„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში“
„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში“
ამ სურათზე გამოსახული აქლემი და ხარი, რომლებიც ერთად ხნავენ, საცოდავ მდგომარეობაში არიან. ერთნაირი ზომისა და ძალის მქონე ცხოველებისთვის გამიზნული უღელი, რაშიც ისინი არიან შებმულები, ორივესთვის მოუხერხებელია. ღმერთმა, რომელიც ზრუნავს ასეთ მუშა ცხოველებზე, ისრაელებს უთხრა: „ნუ მოხნავ ხარითა და ვირით ერთად“ (მეორე რჯული 22:10). იმავე პრინციპით უნდა ეხელმძღვანელათ ხარისა და აქლემის შემთხვევაშიც.
ჩვეულებრივ, პატრონი ამგვარად არ ეპყრობოდა ცხოველებს, მაგრამ ორი ხარი თუ არ ჰყავდა, შეიძლება უღელში ორი სხვადასხვა ცხოველი შეება. როგორც ჩანს, სწორედ ასე მოიქცა სურათზე გამოსახული XIX საუკუნის მიწათმოქმედი. რადგან ეს ორი ცხოველი განსხვავებული ზომისა და წონისაა, ძლიერს რომ არ ჩამორჩეს, სუსტს მთელი ძალების მოკრება უწევს, ხოლო ძლიერს — ტვირთის მთელი სიმძიმის ზიდვა.
პავლე მოციქულმა უთანასწორო უღლის მაგალითი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილის სასწავლებლად გამოიყენა. «ნუ შეებმებით უცხო [„უთანასწორო“, აქ] უღელში ურწმუნოებთან ერთად, — დაწერა მან. — რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან?» (2 კორინთელთა 6:14). როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანები უთანასწორო უღელში შებმულები აღმოჩნდნენ?
მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანი ცხოვრების თანამგზავრად ისეთ ადამიანს აირჩევს, რომელიც არ იზიარებს მის მრწამსს. ასეთი კავშირი ორივე მეუღლეს პრობლემებს შეუქმნის, რადგან მნიშვნელოვან საკითხებში განსხვავებული აზრი ექნებათ.
როდესაც იეჰოვამ ქორწინებას საფუძველი ჩაუყარა, ცოლს „შემწის“ როლი დააკისრა (დაბადება 2:18). მსგავსადვე, მალაქია წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთმა ცოლი „მეგობრად“ მოიხსენია (მალაქია 2:14). ჩვენს შემოქმედს სურს, რომ დაქორწინებული წყვილი ჰარმონიულად შერწყმული მიდიოდეს ერთი და იმავე სულიერი მიმართულებით, თანაბარი ძალებით ეზიდებოდნენ ტვირთს და ერთნაირად იღებდნენ სარგებლობას.
ქრისტიანი, რომელიც მხოლოდ „უფალში“ ქორწინდება, აფასებს ჩვენი ზეციერი მამის რჩევას (1 კორინთელთა 7:39). სწორედ ეს უყრის მტკიცე საფუძველს ოჯახს, რომელსაც პატივი და დიდება მოაქვს იეჰოვასთვის. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ორივე მეუღლე ‘ნამდვილი თანამშრომლები’ არიან (ფილიპელთა 4:3, აქ).
[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]
Camel and ox: From the book La Tierra Santa, Volume 1, 1830