არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურები

ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურები

ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურები

„მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“ (იგავები 31:30).

1. რით განსხვავდება სილამაზის შესახებ იეჰოვას თვალსაზრისი წუთისოფლის თვალსაზრისისგან?

წუთისოფელში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარეგნობას, განსაკუთრებით კი ქალის გარეგნობას. ამის საპირისპიროდ, იეჰოვასთვის მნიშვნელოვანია შინაგანი პიროვნება, რომელიც წლებმა, შესაძლოა, უფრო მეტად დაამშვენოს (იგავები 16:31). ამიტომაც, ბიბლია ქალებს მოუწოდებს: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (1 პეტრე 3:3, 4, აქ).

2, 3. როგორ უწყობდნენ ხელს ქალები პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის გავრცელებას და რა იყო ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები?

2 ამ მხრივ, სანაქებო სულისკვეთება გამოავლინა ბიბლიაში მოხსენიებულმა მრავალმა ქალმა. პირველ საუკუნეში ზოგიერთ მათგანს წილად ხვდა პატივი, იესოსა და მის მოციქულებს მომსახურებოდნენ (ლუკა 8:1—3). მოგვიანებით ქრისტიანი ქალები აქტიური მქადაგებლები გახდნენ. ზოგიერთი დიდ დახმარებას უწევდა ქრისტიან მამაკაცებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ჰქონდათ დაკისრებული, მათ შორის პავლე მოციქულს. სხვები სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ და ძმებს კრების შეხვედრების ჩასატარებლად სახლებსაც სთავაზობდნენ.

3 წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იეჰოვას განზრახვის განხორციელებისას ქალები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ. მაგალითად, იოელის 3:1, 2-ის თანახმად, როგორც მამაკაცები, ისე ქალები — ახალგაზრდებიცა და ხანდაზმულებიც — სულიწმიდას მიიღებდნენ სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად. ამ წინასწარმეტყველების შესრულება ახ. წ. 33 წელს დაიწყო (საქმეები 2:1—4, 16—18). ზოგიერთმა სულითცხებულმა ქალმა სასწაულებრივი ძღვენი — წინასწარმეტყველების უნარი — მიიღო (საქმეები 21:8, 9). ღვთის ერთგული, გულმოდგინე მქადაგებელი დებისგან შემდგარმა სულიერმა ლაშქარმა ხელი შეუწყო პირველ საუკუნეში ქრისტიანობის სწრაფად გავრცელებას. დაახლოებით ახ. წ. 60 წელს პავლე მოციქულმა დაწერა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

გამბედაობით, გულმოდგინებითა და სტუმართმოყვარეობით ქებული ქალები

4. რა საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა პავლე მოციქულს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში მომსახურე ქალები შეექო?

4 პავლე მოციქული ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც განსაკუთრებით აფასებდა ზოგიერთი ქალის მსახურებას — ისევე, როგორც დღეს აფასებენ ქრისტიანი ზედამხედველები გულმოდგინე ქალების მსახურებას. ასეთ ქალებს შორის პავლემ სახელებით მოიხსენია „უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი“ და „პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში“ (რომაელთა 16:12). მან აგრეთვე დაწერა, რომ ევოდია და სვინტიქე მასთან ერთად „იღწვოდნენ . . . სახარებაში“ (ფილიპელთა 4:2, 3). პრისკილაც თავის ქმართან, აკვილასთან, ერთად პავლეს მხარდამხარ მსახურობდა. ის და აკვილა „თავს სწირავდნენ“ პავლესთვის, რამაც მოციქულს შემდეგი სიტყვები დააწერინა: „არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც“ (რომაელთა 16:3, 4; საქმეები 18:2).

5, 6. რა მხრივ არის პრისკილა ქრისტიანი დებისთვის სამაგალითო?

5 რამ შეუწყო ხელი პრისკილას გულმოდგინებასა და გამბედაობას? მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის საქმეების 18:24—26 მუხლები, სადაც ნათქვამია, რომ ის ქმართან ერთად დაეხმარა აპოლონს, ნიჭიერ ორატორს, ღვთის მიერ გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ფეხდაფეხ მიჰყოლოდა. აქედან ვხედავთ, რომ პრისკილა გულმოდგინედ სწავლობდა ღვთის სიტყვას და ერკვეოდა, თუ რას ასწავლიდნენ მოციქულები. სწორედ ამან შეუწყო ხელი მისი შესანიშნავი თვისებების განვითარებას, რის გამოც ის ძვირფასი იყო როგორც ღვთისთვის, ისე საკუთარი მეუღლისათვის და პირველი საუკუნის კრებაში დასაფასებელ წევრად ითვლებოდა. დღეს პრისკილასავით ძვირფასნი არიან შრომისმოყვარე ქრისტიანი დები, რომლებიც გულმოდგინედ სწავლობენ ბიბლიას და სულიერ საზრდოს „ერთგული და გონიერი განმგებლისგან“იღებენ (ლუკა 12:42).

6 აკვილა და პრისკილა სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. პავლე მათ სახლში ცხოვრობდა, როდესაც მათთან ერთად კარვების მკერავად მუშაობდა კორინთში (საქმეები 18:1—3). როცა ეს წყვილი საცხოვრებლად ეფესოში, ხოლო მოგვიანებით რომში გადავიდა, ძველებურად განაგრძობდნენ ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის გამოვლენას; მათ სახლში კრების შეხვედრებიც კი ტარდებოდა (საქმეები 18:18, 19; 1 კორინთელთა 16:8, 19). აკვილასა და პრისკილას მსგავსად, ნუმფა და მარკოზად წოდებული იოანეს დედა, მარიამი, საშუალებას აძლევდნენ ძმებს, შეხვედრები მათ სახლებში ჩაეტარებინათ (საქმეები 12:12; კოლასელთა 4:15).

ფასდაუდებელი წვლილი დღეს

7, 8. რა სანაქებო რეპუტაცია შეიქმნა დღეს ბევრმა ქრისტიანმა ქალმა, რომლებიც წმინდა მსახურებაში მონაწილეობენ და რაში შეუძლიათ მათ დარწმუნებულები იყვნენ?

7 როგორც პირველ საუკუნეში, ერთგული ქრისტიანი ქალები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვთის განზრახვის განხორციელებაში — განსაკუთრებით კი სამქადაგებლო საქმეში. დებმა მართლაც რომ ჩინებული რეპუტაცია შეიქმნეს! მაგალითად გვენი, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. „გულმოდგინე ქადაგებით გვენმა სახელი გაითქვა ქალაქში, — ამბობს მისი ქმარი. — ის ყველას იმ ადამიანად თვლიდა, ვინც იეჰოვას სიყვარულსა და დანაპირებს გამოეხმაურებოდა. ღვთისადმი, მისი ორგანიზაციისადმი და ჩვენი ოჯახისადმი გვენის ერთგულება ერთად გატარებული ბედნიერი წლების განმავლობაში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა იყო, როგორც ჩემთვის, ისე შვილებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, თუ როგორ გვამხნევებდა ის, როცა გულგატეხილები ვიყავით. ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდა“. გვენმა და მისმა მეუღლემ ერთად 61 წელი იცხოვრეს.

8 ათიათასობით ქრისტიანი ქალი პიონერად ან მისიონერად მსახურობს. მათ შორის არიან როგორც დაქორწინებულები, ისე დაუქორწინებლები. ისინი ცხოვრებაში მცირედით კმაყოფილდებიან და სამეფოს შესახებ ცნობას სრულიად განსხვავებულ ტერიტორიებზე — ხმაურიან ქალაქებსა თუ მივარდნილ მხარეებში — ავრცელებენ (საქმეები 1:8). იეჰოვას მსახურებისთვის რომ უფრო მეტი დრო დაეთმოთ, ბევრმა უარი თქვა, საკუთარ სახლი ჰქონოდა ან შვილები ჰყოლოდა. ზოგიერთი ქრისტიანი და ერთგულად უჭერს მხარს მეუღლეს, რომელიც მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს. გარდა ამისა, ათასობით ქრისტიანი და სხვადასხვა ქვეყნის ბეთელის ოჯახებში მსახურობს. უეჭველია, რომ თავგანწირული სულისკვეთების მქონე ეს დები ‘ყოველი ერიდან შეკრებილი იმ სასურველი ადამიანების’ რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც დიდებით ავსებენ იეჰოვას სახლს (ანგია 2:7, აქ).

9, 10. როგორ გამოხატავს ზოგიერთი ქრისტიანი ცოლებისა თუ დედების მიმართ მადლიერებას?

9 ცხადია, ბევრ ქრისტიან ქალს ოჯახური პასუხისმგებლობები აკისრია, მაგრამ ისინი სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ (მათე 6:33). ერთმა დაუქორწინებელმა პიონერმა დაწერა: „დედამ მტკიცე რწმენითა და კარგი პირადი მაგალითით დიდი როლი შეასრულა, რომ პიონერი გავმხდარიყავი. პიონერულ მსახურებაში ის ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო“. ერთი ძმა კი თავის მეუღლეზე, ხუთი მოზრდილი ქალიშვილის დედაზე, ამბობს: „სახლი ყოველთვის დალაგებული და დასუფთავებული იყო. ბონი ცდილობდა ოჯახში ყველაფერი სადად გვქონოდა და სახლი ზედმეტი ნივთებით არ გადაგვეტვირთა, რათა ძირითადად სულიერ ინტერესებზე გვეზრუნა. ის გონივრულად ანაწილებდა ჩვენს შემოსავალს, რამაც შესაძლებლობა მომცა 32 წელი ნახევარ განაკვეთზე მემუშავა და მეტი დრო დამეთმო ოჯახისთვის და მსახურებისთვის. ჩემმა მეუღლემ შვილებსაც ასწავლა შრომის ფასი. ის ჩემგან მხოლოდ ქებას იმსახურებს“. დღეს ეს წყვილი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს.

10 აი, რას წერს სხვა ძმა თავის მეუღლეზე, მოზრდილი შვილების დედაზე: „სუზანის თვისებებიდან განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ძალიან უყვარს ღმერთი და ადამიანები; აგრეთვე გულისხმიერი, თანამგრძნობი და პატიოსანი ადამიანია. მას ყოველთვის ასეთი თვალსაზრისი ჰქონდა — იეჰოვა ჩვენგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ცხოვრებაში ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ის, როგორც ღვთის მსახური და როგორც დედა“. მეუღლის მხარდაჭერამ ამ ძმას ქრისტიანულ კრებაში მრავალი პასუხისმგებლობის შესრულების — უხუცესად, პიონერად, სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ და საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრად მსახურების შესაძლებლობა მისცა. ასეთი ქალები ნამდვილად ძვირფასნი არიან, როგორც მეუღლეებისთვის, ისე თანაქრისტიანებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასთვის (იგავები 31:28, 30).

ძვირფასი დაუქორწინებელი ქალები

11. ა) როგორ გამოხატა იეჰოვამ ერთგულ ქალებზე, განსაკუთრებით ქვრივებზე, მზრუნველობა? ბ) რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულები ქრისტიანი ქვრივები და სხვა ერთგული დები, რომლებსაც ქმრები არა ჰყავთ?

11 იეჰოვა ხშირად გამოხატავდა ქვრივთა მიმართ მზრუნველობას (მეორე რჯული 27:19; ფსალმუნები 67:6; ესაია 10:1, 2, სსგ). ის არ შეცვლილა. იეჰოვა დღესაც ზრუნავს არა მარტო ქვრივებზე, არამედ მარტოხელა დედებზე, აგრეთვე იმ ქალებზე, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, არ გათხოვდნენ ან თანაქრისტიანებს შორის შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს ვერ პოულობენ (მალაქია 3:6; იაკობი 1:27). თუ თქვენც ქრისტიანი მეუღლის მხარდაჭერის გარეშე ემსახურებით იეჰოვას, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ.

12. ა) როგორ ავლენს ზოგიერთი და იეჰოვასადმი ერთგულებას? ბ) რა გრძნობა ეუფლება ზოგ დას?

12 შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ქრისტიანი დები, რომლებიც იმის გამო არ გათხოვდნენ, რომ ერთგულად დაემორჩილნენ ღვთის მითითებას, გათხოვილიყვნენ ‘მხოლოდ უფალში’ (1 კორინთელთა 7:39; იგავები 3:1). ბიბლია ასეთ დებს არწმუნებს, რომ იეჰოვა: ‘მოწყალესთან მოწყალეობს [„ერთგულს ერთგულად ექცევა“, აქ], წრფელ კაცთან წრფელობს’ (2 მეფეთა 22:26). და მაინც, ბევრი მათგანისთვის ძნელია მარტო ცხოვრება. ერთი და ამბობს: „მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ უფალში გავთხოვდე. თუმცა ბევრჯერ დამიღვრია ცრემლი, როცა დამინახავს, რომ ჩემი მეგობრები კარგ ქრისტიან ძმებს მიჰყვებოდნენ ცოლად, მე კი ისევ მარტო ვრჩებოდი“. სხვა და აღნიშნავს: „დაახლოებით 25 წელია, რაც იეჰოვას ვემსახურები. გადაწყვეტილი მაქვს, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დავრჩე, მაგრამ ხშირად მარტოობა მტანჯავს“. შემდეგ კი ამატებს: „ჩემნაირ დებს ძალიან სჭირდებათ გამხნევება“. როგორ შეგვიძლია ასეთი ერთგული დების დახმარება?

13. ა) რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან, ვინც იფთახის ქალიშვილს ინახულებდა? ბ) კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია დაუქორწინებელი დებისთვის?

13 ერთ-ერთ საშუალებას ბიბლიური მაგალითიდან ვხედავთ. როცა იფთახის ქალიშვილმა უარი თქვა, ოდესმე გათხოვილიყო, ხალხმა დაინახა, რომ ეს მისი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო. რას აკეთებდნენ ისინი მის გასამხნევებლად? «წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ [„შეექოთ“, აქ] იფთახ გილყადელის ასული, ოთხ დღეს წელიწადში» (მსაჯულთა 11:30—40). ჩვენც გულწრფელად უნდა შევაქოთ დაუქორწინებელი დები, რომლებიც ერთგულად იცავენ ღვთის კანონს *. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მათთვის? ლოცვებში უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, მხარი დაუჭიროს ასეთ ძვირფას დებს, რათა მათ ერთგულად განაგრძონ მისადმი მსახურება. ისინი ღირსნი არიან, კვლავაც დავარწმუნოთ, რომ საყვარელნი და დასაფასებელნი არიან როგორც იეჰოვასთვის, ისე ქრისტიანული კრების წევრებისთვის (ფსალმუნები 36:28).

მარტოხელა დედები მიტოვებულნი არ არიან

14, 15. ა) რატომ უნდა მიმართონ დახმარებისთვის იეჰოვას მარტოხელა დედებმა? ბ) როგორ შეუძლიათ მარტოხელა მშობლებს თავიანთი ლოცვების შესაბამისად მოქმედება?

14 ის ქრისტიანი ქალებიც, რომლებიც მარტოხელა დედები არიან, ცხოვრებაში უამრავ სირთულეს ხვდებიან. მათ შეუძლიათ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართონ, რათა ბიბლიური პრინციპებით აღზარდონ შვილები. მართალია, თუ ქმარი არა გყავთ, ერთდროულად დედისა და მამის როლს ზედმიწევნით ვერ შეასრულებთ. მიუხედავად ამისა, იეჰოვა დაგეხმარებათ, თავი გაართვათ უამრავ პასუხისმგებლობას, თუ რწმენით მოუხმობთ მას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მრავალსართულიანი სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობთ და სახლში პროდუქტებით სავსე ჩანთა მიგაქვთ. ახვალთ ფეხით, თუ ლიფტი იმუშავებს? ცხადია, არა! მსგავსად ამისა, ნუ შეეცდებით მძიმე ემოციური ტვირთის მარტო ტარებას, როცა შეგიძლიათ, რომ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართოთ. ის გიწვევთ კიდეც. ფსალმუნების 67:20-ში ვკითხულობთ: „კურთხეულ არს უფალი! დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე“. აგრეთვე 1 პეტრეს 5:7 მოგიწოდებთ, იეჰოვას მიანდოთ თქვენი საზრუნავი, „რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. ამიტომაც, როცა პრობლემებითა და საზრუნავით ხართ დამძიმებულნი, უთხარით ამის შესახებ ზეციერ მამას და „განუწყვეტლივ“ ასე მოიქეცით (1 თესალონიკელთა 5:17; ფსალმუნები 17:7; 54:23).

15 მაგალითად, დედებს უეჭველად გაღელვებთ, თუ რა გავლენას მოახდენენ სკოლაში თქვენს შვილებზე თანატოლები ან როგორ გამოიცდება მათი რწმენა (1 კორინთელთა 15:33). თქვენი წუხილი არცთუ უსაფუძვლოა, მაგრამ ამაზე ლოცვაც საჭიროა. შეგეძლოთ ბავშვებთან ერთად გელოცათ ამ საკითხებზე სკოლაში წასვლამდე, მაგალითად, ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ. გულწრფელმა, კონკრეტულმა ლოცვებმა შეიძლება ღრმა კვალი დატოვოს ბავშვების გონებაზე. რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასგან კურთხეულნი იქნებით, თუ მოთმინებით შეეცდებით შვილების გულებში ღვთის სიტყვის ჩანერგვას (მეორე რჯული 6:6, 7; იგავები 22:6). გახსოვდეთ, რომ „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12; ფილიპელთა 4:6, 7).

16, 17. ა) რას ამბობს ერთი ძმა დედამისის მიერ შვილების მიმართ გამოვლენილ სიყვარულზე? ბ) რა გავლენა მოახდინა დედის სულიერობამ შვილებზე?

16 მაგალითად მოვიყვანოთ ექვსი შვილის დედა, სახელად ოლივია. მისმა ურწმუნო მეუღლემ ოჯახი მეექვსე შვილის დაბადებისთანავე დატოვა. ოლივიამ თავის თავზე აიღო უფლის გზებით შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა. მისი ვაჟი, დარენი, რომელიც ახლა 31 წლისაა და უხუცესად, აგრეთვე პიონერად მსახურობს, მაშინ 5 წლის იყო. ოლივიას პრობლემებს ისიც დაემატა, რომ დარენს სერიოზული დაავადება განუვითარდა, რომელიც დღემდე აწუხებს. დარენი ბავშვობას ასე იხსენებს: «მახსოვს, საავადმყოფოში საწოლზე ჩამომჯდარი, როგორ ველოდებოდი დედას. ის გვერდით მომიჯდებოდა ხოლმე და ყოველდღე მიკითხავდა ბიბლიას. შემდეგ მღეროდა სამეფოს სიმღერას „გმადლობთ იეჰოვა“ *. ეს დღესაც ჩემი საყვარელი სიმღერაა».

17 იეჰოვას სიყვარული და მასზე მინდობა დაეხმარა ოლივიას, მარტოხელა დედის პასუხისმგებლობებს გამკლავებოდა (იგავები 3:5, 6). მისი განწყობა იმ მიზნებზეც აირეკლა, რომლებიც მან საკუთარ შვილებს დაუსახა. „დედა ყოველთვის გვამხნევებდა, მიზნად დაგვესახა სრული დროით მსახურება, — ამბობს დარენი. — რის შედეგადაც, მე და ოთხმა დამ სრული დროით მსახურება დავიწყეთ. თუმცა, დედა ამის შესახებ სხვებთან არასდროს იკვეხნიდა. ვცდილობ, მას მივბაძო და შესანიშნავი თვისებები გამოვავლინო“. მართალია, ყველა ბავშვი არ ხდება ღვთის მსახური, როგორც ოლივიას შვილები გახდნენ. მიუხედავად ამისა, როდესაც დედა ყოველმხრივ ცდილობს, ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას, მას შეუძლია იეჰოვას ხელმძღვანელობისა და სიყვარულით მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს (ფსალმუნები 31:8).

18. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ ქრისტიანულ კრებას?

18 ძირითადად, ღმერთი ქრისტიანული კრების მეშვეობით გვიჭერს მხარს. მხარდაჭერის ღონისძიებაში შედის: რეგულარული სულიერი კვების პროგრამა, ქრისტიანული საძმო და სულიერად მოწიფული ძმები — „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). ერთგული უხუცესები ყოველმხრივ ცდილობენ კრების თითოეული წევრის გამხნევებას და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ‘ქვრივ-ობლებს გასაჭირში’ (იაკობი 1:27). ამიტომაც, ყოველთვის ღვთის ხალხთან იყავი და არასდროს ჩამოშორდე მას (იგავები 18:1, აქ; რომაელთა 14:7).

მორჩილება — თვისება, რომელიც ქალს ამშვენებს

19. რატომ არ ნიშნავს ცოლის მორჩილება, მისი, როგორც ადამიანის, დაბალ საფეხურზე დგომას და რომელი ბიბლიური მაგალითი ადასტურებს ამას?

19 იეჰოვამ ქალი მამაკაცის დამხმარედ შექმნა (დაბადება 2:18). ამიტომაც, ქმრისადმი ცოლის მორჩილება არ ნიშნავს იმას, რომ, ცოლი, როგორც ადამიანი, უფრო დაბალ საფეხურზე დგას. პირიქით, ის ამკობს ქალს და შესაძლებლობას აძლევს, თავისი ნიჭი და უნარი ღვთის ნებასთან შეთანხმებულად გამოიყენოს. იგავების 31-ე თავში აღწერილია მრავალგვარი საქმე, რასაც ძველ ისრაელში გამრჯე ცოლი აკეთებდა. ის ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ვენახს უვლიდა და მიწას იძენდა. დიახ, ‘ერწმუნებოდა მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ აკლდებოდა’ (მუხლები 11, 16, 20).

20. ა) რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ქრისტიან ქალს ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭსა თუ შესაძლებლობებზე? ბ) რა შესანიშნავი თვისებებით გამოირჩეოდა ესთერი და ამის გამო, რა როლის შესრულება დააკისრა მას იეჰოვამ?

20 მოკრძალებულ, ღვთისმოშიშ ქალს არ სურს თავის განდიდება და არ ეჯიბრება მეუღლეს (იგავები 16:18). ის არ ცდილობს საზოგადოებრივ საქმიანობებში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, არამედ ღვთის მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს ძირითადად იმისთვის იყენებს, რომ სხვებს — ოჯახის წევრებს, თანაქრისტიანებს, მოყვასსა და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას — ემსახუროს (გალატელთა 6:10; ტიტე 2:3—5). განვიხილოთ დედოფალ ესთერის შესახებ ბიბლიაში მოცემული მაგალითი. ესთერი ლამაზი იყო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, მოკრძალებული და მორჩილი ყოფილიყო (ესთერი 2:13, 15). გათხოვების შემდეგ, ის დიდ პატივს სცემდა თავის ქმარს, მეფე ახაშვეროშს, მისი ყოფილი ცოლისგან, ვაშთისგან, განსხვავებით (ესთერი 1:10—12; 2:16, 17). აგრეთვე ესთერი პატივისცემით ეპყრობოდა და ემორჩილებოდა მორდექაის, თავის უფროს ბიძაშვილს, მას შემდეგაც კი, რაც დედოფალი გახდა. მაგრამ ესთერი სულაც არ იყო სუსტი ნებისყოფის ადამიანი. მან გაბედულად ამხილა ჰამანი, ძალაუფლების მქონე დაუნდობელი კაცი, რომელსაც ებრაელების განადგურება ჰქონდა განზრახული. იეჰოვას ნებით, ესთერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ღვთის ხალხის გადასარჩენად (ესთერი 3:8—4:17; 7:1—10; 9:13).

21. როგორ შეუძლია ქრისტიან ქალს, უფრო ძვირფასი გახდეს იეჰოვასთვის?

21 როგორც ვხედავთ, ღვთისმოშიში ქალები, როგორც წინათ, ასევე დღეს განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენენ იეჰოვასადმი და მისი თაყვანისმცემლობისადმი. ამიტომაც, ისინი ძვირფასნი არიან ღვთის თვალში. საყვარელო დებო, საშუალება მიეცით იეჰოვას, რომ თავისი სულიწმიდის მეშვეობით თანდათანობით გაქციოთ უფრო სასურველ „ჭურჭლად“, რომელიც ‘გამზადებულია ყოველი კეთილი საქმისათვის’ (2 ტიმოთე 2:21; რომაელთა 12:2). ღვთის ასეთი ძვირფასი თაყვანისმცემლების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან“ (იგავები 31:31). დაე, ყოველ თქვენგანზე შესრულდეს ეს სიტყვები.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 იმის თაობაზე, თუ როგორ შეაქოთ ასეთი დები, რჩევები შეგიძლიათ იხილოთ 2002 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26—28.

^ აბზ. 16 სიმღერა 212, წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გახსოვთ თუ არა?

• რამ გახადა პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგიერთი ქრისტიანი ქალი იეჰოვასთვის ძვირფასი?

• რატომ არის ბევრი ქრისტიანი და ღვთისთვის ძვირფასი?

• როგორ უჭერს მხარს იეჰოვა მარტოხელა დედებსა და ყველა იმ დას, ვისაც ქმარი არა ჰყავს?

• როგორ შეუძლია ქალს, მეთაურობის პრინციპისადმი ღრმა პატივისცემა გამოავლინოს?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 17 გვერდზე]

მაგალითები დასაფიქრებლად

გსურთ, დამატებით განიხილოთ ბიბლიაში მოხსენიებული რამდენიმე ერთგული ქალის მაგალითი? ამისათვის ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები წაიკითხეთ. ამ მაგალითებზე დაფიქრებისას შეეცადეთ, განსაზღვროთ პრინციპები, რომელთა გამოყენებაც უკეთესად შეგიძლიათ ცხოვრებაში (რომაელთა 15:4).

სარა: დაბადება 12:1, 5; 13:18ა; 21:9—12; 1 პეტრე 3:5, 6.

გულუხვი ისრაელი ქალები: გამოსვლა 35:5, 22, 25, 26; 36:3—7; ლუკა 21:1—4.

დებორა: მსაჯულთა 4:1—5:31.

რუთი: რუთი 1:4, 5, 16, 17; 2:2, 3, 11—13; 4:15.

შუნემელი ქალი: 4 მეფეთა 4:8—37.

ქანაანელი ქალი: მათე 15:22—28.

მართა და მარიამი: მარკოზი 14:3—9; ლუკა 10:38—42; იოანე 11:17—29; 12:1—8.

ტაბითა: საქმეები 9:36—41.

ფილიპეს ოთხი ქალიშვილი: საქმეები 21:9.

ფიბე: რომაელთა 16:1, 2.

[სურათი 15 გვერდზე]

აქებთ დაუქორწინებელ დებს, რომლებიც ერთგულად იცავენ ღვთის კანონს?

[სურათი 16 გვერდზე]

კონკრეტულად რაზე შეგიძლიათ ილოცოთ ბავშვების სკოლაში წასვლის წინ?