არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ გულუხვობის გამოვლენა

ისწავლეთ გულუხვობის გამოვლენა

ისწავლეთ გულუხვობის გამოვლენა

გულუხვობა თანდაყოლილი თვისება არ არის. ახალშობილის ბუნებრივი მიდრეკილებაა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები და მისთვის სულერთია, რას გრძნობენ ის ადამიანებიც კი, რომლებიც მასზე ზრუნავენ. მაგრამ თანდათანობით ბავშვი სწავლობს, რომ მხოლოდ ის არ არის ერთადერთი, ვისაც მოთხოვნილებები აქვს. მან უნდა გაითვალისწინოს სხვების ინტერესებიც და მხოლოდ მიღება კი არ უნდა ისწავლოს, არამედ გაცემაც და გაზიარებაც. გულუხვობის გამოვლენას კი სწავლა სჭირდება.

ყველა, ვინც გასცემს, — და ამ მხრივ სიუხვითაც კი გამოირჩევა, — არ ავლენს გულუხვობას. ზოგი შეიძლება პირადი გამორჩენის მიზნით გასცემს. სხვები, შესაძლოა, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შექება დაიმსახურონ. რაც შეეხება ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ისინი სულ სხვაგვარად გასცემენ. მაშ, ღვთის სიტყვაში მოცემული მოწოდების თანახმად, როგორ უნდა ვლინდებოდეს გულუხვობა? ამ კითხვაზე პასუხს პირველი საუკუნის ქრისტიანთა მაგალითების მოკლედ განხილვით მივიღებთ.

ქრისტიანთა მაგალითები

ქრისტიანული გულუხვობა, როგორც ბიბლიიდან ჩანს, მოიცავდა მათთვის ‘გაზიარებას’, ვისაც ნამდვილად ესაჭიროებოდა დახმარება (ებრაელთა 13:16; რომაელთა 15:26). ეს არ კეთდებოდა იძულებით. პავლე მოციქულმა დაწერა: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). გარდა ამისა, როცა ვინმე გასცემდა, ეს სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ უნდა გაეკეთებინა. ანანიასა და საფირას ძალიან ძვირად დაუჯდათ ასეთი თვალთმაქცობა (საქმეები 5:1—10).

ხელგაშლილობა ყველაზე მეტად მაშინ იყო საჭირო, როცა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შორეული მხარეებიდან ჩამოსული იუდეველები და პროზელიტები შეიკრიბნენ იერუსალიმში. სწორედ მაშინ იყო, რომ იესოს მიმდევრები „აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე“. მათ გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა და იესო ქრისტეს შესახებ პეტრეს მიერ წარმოთქმული აღმაფრთოვანებელი ქადაგება მოისმინეს. მოგვიანებით ხალხმა დაინახა, როგორ განკურნეს პეტრემ და იოანემ ტაძარში მყოფი დავრდომილი მამაკაცი და კიდევ ერთხელ მოისმინეს იესოსა და მონანიების აუცილებლობის შესახებ პეტრეს ქადაგება. ათასობით ადამიანმა მოინანია და მოინათლნენ, როგორც იესოს მიმდევრები (საქმეების მე-2 და მე-3 თავები).

ახალმოქცეულებს სურდათ იერუსალიმში დარჩენა და იესოს მოციქულებისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. როგორ შეძლებდნენ მოციქულები, ეზრუნათ ყველა სტუმრის საჭიროებებზე? ბიბლიაში მოთხრობილია: „ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა“ (საქმეები 4:33—35). იერუსალიმში ახლად ჩამოყალიბებული კრების წევრებმა მართლაც რომ გულუხვობის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს!

მოგვიანებით სხვა კრებებმაც გამოავლინეს მსგავსი ხელგაშლილობა. მაგალითად, მაკედონელმა ქრისტიანებმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღარიბები იყვნენ, იუდეაში მყოფი გაჭირვებული ძმებისთვის თავიანთ შესაძლებლობაზე მეტი გაიღეს (რომაელთა 15:26; 2 კორინთელთა 8:1—7). ფილიპელთა კრებამ განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა პავლეს მსახურების დროს (ფილიპელთა 4:15, 16). იერუსალიმის კრების წევრები თავადაც ყოველდღიურად უნაწილებდნენ საკვებს გაჭირვებულ ქვრივებს; მოციქულებმა ამ საქმისთვის შესაფერისი შვიდი მამაკაცი ამოარჩიეს, რათა არც ერთი ღირსეული ქვრივი არ დაეტოვებინათ უყურადღებოდ (საქმეები 6:1—6).

პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებები უმალვე იღებდნენ ზომებს სხვებისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ამას მოსალოდნელი გასაჭირის დადგომამდეც კი აკეთებდნენ. მაგალითად, როდესაც წინასწარმეტყველმა აგაბოსმა იწინასწარმეტყველა დიდი შიმშილობა, სირიის ანტიოქიის კრებაში მყოფმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს, „თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ“ (საქმეები 11:28, 29). რა შესანიშნავი სული გამოავლინეს მათ, რომ წინასწარ იფიქრეს სხვების მოთხოვნილებებზე და იზრუნეს მათ დაკმაყოფილებაზე!

რამ აღძრა პირველი საუკუნის ქრისტიანები, რომ ასეთი ხელგაშლილები და მოსიყვარულენი ყოფილიყვნენ? როგორ ვისწავლოთ გულუხვობის გამოვლენა? ამ მხრივ ბევრის სწავლა შეგვიძლია მეფე დავითის მაგალითის მოკლედ განხილვით.

დავითი გულუხვად უჭერდა მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას

თითქმის 500 წლის განმავლობაში შეთანხმების კიდობანს — წმინდა სკივრს, რომელიც განსაზღვრულ ადგილას იეჰოვას ყოფნის სიმბოლო იყო — არ ჰქონდა მუდმივი დასავანებელი ადგილი. ის ინახებოდა კარავში, რომელიც ისრაელებს უდაბნოში ხეტიალის დროს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, შემდეგ კი აღთქმულ მიწაზე შეიტანეს. მეფე დავითს ძალიან უნდოდა, კიდობანი კარვიდან გამოეტანა და იეჰოვასთვის აეშენებინა შესაფერისი სახლი, სადაც ამ წმინდა კიდობანს მოათავსებდა. წინასწარმეტყველ ნათანთან საუბრისას დავითმა თქვა: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ფარდებსქვეშ არის“ (1 ნეშტთა 17:1).

დავითი მეომარი კაცი იყო, ამიტომ იეჰოვამ მიუთითა მას, რომ შეთანხმების კიდობნის დასავანებლად ტაძარს სოლომონი, დავითის ვაჟი ააშენებდა თავისი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდში (1 ნეშტთა 22:7—10). ამის გამო დავითს არ შეუწყვეტია გულუხვობის გამოვლენა. მან ტაძრის ასაშენებლად საჭირო მასალების დასამზადებლად უამრავ მუშას მოუყარა თავი. მოგვიანებით კი სოლომონს უთხრა: „უფლის სახლისათვის გავამზადე ასიათასი ქანქარი ოქრო, მილიონი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე“ (1 ნეშტთა 22:14). დავითი არც ამით დაკმაყოფილდა და საკუთარი ქონებიდან ამ საქმეს შესწირა ოქრო-ვერცხლი, რომლის ღირებულებაც დღევანდელი ფულის ერთეულით 2 600 000 000 ლარს აღემატება. გარდა ამისა, მთავრებმაც უხვად გაიღეს შესაწირავი (1 ნეშტთა 29:3—9). უდავოა, რომ დავითმა ხელგაშლილობა და გულუხვობა გამოავლინა!

რამ აღძრა დავითი ასეთი ხელგაშლილობის გამოსავლენად? მას ესმოდა, რომ ყველაფერი, რაც შეიძინა და რასაც მიაღწია, იეჰოვას კურთხევების შედეგი იყო. მან ლოცვაში აღიარა: „უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი. ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარე ხარ. ეს ყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის“ (1 ნეშტთა 29:16, 17). დავითი ძალიან აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას. მას შეგნებული ჰქონდა ღვთისთვის „მთელი გულითა და ხალისიანი სულით“ მსახურების აუცილებლობა და სიხარულს პოულობდა ამაში (1 ნეშტთა 28:9). სწორედ დავითის მსგავსი თვისებები აღძრავდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს გულუხვობის გამოსავლენად.

იეჰოვა — ყველაზე გულუხვი ღმერთი

იეჰოვა გულუხვობის ყველაზე შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. ის იმდენად მოსიყვარულე და მზრუნველია, რომ „თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:45). ის მთელ კაცობრიობას აძლევს „სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს“ (საქმეები 17:25). სინამდვილეში, როგორც მოწაფე იაკობი აღნიშნავს, „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან“ (იაკობი 1:17).

იეჰოვამ უდიდესი ძღვენი გაიღო ჩვენთვის. მან გამოგზავნა თავისი „მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). არავის შეუძლია განაცხადოს, რომ იმსახურებს ასეთ ძღვენს, „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23, 24; 1 იოანე 4:9, 10). ღვთის „ენით აუწერელ უანგარო ძღვენს“, ანუ მის „აღმატებულ წყალობას“ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე და სწორედ ამ მსხვერპლის მეშვეობით ვიღებთ (2 კორინთელთა 9:14, 15, აქ). ღვთის მიერ გაღებული ძღვენის გამო მადლიერებით აღვსილმა პავლემ ცხოვრების მთავარ მიზნად ‘ღვთის წყალობის შესახებ სასიხარულო ცნობის საფუძვლიანად დამოწმება’ გაიხადა (საქმეები 20:24, აქ). მას ესმოდა, რომ ღვთის ნება იყო, ‘ყველა ადამიანი გადარჩენილიყო და მიეღწია ჭეშმარიტების შემეცნებისთვის’ (1 ტიმოთე 2:4).

დღეს ეს ხორციელდება გრანდიოზული სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობით, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 234 ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ საქმიანობის გაფართოების შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). დიახ, „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10). გასულ წელს ექვს მილიონზე მეტმა მაუწყებელმა ამ საქმეს 1 202 381 302 საათი მიუძღვნა და 5 300 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ჩაატარა. ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია და ამიტომ, ასეთ საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანია (რომაელთა 10:13—15; 1 კორინთელთა 1:21).

ყოველწლიურად მილიონობით პუბლიკაცია — ბიბლიები, წიგნები და ბროშურები — იბეჭდება, რათა დახმარება გაეწიოს ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს. გარდა ამისა, გამოიცემა ჟურნალ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის მილიარდზე მეტი ეგზემპლარი. რადგან ადამიანები სასიხარულო ცნობას ეხმაურებიან, იეჰოვას მოწმეთა უფრო მეტი სამეფო და საკონგრესო დარბაზი შენდება, რომლებიც ბიბლიურ საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენს. ყოველწლიურად ეწყობა სარაიონო, სპეციალური და საოლქო კონგრესები. სისტემატურად მიმდინარეობს მისიონერთა, მიმომსვლელ ზედამხედველთა, უხუცესთა და თანაშემწეთა სწავლება. ჩვენ მადლობლები ვართ იეჰოვასი ყველა იმ ღონისძიებისთვის, რაზეც „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ზრუნავს (მათე 24:45—47). მთელი გულით გამოვხატავთ მისადმი მადლიერებას!

იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენა

მთელი ეს საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით სრულდება, როგორც ეს ტაძრის მშენებლობისას და პირველი საუკუნის ქრისტიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას ხდებოდა. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: რადგან იეჰოვა თავად არის ყველაფრის ბატონ-პატრონი, ჩვენი შესაწირავით მას ვერაფერს შევმატებთ (1 ნეშტთა 29:14; ანგია 2:8). ასე რომ, შესაწირავების გაღებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წაწევის ძლიერი სურვილი გვაქვს. ამგვარი ხელგაშლილობა, პავლეს სიტყვების თანახმად, „ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაა“ (2 კორინთელთა 9:8—13, აქ). იეჰოვა გვახალისებს ასეთი ხელგაშლილობისკენ, რადგან ამით ვაჩვენებთ, რომ გაცემისას სწორი მოტივები გვამოძრავებს და იეჰოვასადმი სწორად გვაქვს გული განწყობილი. იეჰოვაზე მინდობილ და ხელგაშლილ ადამიანებს ღმერთი აკურთხებს და მათ სულიერი კეთილდღეობა ექნებათ (მეორე რჯული 11:13—15; იგავები 3:9, 10; 11:25). იესო გვარწმუნებს, რომ გაცემას ბედნიერება მოაქვს. ის ამბობს: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

გულუხვი ქრისტიანები ხელგაშლილობის გამოსავლენად გასაჭირის დადგომას არ ელოდებიან. ნაცვლად ამისა, ისინი ეძებენ შესაძლებლობას, რომ ყველას სიკეთე გაუკეთონ, განსაკუთრებით კი ‘თანამორწმუნეებს’ (გალატელთა 6:10, სსგ). როდესაც პავლე ღვთისთვის მოსაწონი ხელგაშლილობისკენ ახალისებდა თანამორწმუნეებს, დაწერა: „არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის“ (ებრაელთა 13:16). თუ ჩვენს დროს, ძალებსა და ფინანსებს სხვების დასახმარებლად და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად ვიყენებთ, დიდ სიხარულს ვანიჭებთ იეჰოვა ღმერთს. მას ძალიან მოსწონს, როდესაც გულუხვობას ვავლენთ.

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

როგორ შეიძლება შესაწირავების გაღება?

შესაწირავები საზოგადოების მსოფლიო საქმისთვის

ბევრი გადადებს ხოლმე ანუ წინასწარ გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში — წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“.

ამ თანხას კრებები ყოველკვირეულად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები

პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა მსოფლიო მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.

ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.

[სურათი 26 გვერდზე]

რა აღძრავდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს ხელგაშლილობის გამოსავლენად?