არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვას

განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვას

განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვას

„თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 2:20).

1. რა საკითხი უნდა განვიხილოთ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება გვსურს?

ქრისტიანები იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები არიან და მისი ნების შესრულება სურთ. ისინი ცდილობენ, მიძღვნის თანახმად იცხოვრონ და თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს იყენებენ იმისათვის, რომ სამაგალითო პიროვნების, იესო ქრისტეს ნაკვალევს მიჰყვნენ და ჭეშმარიტების შესახებ დაამოწმონ (მათე 16:24; იოანე 18:37; 1 პეტრე 2:21). იესომ და სხვა ერთგულმა მსახურებმა რწმენის გამო მსხვერპლად გაიღეს სიცოცხლე და მოწამებრივი სიკვდილით მოკვდნენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა ქრისტიანი უნდა მოკვდეს თავისი რწმენის გამო?

2. როგორ უყურებენ ქრისტიანები განსაცდელებსა და ტანჯვას?

2 ქრისტიანები სიკვდილამდე ერთგულნი უნდა დავრჩეთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ რწმენის გამო მოვკვდეთ (2 ტიმოთე 4:7; გამოცხადება 2:10). ეს ნიშნავს, რომ რწმენის გამო ტანჯვისთვის და, თუ საჭირო იქნება, სიკვდილისთვისაც კი მზად ვართ, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. არანაირ სიამოვნებას არ გვანიჭებს ტანჯვა, ტკივილი ან დამცირება. მიუხედავად ამისა, რადგან დევნა და განსაცდელები მოსალოდნელია, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რა რეაგირებას მოვახდენთ მათზე.

ერთგულნი განსაცდელების დროს

3. რომელ ბიბლიურ მაგალითებს მოიყვანდით დევნის დროს ღვთის მსახურთა მოქმედების შესახებ? (იხილეთ ჩარჩო „როგორ აიტანეს მათ დევნა“, მომდევნო გვერდზე).

3 ბიბლიაში ვკითხულობთ მრავალი ისეთი შემთხვევის შესახებ, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ რეაგირებდნენ ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მათ სხვადასხვაგვარი განსაცდელები აიტანეს, რაც თანამედროვე ქრისტიანებს ხელმძღვანელობას გაუწევს, თუ ოდესმე მსგავსი სირთულეების წინაშე დადგებიან. განიხილეთ შემთხვევები ჩარჩოდან „როგორ აიტანეს მათ დევნა“ და დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევებიდან.

4. როგორ რეაგირებდნენ იესო და სხვა ერთგული მსახურები განსაცდელებზე?

4 იესო და ღვთის სხვა ერთგული მსახურები სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ დევნების დროს, რაც დამოკიდებული იყო შექმნილ გარემოებებზე. ისინი ტყუილუბრალოდ არ იგდებდნენ სიცოცხლეს საფრთხეში. სახიფათო სიტუაციებში ღვთის მსახურები გაბედულად, მაგრამ, ამავე დროს, სიფრთხილით მოქმედებდნენ (მათე 10:16, 23). მათი მიზანი იყო სამქადაგებლო საქმიანობის წინ წაწევა და იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება. დღევანდელი ქრისტიანები, რომლებიც განსაცდელებში ცვივდებიან და იდევნებიან, მათ მაგალითს მიჰყვებიან.

5. როგორი დევნა დაიწყო მალავიში 60–იან წლებში და როგორ მოიქცნენ მოწმეები?

5 ჩვენს დროში იეჰოვას ხალხი ომების, აკრძალვებისა და აშკარა დევნების გამო ხშირად დიდი სირთულეების წინაშე დგება და ყველაფერს კარგავს. მაგალითად, 60–იან წლებში მალავიში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ისინი კარგავდნენ შემოსავლის წყაროს; მათ უნადგურებდნენ სამეფო დარბაზებს, სახლებს, სურსათის მარაგს — ფაქტობრივად, ყველაფერს, რაც გააჩნდათ. ძმები და დები ფიზიკური შეურაცხყოფისა და სხვა შემაძრწუნებელი ქმედებების მსხვერპლი ხდებოდნენ. როგორ რეაგირებდნენ ამაზე ისინი? ათასობით მათგანს მოუწია თავიანთი სოფლების დატოვება. მრავალმა უდაბურ ადგილებს შეაფარა თავი, სხვები კი დროებით მეზობლად მდებარე მოზამბიკში გადასახლდნენ. ბევრმა ერთგულმა მსახურმა სიცოცხლე დაკარგა, სხვებმა კი არჩიეს, გასცლოდნენ საშიშ ზონას, რაც ასეთ სიტუაციაში, როგორც ჩანს, გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამგვარად, ძმები იესოსა და პავლეს მიერ დატოვებულ მაგალითს მიჰყვნენ.

6. რის კეთება არ შეუწყვეტიათ მალაველ მოწმეებს სასტიკი დევნის მიუხედავად?

6 თუმცა მალაველ ძმებს გაქცევა და დამალვა მოუწიათ, ისინი ეძებდნენ თეოკრატიულ ხელმძღვანელობას და მის შესაბამისად მოქმედებდნენ. ამასთანავე, შეძლებისდაგვარად არალეგალურად ეწეოდნენ ქრისტიანულ საქმიანობას. რა იყო ამის შედეგი? 1967 წელს, აკრძალვის წინა პერიოდში, სამეფოს მაუწყებელთა რაოდენობამ უმაღლეს რიცხვს — 18 519–ს მიაღწია. 1972 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ჩვენი საქმიანობა და ბევრი მოზამბიკში იყო გაქცეული, მაუწყებელთა რაოდენობამ ახალ უმაღლეს რიცხვს — 23 398–ს მიაღწია. ყოველთვიურად ისინი საშუალოდ 16 საათზე მეტს ქადაგებდნენ. უეჭველია, რომ მათ თავიანთი საქციელით განადიდეს იეჰოვა, რომელმაც ამ უკიდურესად მძიმე პერიოდში აკურთხა ეს ერთგული ძმები *.

7, 8. რატომ არჩევს ზოგი, წინააღმდეგობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, არ დატოვოს ქვეყანა?

7 მეორე მხრივ, იმ ქვეყნებში, სადაც წინააღმდეგობაა, ზოგი ძმა არჩევს, არ დატოვოს ქვეყანა, თუმცა შეუძლიათ ამის გაკეთება. სხვაგან გადასვლამ შესაძლოა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ სხვა სირთულეები წარმოქმნას. მაგალითად, შეძლებენ სხვა ქვეყნებში გადასული ძმები ქრისტიან საძმოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას და არ იქნებიან სულიერად იზოლირებულნი? შეძლებენ ისინი, მიჰყვნენ სულიერი საქმიანობის განრიგს, მაშინ როცა მთელი ენერგიის დახარჯვა ახალ პირობებთან შესაგუებლად მოუწევთ რომელიმე მდიდარ ქვეყანაში თუ იქ, სადაც მატერიალურად შედარებით უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობაა? (1 ტიმოთე 6:9).

8 სხვები არ გადადიან სხვაგან, რადგან ძმების სულიერი კეთილდღეობით არიან დაინტერესებული. სირთულეების მიუხედავად, ისინი დარჩენას არჩევენ იმიტომ, რომ სამშობლოში ქადაგებისა და თანამორწმუნეების მხარდაჭერის სურვილი აქვთ (ფილიპელთა 1:14). ასეთი გადაწყვეტილების შედეგად ზოგმა თავის ქვეყანაში გამართულ სასამართლო პროცესებზე მოპოვებულ გამარჯვებებშიც კი შეიტანა წვლილი *.

9. რა ფაქტორები უნდა მიიღოს ღვთის მსახურმა მხედველობაში, როცა ფიქრობს, დარჩეს თუ არა თავის ქვეყანაში დევნის პერიოდში?

9 რასაკვირველია, ყველას პირადი გადასაწყვეტია, დარჩება თავის ქვეყანაში თუ სხვაგან გადავა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა მივიღოთ, რაც ლოცვით ვთხოვთ იეჰოვას ხელმძღვანელობას. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:12). როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იეჰოვა თავისი თითოეული მსახურისგან მოელის, რომ ნებისმიერ ვითარებაში ერთგულებას შეინარჩუნებენ. ზოგიერთი მისი მსახური განსაცდელშია ან იდევნება დღეს, სხვები შეიძლება მოგვიანებით დადგნენ ამავე სირთულეების წინაშე. საბოლოო ჯამში, ყველა გამოვიცდებით ამა თუ იმ სახით და არავინ უნდა იფიქროს, რომ ამ მხრივ გამონაკლისი იქნება (იოანე 15:19, 20). ჩვენ, როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილ მსახურებს, უეჭველად შეგვეხება იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი უზენაესი ხელისუფლების გამართლებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი (ეზეკიელი 38:23; მათე 6:9, 10).

„ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს“

10. რა მნიშვნელოვანი მაგალითი დაგვიტოვეს იესომ და მოციქულებმა დევნისა და წინააღმდეგობის ატანასთან დაკავშირებით?

10 განსაცდელში მყოფი იესოსა და მოციქულების რეაქციიდან სხვა მნიშვნელოვანი პრინციპის სწავლაც შეგვიძლია: არასდროს გადავუხადოთ სამაგიერო ჩვენს მდევნელებს. ბიბლიაში არსად არის ნახსენები, რომ იესომ ან მისმა მიმდევრებმა როდისმე შეთქმულება მოაწყვეს ან მდევნელებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალადობას მიმართეს. პირიქით, პავლე მოციქულმა ქრისტიანებს ურჩია: «ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს . . . შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“». გარდა ამისა, პავლემ თქვა: „არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:17—21; ფსალმუნები 36:1—4; იგავები 20:22).

11. რას ამბობს ერთი ისტორიკოსი მთავრობისადმი პირველი საუკუნის ქრისტიანთა დამოკიდებულებაზე?

11 პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ყურად იღეს ეს რჩევა. თავის წიგნში „ადრინდელი ეკლესია და მსოფლიო“ ისტორიკოსმა სესილ კადუმ აღწერა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტიანებს მთავრობისადმი ახ. წ. 30—70–იან წლებში. ის წერს: „ჩვენ არანაირი მტკიცება არ გვაქვს იმისა, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს როდისმე ძალა გამოეყენებინათ დევნის შესაჩერებლად. უკიდურესი ზომა, რასაც ისინი მიმართავდნენ, ის იყო, რომ არ ერიდებოდნენ მმართველების მხილებას ან მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევით საგონებელში აგდებდნენ მათ. ჩვეულებრივ, მათი საპასუხო რეაქცია ზომიერების ფარგლებს არ სცდებოდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისინი მტკიცედ ამბობდნენ უარს მთავრობის ისეთი მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ქრისტესადმი მორჩილების საწინააღმდეგო იყო“.

12. რატომ არის სამაგიეროს გადახდაზე უკეთესი წინააღმდეგობის ატანა?

12 ნამდვილად გონივრულია, ერთი შეხედვით, ასეთი პასიური მოქმედება? ნუთუ ისინი, ვინც ამგვარად რეაგირებს, უფრო ადვილად არ ჩაუვარდებიან ხელში მოწინააღმდეგეებს? გონივრული არ იქნებოდა ასეთ დროს საკუთარი თავის დაცვა? ადამიანური თვალსაზრისით ეს შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ იეჰოვას მსახურებს სჯერათ, რომ ნებისმიერ საკითხში საუკეთესოა იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს პეტრეს სიტყვები: „თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 2:20). დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვას ძალიან კარგად ესმის ჩვენი მდგომარეობა და არ დაუშვებს ჩვენი ტანჯვის უსასრულოდ გაგრძელებას. რა გვაძლევს ამგვარად ფიქრის საფუძველს? იეჰოვამ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ თავის ერს განუცხადა: «თქვენი შემხებარე მისი [„ჩემი“, აქ] თვალის გუგის შემხებარია» (ზაქარია 2:8). რამდენ ხანს დაუშვებს ადამიანი, რომ მისი თვალის გუგას ეხებოდნენ? სათანადო დროს იეჰოვა შვებას მოუტანს თავის ხალხს და ამაში არაფერია დასაეჭვებელი (2 თესალონიკელთა 1:5—8).

13. რატომ მისცა იესომ მოწინააღმდეგეებს დაპატიმრების საშუალება?

13 ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მივყვეთ იესოს მიერ დატოვებულ მაგალითს. როდესაც თავის მტრებს დაპატიმრების ნება დართო გეთსიმანიის ბაღში, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას თავის დაცვა არ შეეძლო. მან თავის მოციქულს უთხრა: „იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც? აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ (მათე 26:53, 54). იეჰოვას ნების შესრულება იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო ტანჯვა მოუწევდა. ის ღრმად იყო დარწმუნებული დავითის ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვების უტყუარობაში: „შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას“ (ფსალმუნები 15:10). წლების შემდეგ პავლე მოციქულმა იესოს შესახებ თქვა: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 12:2, აქ).

იეჰოვას სახელის განწმენდის შედეგად მიღებული სიხარული

14. რა სიხარულმა აატანინა იესოს განსაცდელები?

14 რა სიხარულმა აატანინა იესოს უმძიმესი გამოცდა? იესო, ღვთის საყვარელი ძე, იეჰოვას ყველა მსახურს შორის, სატანის მთავარი სამიზნე იყო. ამიტომ, გამოცდის დროს იესო შეუბღალავი და ერთგული თუ დარჩებოდა, საბოლოო პასუხი გაეცემოდა სატანის მიერ იეჰოვას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას (იგავები 27:11). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიდა იესოს აღდგომის შემდეგ? რა ბედნიერი იქნებოდა ის იმის გაცნობიერებით, რომ, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, თავისი წვლილი შეიტანა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებასა და მისი სახელის განწმენდაში! გარდა ამისა, ღვთის ტახტის „მარჯვნივ ჯდომა“ უეჭველად დიდი პატივი და უდიდესი სიხარულის მომტანი უნდა ყოფილიყო იესოსთვის (ფსალმუნები 109:1, 2; 1 ტიმოთე 6:15, 16).

15, 16. რა საშინელი დევნა გადაიტანეს მოწმეებმა ზაქსენჰაუზენში და რამ მისცა მათ ამის ატანის ძალა?

15 ქრისტიანებიც მსგავსადვე განიცდიან სიხარულს, რადგან იესოს მაგალითს მიჰყვებიან და დევნისა და განსაცდელების ატანით იეჰოვას სახელის განწმენდაში მონაწილეობენ. ამის დამადასტურებელი ცოცხალი მაგალითები ის მოწმეები არიან, რომლებიც ზაქსენჰაუზენის ავად სახსენებელ საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდნენ და მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სასიკვდილო მარშს გადაურჩნენ. მარშის დროს ათასობით პატიმარი დაიხოცა აუტანელი ამინდის, ავადმყოფობისა და შიმშილის გამო. ბევრი კი მხეცურად გზაზევე მოკლეს ესესელებმა. რაც შეეხება მათ შორის მყოფ 230 მოწმეს, ყველანი გადარჩნენ, რადგან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთმანეთის მხარდასაჭერად საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებდნენ საფრთხეში.

16 რამ მისცა მოწმეებს ასეთი სასტიკი დევნის ატანის ძალა? როგორც კი უსაფრთხოებაში აღმოჩნდნენ, მათ თავიანთი სიხარული და იეჰოვასადმი მადლიერება გამოხატეს დოკუმენტში, სათაურით „შვერინის მახლობლად მეკრლენბურგის ტყეში შეკრებილი ექვსი ეროვნების წარმომადგენელი 230 იეჰოვას მოწმის რეზოლუცია“. მასში განაცხადეს: „სასტიკი გამოცდების ხანგრძლივი პერიოდი უკვე წარსულს ჩაჰბარდა და მათ, ვინც, ასე ვთქვათ, გახურებულ ღუმელში დაწვას გადაურჩა, კვამლის სუნიც კი არ ასდით“ (იხილეთ დანიელის 3:27). პირიქით, იეჰოვას მიერ მოცემული ძალით და ენერგიით არიან სავსე და მოუთმენლად ელიან მეფის ახალ მითითებებს თეოკრატიული ინტერესების შემდგომი წინსვლისთვის“ *.

17. რა სახის გამოცდებს ხვდებიან ღვთის მსახურები დღეს?

17 ამ 230 ერთგული მოწმის მსგავსად, ჩვენი რწმენაც შეიძლება გამოიცადოს. ჩვენ, შესაძლოა, ‘ჯერ კიდევ სისხლამდე არ ვმდგარვართ’ (ებრაელთა 12:4). გამოცდა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, თანაკლასელების მხრიდან დაცინვა ან უზნეობისა თუ სხვა არასწორი ქმედების ჩასადენად თანატოლების ზეგავლენა. გარდა ამისა, სისხლის გადასხმისგან თავის შეკავებამ, მხოლოდ უფალში დაქორწინების სურვილმა და რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ბავშვების აღზრდამ შეიძლება ზოგჯერ დიდი წინააღმდეგობებისა და განსაცდელების წინაშე დაგვაყენოს (საქმეები 15:29; 1 კორინთელთა 7:39; ეფესელთა 6:4; 1 პეტრე 3:1, 2).

18. რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ ურთულესი განსაცდელების გადატანასაც კი შევძლებთ?

18 რა სახის გამოცდებსაც უნდა ვხვდებოდეთ, ჩვენი ტანჯვა იმით არის გამოწვეული, რომ პირველ ადგილზე იეჰოვასა და მის სამეფოს ვაყენებთ. ეს კი ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან გვახარებს. გამბედაობას გვინერგავს პეტრეს გამამხნევებელი სიტყვები: „თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს, მათით იგმობა, თქვენით კი იდიდება“ (1 პეტრე 4:14). იეჰოვა თავისი სულიწმიდით ყველაზე რთული განსაცდელების გადატანის ძალას გვაძლევს და ყოველივე ამას მისთვის პატივი და დიდება მოაქვს (2 კორინთელთა 4:7; ეფესელთა 3:16; ფილიპელთა 4:13).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 60–იან წლებში მომხდარი მოვლენები მხოლოდ დასაწყისი იყო იმ სასტიკი დევნებისა, რომლებმაც მრავალი მოწმის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ მდგომარეობის ატანა მალაველ მოწმეებს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მოუწიათ. მალაველი ძმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1999 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 171—212 (რუს.).

^ აბზ. 8 იხილეთ 2003 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია «უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას „არარატის ქვეყანაში“», გვერდები 11—14.

^ აბზ. 16 ამ რეზოლუციის მთლიანი ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ 1974 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 208, 209 (ინგლ.). სასიკვდილო მარშს გადარჩენილი ერთ–ერთი მოწმის მონათხრობის წაკითხვა შეგიძლიათ 1998 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—29.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ უყურებენ ქრისტიანები ტანჯვასა და დევნას?

• რა შეგვიძლია ვისწავლოთ განსაცდელში მყოფი იესოსა და სხვა ერთგული მსახურების რეაქციიდან?

• რატომ არის გონივრული, არ გადავუხადოთ სამაგიერო მდევნელებს?

• რა სიხარულმა აატანინა იესოს განსაცდელები და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]

როგორ იქცეოდნენ ისინი დევნის დროს

• სანამ ჰეროდეს ბრძანებით ჯარისკაცები ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ბიჭუნების დასახოცად გაემართებოდნენ, ანგელოზის მითითებით იოსები და მარიამი ახალდაბადებულ იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცნენ (მათე 2:13—16).

• დედამიწაზე მსახურების პერიოდში იესოს მოკვლა არაერთხელ უცდიათ მის მტრებს იმის გამო, რომ მის ქადაგებას დიდი ძალა ჰქონდა. იესო ყოველთვის თავს აღწევდა მათგან (მათე 21:45, 46; ლუკა 4:28—30; იოანე 8:57—59).

• როდესაც ჯარისკაცები და მცველები იესოს დასაპატიმრებლად მივიდნენ გეთსემანიის ბაღში, მან პირდაპირ განუცხადა მათ თავისი ვინაობა და ორჯერ უთხრა: „მე ვარ“. იესომ თავისი მოწაფეებიც კი შეაჩერა, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის და ბრბოს დაპატიმრების საშუალება მისცა (იოანე 18:3—12).

• იერუსალიმში პეტრე და სხვები დააპატიმრეს, სცემეს და უბრძანეს, შეეწყვიტათ იესოს შესახებ ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, გათავისუფლების შემდეგ ისინი „წავიდნენ . . . ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:40—42).

• სავლემ, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქული გახდა, გაიგო, რომ დამასკოში მცხოვრები იუდეველები მის მოსაკლავად იყვნენ შეთქმულნი. ძმებმა ღამით გალავნიდან გოდრით ჩაუშვეს იგი და, ამგვარად, თავს უშველა მოციქულმა (საქმეები 9:22—25).

• წლების შემდეგ პავლემ კეისრის წინაშე წარდგომა მოითხოვა, თუმცა ფესტოსმა და მეფე აგრიპამ თქვეს: „ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო“ (საქმეები 25:10—12, 24—27; 26:30—32).

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

სასტიკი დევნის გამო ათასობით მალაველ ერთგულ მოწმეს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. მიუხედავად ამისა, ისინი სიხარულით განაგრძობდნენ მსახურებას.

[სურათები 17 გვერდზე]

ღვთის ამ ერთგულ მოწმეებს სიხარულს ანიჭებდა იეჰოვას სახელის განწმენდაში საკუთარი წვლილის შეტანა და ამან აატანინა მათ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების საშინელება და გააძლებინა სასიკვდილო მარშისთვის.

[საავტორო უფლება]

Death march: KZ-Gedenkstätte Dachau, courtesy of the USHMM Photo Archivesf

[სურათები 18 გვერდზე]

განსაცდელები და წინააღმდეგობები სხვადასხვა სახისაა.