არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რამხელა აღმოჩენაა!“

„რამხელა აღმოჩენაა!“

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

„რამხელა აღმოჩენაა!“

პოლონეთში მცხოვრებმა ერთმა სრული დროით მსახურმა იეჰოვას მოწმემ, დოროტამ, 14 წლის ვაჟი სკოლის პოლიკლინიკაში მიიყვანა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ექიმმა იანინამ * დოროტას ჰკითხა, რა საოჯახო საქმეებს აკეთებდა მისი ვაჟი.

— როდესაც არ შემიძლია ოჯახის ექვსი წევრისთვის სადილის მომზადება, ჩემი ბიჭი აკეთებს ამას, — მიუგო დოროტამ. — ის სახლსაც ალაგებს და თუ გაფუჭებულია რამე, არემონტებს. ჩემს შვილს უყვარს კითხვა. სკოლაშიც კარგად სწავლობს.

— დაუჯერებელია, — გაიკვირვა იანინამ, — უკვე 12 წელია, რაც აქ ვმუშაობ და მსგავსი რამ არასოდეს მსმენია.

დოროტას ქადაგების შესაძლებლობა მიეცა და ექიმს აუხსნა: „დღეს ბევრი მშობელი სათანადოდ არ ზრუნავს შვილების აღზრდაზე, რის გამოც მათ ბავშვებს, ხშირ შემთხვევაში, თითქმის არ გააჩნიათ საკუთარი ღირსების გრძნობა“.

— საიდან იცით თქვენ ეს? — იკითხა იანინამ. — მშობლების უმეტესობამ საერთოდ არაფერი იცის ამის შესახებ.

— ამ მხრივ ფასდაუდებელ ინფორმაციას ბიბლია გვაწვდის. მაგალითად, მეორე რჯულის 6:6—9–ის თანახმად, შვილების აღზრდამდე საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ. განა უპირველეს ყოვლისა ჩვენს გულსა და გონებაში არ უნდა გაიდგას ფესვები იმ ფასეულობებმა, რომელთა ჩანერგვაც გვსურს ჩვენს შვილებში?

— დაუჯერებელია, ეს დაუჯერებელია! — თქვა იანინამ. შემდეგ დოროტას ჰკითხა, როგორ დაეხმარა მას ბიბლია შვილების აღზრდასა და განსწავლაში.

— ჩვენ ყოველ კვირას ვსწავლობთ ბიბლიას შვილებთან ერთად. დამხმარე სახელმძღვანელოდ ვიყენებთ წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *. შემდეგ ის ექიმს ესაუბრა ამ წიგნისა და მასში მოცემული ზოგი თემის შესახებ.

— რამხელა აღმოჩენაა! — აღფრთოვანებით თქვა იანინამ. — შემიძლია ამ წიგნის ნახვა?

ერთი საათის შემდეგ დოროტა წიგნით ხელში დაბრუნდა.

— რომელი სარწმუნოების მიმდევარი ხართ? — ჰკითხა წიგნის დათვალიერების დროს იანინამ დოროტას.

— იეჰოვას მოწმე ვარ.

— როგორი დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს სხვა რწმენის ადამიანებთან?

— ისეთივე, როგორც მე თქვენთან, ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით ყველას, — მიუგო დოროტამ და დასძინა — ჩვენი სურვილია, რომ ადამიანებმა გაიგონ ბიბლიაში მოცემული ჭეშმარიტება.

— თქვენთან საუბარმა ძალიან გამამხნევა, — აღიარა იანინამ.

წასვლისას დოროტამ ურჩია მას, ბიბლია ეკითხა.

— ის თქვენს ცხოვრებას აზრს შემატებს და სამუშაოშიც დაგეხმარებათ.

— თქვენ უკვე აღმძარით ამის გასაკეთებლად, — მიუგო იანინამ.

დოროტამ ტაქტიანობითა და შეუპოვრობით შესანიშნავად დაამოწმა ექიმის კაბინეტში (1 პეტრე 3:15).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.