სხვა გამოსავალი არ არსებობს საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება
სხვა გამოსავალი არ არსებობს საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება
„არაფერია იმაზე უფრო რთული და ამიტომ, უფრო დასაფასებელი, ვიდრე იცოდე, როგორ მიიღო გადაწყვეტილებები“, — აღნიშნა ერთხელ XIX საუკუნის საფრანგეთის იმპერატორმა, ნაპოლეონ ბონაპარტმა. ალბათ, ეთანხმებით ამ ციტატაში გამოთქმულ აზრებს, რადგან ადამიანებს, ჩვეულებრივ, სიამოვნებთ, როდესაც გრძნობენ, რომ თავად არიან საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონნი. ამავე დროს, ისინი ხედავენ, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთულია.
ადვილია თუ რთული, გადაწყვეტილებების მიღება მაინც გვიწევს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, დილით გავიღვიძებთ თუ არა, უნდა გადავწყვიტოთ, რას ჩავიცვამთ, რას შევჭამთ საუზმეზე და როგორ გავართმევთ თავს ბევრ სხვა საკითხს დღის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებათა უმეტესობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ, იშვიათად დავიწყებთ გონებაში ამ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გადამოწმებას და არც ძილი დაგვიფრთხება იმაზე ფიქრით, გონივრული იყო თუ არა მათი მიღება.
მეორე მხრივ, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დღეს ბევრმა ახალგაზრდამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზას დაადგეს. მათ უნდა მოიფიქრონ, სად და რამდენ ხანს ისწავლიან. ადრე თუ გვიან ახალგაზრდების უმეტესობა არჩევნის წინაშე დგება, დაქორწინდეს თუ დაუქორწინებელი დარჩეს. ისინი, ვინც დაქორწინებას არჩევენ, გადაწყვეტილების მიღებისას ასეთი კითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს: „მაქვს დაქორწინებისთვის შესაფერისი ასაკი და ვარ საკმაოდ მოწიფული ამ ნაბიჯის გადასადგმელად? ცხოვრების როგორ თანამგზავრს ვისურვებდი? ან, რაც უფრო მთავარია, როგორი თანამგზავრი მჭირდება? ძალიან ცოტა გადაწყვეტილება თუ ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ისეთ დიდ გავლენას, როგორც ცხოვრების თანამგზავრის არჩევა.
სერიოზული ნაბიჯის გადადგმისას, უაღრესად მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენი ბედნიერება უმთავრესად ამაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს, რომ ის საკმაოდ უნარიანია და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს; ამიტომაც არ იღებს შეთავაზებულ დახმარებას. გონივრულია ეს? მოდი ვნახოთ.
[საავტორო უფლებები დაცულია 3 გვერდზე]
Napoleon: From the book The Pictorial History of the World