მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რას ნიშნავს მკვდართათვის მონათვლა?
როცა მოციქული პავლე ზეციერი აღდგომის შესახებ წერდა, ერთ საინტერესო მომენტსაც შეეხო. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ თარგმანში ვკითხულობთ: „რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომღა მოინათლონ მკვდართათვის?“ საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა კი ამ ადგილს ასე თარგმნის: „რას სჩადიან მკვდართათვის ნათლის მღებელნი? თუკი მკვდარნი არ აღდგებიან, რისთვისღა იღებენ ნათელს მკვდართათვის?“ (1 კორინთელთა 15:29).
გულისხმობდა პავლე იმას, რომ ცოცხალი ადამიანები იმათთვის ინათლებოდნენ, რომლებიც მოუნათლავები დაიხოცნენ? ზემოთ მოყვანილი და ზოგი სხვა თარგმანებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ასე გავიგოთ. მაგრამ ბიბლიისა და ბერძნული სიტყვების ღრმად გამოკვლევას სხვა დასკვნამდე მივყავართ. პავლე გულისხმობდა, რომ ცხებული ქრისტიანები მოინათლნენ, ანუ დაადგნენ ცხოვრების ისეთ გზას, რომელიც მათ, ქრისტეს მსგავსად, სიკვდილამდე მიიყვანდა; ისინი მასსავით სიკვდილამდე ერთგულები იქნებოდნენ. შემდეგ კი სულიერ სხეულში აღდგებოდნენ, როგორც ქრისტე აღდგა.
ბიბლია ადასტურებს ასეთი ახსნის სისწორეს. რომაელების მიმართ წერილში პავლემ დაწერა: „ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?“ (რომაელთა 6:3). ფილიპელთა მიმართ წერილში კი იგი თავის თავზე ამბობდა: „რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა, და მის ტანჯვებში მოზიარეობა და, მის სიკვდილს ვემსგავსო, რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას“ (ფილიპელთა 3:10, 11). პავლე აღნიშნავდა, რომ ქრისტეს ცხებულ მიმდევრად ყოფნა ნიშნავს განსაცდელებისას ერთგულების შენარჩუნებას, ყოველდღიურად სიკვდილისთვის თვალებში შეხედვას და, ბოლოს, ერთგულებაში სიკვდილს, რასაც შემდეგ ზეციერი აღდგომა მოჰყვება.
საყურადღებოა, რომ ამ და სხვა მუხლებში, სადაც სიკვდილი მონათლულებთან დაკავშირებით მოიხსენიება, ლაპარაკია ცოცხალ ადამიანებზე და არა მათზე, რომლებიც მოკვდნენ. პავლემ ცხებულ ქრისტიანებს ასევე უთხრა: „მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით“ (კოლასელთა 2:12).
ბერძნული წინდებული „ჰიპერ“, რომელიც ზემოთ აღნიშნულ თარგმანებში, 1 კორინთელთა 15:29-ში თარგმნილია თანდებულით „თვის“, აგრეთვე ნიშნავს „რაიმე მიზნისთვის“. სხვა ბიბლიური მუხლების შინაარსის გათვალისწინებით „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სწორად თარგმნის ამ მუხლს: „რას გააკეთებენ ისინი, რომლებიც იმისთვის მოინათლნენ, რომ მკვდრები იყვნენ? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, რატომ ინათლებიან ისინი იმისთვის, რომ მკვდრები იყვნენ?“