როგორ ჩაერევა ღმერთი ადამიანთა საქმეებში?
როგორ ჩაერევა ღმერთი ადამიანთა საქმეებში?
ძველი წელთაღრიცხვით VIII საუკუნეში იუდას 39 წლის მეფე ხიზკიაჰუმ შეიტყო, რომ სასიკვდილო სენით იყო დაავადებული. ამ სიახლით თავზარდაცემული მეფე მთელი გულით შეევედრა ღმერთს, რომ განეკურნა. იეჰოვა მის ლოცვას თავისი წინასწარმეტყველის საშუალებით გამოეხმაურა: „ვისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლები. აჰა, მე ვუმატებ შენს დღეებს თხუთმეტ წელს“ (ესაია 38:1—5).
რატომ იმოქმედა ღმერთმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში? საუკუნეებით ადრე ღმერთი მართალ მეფე დავითს დაჰპირდა: „მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო უკუნისამდე ჩემი სახის წინაშე. მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე“. ღმერთმა აგრეთვე ნათელი გახადა, რომ მესია დავითის საგვარეულო ხაზში დაიბადებოდა (2 მეფეთა 7:16; ფსალმუნები 88:21, 27—30; ესაია 11:1). როდესაც ხიზკიაჰუ დასნეულდა, მას ჯერ კიდევ არ ჰყავდა ვაჟი, რის გამოც არსებობდა დავითის სამეფო ხაზის შეწყვეტის საშიშროება. ხიზკიაჰუს სასარგებლოდ მოქმედება მოემსახურა განსაკუთრებულ მიზანს — მესიამდე მიმყვანი საგვარეულო ხაზის შენარჩუნებას.
ქრისტიანობამდელ პერიოდში ღმერთს თავისი განზრახვების შესასრულებლად არაერთხელ მიუღია ზომები ერთგულ მსახურთა სასარგებლოდ. მოსემ ისრაელი ერის ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების თაობაზე თქვა: „თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით“ (მეორე რჯული 7:8).
ღვთის ჩარევა პირველ საუკუნეშიც მისი განზრახვების განხორციელებას ემსახურებოდა. მაგალითად, დამასკოსკენ მიმავალ გზაზე ერთმა იუდეველმა, სახელად სავლემ, იესოსგან სასწაულებრივი ჩვენება იხილა, რათა შეეწყვიტა ქრისტეს მოწაფეების დევნა. ამ მამაკაცის გაქრისტიანებამ, რომელიც პავლე მოციქული გახდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სხვა ერებს შორის სასიხარულო ცნობის გავრცელებაში (საქმეები 9:1—16; რომაელთა 11:13).
ყოველთვის ერევა ღმერთი ადამიანთა საქმეებში?
ღვთის ჩარევა ადამიანთა საქმეებში ჩვეულებრივი რამ იყო თუ გამონაკლისი? საღვთო წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ამ მხრივ ყოველთვის ერთნაირად არ მოქმედებდა. თუმცა ღმერთმა გახურებულ ღუმელში ჩაყრილი სამი ახალგაზრდა ებრაელი ცეცხლში დაწვას გადაარჩინა და წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროდან დაიხსნა, მას არ დაუცვია სიკვდილისგან სხვა წინასწარმეტყველები (2 ნეშტთა 24:20, 21; დანიელი 3:21—27; 6:16—22; ებრაელთა 11:37). პეტრე სასწაულებრივად იქნა დახსნილი ციხიდან, სადაც ჰეროდე აგრიპა I–ის ბრძანებით მოხვდა. მაგრამ როცა ამავე მმართველმა იაკობ მოციქული სიკვდილით დასაჯა, ღმერთს არ მიუღია ზომები ამ ბოროტმოქმედების თავიდან ასარიდებლად (საქმეები 12:1—11). მართალია, ღმერთმა მოციქულებს ავადმყოფების განკურნებისა და მიცვალებულების აღდგენის ძალა მისცა, მაგრამ მას პავლე არ გაუთავისუფლებია ‘სხეულში ეკლისგან’ (ეს შეიძლება ფიზიკური დაავადება იყო), რომელიც ტანჯავდა მოციქულს (2 კორინთელთა 12:7—9; საქმეები 9:32—41; 1 კორინთელთა 12:28).
ღმერთი არ ჩარეულა, როდესაც რომის იმპერატორის, ნერონის, ბრძანებით ქრისტეს მოწაფეების წინააღმდეგ სასტიკი დევნების ტალღა აგორდა. ქრისტიანებს აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ და დასაგლეჯად მხეცებს უგდებდნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანებს არ აკვირვებდათ ასეთი წინააღმდეგობა და, რასაკვირველია, ამით ღვთის არსებობისადმი მათი რწმენაც არ სუსტდებოდა. იესომ ხომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ სასამართლოებში იქნებოდნენ წარდგენილნი და რწმენის გამო ტანჯვისა და თვით სიკვდილისთვისაც უნდა ყოფილიყვნენ მზად (მათე 10:17—22).
როგორც წარსულში, ისე დღესაც ღმერთს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავის მსახურთა დახსნა სახიფათო მდგომარეობიდან და არასწორი იქნებოდა მათი განსჯა, ვინც ფიქრობს, რომ ღმერთმა დაიხსნა. თუმცა სრული დამაჯერებლობით ძნელია იმის თქმა, მიიღო თუ არა ღმერთმა რაიმე ზომები მსგავს სიტუაციებში. მაგალითად, ღმერთს ხომ არ შეუჩერებია ტულუზაში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც იეჰოვას რამდენიმე მოწმე დაშავდა?! მას ხომ არ დაუცვია ათასობით ერთგული ქრისტიანი, რომლებიც ნაცისტურ და კომუნისტურ ბანაკებში დაიღუპნენ ან სხვა ტრაგიკული შემთხვევების მსხვერპლი გახდნენ?! რატომ არ მოქმედებს ღმერთი ყოველთვის მათ სასარგებლოდ, ვინც მის მოწონებას იმსახურებს? (დანიელი 3:17, 18).
„დრო და შემთხვევა“
უბედური შემთხვევის დროს შეიძლება ნებისმიერი დაზარალდეს და ეს მაინცდამაინც ღვთისადმი მისი ერთგულების გამო არ ხდება. ტულუზაში მომხდარი აფეთქების დროს ალენი და ლილიანი შემთხვევით გადარჩნენ. მაშინ 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა, მაგრამ ეს მათ იმიტომ არ დამართვიათ, რომ რამე დააშავეს. დღეს მთელ მსოფლიოში ათიათასობით ადამიანი ხდება დამნაშავეობის, მანქანის წინდაუხედავად ტარების ან ომების მსხვერპლი და ღმერთი არ არის ამის მიზეზი. ბიბლია შეგვახსენებს: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11, სსგ).
გარდა ამისა, ადამიანები ავადდებიან, ბერდებიან და კვდებიან. ისინიც კი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ღმერთმა სასწაულებრივად იხსნა ან სრულიად მოულოდნელად გამოაჯანმრთელა, საბოლოოდ ვერსად გაექცნენ სიკვდილის მარწუხებს. დრო, როდესაც ბოლო მოეღება ავადმყოფობას და სიკვდილს და ადამიანთა თვალებიდან ‘ყოველი ცრემლი მოიწმინდება’, მხოლოდ მომავალში დადგება (გამოცხადება 21:1—4).
ასეთი გარდატეხისთვის უფრო დიდი და ძირფესვიანი ცვლილებების მოხდენაა საჭირო, ვიდრე დროებითი ჩარევა. ბიბლიაში მოხსენიებულია განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც „უფლის [იეჰოვას] დიდი დღე“ ეწოდება (სოფონია 1:14). ამ ფართომასშტაბიანი ცვლილებისას ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას. კაცობრიობას სრულყოფილ პირობებში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა. იმ დროს „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17, სსგ). მიცვალებულებიც კი აღდგებიან და, ასეთი სახით, ბოლო მოეღება ადამიანთა უდიდეს ტრაგედიას (იოანე 5:28, 29). ღმერთი უსაზღვრო სიყვარულიდან და სიკეთიდან გამომდინარე ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის კაცობრიობის პრობლემებს.
როგორ მოქმედებს ღმერთი დღეს?
ზემოთ აღნიშნული არ მიუთითებს იმაზე, რომ დღესდღეობით ღმერთი გულგრილად ადევნებს 1 ტიმოთე 2:3, 4). იესომ ასე აღწერა ეს პროცესი: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). ღმერთი გულწრფელ ადამიანებს იახლოებს სამეფოს შესახებ ცნობით, რომელსაც მისი მსახურები მთელ მსოფლიოში ავრცელებენ.
თვალყურს თავისი ქმნილებების ტანჯვას. დღეს იეჰოვა ყველა ადამიანს, ეთნიკური წარმოშობისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ მას და პირადი ურთიერთობა განავითარონ მასთან (უფრო მეტიც, ღმერთი უშუალოდ ახდენს გავლენას მათ ცხოვრებაზე, ვინც მზად არის, მიჰყვეს მის ხელმძღვანელობას. ღმერთი სულიწმიდით ‘გულს უხსნის’ მათ თავისი ნების გასაგებად და შესასრულებლად (საქმეები 16:14). დიახ, ღმერთი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ თავად მას, მის სიტყვასა და განზრახვებს, რითაც სიყვარულით აღსავსე ინტერესს ავლენს თითოეული ჩვენგანისადმი (იოანე 17:3).
დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი დღეს თავის მსახურებს სასწაულებრივი სახით კი არ ეხმარება, არამედ აძლევს თავის სულიწმიდას და „აღმატებულ ძლიერებას“, რათა ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ (2 კორინთელთა 4:7). პავლე მოციქულმა დაწერა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის [იეჰოვა ღმერთის] დახმარებით“ (ფილიპელთა 4:13, აქ).
მაშასადამე, სრული საფუძველი გვაქვს, ყოველდღე ვუმადლოდეთ ღმერთს იმისათვის, რომ დღესდღეობით ვცოცხლობთ და, ამასთანავე, უბედურებებისგან თავისუფალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის იმედი გვაქვს. „რით გადავუხადო უფალს ყოველივესთვის, რაც მე მომიზღო? — იკითხა ფსალმუნმომღერალმა. — თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ“ (ფსალმუნები 115:3, 4). ამ ჟურნალის რეგულარულად კითხვა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა გააკეთა ღმერთმა წარსულში, რას აკეთებს ამჟამად და რას გააკეთებს მომავალში. ამის ცოდნა კი ახლავე მოგიტანთ ბედნიერებას და მომავლის მტკიცე იმედს ჩაგინერგავთ (1 ტიმოთე 4:8).
[ჩანართი 6 გვერდზე]
„აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17, სსგ).
[სურათები 5 გვერდზე]
ბიბლიურ დროშიც კი იეჰოვამ დაუშვა ზაქარიას ქვებით ჩაქოლვა . . .
და ჰეროდეს ბრძანებით უდანაშაულო ბავშვების ხოცვა-ჟლეტა.
[სურათი 7 გვერდზე]
მალე დადგება დრო, როცა ტანჯვას ბოლო მოეღება; მიცვალებულებიც კი აღდგებიან.