არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ჭეშმარიტებისკენ იზიდავს თავმდაბლებს

იეჰოვა ჭეშმარიტებისკენ იზიდავს თავმდაბლებს

ბიოგრაფია

იეჰოვა ჭეშმარიტებისკენ იზიდავს თავმდაბლებს

მოგვითხრო ასანო კოსინომ

1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში, მაღალი და კეთილმოსურნე უცხოელი ესტუმრა ოჯახს, სადაც ვმუშაობდი ქალაქ კობეში. ეს იეჰოვას მოწმე მამაკაცი იაპონიაში პირველი მისიონერი იყო. მისი სტუმრობის წყალობით ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობა მომეცა. ნება მიბოძეთ, თავდაპირველად ჩემ შესახებ მოგითხროთ.

დავიბადე 1926 წელს, ჩრდილოეთ ოკაიამას პრეფექტურაში მდებარე პატარა სოფელში. ოჯახში რვა დედმამიშვილიდან მეხუთე მე ვიყავი. მამაჩემი თავგამოდებული მორწმუნე იყო. ის ადგილობრივ სინტოისტურ სამლოცველოში ეთაყვანებოდა ღმერთს. ამიტომ ჩვენ, შვილები, მთელი წლის მანძილზე დიდ სიამოვნებას ვიღებდით ოჯახთან ერთად რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობით.

როდესაც გავიზარდე, უამრავი კითხვა გამიჩნდა სიცოცხლესთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანთა სიკვდილი მაფიქრებდა. ტრადიციისამებრ, ჩვენთან ადამიანი სახლში უნდა მომკვდარიყო და ბავშვები ოჯახის მომაკვდავი წევრის სარეცელთან უნდა ყოფილიყვნენ. ჩემზე ძალიან იმოქმედა ბებიაჩემის და შემდეგ ჩემი ძმის სიკვდილმა, რომელიც ერთი წლისაც არ იყო. ჩემი მშობლების სიკვდილის წარმოდგენაც კი მზარავდა. ნუთუ სულ ეს არის ჩვენი ცხოვრება? ნუთუ არ არსებობს ისეთი რამ, რაც სიცოცხლეს უფრო აზრიანს გახდიდა? ძალიან მინდოდა ამ კითხვებზე პასუხის მიღება.

1937 წელს, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეექვსე კლასში ვსწავლობდი, იაპონიასა და ჩინეთს შორის ომი დაიწყო. იმ დროს მამაკაცებს საბრძოლველად გზავნიდნენ ჩინეთში. სკოლის მოწაფეები ომში აცილებდნენ მამებსა და ძმებს და იმპერატორს განადიდებდნენ შეძახილებით: „ბანზაი!“ („გაუმარჯოს!“). ხალხი დარწმუნებული იყო, რომ იაპონელები, როგორც ღვთის ერი, და მათი იმპერატორი, რომელსაც ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდნენ, გაიმარჯვებდნენ.

ცოტა ხანში ოჯახებს ნათესავების სიკვდილის შესახებ უწყებები მისდიოდათ ფრონტიდან. დაღუპულთა ოჯახის წევრები სასოწარკვეთილებაში იყვნენ ჩავარდნილი. მათ გულებში სიძულვილი იდგამდა ფესვებს. ისინი ხარობდნენ, როცა მოწინააღმდეგეები იხოცებოდნენ ან სახიჩრდებოდნენ. მაგრამ იმასაც ვფიქრობდი, რომ მოწინააღმდეგეებიც ისევე განიცდიდნენ თავიანთი საყვარელი ადამიანების დაკარგვას, როგორც ჩვენ. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დავამთავრე, საომარმა მოქმედებამ უფრო დიდი ტერიტორია მოიცვა ჩინეთში.

მოულოდნელი შეხვედრა უცხოელთან

რადგანაც ფერმერები ვიყავით, ჩვენი ოჯახი ყოველთვის ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ მამაჩემმა ნება დამრთო სწავლის გაგრძელება მანამ, სანამ საფასურის გადახდა არ იქნებოდა საჭირო. ამიტომ, 1941 წელს, ჩვენგან დაახლოებით 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ოკაიამაში გოგონებისთვის გახსნილ სკოლაში შევედი. ეს სკოლა გოგონებს იმისთვის ამზადებდა, რომ კარგი მომავალი ცოლები და დედები გამხდარიყვნენ. მოსწავლე გოგონებს ქალაქში მდიდრების ოჯახებში სამუშაოდ ნიშნავდნენ, სადაც დიასახლისობას ისწავლიდნენ. დილით მოსწავლეები სახლში საოჯახო საქმეებს ეუფლებოდნენ, ხოლო ნაშუადღევს სკოლაში მიდიოდნენ.

მას შემდეგ, რაც კიმონოში გამოწყობილი მასწავლებელი გამეცნო და მითითებები მომცა, ერთ დიდ სახლში მიმიყვანა. მაგრამ გაუგებარი მიზეზით დიასახლისმა არ მიმიღო. „თუ ასეა, მაშინ ქალბატონ კოდას სახლში მისვლა მოგვიწევს, არა?“ — იკითხა მასწავლებელმა. მან დასავლური სტილის სახლთან მიმიყვანა და ზარი დარეკა. ცოტა ხანში კარი მაღალმა ჭაღარათმიანმა მანდილოსანმა გააღო. მოულოდნელობისგან გავოცდი, რადგან ის იაპონელი არ იყო. ცხოვრებაში არასდროს მენახა ევროპელი ადამიანი. მასწავლებელმა ჩემი თავი გააცნო ქალბატონ მოდ კოდას და მალევე დაგვტოვა. ჩანთების თრევა-თრევით, დაძაბულმა შევაბიჯე სახლში. მოგვიანებით გავიგე, რომ ქალბატონი მოდ კოდა ამერიკელი იყო და დაქორწინდა იაპონელ მამაკაცზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა. მოდ კოდა ინგლისურ ენას ასწავლიდა ბიზნეს-სასწავლებლებში.

დატვირთული განრიგით ცხოვრება მეორე დილიდანვე დამეწყო. ქალბატონ კოდას ქმარი ეპილეფსიით იყო დაავადებული და მის მოვლაში უნდა დავხმარებოდი. რადგან ინგლისური საერთოდ არ მესმოდა, ცოტა არ იყოს, დაძაბული ვიყავი. შვება ვიგრძენი, როცა ქალბატონი კოდა იაპონურად დამელაპარაკა. ყოველდღიურად მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ცოლ-ქმარი ინგლისურად და თანდათანობით ყური მივაჩვიე ამ ენას. ძალიან მომწონდა მათ ოჯახში გამეფებული სასიამოვნო ატმოსფერო.

მაოცებდა მოდას ერთგულება თავისი ავადმყოფი მეუღლისადმი. მის ქმარს ბიბლიის კითხვა უყვარდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ წყვილმა ბუკინისტურ მაღაზიაში შეიძინა წიგნი „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ იაპონურ ენაზე. აგრეთვე, უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ისინი ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ იწერდნენ ინგლისურ ენაზე.

ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიით დამასაჩუქრეს. ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან, ცხოვრებაში პირველად, მქონდა საკუთარი ბიბლია. მე მას გზაში ვკითხულობდი, როცა სკოლაში მივდიოდა და უკან ვბრუნდებოდი, მაგრამ ძალიან ცოტა რამ მესმოდა. რადგან იაპონელ სინტოისტად აღვიზარდე, იესო ქრისტეზე საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ ეს პირველი ნაბიჯები იყო, რაც საბოლოოდ ბიბლიურ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანდა და სიცოცხლესა და სიკვდილთან დაკავშირებით ჩემს კითხვებს პასუხი გაეცემოდა.

სამი სამწუხარო მოვლენა

ორი წლის სწავლების კურსმა სწრაფად გაირბინა და კოდების ოჯახთან გამოთხოვება მომიწია. სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისე გოგონებისგან შემდგარ ბრიგადას შევუერთდი და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ფორმებს ვკერავდი. იმ დროს ამერიკელებმა ბომბდამშენებით (B-29) საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს. რამდენიმე დღეში დეპეშა მივიღე, რომლითაც მატყობინებდნენ, რომ დედაჩემი სერიოზულად იყო ავად. სახლისკენ მიმავალ პირველივე მატარებელს გავყევი. როდესაც მატარებლიდან ჩამოვედი, ნათესავი დამხვდა და მითხრა, რომ დედა უკვე გარდაცვლილი იყო. ის 11 აგვისტოს დაიღუპა. რაც წლების მანძილზე მაშინებდა, რეალობად იქცა! დედა მეტად აღარასდროს დამელაპარაკებოდა და გამიღიმებდა.

15 აგვისტოს იაპონია დამარცხდა. ასე რომ, სამი სამწუხარო მოვლენის წინაშე დავდექი — ატომური ბომბის ჩამოგდება, დედის სიკვდილი და იაპონიის ისტორიული მნიშვნელობის დამარცხება. ეს სამივე მოვლენა სულ რაღაც ათ დღეში მოხდა. ცოტაოდენ შვებას იმის ცოდნა მგვრიდა, რომ მეტად აღარავინ მოკვდებოდა ამ ომში. გულმოკლულმა ბრიგადაში მუშაობა მივატოვე და სახლში დავბრუნდი.

ჭეშმარიტების შეცნობა

ერთ დღეს ოკაიამადან მოულოდნელად წერილი მივიღე მოდ კოდასგან. ის მთხოვდა, თუ შემეძლო, ჩავსულიყავი მათთან და საოჯახო საქმეებში მივხმარებოდი, რადგან, როგორც მაცნობა, ინგლისური სკოლის გახსნას აპირებდა. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. რამდენიმე წლის შემდეგ კოდების ოჯახთან ერთად ქალაქ კობეში გადავედი საცხოვრებლად.

1949 წლის ზაფხულის დასაწყისში მაღალი, კეთილმოსურნე ჯენტლმენი ეწვია კოდების ოჯახს. მას ერქვა დონალდ ხასლეტი. ეს მამაკაცი ტოკიოდან ჩამოვიდა კობეში, რათა მისიონერებისთვის საცხოვრებელი მოეძებნა. ის იეჰოვას მოწმე პირველი მისიონერი იყო იაპონიაში. მან მოძებნა სახლი და 1949 წლის ნოემბერში რამდენიმე მისიონერიც ჩამოვიდა კობეში. ერთ დღეს ხუთი მისიონერი ეწვია კოდების ოჯახს. ორი მათგანი, ლოიდ ბერი და პერსი იზლობი, დაახლოებით ათ-ათი წუთით რაღაცას ელაპარაკებოდნენ სახლში შეკრებილებს ინგლისურად. მისიონერები ქალბატონ მოდს ქრისტიან დად მოიხსენიებდნენ, და იგრძნობოდა, რომ თავად მოდი ძალიან გამხნევდა ამ ურთიერთობით. სწორედ მაშინ აღვიძარი ინგლისური ენის შესასწავლად.

ამ გულმოდგინე მისიონერების დახმარებით თანდათანობით ჩემთვის გასაგები გახდა ბიბლიის ძირითადი სწავლებები. მივიღე პასუხები კითხვებზე, რომლებიც ბავშვობიდანვე საგონებელში მაგდებდა. დიახ, ბიბლიაში მოცემულია დანაპირები დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლისა და ‘ყველა სამარხში მყოფთა’ მკვდრეთით ადგომის იმედის შესახებ (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:1, 4). მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ თავისი ძის, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით ასეთი იმედი მოგვცა.

სიხარულის მომტანი თეოკრატიული საქმიანობა

1949 წლის 30 დეკემბრიდან 1950 წლის 1 იანვრის ჩათვლით იაპონიაში პირველი თეოკრატიული კონგრესი ჩატარდა კობეს მისიონერთა სახლში. მე მოდთან ერთად დავესწარი ამ კონგრესს. სახლი, რომელშიც მისიონერები ცხოვრობდნენ, ადრე ნაცისტის საკუთრება იყო. ამ დიდი სახლიდან იაპონიის შიგა ზღვისა და კუნძულ ავაძის საოცარი ხედი იშლებოდა. რადგან ბიბლიიდან ცოტა რამ მესმოდა, ბევრი ვერაფერი გავიგე კონგრესზე. მაგრამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მისიონერებმა, რომლებსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ იაპონელებთან. კონგრესზე წაკითხულ საჯარო მოხსენებას 101 ადამიანი ესწრებოდა.

ამის შემდეგ ცოტა ხანში გადავწყვიტე, სამქადაგებლო მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა. კარდაკარ ქადაგებისთვის გამბედაობის მოკრება მჭირდებოდა, რადგან ბუნებით მორცხვი ვიყავი. ერთხელ ძმა ბერი მოვიდა ჩვენთან და მსახურებაში წამიყვანა. მან ქადაგება მოდ კოდას მეზობლად მდებარე სახლიდან დაიწყო. სანამ შეთავაზებას აკეთებდა, მე თითქმის ამოფარებული ვიყავი მის უკან. როდესაც მეორედ ვიყავი საქადაგებლად, ორ სხვა მისიონერთან ვითანამშრომლე. ხანდაზმულმა მანდილოსანმა სახლში შეგვიპატიჟა, მოგვისმინა და ბოლოს თითო ჭიქა რძე დაგვალევინა. ის ბიბლიის შესწავლაზე დაგვთანხმდა და, საბოლოოდ, მონათლული ქრისტიანი გახდა. გამამხნევებელი იყო მისი სულიერი წინსვლის ხილვა.

1951 წლის აპრილში ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ძმა ნეითან ნორი პირველად ჩამოვიდა იაპონიაში. დაახლოებით 700 ადამიანი დაესწრო მის მიერ წარმოთქმულ საჯარო მოხსენებას კანდაში (ტოკიო) კიორიცუს საკონფერენციო დარბაზში. ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე ყველა დამსწრე ძალიან გაგვახარა იმის გაგებამ, რომ იაპონურ ენაზე „საგუშაგო კოშკი“ გამოვიდა. მომდევნო თვეში ძმა ნორი კობეს ეწვია და იქ ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.

დაახლოებით ერთ წელიწადში წამახალისეს, რომ სრული დროით ანუ პიონერად მსახურება დამეწყო. იმ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე პიონერი იყო იაპონიაში. თავის რჩენისა და დაქორწინების საკითხი მაფიქრებდა, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ იეჰოვასთვის მსახურებას პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ, 1952 წელს შევუერთდი პიონერთა რიგებს. საბედნიეროდ, პიონერად მსახურების დროს შესაძლებლობა მქონდა, ნახევარ განაკვეთზე მემუშავა კოდების სახლში.

დაახლოებით იმავე პერიოდში ჩემი ძმა, რომელიც ომში დაღუპული მეგონა, ტაივანიდან თავის ოჯახთან ერთად სახლში დაბრუნდა. ჩემი ოჯახის წევრები არასდროს იჩენდნენ ინტერესს ქრისტიანული მრწამსის მიმართ, მაგრამ პიონერული სულისკვეთებით აღძრულმა, მათთვის ჩვენი ჟურნალებისა და ბროშურების გაგზავნა დავიწყე. მოგვიანებით ჩემი ძმა კობეში გადმოვიდა სამუშაოდ ოჯახთან ერთად. „კითხულობთ ჟურნალებს?“ — ვკითხე ჩემს რძალს. ჩემდა გასაკვირად, მან მომიგო: „ძალიან საინტერესო ჟურნალებია“. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო ერთ მისიონერთან და ჩემი უმცროსი დაც, რომელიც მათთან ცხოვრობდა, შეუერთდა ჩემს რძალს შესწავლაში. გარკვეული დროის შემდეგ ორივე მოინათლა.

საერთაშორისო საძმოთი აღფრთოვანებული

ამის შემდეგ ცოტა ხანში „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 22-ე კლასში მიმიწვიეს სასწავლებლად, რამაც ძალიან გამაოცა. მე და ძმა ცუტომუ ფუკასე იაპონიიდან პირველები ვიყავით ამ სკოლაში მიწვეულნი. 1953 წელს, სწავლის დაწყებამდე, შესაძლებლობა მოგვეცა, დავსწრებოდით კონგრესს „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“, რომელიც ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე გაიმართა. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო საძმომ.

კონგრესის მეხუთე დღეს, იაპონიიდან ჩამოსული დელეგატები, რომელთაგანაც უმეტესობა მისიონერები იყვნენ, კიმონოებში გამოწყობას აპირებდნენ. რადგან კიმონო, რომელიც სხვა ნივთებთან ერთად გამოვგზავნე, დროულად ვერ მივიღე, და ნორს ვეთხოვე. როცა წვიმა დაიწყო, ვნერვიულობდი, კიმონო არ დამსველებოდა. სწორედ მაშინ ვიღაცამ უკანა მხრიდან ფრთხილად გადმომაფარა საწვიმარი. „იცი, ვინ არის ის?“ — მკითხა ჩემ გვერდით მდგომმა ერთმა დამ. თურმე ეს ძმა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ფრედერიკ ფრენცი ყოფილა. იმ დროს ვიგრძენი, რა თბილი ატმოსფერო იყო გამეფებული იეჰოვას ორგანიზაციაში!

„გალაადის“ 22-ე კლასი მართლაც რომ ინტერნაციონალური იყო, რადგან 37 ქვეყნიდან ჩამოსული 120 სტუდენტისგან შედგებოდა. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, ძალიან ნასიამოვნები დავრჩით საერთაშორისო საძმოსთან ურთიერთობით. 1954 წლის თებერვლის თოვლიან დღეს შედგა ჩვენი კლასის გამოშვება და დანიშნულება იაპონიაში მივიღე. უნდა მემსახურა ჩემს თანაკლასელ შვედ დასთან, ინგერ ბრანტთან ერთად ქალაქ ნაგოიაში. იქ ჩვენ შევუერთდით მისიონერთა ჯგუფს, რომელიც კორეაში დაწყებული ომის გამო იაპონიაში გადმოიყვანეს. მისიონერულ მსახურებაში გატარებული რამდენიმე წელი ჩემთვის ფასდაუდებელი იყო.

დაქორწინების შემდეგ სასიხარულო მსახურება

1957 წლის სექტემბერში ტოკიოს ბეთელში მიმიწვიეს. იაპონიის ფილიალი განთავსებული იყო ორსართულიან ხის სახლში. იქ მსახურობდა მხოლოდ ოთხი წევრი, მათ შორის ძმა ბერი, ფილიალის ზედამხედველი. ოჯახის დანარჩენი წევრები მისიონერები იყვნენ. მე მთარგმნელისა და კორექტორის მოვალეობას ვასრულებდი. აგრეთვე, ჩემს მოვალეობაში შედიოდა დალაგება, დარეცხვა, საჭმლის მომზადება და ასე შემდეგ.

დროის სვლასთან ერთად იაპონიაში ჩვენი საქმიანობა უფრო ფართოვდებოდა და ბეთელში უფრო მეტ ძმას იწვევდნენ. ერთ-ერთი მათგანი იმ კრების ზედამხედველი გახდა, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი. 1966 წელს მე და ეს ძმა, ძიუნძი კოსინო, დავქორწინდით. დაქორწინების შემდეგ ძიუნძი მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. სასიხარულო იყო უამრავი და-ძმის გაცნობა, როდესაც სხვადასხვა კრებებს ვინახულებდით. რადგან ჩემს მოვალეობაში თარგმნაც შედიოდა, ამ სამუშაოთი მაშინ ვიყავი დაკავებული, როცა კრებების მონახულებისას ერთი კვირით ვინმეს სახლში ვრჩებოდით. მგზავრობის დროს ჩემოდნებისა და სხვა ჩანთების გარდა, მძიმე ლექსიკონების ტარებაც გვიწევდა.

ოთხ წელზე მეტი მიმოსვლით მსახურებაში გავატარეთ და საკუთარი თვალით ვიხილეთ ორგანიზაციის გაფართოება. მოგვიანებით იაპონიის ფილიალი ქალაქ ნუმაძუში გადაიტანეს, წლების შემდეგ კი — ებინაში და ბეთელი დღემდე იქ მდებარეობს. მე და ძიუნძი უკვე დიდი ხანია, რაც ბეთელში ვმსახურობთ, სადაც ამჟამად დაახლოებით 600 და-ძმა მუშაობს. 2002 წლის მაისში ბეთელელმა მეგობრებმა ჩემი სრული დროით მსახურების 50 წელი აღნიშნეს.

ზრდის ხილვით ბედნიერი

როდესაც 1950 წელს იეჰოვას მსახურება დავიწყე, იაპონიაში მაუწყებლები თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ. ამჟამად კი სამეფოს მაუწყებელთა რიცხვმა 210 000-ს გადააჭარბა. ათასობით ცხვრისმაგვარი ადამიანი დაუახლოვდა იეჰოვას, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა.

იმ მისიონერებმა — ოთხმა ძმამ და ერთმა დამ, რომლებიც 1949 წელს და კოდას ესტუმრნენ, ერთგულად დაასრულეს სიცოცხლე. თავად და მოდ კოდამაც ერთგულად განვლო ქრისტიანული გზა. სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ ჩემი ძმაც, რომელიც თანაშემწედ მსახურობდა, და ჩემი რძალიც, რომელმაც დაახლოებით 15 წელი სრული დროით იმსახურა. რა ელით მომავალში ჩემს მშობლებს, რომელთა სიკვდილიც ბავშვობაში ძალიან მაშინებდა? ბიბლიაში მოცემული დანაპირები მკვდრეთით აღდგომის შესახებ იმედსა და ნუგეშს მაძლევს (საქმეები 24:15).

ვიხსენებ წარსულს და ვხვდები, რომ 1941 წელს მოდთან შეხვედრამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. იმ პერიოდში მას რომ არ შევხვედროდი და არ დავთანხმებულიყავი ომის შემდეგ კვლავ მასთან მუშაობაზე, ალბათ, ჩემს შორეულ სოფელში, ფერმაში დავსახლდებოდი და ვერ გავიცნობდი იმ დროს მომსახურე მისიონერებს. რაოდენ ვემადლიერები იეჰოვას, რომ მოდ კოდასა და პირველი მისიონერების მეშვეობით ჭეშმარიტებისკენ მიმიზიდა!

[სურათი 25 გვერდზე]

მოდ კოდასთან და მის მეუღლესთან ერთად, წინ მარცხნივ.

[სურათი 27 გვერდზე]

იაპონიიდან ჩამოსულ მისიონერებთან ერთად იანკის სტადიონზე 1953 წელს, მარცხნივ.

[სურათები 28 გვერდზე]

ბეთელში ჩემს მეუღლესთან, ძიუნძისთან, ერთად.