არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!

გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!

გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!

„შეჯიბრების ყველა მონაწილე ყველაფერში თავშეკავებას ავლენს“ (1 კორინთელთა 9:25, აქ).

1. ეფესელთა 4:22—24 მუხლების გათვალისწინებით, როგორ განაცხადა თანხმობა იეჰოვას ნების შესრულებაზე მილიონობით ადამიანმა?

როცა მოინათლეთ და იეჰოვას მოწმე გახდით, საჯაროდ განაცხადეთ, რომ სურვილი გქონდათ ჩაბმულიყავით შეჯიბრებაში, რომელიც ჯილდოდ მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ იეჰოვას ნების შესრულების სურვილი გამოთქვით. იეჰოვასადმი მიძღვნამდე ბევრმა ჩვენგანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში, რათა ჩვენი მიძღვნა ჭეშმარიტი, ღვთისთვის მისაღები ყოფილიყო. ღვთის მსახურებმა გავითვალისწინეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი . . . და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფესელთა 4:22—24). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდრე თანხმობას განვაცხადებდით ღვთისადმი მიძღვნაზე, უარი ვთქვით ცხოვრების წინანდელ, ღვთისთვის მიუღებელ წესზე.

2, 3. როგორ დაგვანახვა 1 კორინთელთა 6:9—12-მა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჭიროა ორი სახის ცვლილების მოხდენა?

2 ღვთის სიტყვა აშკარად განსჯის ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელ ზოგ თავისებურებას, რომლებიც ადამიანმა მანამდე უნდა მოიშოროს, ვიდრე იეჰოვას მოწმე გახდება. პავლე მოციქულმა ზოგი მათგანი კორინთელებისთვის მიწერილ წერილში მოიხსენია: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. შემდეგ იმის აღსანიშნავად, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა საჭირო ცვლილებები მოახდინეს, მან დასძინა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე იყენებს სიტყვას „იყო“ და არა — „არის“ (1 კორინთელთა 6:9—11).

3 როგორც პავლეს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი ცვლილებების მოხდენაც. მან განაგრძო: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორინთელთა 6:12). ამიტომაც, დღეს ბევრი, ვისაც სურს იეჰოვას მოწმე გახდეს, საჭიროდ თვლის, უარი თქვას იმაზეც, რაც შესაძლოა ნებადართულია, მაგრამ არავითარი სარგებლობა არ მოაქვს და სამომავლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება საკმარისი დრო ვეღარ დაეთმოთ და სათანადო ყურადღება ვერ მიექციათ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებისთვის.

4. პავლე მოციქულის რომელ თვალსაზრისს ვიზიარებთ მიძღვნილი ქრისტიანები?

4 ღმერთს საკუთარი ნება-სურვილით მივუძღვენით თავი სიხარულით და არა უხალისოდ, თითქოს ამის შემდეგ ჩვენგან წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლის გაღება გახდებოდა საჭირო. მიძღვნილი ქრისტიანები ვეთანხმებით პავლეს, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქრისტეს მიმდევარი გახდა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო“ (ფილიპელთა 3:8). პავლემ ხალისით თქვა უარი ყოველივეზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რათა ღვთის ნება შეესრულებინა.

5. რომელ ასპარეზზე გაიმარჯვა პავლე მოციქულმა და ჩვენ როგორ შევძლებთ ამას?

5 პავლე მოციქული თავშეკავებას ავლენდა სულიერ სარბიელზე. ბოლოს მას თამამად შეეძლო ეთქვა: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც სიყვარულით ელის მის გამოჩენას“ (2 ტიმოთე 4:7, 8). შევძლებთ ჩვენც ოდესმე მსგავსი რამის თქმას? დიახ, თუ რწმენით გამოვავლენთ თავშეკავებას ქრისტიანულ სარბიელზე და არ მოვდუნდებით, ვიდრე საბოლოოდ არ გავიმარჯვებთ.

თავშეკავება და კეთილი საქმეები

6. რა არის თავშეკავება და რომელ ორ შემთხვევაში გვჭირდება მისი გამოვლენა?

6 ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც ბიბლიაში „თავშეკავებად“ არის ნათარგმნი, გამოხატავს აზრს, რომ პიროვნებას საკუთარი თავის მართვა ანუ კონტროლი შეუძლია. ამ სიტყვებში ხშირად ცუდის გაკეთებისგან თავის შეკავება იგულისხმება. თუმცა ისიც უდავოა, რომ საკუთარი თავის მართვა, გარკვეულწილად, იმისთვისაც გვჭირდება, რომ კეთილი საქმეების გასაკეთებლად აღვიძრათ. არასრულყოფილ ადამიანს ცუდის კეთებისკენ აქვს მიდრეკილება. ამის გამო ერთდროულად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა (ეკლესიასტე 7:29; 8:11, სსგ). ერთი მხრივ, თავი უნდა შევიკავოთ ბოროტი საქმეების კეთებისგან, მეორე მხრივ კი, საკუთარ თავს კეთილი საქმეების კეთებისკენ უნდა ვუბიძგოთ. აღსანიშნავია, რომ კეთილი საქმეების საკეთებლად საკუთარი თავის გაკონტროლება ბოროტი საქმეებისგან თავშეკავების საუკეთესო საშუალებაა.

7. ა) რაზე უნდა ვილოცოთ დავითის მსგავსად? ბ) რომელ საკითხებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ თავშეკავება უფრო მეტად გამოვავლინოთ?

7 ნათელია, თავშეკავება აუცილებელია, თუ გვსურს ბოლომდე ვიცხოვროთ ღვთისადმი ჩვენი მიძღვნის თანახმად. დავითის მსგავსად, ჩვენც უნდა ვილოცოთ: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნები 50:12). დავფიქრდეთ, თუ რა დიდი სარგებლობა მოაქვს იმას, რომ ვერიდებით ყველაფერს, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს ჩვენს ზნეობრივ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. თავშეუკავებლობას ხომ შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ურთიერთობების გაფუჭება და თვით ნაადრევი სიკვდილი. მეორე მხრივ, ვიფიქროთ იმ მრავალ კურთხევაზე, რომლებიც იეჰოვას მიერ შემოთავაზებულ სიცოცხლის გზით სიარულს მოაქვს. ამავე დროს, რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა და არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის გული ცბიერია (იერემია 17:9). არ უნდა დავუშვათ, რომ საკუთარმა გულმა გვძლიოს და იეჰოვას ნორმებით ცხოვრებას სათანადო სერიოზულობით აღარ მოვეკიდოთ.

8. რას გვასწავლის პირადი გამოცდილება? მოიყვანეთ მაგალითი.

8 ბევრმა პირადი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ჯიუტი სხეული ხშირად ცდილობს ჩვენში ხალისისა და ენთუზიაზმის ჩაკვლას. შეგვიძლია სამქადაგებლო მსახურება მოვიყვანოთ მაგალითად. იეჰოვა ხარობს, როდესაც ხედავს, რომ ადამიანები ხალისით მონაწილეობენ ამ საქმეში, რომელსაც ბევრისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია (ფსალმუნები 109:3; მათე 24:14). მრავალი ჩვენგანისთვის ადვილი არ ყოფილა პირველი ნაბიჯების გადადგმა და ქადაგების დაწყება. ამისათვის გვჭირდებოდა — და შესაძლოა დღემდე გვჭირდება — დაგვემორჩილებინა, ‘დაგვეთრგუნა და დაგვემონებინა’ სხეული, ნაცვლად იმისა, რომ მისი კარნახით გვეცხოვრა და ნებისმიერ სირთულეს მოვრიდებოდით (1 კორინთელთა 9:16, 27; 1 თესალონიკელთა 2:2).

თავშეკავება „ყველაფერში“?

9, 10. რას მოიცავს ‘ყველაფერში თავშეკავების გამოვლენა’?

9 ბიბლიის რჩევა, ‘ყველაფერში თავშეკავება გამოვავლინოთ’, იმაზე მეტყველებს, რომ თავშეკავებაში საკუთარი თავის ხელში აყვანასა და უზნეო საქციელისგან თავის შეკავებაზე მეტი იგულისხმება. შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ამ ორ სფეროში უკვე საკმაო თავშეკავებას ვავლენთ. თუ ასეა, სიხარულის მიზეზი ნამდვილად გვქონია. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ცხოვრების იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებშიც თავშეკავების გამოვლენის აუცილებლობას ასე აშკარად ვერ ვხედავთ? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, ვცხოვრობთ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია. განა გონივრული არ იქნებოდა, გვესწავლა საკუთარი თავისთვის უარის თქმა იმაზე, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს? კარგი იქნება მშობლებმა ბავშვობიდანვე ასწავლონ შვილებს, რომ საჭირო არაა იყიდო ყველაფერი, რასაც კი ხედავ, მხოლოდ იმის გამო, რომ იყიდება, გინდა გქონდეს ან შესაძლებლობა გაქვს შეიძინო. ცხადია, სასურველი შედეგის მისაღწევად მშობლებმა თვითონ უნდა მისცენ შვილებს კარგი მაგალითი (ლუკა 10:38—42).

10 ნებისყოფას გამოვიმუშავებთ, თუ რაღაცის შეძენაზე უარის თქმას ვისწავლით. აგრეთვე, უფრო მეტად დავაფასებთ იმას, რაც გვაქვს და უფრო თანამგრძნობი გავხდებით მათ მიმართ, ვისაც ნაკლები აქვს, არა იმ მიზეზით, რომ მეტი არ სურს, არამედ იმის გამო, რომ შესაძლებლობა არა აქვს. ცხადია, მოკრძალებული ცხოვრება ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ დამოკიდებულებას: „ასიამოვნე საკუთარ თავს“ ან „შენ იმსახურებ საუკეთესოს“. რეკლამები ხალხში კმაყოფილების დაუყოვნებლივ მიღების სურვილს აღვივებს, მაგრამ მათი მიზანი მხოლოდ კომერციული მოგებაა. ასეთ პირობებში უფრო მეტად გვიჭირს თავშეკავების გამოვლენა. ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში გამომავალ ჟურნალში არც ისე დიდი ხნის წინათ აღნიშნული იყო: „არასასურველი იმპულსების გაკონტროლება თუ მათშიც კი შინაგან ბრძოლას იწვევს, ვინც აუტანელ პირობებში, უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, მაშ, როგორი ბრძოლა უნდა უწევდეთ საკუთარ თავთან თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებაში ისეთი მდიდარი ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც რძე და თაფლი ღვარად მოედინება“.

11. რატომ არის სასარგებლო მომჭირნეობის სწავლა და რატომ გვიჭირს ეს?

11 შესაძლოა გვიჭირს იმის განსაზღვრა, თუ რა გვინდა და რა გვჭირდება სინამდვილეში. ასეთ შემთხვევაში დამხმარე იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ გონივრულ მოქმედებას მივეჩვიოთ. მაგალითად, თუ გვსურს ფულის დაუდევრად ხარჯვას მოვერიდოთ, შეგვიძლია გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არაფერი ვიყიდოთ კრედიტით ან საყიდლებზე წასვლისას განსაზღვრული თანხა წავიღოთ. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომ „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად“. პავლემ დაწერა: „არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6—8). ვჯერდებით იმას, რაც გვაქვს? უბრალოდ ცხოვრება რომ ვისწავლოთ და საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის ზედმეტი ტვირთის ტარება არ გვიწევდეს, ნებისყოფა და თავშეკავებაა საჭირო. ამის სწავლა კი ნამდვილად ღირს.

12, 13. ა) რა მხრივ არის დაკავშირებული ქრისტიანული შეხვედრები თავშეკავების გამოვლენასთან? ბ) რომელ სხვა სფეროებში გვჭირდება თავშეკავების გამოვლენა?

12 კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე დასწრებაც თავშეკავების გამოვლენასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თავშეკავება აუცილებელია, რათა პროგრამის მოსმენისას გონება არ გაგვეფანტოს (იგავები 1:5). თავშეკავება იმისათვისაც არის საჭირო, რომ ჩვენ გვერდით მჯდომთან ჩურჩულით სხვებს ხელი არ შევუშალოთ და ყურადღებით ვუსმინოთ მომხსენებელს. საკუთარი თავის კონტროლი იმ შემთხვევაშიც გვჭირდება, თუ დღის განრიგში რაღაცა გვაქვს შესაცვლელი, რათა შეხვედრებზე არ დავაგვიანოთ. აგრეთვე, თავშეკავების გამოვლენა და საკუთარი თავის მართვა საჭიროა, რომ კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად დრო გამოვყოთ და მონაწილეობა მივიღოთ კომენტარებში.

13 ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში თავშეკავების გამოვლენა დაგვეხმარება, რომ ეს თვისება უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც გამოვავლინოთ (ლუკა 16:10). ამიტომაც, გონივრული იქნებოდა, გამოგვემუშავებინა ღვთის სიტყვისა და ბიბლიური პუბლიკაციების რეგულარულად კითხვისა და წაკითხულზე დაფიქრების ჩვევა. რამდენად გონივრულია, ვისწავლოთ, უარი ვთქვათ ისეთ სამსახურზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, თვალსაზრისსა თუ ჩვევებზე, რომლებიც ქრისტიანს არ შეეფერება და მოვერიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც ღვთის მსახურებისთვის განკუთვნილ ძვირფას დროს წაგვართმევს! ქრისტიანული მსახურება საუკეთესოდ დაგვიცავს, რათა ვერაფერმა ჩამოგვაშოროს იეჰოვას მსოფლიო ორგანიზაციას, სულიერ სამოთხეს.

გამოავლინეთ თავშეკავება და იყავით სრულწლოვანნი

14. ა) როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა თავშეკავების გამოვლენა? ბ) რა სარგებლობას მოუტანს ბავშვს, თუ პატარაობიდანვე ისწავლის თავშეკავების გამოვლენას?

14 ახალშობილს თავშეკავება არ ახასიათებს. ბავშვის ქცევის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების მიერ გამოცემულ ბროშურაში ნათქვამია: „თავშეკავების გამომუშავება ავტომატურად და უეცრად არ ხდება. თავშეკავების გამომუშავების პროცესის დასაწყებად ბავშვებს მშობლების ხელმძღვანელობა და დახმარება სჭირდებათ . . . მშობლების დახმარებით, სკოლის პერიოდში ბავშვები თანდათანობით უკეთესად სწავლობენ თავშეკავების გამოვლენას“. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებსაც ოთხი წლის ასაკში გამომუშავებული აქვთ გარკვეული თავშეკავება, „ჩვეულებრივ, უფრო შემგუებელ, პოპულარულ, გამბედავ, საკუთარ თავში დარწმუნებულ და სანდო პიროვნებებად ყალიბდებიან“. იმ ბავშვებს კი, რომლებსაც ამ ასაკში თავშეკავების გამოვლენა ნასწავლი არა აქვთ, მოგვიანებით „ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტვის მიდრეკილება უვითარდებათ, ადვილად უტყდებათ გული და სიჯიუტე ახასიათებთ. გარდა ამისა, ვერ უძლებენ სტრესს და სირთულეებს გაურბიან“. როგორც ვხედავთ, ბავშვი სწორად რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს, მან თავშეკავების გამოვლენა უნდა ისწავლოს.

15. რისი ნიშანია, თუ ქრისტიანი თავშეკავებას ვერ ავლენს და ამის საპირისპიროდ, რა მიზანს გვისახავს ბიბლია?

15 მსგავსად ამისა, თუ გვსურს მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ, თავშეკავების გამოვლენა უნდა ვისწავლოთ. თავშეკავებას თუ ვერ ვავლენთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სულიერად ჯერაც ბავშვები ვართ. ბიბლია მოგვიწოდებს „გონებისთვის . . . სრულწლოვანნი“ ვიყოთ (1 კორინთელთა 14:20). ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ „ერთიანობას რწმენასა და ღვთის ძის შესახებ შეძენილ საფუძვლიან ცოდნაში, სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“. რატომ? „რათა აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს ტალღები არყევს და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით, გამიზნული სიცრუით“ (ეფესელთა 4:13, 14). ნათელია, თავშეკავების გამომუშავება მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერობისთვის.

თავშეკავების გამომუშავება

16. როგორ გვეხმარება იეჰოვა?

16 თავშეკავების გამოსამუშავებლად ღვთის დახმარება გვჭირდება; მისგან დახმარების მიღება კი შესაძლებელია. ღვთის სიტყვა, როგორც სრულყოფილი სარკე, გვიჩვენებს, რა მხრივ გვჭირდება ცვლილებების მოხდენა და რჩევებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება (იაკობი 1:22—25). მოსიყვარულე ქრისტიანული საძმოც მზადაა დასახმარებლად. უხუცესები ჩვენდამი გულისხმიერებას ავლენენ და საჭიროების შემთხვევაში, პირადად გვეხმარებიან. თვითონ იეჰოვა კი უსასყიდლოდ გვაძლევს სულიწმიდას, თუ ლოცვაში ვთხოვთ მისი სულის დახმარებას (ლუკა 11:13; რომაელთა 8:26). გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. 21-ე გვერდზე მოცემული რჩევებიც დაგვეხმარება, რომ თავშეკავება გამოვიმუშავოთ.

17. როგორ გვამხნევებს იგავების 24:16–ში ჩაწერილი სიტყვები?

17 გამამხნევებელია, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას, როდესაც მის მოსაწონად მოქცევას ვცდილობთ! ამან უნდა აღგვძრას, კვლავაც განვაგრძოთ თავშეკავების უფრო მეტად გამომუშავება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად განვიცდით მარცხს, საკუთარ თავთან ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. „შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება“ (იგავები 24:16). თითოეული წარმატების დროს ნამდვილად გვაქვს სიხარულისა და საკუთარი თავით კმაყოფილების მიზეზი. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამ დროს ჩვენთან ერთად იეჰოვაც ხარობს. ერთი ქრისტიანი იხსენებს, როგორ ცდილობდა სიგარეტისთვის თავის დანებებას, ვიდრე თავს მიუძღვნიდა იეჰოვას. მთელი კვირა თუ სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას შეძლებდა, კვირის ბოლოს საკუთარ თავს საჩუქარს უკეთებდა თავშეკავებით დანაზოგი ფულით.

18. ა) რასთან არის დაკავშირებული თავშეკავების გამოსამუშავებლად ბრძოლა? ბ) რაში გვარწმუნებს იეჰოვა?

18 რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ თავშეკავება, როგორც გონებასთან, ისე გრძნობებთან არის დაკავშირებული. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28; იაკობი 1:14, 15). ვისაც საკუთარი გონებისა და გრძნობების კონტროლი შეუძლია, მთელ სხეულსაც ადვილად დაიმორჩილებს. ამიტომაც, ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქმეების მხოლოდ კეთებას კი არა, მათზე ფიქრსაც უნდა მოვერიდოთ. ცუდი აზრები მაშინვე უნდა მოვიშოროთ, როგორც კი გონებაში მოგვივა. ცდუნებებს იმ შემთხვევაში გავექცევით, თუ განუწყვეტლივ ვილოცებთ და იესოსკენ მივაპყრობთ მზერას (1 ტიმოთე 6:11; 2 ტიმოთე 2:22; ებრაელთა 4:15, 16). შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ და, ამავე დროს, გავითვალისწინოთ ფსალმუნების 54:23–ში ჩაწერილი რჩევა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რომელ ორ შემთხვევაში უნდა გამოვავლინოთ თავშეკავება?

• რას ნიშნავს ‘თავშეკავების ყველაფერში გამოვლენა’?

• თავშეკავების გამოსამუშავებლად შემოთავაზებული რომელი პრაქტიკული რჩევები დაგამახსოვრდათ ჩვენი შესწავლიდან?

• რით უნდა დავიწყოთ თავშეკავების გამომუშავება?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

როგორ შეგვიძლია გამოვიმუშავოთ მეტი თავშეკავება

• ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებშიც კი გამოავლინეთ თავშეკავება.

• იფიქრეთ, რა სარგებლობა მოაქვს თავშეკავების გამოვლენას ამჟამად და რას მოგიტანთ ის მომავალში.

• დაკავდით იმით, რაც ღვთისთვის მოსაწონია, ნაცვლად იმისა, რომ რასაც ღმერთი გმობს, ის აკეთოთ.

• დაუყოვნებლივ მოიშორეთ შეუფერებელი აზრები.

• იფიქრეთ იმაზე, რაც გამამხნევებელია და სულიერად განგამტკიცებთ.

• მიიღეთ დახმარება მოწიფული ქრისტიანებისგან.

• მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს.

• ილოცეთ, როდესაც ცდუნების წინაშე ხართ.

[სურათები 18, 19 გვერდებზე]

თავშეკავება კეთილი საქმეების კეთებისკენ აღგვძრავს.