სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოაქვს სან-ტომესა და პრინსიპში
სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოაქვს სან-ტომესა და პრინსიპში
უმეტესობას, ალბათ, არასდროს სმენია სან–ტომესა და პრინსიპის შესახებ. ტურისტული კომპანიები, ჩვეულებრივ, დამსვენებლებს ამ კუნძულებზე არ ეპატიჟებიან. მსოფლიო რუკაზე ისინი გვინეის ყურეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ლაქებს წააგავს. კუნძული სან–ტომე თითქმის ეკვატორზე მდებარეობს, ხოლო პრინსიპი — ოდნავ ზემოთ, ჩრდილო–აღმოსავლეთით. აქ წვიმიანი, ტენიანი კლიმატია, რის გამოც კუნძულები საუცხოო ტროპიკული ტყეებითაა დაფარული. ეს ტყეები 2 000 მეტრის სიმაღლეზე ამართულ მთათა კალთებზეა შეფენილი.
ლაჟვარდოვანი წყლით გარემოცულ, პალმის ხეებით დამშვენებულ ამ ტროპიკულ კუნძულებზე მეგობრული, თბილი ხალხი ცხოვრობს. ისინი აფრიკელებისა და ევროპელების შთამომავლები არიან და მათში სასიამოვნოდ არის შერწყმული ორივე კულტურის შტრიხები. მოსახლეობა 170 000–ს შეადგენს. მათი ძირითადი საექსპორტო საშუალება არის კაკაო; ეწევიან აგრეთვე სასოფლო–სამეურნეო საქმიანობასა და მეთევზეობას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამ კუნძულებზე ლუკმაპურის შოვნაც კი საკმაოდ გართულდა.
მეოცე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში აქ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც დიდად შეცვალა მრავალი კუნძულელის ცხოვრება. 1993 წლის ივნისში სან–ტომესა და პრინსიპში მთავრობამ კანონიერად ცნო იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა და მათი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გაატარა, რითაც დასრულდა ამ კუნძულზე იეჰოვას მოწმეთა ხანგრძლივი ისტორიის ერთი ნაწილი, რომელიც ხშირად ეკალ–ბარდებით იყო მოფენილი.
რთულ პერიოდში ჩათესილი თესლი
როგორც ჩანს, პირველი მოწმე ამ ქვეყანაში XX საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. მაშინ აფრიკაში პორტუგალიის სხვა კოლონიებიდან პატიმრებს ამ კუნძულებზე შრომა–გასწორების
ბანაკებში აგზავნიდნენ. ეს მოწმე, აფრიკელი პიონერი (სრული დროით მსახური), მოზამბიკში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის დაუჭერიათ და იძულებით აქეთ გადმოუგზავნიათ. ამ კუნძულებზე ეს ერთადერთი მოწმე აქტიურად მსახურობდა და ექვს თვეში უკვე დაახლოებით 13 ადამიანი მოამზადა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით, იმავე მიზეზით, ანგოლიდან სხვა მოწმეებიც ჩაიყვანეს. პატიმრობის განმავლობაში ისინი არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებდნენ ხელიდან, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ექადაგათ.1966 წლისთვის ყველა ძმა, ვინც სან–ტომეში სასჯელს იხდიდა, აფრიკაში დაბრუნდა. ქვეყანაში კი დარჩა სამეფოს მქადაგებელთა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც გაბედულად განაგრძობდნენ მსახურებას. მათ დევნიდნენ, სცემდნენ და აპატიმრებდნენ იმისათვის, რომ ბიბლიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. გასამხნევებლად კი მათთან ვერავინ ჩადიოდა. 1975 წელს ქვეყანამ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა მიიღო და ნელ–ნელა ჭეშმარიტების თესლმაც ნაყოფის გამოღება იწყო.
რიცხობრივი ზრდა და მშენებლობები
ორგანიზაციის კანონიერად რეგისტრირების თვეს, 1993 წლის ივნისში, სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 100 იყო. იმავე წელს პორტუგალიიდან სპეციალური პიონერები ჩავიდნენ. პორტუგალიურზე დაფუძნებული კრეოლური ენის შესასწავლად გამოვლენილი მათი ძალისხმევა ამაო არ ყოფილა, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ამის გამო ძალიან შეუყვარდა ისინი. შემდეგ აუცილებელი გახდა სამეფო დარბაზისთვის მიწის ნაკვეთის შოვნა. ერთმა დამ, მარიამ, როგორც კი ამის შესახებ გაიგო, მაშინვე გაიღო შესაწირავად თავისი მიწის ნაკვეთის ნახევარი (მეორე ნახევარში მას პატარა სახლი ედგა). ეს კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მასზე დიდი სამეფო დარბაზი აშენებულიყო. მარიას ნათესავებიდან არავინ იყო ცოცხალი და თავში აზრად არ მოსვლია, რომ ამის გამო მის ნაკვეთს ვინმე თვალს დადგამდა, მაგრამ მისი მიწით თურმე უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები დაინტერესებულან. ერთხელაც მის სახლს ერთი ცნობილი ბიზნესმენი ეწვია.
— გავიგე, არც თუ ისე სახეირო რამ გაგიკეთებიათ, — უთხრა მან, — მიწა გაგიციათ საჩუქრად. განა არ იცით, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მიწა საკმაოდ დიდი ფული ღირს?
— თუ თქვენ შემოგთავაზებდით ამ ნაკვეთს, რამდენს გადამიხდიდით მის საფასურად? — ჰკითხა მარიამ, მაგრამ, როდესაც პასუხი ვერ მიიღო, განაგრძო: — მთელი მსოფლიოს ფულიც რომ შემოგეთავაზებინათ, თანხა მაინც არასაკმარისი იქნებოდა, რადგან ფულით სიცოცხლის ყიდვა შეუძლებელია.
— თქვენ შვილები არა გყავთ, არა? — ჰკითხა ამ ბიზნესმენმა.
საუბრის დასრულების მიზნით მარიამ თქვა: „მიწა იეჰოვას საკუთრებაა. მან ნება მომცა, მესარგებლა მიწის ამ ნაკვეთით და აი, უკვე რამდენი წელია ვსარგებლობ, ახლა კი მინდა უკან დავუბრუნო. მე მარადიულად ცხოვრება მინდა“. შემდეგ კი უთხრა: „რამდენადაც ვიცი, თქვენ არ შეგიძლიათ მარადიული სიცოცხლის შემოთავაზება. თუ ვცდები?“ მამაკაცი უსიტყვოდ შეტრიალდა და წავიდა.
რამდენიმე ხანში გამოცდილი პორტუგალიელი ძმების დახმარებით მიწის ამ ნაკვეთზე მშვენიერი ორსართულიანი შენობა წამოჭიმეს. მას აქვს სარდაფი, დიდი სამეფო დარბაზი და საცხოვრებელი ოთახები. შენობაში არის საკლასო ოთახებიც უხუცესებისთვის, თანაშემწეებისა და პიონერებისთვის სკოლების ჩასატარებლად. ახლა აქ ორი კრება ატარებს შეხვედრებს. ეს კოხტა ნაგებობა, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს, წმინდა თაყვანისმცემლობის საგანმანათლებლო ცენტრია.
რამდენიმე წლის წინათ მე–სოშის კრებაში 60 გულმოდგინე მქადაგებელი მსახურობდა. კრების შეხვედრები იქ ბანანის პლანტაციაში სახელდახელოდ ჩადგმულ სამეფო დარბაზში ტარდებოდა. ამიტომ, საჭირო გახდა სათანადო სამეფო დარბაზის აშენება. ძმების თხოვნით მოწმეებისადმი კეთილგანწყობილმა ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებმა მათ მთავარ ქუჩაზე საკმაოდ დიდი მონაკვეთი გამოუყვეს. პორტუგალიელი ძმების დახმარებით კი, რომლებიც სწრაფი შენების მეთოდით მუშაობდნენ, მოწმეებმა ორ თვეში მშვენიერი სამეფო დარბაზი წამოჭიმეს. ადგილობრივი მოსახლეობა თვალებს ვერ უჯერებდა. ძმებისა და დების მუშაობის მეთოდის შემხედვარე ქალაქის საამშენებლო პროექტში მონაწილე შვედი ინჟინერი გაოცებული დარჩა. „დაუჯერებელია! — აღმოხდა მას. — აქ, მე–სოშიში, იეჰოვას მოწმეები სწრაფი შენების მეთოდს იყენებენ! ჩვენც ამავე მეთოდით უნდა ვაშენოთ“. 1999 წლის 12 ივნისს სამეფო დარბაზის ღვთისადმი მიძღვნას 232 ადამიანი დაესწრო. დარბაზი ქალაქ მე–სოშის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა.
ისტორიული კონგრესი
1994 წლის იანვარში სან–ტომესა და პრინსიპში ისტორიული მოვლენა მოხდა — ამ კუნძულებზე ჩატარდა
სამდღიანი კონგრესი „ღვთიური სწავლება“. ეს პირველი საოლქო კონგრესი იყო. ის ჩატარდა ქვეყნის საუკეთესო დარბაზში, რომელშიც მშვენიერი კონდიციონერები იყო დაყენებული. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული მიანიჭა 116 მაუწყებელს იმის დანახვამ, რა სულგანაბული ადევნებდა თვალყურს ბიბლიურ დრამას 405–კაციანი აუდიტორია (ამ კუნძულებზე ეს პირველი ბიბლიური დრამა იყო) და რამდენად გულის ამაჩუყებელი იყო კონგრესისთვის გამოცემული პუბლიკაციების მიღება! 20 ადამიანი ღვთისთვის მიძღვნის ნიშნად ტროპიკების სანაპიროზე მოინათლა.სამკერდე ნიშნები, რომლებიც კონგრესის დელეგატებს ეკეთათ, ყველასთვის უცხო იყო და საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა. კონგრესზე ჩასული იყო 25 პორტუგალიელი და ანგოლელი სტუმარი, რაც კონგრესს საერთაშორისოს ელფერს აძლევდა. დელეგატებს შორის სწრაფად გაიბა თბილი ქრისტიანული სიყვარულის კვანძები და, როდესაც დამშვიდობების დრო დადგა, მრავალს ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები (იოანე 13:35).
ეროვნული რადიოს რეპორტიორებმა კონგრესის თავმჯდომარეს ინტერვიუ ჩამოართვეს. რადიოთი გადასცეს პროგრამის გარკვეული ნაწყვეტებიც. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენა იყო. ხანგრძლივი დროის განმავლობაში საძმოსგან მოწყვეტილ ერთგულ მოწმეებს კონგრესი დაეხმარა, ეგრძნოთ იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან დიდი სიახლოვე.
იეჰოვას განსადიდებელი ნაყოფის გამოღება
სამეფოს შესახებ ცნობას როცა ნაყოფი გამოაქვს, ეს კარგ საქციელში ირეკლება; კარგი საქციელი კი განადიდებს და პატივს მიაგებს იეჰოვას (ტიტე 2:10). ერთ მოზარდ გოგონას სიამოვნებას ანიჭებდა ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა. მაგრამ მამამ აუკრძალა კრების შეხვედრებზე დასწრება. მან კი მოკრძალებით აუხსნა მამას, რომ ქრისტიანულ კრებებზე დასწრება მნიშვნელოვანია და სურს, არ გააცდინოს ისინი. ამას ის მოჰყვა, რომ გოგონა მაშინვე გააგდეს სახლიდან. როგორც ჩანს, მამა ფიქრობდა, რომ სხვა მრავალი ახალგაზრდის მსგავსად, მისი ქალიშვილიც რომელიმე მამაკაცს მიეკედლებოდა და მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. მოგვიანებით, როცა მამამ გაიგო, რომ მისი გოგონა, როგორც უბიწო ქრისტიანი, სამაგალითო ცხოვრებას ეწეოდა, გადაწყვიტა სახლში დაებრუნებინა შვილი და იეჰოვასთვის მსახურებაში სრული თავისუფლება მიეცა.
მუსიკალური ჯგუფის ერთ ხელმძღვანელს კი ასეთი რამ შეემთხვა. ის უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს არ იყო ის, რასაც ეძებდა. მას აინტერესებდა, რა იყო ცხოვრების აზრი და ამ ძიებაში იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა დაიწყო; შეიცვალა ცხოვრების წესი და ბიბლიის ზნეობრივი ნორმების შესაბამისად იქცეოდა, რასაც ქალაქში დიდი მითქმა–მოთქმა მოჰყვა. მალე ის მიხვდა, რომ საჭირო იყო, კავშირი გაეწყვიტა ძველ მეგობრებთან, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებდნენ (1 კორინთელთა 15:33). შემდეგ კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად მოინათლა.
აი, სხვა შემთხვევაც. ახალგაზრდათა ერთი ჯგუფი ჭეშმარიტ რელიგიას ეძებდა. ისინი ესაუბრნენ სხვადასხვა ევანგელისტური ეკლესიის რამდენიმე მოძღვარს, მაგრამ უფრო მეტად დაიბნენ და გულიც გაუტყდათ. ბოლოს კი ქუჩური ცხოვრება დაიწყეს და ყველაფერს, რასაც კი რელიგიური ელფერი დაჰკრავდა, დასცინოდნენ.
ერთხელაც იეჰოვას ერთი მოწმე, მისიონერი, ბიბლიის ჩასატარებლად მიდიოდა და იმ ადგილას ჩაიარა, სადაც ეს ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. ბიჭებს სურდათ, რომ მისიონერისთვის კითხვები დაესვათ. ამიტომაც ეზოში შეიყვანეს და პატარა სკამზე დასვეს. შემდეგ კი დააყარეს კითხვები სულზე, ჯოჯოხეთზე, ზეცაში ცხოვრებასა და მსოფლიოს აღსასრულზე. ბანდის მეთაურის მიერ მიწოდებული ბიბლიდან მოწმემ ყველა კითხვაზე უპასუხა. ერთი საათის შემდეგ მეთაურმა, ლომ, მისიონერს უთხრა: „კითხვებზე პასუხის გაცემა როცა გთხოვეთ, მაშინ გვინდოდა, რომ დაგვეცინა, როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობდით, რომ არავის შეეძლო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ შენ ეს შეძელი! და შეძელი ბიბლიის საშუალებით! მითხარი, როგორ შემიძლია უფრო მეტი გავიგო ბიბლიის შესახებ?“ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და მალე ლო კრების შეხვედრებსაც ესწრებოდა. ამ შემთხვევიდან ძალიან მოკლე დროში მან ბანდა მიატოვა და ძალმომრეობასაც თავი დაანება. ერთ წელიწადში თავი იეჰოვას მიუძღვნა და მოინათლა. ახლა კი თანაშემწედ მსახურობს.
2 კორინთელთა 10:4—6; ებრაელთა 4:12).
დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, აქ წყვილები კანონიერი ქორწინების გარეშე ცხოვრობენ ერთად. მრავალი წყვილი წლების განმავლობაში ცხოვრობს ერთად და შვილებიც ჰყავთ. ამიტომაც, მათთვის რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიური თვალსაზრისის გათვალისწინება. ძალიან სასიხარულო იყო იმის დანახვა, თუ როგორ დაეხმარა ღვთის სიტყვა ერთ ადამიანს ამ დაბრკოლების გადალახვაში (ანტონიო მიხვდა, რომ ქორწინება კანონიერად უნდა გაეფორმებინა და დაგეგმა, რომ სიმინდის მოსავლის აღების შემდეგ გარკვეულ თანხას მოუყრიდა თავს და ქორწილს გადაიხდიდა. მოსავლის აღების წინა ღამეს ქურდებმა სიმინდი მოპარეს. ანტონიომ გადაწყვიტა, რომ მომდევნო მოსავლის აღებისას გადაეხადა ქორწილი, მაგრამ მომდევნო წელსაც იგივე განმეორდა. მეორე მცდელობამაც რომ ამაოდ ჩაიარა, მაშინ ანტონიო მიხვდა, ვინ უწევდა სინამდვილეში წინააღმდეგობას. „სატანას ჩემი გაბრიყვების საშუალებას აღარ მივცემ, — თქვა მან. — თვენახევარში ვქორწინდები. ქორწილს კი ან გადავიხდი, ან არა!“ ასე რომ, მან ქალთან, რომელთანაც ცხოვრობდა, ხელი მოაწერა და მათდა გასაოცრად, მეგობრებმა წიწილები, იხვები და თხა მიუყვანეს ქორწილის გადასახდელად. ქორწინების კანონიერად რეგისტრირების შემდეგ, ანტონიო, მეუღლესა და ექვს შვილთან ერთად, იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად მოინათლა.
პრინსიპის კუნძულზე
გასულ წლებში პრინსიპის 6 000 მოსახლეს დროდადრო სან–ტომედან სარაიონო ზედამხედველი და პიონერები ეწვეოდნენ ხოლმე. კუნძულელები ძალიან სტუმართმოყვარენი იყვნენ და მთელი გულით იმსმენდნენ მოწმეების სიტყვებს. პიონერების მიერ მიცემული ტრაქტატის წაკითხვის შემდეგ, ერთმა მამაკაცმა მეორე დღეს ამ პიონერებს ძებნა დაუწყო; იპოვა კიდეც და მათ ტრაქტატების გავრცელებაში დახმარება შესთავაზა. პიონერებმა აუხსნეს, რომ ეს მათი მოვალეობა იყო, მაგრამ მამაკაცი არ მოეშვა და შესთავაზა, რომ გაჰყვებოდა მათ კარდაკარ მსახურებაში და მობინადრეებს ურჩევდა, გულმოდგინედ მოესმინათ მათთვის. ბოლოს და ბოლოს ეს კაცი წავიდა, მაგრამ წასვლამდე პიონერები შეაქო იმისათვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ.
1998 წელს სან–ტომედან პრინსიპში ორი პიონერი ჩავიდა. მალე მათ ბიბლიის 17 შესწავლა დაიწყეს. საქმიანობა ფართოვდებოდა და არც ისე დიდი ხნის წინათ კრების წიგნის შესწავლას საშუალოდ 16 ადამიანი ესწრებოდა, ხოლო საჯარო მოხსენებას 30–ზე მეტი. შეხვედრებისთვის საჭირო იყო შენობა და ძმებმაც თხოვნით ქალაქის ხელმძღვანელობას მიმართეს. საბედნიეროდ, ქალაქის ხელმძღვანელობამ სამეფო დარბაზის ასაშენებლად ძმებს მიწის ნაკვეთი გამოუყო. სან–ტომელი მოხალისე ძმების დახმარებით აშენდა პატარა სამეფო დარბაზი, რომელიც ორი სპეციალური პიონერის საცხოვრებელი სახლიც გახდა.
ცხადია, კეთილ ცნობას უხვი ნაყოფი გამოაქვს და ვრცელდება ამ მოშორებულ კუნძულებზე (კოლასელთა 1:5, 6). 1990 წლის იანვარში სან–ტომესა და პრინსიპში 46 მაუწყებელი იყო. 2002 სამსახურებრივ წელს ამ რიცხვმა ახალ პიკს მიაღწია და 388 გახდა. მაუწყებელთა 20 პროცენტზე მეტი სრული დროით მსახური იყო. მთლიანობაში მაუწყებლები დაახლოებით ბიბლიის 1400 შესწავლას ატარებდნენ. 2001 წელს გასხენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვმა საოცრად დიდ მაჩვენებელს, 1907–ს მიაღწია. დიახ, ამ ტროპიკულ კუნძულებზე იეჰოვას სიტყვა თანდათანობით ვრცელდება და დიდებით იმოსება (2 თესალონიკელთა 3:1).
[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]
პოპულარული რადიოგადაცემები
ამ კუნძულებზე დიდი მოწონებით სარგებლობს პუბლიკაცია „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *. ორ კვირაში ერთხელ ეროვნული რადიოთი გადასცემენ 15–წუთიან პროგრამას ამავე სახელწოდებით. რა სასიამოვნოა, როდესაც გესმით დიქტორის მიერ დასმული კითხვა: „ახალგაზრდებო, რას ფიქრობთ, როგორ გამოვიცნოთ ნამდვილი სიყვარული?“, რის შემდეგაც ის წიგნიდან გარკვეულ მონაკვეთს კითხულობს! (იხილეთ 31–ე თავი). სხვა მსგავსი რადიოგადაცემის დროს მოსახლეობას შეუძლია მოისმინოს მონაკვეთები წიგნიდან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ *.
[სქოლიოები]
^ აბზ. 33 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 33 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 9 გვერდზე]
პირველი სამეფო დარბაზი სან–ტომეში (1994 წელი).
[სურათები 10 გვერდზე]
1. სწრაფად აშენებული სამეფო დარბაზი მე–სოშიში.
2. ისტორიული საოლქო კონგრესი ამ დარბაზში ჩატარდა.
3. კონგრესზე მოსანათლები.
[საავტორო უფლებები დაცულია 8 გვერდზე]
Globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.