლიაზე დაფუძნებული სტატიები, რომლებიც „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-შია მოცემული.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

ცოლქმრული ვალდებულება მოიცავს. . .

მოვალეობის გრძნობას. „რაც აღუთქვი, შეასრულე. სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო“ (ეკლესიასტე 5:4, 5).

ურთიერთგაგებას. „ორნი სჯობიან ერთს . . . რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს“ (ეკლესიასტე 4:9, 10).

თავგანწირულებას. „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

იმის აღიარებას, რომ ქორწინება მუდმივი კავშირია. „სიყვარული . . . ყოველივეს იტანს“ (1 კორინთელთა 13:4, 7).

[სურათები 7 გვერდზე]

მზად ხართ მეუღლის მოსასმენად, როცა მას თქვენთან ლაპარაკი სურს?