არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უპასუხოდ დარჩენილი უამრავი კითხვა

უპასუხოდ დარჩენილი უამრავი კითხვა

უპასუხოდ დარჩენილი უამრავი კითხვა

ყველა წმინდის დღეს, 1755 წლის 1 ნოემბრის დილას, ქალაქ ლისაბონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამ დროს ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობა ეკლესიებში იმყოფებოდა. ათასობით შენობა დაინგრა და ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

ამ ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ ფრანგმა მწერალმა, ვოლტერმა, ლისაბონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას პოემა მიუძღვნა (Poème sur le désastre de Lisbonne). პოემაში მან უარყო ის მტკიცება, რომ ეს უბედურება ღმერთმა ადამიანებს თავიანთი ცოდვების გამო დაატეხა. ვოლტერის აზრით, ასეთი უბედური შემთხვევების მიზეზებს ადამიანები ვერ სწვდებიან და ახსნას ვერ უძებნიან:

ბუნება უტყვი ვერაფერს გეტყვის რაც უნდა ჰკითხო, არის ამაო.

ადამის მოდგმას არსთა რაობას ქვეყნად ღვთის მეტი ვერვინ გაანდობს.

რასაკვირველია, ვოლტერი პირველი არ იყო, ვისაც ღვთის შესახებ კითხვები გაუჩნდა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ტრაგედიები და უბედურებები ადამიანებს საგონებელში აგდებდა. ათასობით წლის წინათ პატრიარქმა იობმა, რომელსაც ახალი დაღუპული ჰყავდა ყველა შვილი და საშინელი დაავადება შეეყარა, იკითხა: „რაღად მიეცა [ღვთის მიერ] ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს — სიცოცხლე“ (იობი 3:20). დღეს ბევრს აკვირვებს, როგორ შეუძლია კეთილ და მოსიყვარულე ღმერთს გულგრილად უყუროს ამდენ ტანჯვასა და უსამართლობას.

შიმშილობის, ომების, ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის გამო ბევრი სრულიად უარყოფს კაცობრიობაზე მზრუნველი შემოქმედის არსებობას. ერთმა ათეისტმა ფილოსოფოსმა შენიშნა: „ვერანაირად ვერ გავამართლებთ ღმერთს, რომელიც უშვებს ბავშვების ტანჯვას . . . თუ, რასაკვირველია, საერთოდ არსებობს ის“. ისეთ უსაშინლეს ტრაგედიებს, როგორიცაა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჰოლოკოსტი, ამავე დასკვნებამდე მიჰყავს ხალხი. აი, რას წერს ერთი ებრაელი მწერალი ერთ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში: „ოსვენციმში მომხდარი საშინელებების მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს და ამიტომაც არ ერევა კაცობრიობის საქმეებში“. საფრანგეთში, კათოლიკურ ქვეყანაში, 1997 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 40 პროცენტს ეჭვი ეპარება, რომ ღმერთი არსებობს. ამის მიზეზი კი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტაა; მაგალითად, 1994 წელს რუანდაში მომხდარი ტრაგედია.

დაბრკოლება რწმენის განსავითარებლად?

რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი ასეთი უბედურებების შესაჩერებლად? ერთი კათოლიკე ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს საკითხი ბევრს „სერიოზულად უშლის ხელს ღვთისადმი რწმენის განვითარებაში“. ის ასეთ კითხვას სვამს: „ნუთუ შესაძლებელია, გჯეროდეს ღმერთის, რომელიც უმწეოა და არაფერს აკეთებს, როდესაც მთელ მსოფლიოში მილიონობით უდანაშაულო ადამიანი კვდება ან რომელიმე ერს მასობრივად ჟლეტენ?“

კათოლიკური გაზეთ „კრუას“ სარედაქციო სტატიაში მსგავსი რამ არის აღნიშნული: «იქნება ეს წარსულში მომხდარი უბედურება თუ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების, სტიქიური უბედურებების, ორგანიზებული დამნაშავეობისა და საყვარელი ადამიანის სიკვდილის შედეგად გამოწვეული ტრაგედია, შეძრწუნებული ხალხი ზეცას შესცქერის. „სად არის ღმერთი? — პასუხს ეძებენ ისინი. — ფიქრობს ღმერთი ჩვენზე? არსებობს კი ის საერთოდ?“»

პაპი იოანე პავლე II ზემოაღნიშნულ საკითხს 1984 წელს გამოქვეყნებულ თავის სამოციქულო წერილში (Salvifici Doloris) შეეხო. მან დაწერა: „მართალია, სამყაროს არსებობა, ასე ვთქვათ, შეაგრძნობინებს ადამიანებს ღვთის არსებობას, მის სიბრძნეს, ძალასა და სიდიადეს, მაგრამ ბოროტებისა და ტანჯვის არსებობით ღმერთი და მისი თვისებები იჩრდილება. ზოგჯერ სრულიად შეუძლებელია მისი წარმოდგენა; ეს განსაკუთრებით რთულია, როცა ყოველდღიურად ვუყურებთ მრავალთა უსამართლოდ ტანჯვას და ბოროტმოქმედთა დაუსჯელობას“.

ბიბლიაში ღმერთი მოსიყვარულე და ყოვლადძლიერ პიროვნებად არის წარმოდგენილი. თუ არსებობს ასეთი ღმერთი, რატომ იტანჯება ამდენი ადამიანი? აკეთებს ის რამეს იმისათვის, რომ ცალკეულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს თავიდან ააცილოს უბედურებები? მოქმედებს დღეს ღმერთი ჩვენ სასარგებლოდ? პასუხობს კი ამ კითხვებზე ღმერთი, რომელიც, ვოლტერის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ადამის მოდგმას არსთა რაობას ანდობს? ეს მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სურათები 3 გვერდზე]

1755 წელს ლისაბონის დანგრევამ ვოლტერი აღძრა იმის სათქმელად, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ჩასწვდნენ ასეთი უბედურებების მიზეზებს.

[საავტორო უფლება]

Voltaire: From the book Great Men and Famous Women; Lisbon: J.P. Le Bas, Praça da Patriarcal depois do terramoto de 1755. Foto: Museu da Cidade/Lisboa

[სურათი 4 გვერდზე]

ბევრს ღვთის არსებობაში ეჭვი ეპარება ისეთი ხოცვა-ჟლეტის გამო, როგორიც, მაგალითად, რუანდაში მოხდა.

[საავტორო უფლება]

AFP PHOTO

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER, children: USHMM, courtesy of Main Commission for the Prosecution of the Crimes against the Polish Nation

AFP PHOTO