არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, მოიქეცით უფლის ღირსად

ახალგაზრდებო, მოიქეცით უფლის ღირსად

ახალგაზრდებო, მოიქეცით უფლის ღირსად

ზოგიერთ ქრისტიან ახალგაზრდას დროებით საკუთარ ოჯახსა და კრებასთან დაშორება უწევს. ზოგი ამას მსახურების გასაფართოებლად აკეთებს. სხვების შემთხვევებში, სახლიდან წასვლის მიზეზი წუთისოფლისეულ საქმეებთან დაკავშირებით მათი ნეიტრალური პოზიციაა (ესაია 2:4; იოანე 17:16). არის ქვეყნები, სადაც „კეისარი“ ღვთის ერთგულ ახალგაზრდებს ციხეში სვამს ან მათგან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმას მოითხოვს * (მარკოზი 12:17; ტიტე 3:1, 2).

ნეიტრალური პოზიციის გამო სასჯელის მოხდისას ამ ახალგაზრდებს შესაძლოა საკმაოდ დიდხანს მოუწიოთ ციხეში დამნაშავეთა შორის ყოფნა. სახლიდან სხვა მიზეზით წასული ახალგაზრდები კი შეიძლება იძულებულნი გახდნენ, უზნეო გარემოცვაში იმუშაონ. როგორ უნდა გაუმკლავდნენ უარყოფით ზეგავლენასა და პრობლემებს როგორც ეს ქრისტიანი ახალგაზრდები, ისე სხვები, რომლებიც „ღვთის ღირსად“ მოქცევას ცდილობენ? (1 თესალონიკელთა 2:12). როგორ უნდა მოამზადონ მშობლებმა შვილები შესაძლო არასასიამოვნო სიტუაციებისთვის? (იგავები 22:3).

განსაკუთრებული სირთულეები

„მშობლების მფარველობისა და იმ უხუცესების მზრუნველობის გარეშე, რომლებიც კარგად მიცნობდნენ, ნამდვილად გამიჭირდა. ამის გამო შევშინდი კიდეც“, — ამბობს 21 წლის ტაკისი, რომელიც დაახლოებით 3 წელი იყო სახლს მოწყვეტილი *. „ზოგჯერ თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობდი“, — დასძენს ის. ოცი წლის პეტროსმა 2 წელზე მეტი გაატარა სახლიდან შორს. ის აღიარებს: „ცხოვრებაში პირველად მომიწია გართობასთან და მეგობრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და უნდა ვაღიარო, რომ ჩემი არჩევანი ყოველთვის გონივრული არ იყო“. შემდეგ ასეთ რამეს ამბობს: „ზოგჯერ მაშინებდა ის პასუხისმგებლობა, რაც მეტ თავისუფლებას მოჰყვა“. უხუცესი, სახელად ტასოსი, რომელსაც რეგულარულად აქვს ურთიერთობა ასეთ ახალგაზრდებთან, აღნიშნავს: „ურწმუნო თანატოლების ბილწსიტყვაობამ, ურჩობამ და აგრესიულობამ შეიძლება ზემოქმედება იქონიოს ქრისტიან ახალგაზრდებზე, რომლებიც სიფრთხილეს არ იჩენენ და გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან“.

ქრისტიანებს, რომლებიც ისეთ ხალხს შორის ცხოვრობენ და მუშაობენ, ვინც ბიბლიურ პრინციპებს არ აფასებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რათა ცდუნებამ არ სძლიოთ და არ მიჰბაძონ თანატოლების უზნეო ცხოვრებას, რასაც ღმერთი გმობს (ფსალმუნები 1:1; 25:4; 118:9). ასეთ პირობებში მათ შესაძლოა გაუჭირდეთ პირადი შესწავლის რეგულარულად ჩატარება, კრების შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა (ფილიპელთა 3:16). არც სულიერი მიზნების დასახვა და მიღწევა იქნება მათთვის ადვილი.

ღვთის ერთგულ ახალგაზრდებს სურთ, რომ იეჰოვასთვის მოსაწონი იყოს მათი საქციელი და მეტყველება. ისინი სულითა და გულით ცდილობენ, ყურად იღონ ზეციერი მამის სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავები 27:11, სსგ). ქრისტიან ახალგაზრდებს ესმით, რომ მათი გარეგნობა და ქცევა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა წარმოდგენა შეექმნება ხალხს იეჰოვასა და მის მსახურებზე (1 პეტრე 2:12).

სასიხარულოა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ქებას იმსახურებს. ისინი ცდილობენ მიჰბაძონ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს, ვისთვისაც პავლე მოციქული ლოცულობდა. პავლემ დაწერა: „ვლოცულობთ თქვენთვის . . . რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით . . . ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელობაში სიხარულით“ (კოლასელთა 1:9—11). ბიბლიაში მოთხრობილია იმ ღვთისმოშიშ ახალგაზრდებზე, რომლებმაც შეძლეს ღვთისმოსაწონად მოქცევა, მიუხედავად იმისა, რომ უცხო, მტრულად განწყობილ და კერპთაყვანისმცემელ ხალხში უწევდათ ცხოვრება (ფილიპელთა 2:15).

„უფალი იყო იოსებთან“

იოსები, იაკობისა და რახელის საყვარელი შვილი, სიყრმიდანვე მოსწყვიტეს ღვთისმოშიში მამის მყუდრო სახლს. ის მონად გაყიდეს ეგვიპტეში. იოსები, როგორც მშრომელი, სანდო და ზნეობრივად სუფთა ახალგაზრდა, სამაგალითო ქცევით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბატონი, ფოტიფარი, იეჰოვას თაყვანისმცემელი არ იყო, იოსები კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ ემსახურებოდა, რის გამოც ბატონმა მთელი სახლის ზედამხედველად დააყენა (დაბადება 39:2—6). იოსები იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებდა. როდესაც ამის შედეგად ციხეში აღმოჩნდა, მას არ უფიქრია: „ღირს კი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება?“ იოსები ციხეშიც კი ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდა და მალე ციხის უფროსის თანაშემწე გახდა (დაბადება 39:17—22). ღმერთმა აკურთხა იოსები და როგორც დაბადების 39:23-ე მუხლშია აღნიშნული, „ყველაფერში ხელს უმართავდა“.

რა ადვილი იქნებოდა, ალბათ, ღვთისმოშიში ოჯახისგან მოწყვეტილი იოსებისთვის, გარშემო მყოფ წარმართ ხალხს დამსგავსებოდა და ეგვიპტელთა უზნეო ცხოვრებისთვის მიებაძა. მაგრამ მან არ უგულებელყო ღვთის პრინციპები და სერიოზული ცდუნებების წინაშეც კი ზნეობრივი სისუფთავე შეინარჩუნა. როდესაც ფოტიფარის ცოლი არაერთხელ ცდილობდა მასთან ფარული ურთიერთობის დამყარებას, იოსები მტკიცედ პასუხობდა: „როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“ (დაბადება 39:7—9).

დღეს იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებისთვის საჭიროა, ყურად იღონ ბიბლიაზე დაფუძნებული გაფრთხილებები, რათა მოერიდონ ქრისტიანისთვის შეუფერებელ ურთიერთობებს, უზნეო გართობას, პორნოგრაფიასა და გამხრწნელ მუსიკას. მათ ესმით, რომ „ყველგან არის უფლის თვალი [და] ხედავს ბოროტთა და კეთილთ“ (იგავები 15:3).

მოსე გაექცა „ცოდვიან განცხრომას“

მოსე ფარაონის კარზე განცხრომის მოყვარულ კერპთაყვანისმცემლებს შორის იზრდებოდა. ბიბლიაში მის შესახებ ნათქვამია: „რწმენით იყო, უარი რომ თქვა მოსემ . . . ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“ (ებრაელთა 11:24, 25).

წუთისოფელთან მეგობრობამ ადამიანს შესაძლოა გარკვეული სარგებლობა მოუტანოს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, წუთისოფელი მანამდე შეძლებს სარგებლობის მოტანას, ვიდრე მისი არსებობისთვის დარჩენილი დრო ამოიწურება (1 იოანე 2:15—17). განა უმჯობესი არ არის, რომ მოსეს მაგალითს მივბაძოთ? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). მოსეს მთელი ყურადღება ღვთისმოშიში წინაპრების სულიერ მემკვიდრეობაზე ჰქონდა მიპყრობილი. მისი ცხოვრების აზრი იეჰოვას განზრახვების განხორციელება იყო და მიზნად ღვთის ნების შესრულებას ისახავდა (გამოსვლა 2:11; საქმეები 7:23, 25).

ღვთისმოშიშ ახალგაზრდებს, რომლებიც ურწმუნო ხალხს შორის მტრულად განწყობილ გარემოში ხვდებიან, შეუძლიათ ღვთის სიტყვის პირადი შესწავლით განიმტკიცონ იეჰოვასთან ურთიერთობა, უკეთ გაიცნონ ‘ის, ვინც უხილავია’. ქრისტიანული მსახურების სხვადასხვა სფეროში აქტიური მონაწილეობა — მათ შორის, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და ქადაგება — დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ ყურადღება ყოველთვის სულიერ საკითხებზე ჰქონდეთ მიპყრობილი (ფსალმუნები 62:7; 76:13). ისინი ყოველმხრივ უნდა ეცადონ, რომ ისეთივე მტკიცე რწმენა და იმედი ჰქონდეთ, როგორიც მოსეს ჰქონდა. ქრისტიანი ახალგაზრდები იმისკენ უნდა ისწრაფვოდნენ, რომ აზროვნებითა თუ საქციელით იეჰოვას მხარე დაიკავონ და ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მასთან მეგობრობენ.

მან ბაგეები ღვთის განსადიდებლად გამოიყენა

ბიბლიაში მოთხრობილია წინასწარმეტყველ ელისეს დღეებში მცხოვრები ერთი ისრაელი გოგონას სამაგალითო საქციელზეც. გოგონა ტყვედ წაიყვანეს სირიელებმა და საკუთარი ოჯახის წევრებს მოსწყვიტეს. ის კეთრით დაავადებული სირიელი სარდლის, ნაყამანის, ცოლს ემსახურებოდა. ერთხელ გოგონამ თავის ქალბატონს უთხრა: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან“. მის ნათქვამს შედეგად ის მოჰყვა, რომ ნაყამანი ელისესთან წავიდა ისრაელში და კეთრისგან განიწმინდა. უფრო მეტიც, ნაყამანი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა (4 მეფეთა 5:1—3, 13—19).

ამ გოგონას მაგალითიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა ბაგეები ყოველთვის ღვთის განსადიდებლად გამოიყენონ, მაშინაც კი, როდესაც მშობლებისგან შორს არიან. გოგონას „ლაქლაქი და დაცინვა“ რომ ჰქონოდა ჩვევად, განა შეძლებდა ბაგეების სწორად გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში? (ეფესელთა 5:4; იგავები 15:2). 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, სახელად ნიკოსი, რომელიც ნეიტრალიტეტის დაცვის გამო იყო დაპატიმრებული, იხსენებს: „შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნისას, როცა მე და სხვა ახალგაზრდა ძმები მოწყვეტილები ვიყავით ოჯახებსა და კრებებს, უხეში სიტყვების გამოყენებას მივეჩვიეთ. ჩვენი საუბრები იეჰოვას აშკარად აღარ განადიდებდა“. საბედნიეროდ, ნიკოსმა და დანარჩენებმა დახმარება მიიღეს და ყურად იღეს პავლე მოციქულის რჩევა: „სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით“ (ეფესელთა 5:3).

იეჰოვა რეალური იყო მათთვის

დანიელის სამი მეგობრის შემთხვევა, რომელიც ძველ ბაბილონში მოხდა, ადასტურებს იესოს სიტყვებში მოცემული პრინციპის ჭეშმარიტებას, რომ მცირედში ერთგულებას მნიშვნელოვან საკითხებში ერთგულება მოყვება (ლუკა 16:10). როცა მოსეს რჯულით აკრძალულ საკვებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, დანიელის მეგობრებს შეეძლოთ ეფიქრათ, რომ ტყვეები იყვნენ უცხო ქვეყანაში და არჩევნის საშუალება არ ეძლეოდათ. მაგრამ რა დიდი კურთხევა მოუტანა მათ იმან, რომ სერიოზულად მოეკიდნენ ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხს! საბოლოოდ ისინი უფრო ჯანმრთელები და გონიერები აღმოჩდნენ, ვიდრე სხვა ტყვეები, რომლებიც მეფის სუფრიდან იკვებებოდნენ. მცირედში ერთგულებამ უეჭველად გააძლიერა ისინი და უფრო დიდი განსაცდელისას მათ მტკიცე უარი თქვეს კერპის წინაშე დამხობასა და მისთვის თაყვანისცემაზე (დანიელი 1:3—21; 3:1—30).

იეჰოვა ნამდვილად რეალური იყო ამ სამი ახალგაზრდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სახლსა და ღვთის თაყვანისმცემლობის ცენტრს მოწყვეტილები იყვნენ, მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავი სუფთად დაეცვათ წუთისოფლისგან (2 პეტრე 3:14). იეჰოვასთან ურთიერთობა მათთვის იმდენად ძვირფასი იყო, რომ მის შესანარჩუნებლად მზად იყვნენ, სიცოცხლეც კი გაეწირათ.

იეჰოვა არასდროს მიგატოვებთ

როდესაც ახალგაზრდები ფიზიკურად შორს არიან ახლობლებისგან, რომლებსაც ენდობიან, შესაძლოა ისინი თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდნენ და აფორიაქებულებიც კი იყვნენ, რაც სრულიად გასაგებია. ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ განსაცდელებისას იეჰოვა „არ მიატოვებს“ მათ (ფსალმუნები 93:14). თუ ‘სიმართლისთვის ტანჯვა’ მოუწევთ, ახალგაზრდებს იეჰოვა დაეხმარება, რომ „სიმართლის გზით“ სიარული განაგრძონ (1 პეტრე 3:14; იგავები 8:20).

იეჰოვამ განამტკიცა და უხვად აკურთხა იოსები, მოსე, ისრაელი ტყვე გოგონა და სამი ერთგული ებრაელი ახალგაზრდა. დღესაც, იეჰოვა სულიწმიდით, თავისი სიტყვითა და ორგანიზაციით განამტკიცებს მათ, ვინც ‘რწმენის კეთილი ღვაწლით იღვწის’ და ჯილდოდ „მარადიულ სიცოცხლეს“ ჰპირდება (1 ტიმოთე 6:11, 12). დიახ, იეჰოვას ღირსად მოქცევა შესაძლებელია და ეს მართლაც რომ გონივრულია (იგავები 23:15, 19).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 იხილეთ 1996 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 28—31.

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 25 გვერდზე]

მშობლებო, მოამზადეთ თქვენი შვილები!

„როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა“ (ფსალმუნები 126:4). ისარი მიზანში თავისით არ მოხვდება; ამისათვის სამიზნეს მოხერხებულად უნდა დაუმიზნო. მსგავსად, ბავშვებიც თავისით, მშობლების ხელმძღვანელობის გარეშე, ვერ მოემზადებიან იმ პრობლემების დამოუკიდებლად გადასალახავად, რომლებსაც მშობლიური სახლისგან მოშორებით შეიძლება შეხვდნენ (იგავები 22:6).

ახალგაზრდები ხშირად იმპულსურად მოქმედებენ და ადვილად ჰყვებიან „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს“ (2 ტიმოთე 2:22). ამიტომაც, ბიბლია გვაფრთხილებს: „შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას“ (იგავები 29:15). თავის ნებაზე მიშვებული ბავშვი მოუმზადებელი აღმოჩნდება ცხოვრებისეული სიძნელეებისთვის, როდესაც დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს.

მშობლები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმას, რომ შვილებს გასაგებად აუხსნან, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ცხოვრება ამ წუთისოფელში. შვილებს მათ არც პესიმისტური განწყობა უნდა შეუქმნან და არც გული უნდა გაუტეხონ, მაგრამ რეალურად უნდა დაანახვონ, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, თუ ცალკე გადავლენ საცხოვრებლად. ასეთი დარიგება და სიბრძნე, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, გამოუცდელებს გამჭრიახობას, ხოლო ‘ყმაწვილებს — ცოდნასა და განსჯას’ შესძენს (იგავები 1:4).

მშობლები, რომლებიც შვილებს სულიერ ღირებულებებსა და ზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ, მათ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად ამზადებენ. ბიბლიის ოჯახური შესწავლის რეგულარულად ჩატარებაზე, გულახდილ საუბრებსა და მშობლების მხრიდან შვილებისადმი სათანადო ყურადღების გამოვლენაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ გაართმევენ თავს სირთულეებს ახალგაზრდები მომავალში. მშობლები შვილების ბიბლიური პრინციპებით აღზრდის საკითხს გაწონასწორებულად, ამავე დროს, ოპტიმისტურად და გონივრულად უნდა მიუდგნენ, რათა ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადონ. მათ საკუთარი მაგალითით უნდა დაანახვონ შვილებს, რომ შესაძლებელია იცხოვრო წუთისოფელში, მაგრამ არ იყო მისი ნაწილი (იოანე 17:15, 16).

[სურათი 23 გვერდზე]

ზოგიერთ ქრისტიან ახალგაზრდას მშობლიური სახლის დატოვება მოუწია.

[სურათები 24 გვერდზე]

ახალგაზრდებს შეუძლიათ სძლიონ ცდუნებებს და იოსების მსგავსად, ზნეობრივი სიწმინდე შეინარჩუნონ.

[სურათები 26 გვერდზე]

მიჰბაძეთ ისრაელ ტყვე გოგონას, რომელმაც ბაგეები იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენა.