არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყრმობიდანვე იეჰოვას მიერ განსწავლული

ყრმობიდანვე იეჰოვას მიერ განსწავლული

ბიოგრაფია

ყრმობიდანვე იეჰოვას მიერ განსწავლული

მოგვითხრო რიჩარდ აბრაჰამსონმა

„ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღემდე ვიუწყები შენს საოცრებაზე“. ნება მომეცით, აგიხსნათ, რატომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსალმუნების 70:17-ში ჩაწერილი ეს სიტყვები.

დედაჩემი, ფანი აბრაჰამსონი, 1924 წელს შეხვდა ბიბლიის მკლევარებს (იეჰოვას მოწმეები იმ დროს ასე იყვნენ ცნობილი). მაშინ მხოლოდ ერთი წლის ვიყავი. ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლების პერიოდში დედა უმალვე უზიარებდა ნასწავლს მეზობლებს; ის ამის შესახებ მე და ჩემს უფროს და-ძმასაც გვიყვებოდა. სანამ კითხვას ვისწავლიდი, დედამ ღვთის სამეფოს კურთხევებთან დაკავშირებული ბევრი ბიბლიური მუხლი მასწავლა ზეპირად.

XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ორეგონის შტატში (აშშ) მდებარე ჩემს მშობლიურ ქალაქ ლა-გრანდში ბიბლიის მკლევართა ჯგუფი რამდენიმე ქალისა და ბავშვისგან შედგებოდა. თუმცა სხვებისგან მოწყვეტილები ვიყავით, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გვინახულებდნენ მიმომსვლელი მსახურები, რომლებიც მაშინ პილიგრიმებად იყვნენ ცნობილები. ისინი გამამხნევებელ მოხსენებებს გვიკითხავდნენ, კარდაკარ მსახურებაში დაგვყვებოდნენ და ბავშვებისადმი გულითად ინტერესს ავლენდნენ. ამ ძვირფას ძმებს შორის იყვნენ შილდ თუთჯიანი, ჯინ ორელი და ჯონ ბუთი.

ჩვენი ჯგუფიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო 1931 წელს კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი) კონგრესზე დასწრება, სადაც ბიბლიის მკვლევარებმა მიიღეს ახალი სახელი — იეჰოვას მოწმეები. ის კრებები და ცალკეული ჯგუფები კი, რომლებიც ვერ დაესწრნენ კონგრესს, ადგილობრივად შეიკრიბნენ იმავე წლის აგვისტოში ახალ სახელთან დაკავშირებული რეზოლუციის მისაღებად. ჩვენი პატარა ჯგუფიც ასე მოიქცა ლა-გრანდში. მოგვიანებით, როდესაც 1933 წელს ბროშურა „კრიზისის“ გავრცელების მიზნით სპეციალური კამპანია მოეწყო, შეთავაზება დავიზეპირე და კარკადაკარ მსახურების დროს პირველად მარტომ დავამოწმე.

30-იან წლებში ჩვენს საქმიანობას უფრო და უფრო ეწინააღმდეგებოდნენ. წინააღმდეგობებთან გასამკლავებლად კრებები ერთიანდებოდნენ და პატარა კონგრესებს ატარებდნენ; წელიწადში ერთხელ ან ორჯერ კი ერთად მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმიანობებში. კონგრესებზე ქადაგების მეთოდებს გვასწავლიდნენ და გვიხსნიდნენ, ტაქტიანად როგორ გაგვერთვა თავი პოლიციელთა წინააღმდეგობისთვის. რადგან მოწმეები ხშირად მიჰყავდათ ხოლმე პოლიციაში ან სასამართლოში, საგულდაგულოდ ვსწავლობდით მითითებებს სპეციალური ბროშურიდან, სახელწოდებით „სასამართლო საქმის განხილვის წესი“. ეს წინააღმდეგობის გადალახვაში გვეხმარებოდა.

პირველი ნაბიჯები ჭეშმარიტებაში

რაც დრო გადიოდა, უფრო ღრმად ვწვდებოდი ბიბლიურ ჭეშმარიტებას და უფრო მეტად ვაფასებდი დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედს. იმ დროს ნათლობა არ იყო აუცილებელი მათთვის, ვისაც ზეცაში ქრისტესთან ერთად მართვის პერსპექტივა არ ჰქონდა (გამოცხადება 5:10; 14:1, 3). მიუხედავად ამისა, მითხრეს, რომ, თუ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი იეჰოვას ნების შესრულება, მიზანშეწონილი იქნებოდა, მოვნათლულიყავი. ამიტომ, 1933 წლის აგვისტოში მოვინათლე.

როდესაც 12 წლის ვიყავი, ჩემი სკოლის მასწავლებელი ფიქრობდა, რომ კარგი ორატორული ნიჭი მქონდა. ამიტომ, დედას ურჩია, რომ დამატებითაც მემეცადინა. დედამ ჩათვალა, რომ ეს დამეხმარებოდა, უკეთესად მემსახურა იეჰოვასთვის; სწავლების საფასური რომ დაეფარა, დედა მასწავლებელს ერთი წლის განმავლობაში სარეცხს ურეცხავდა. გაკვეთილები მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა მსახურებისთვის. 14 წლის ასაკში რევმატული პოლიართრიტი დამემართა და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სკოლაში ვერ დავდიოდი.

1939 წელს სრული დროით მსახური, უორენ ჰენშელი, ჩამოვიდა ჩვენს მხარეში *. სულიერი გაგებით ის ჩემთვის უფროსი ძმა გახდა. მას მთელი დღით მივყავდი მსახურებაში. მალე უორენის დახმარებით, არდადეგების დროს პიონერული მსახურება დავიწყე; ასეთი სახით დროებით შეიძლებოდა სრული დროით მემსახურა. იმ ზაფხულს ჩვენი ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა. უორენი ჯგუფის მსახურად (ასე უწოდებდნენ მაშინ თავმჯდომარე ზედამხედველს) დაინიშნა, ხოლო მე — „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის წამყვანად. როდესაც უორენი ბრუკლინის (აშშ) ბეთელში, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ განყოფილებაში, მსახურებისთვის გაემგზავრა, მის ნაცვლად მე გავხდი ჯგუფის მსახური.

სრული დროით მსახურების დაწყება

ჯგუფის მსახურად დანიშვნამ და ამგვარად მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებამ რეგულარულად სრული დროით მსახურების სურვილი გამიძლიერა. ამ მსახურებას 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ, შევუდექი. მამაჩემი არ იზიარებდა ჩვენს რწმენას, მაგრამ ის ოჯახზე მზრუნველი და ძალიან პატიოსანი კაცი იყო. მას უნდოდა, რომ კოლეჯში გამეგრძელებინა სწავლა. თუმცა მეუბნებოდა, რომ, დამოუკიდებლად თუ ვიცხოვრებდი, რაც მომესურვებოდა, ყველაფრის გაკეთება შემეძლო. ასე რომ, 1940 წლის 1 სექტემბერს პიონერული მსახურება დავიწყე.

სახლიდან წასვლის წინ დედამ იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები წამაკითხა: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“. მართლაც, იეჰოვაზე სრულად მინდობა დღემდე დიდ დახმარებას მიწევს.

ცოტა ხნის შემდეგ ვაშინგტონის შტატის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთ მხარეში დავიწყე მსახურება, სადაც ჯო და მარგარეტ ჰარტები უკვე მსახურობდნენ. იქ სამქადაგებლო ტერიტორია მრავალფეროვანი იყო — ქადაგება გვიწევდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის რანჩოებში, ინდიელების რეზერვაციებსა და მრავალ პატარა ქალაქსა თუ სოფელში. 1941 წლის გაზაფხულზე ჯგუფის მსახურად დამნიშნეს უენატჩში (ვაშინგტონის შტატი).

ერთხელ ქალაქ უოლა-უოლაში (ვაშინგტონის შტატი) ჩატარებულ ერთ-ერთ კონგრესზე მომსახურე ვიყავი; ყველას უნდა მივსალმებოდი, ვინც დარბაზში შემოვიდოდა. შევნიშნე, რომ ერთმა ახალგაზრდა ძმამ ვერაფრით აამუშავა ნორმალურად ხმის გამაძლიერებელი აპარატურა. ამიტომ შევთავაზე, გაგვეცვალა ჩვენი მოვალეობები. როდესაც საოლქო მსახური, ალბერტ ჰოფმანი, დაბრუნდა და დაინახა, რომ ჩემი მოვალეობის შესრულება მივატოვე, მეგობრულად გამიღიმა და ამიხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, სანამ სხვა დავალებას არ მოგვცემდნენ. მის მიერ მოცემული რჩევა დღემდე მახსოვს.

1941 წლის აგვისტოში იეჰოვას მოწმეებმა სენტ-ლუისში (მისურის შტატი, აშშ) დიდი კონგრესის ჩატარება დაგეგმეს. ჯო და მარგარეტ ჰარტებმა თავიანთი პიკაპის (პატარა სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი) საბარგული გადახურეს და შიგ სკამები ჩადგეს. ამ მანქანით ცხრა პიონერმა სენტ-ლუისში ჩასასვლელად 2 400 კილომეტრი გავიარეთ, რასაც დაახლოებით ერთი კვირა მოვანდომეთ. პოლიციის გამოთვლის თანახმად, კონგრესზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 115 000-ს აღწევდა. თუმცა კონგრესს ამდენი ადამიანი არ ესწრებოდა, დამსწრეთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმ დროს შეერთებულ შტატებში მაუწყებელთა რაოდენობას, რომელთა რიცხვიც 65 000-ზე მეტს შეადგენდა. კონგრესმა მართლაც რომ ძალიან გაგვამხნევა სულიერად.

ბრუკლინის ბეთელში მსახურება

უენატჩში დაბრუნების შემდეგ წერილი მივიღე, რომლის თანახმადაც, მსახურების გასაგრძელებლად ბრუკლინის ბეთელში მიწვევდნენ. 1941 წლის 27 აგვისტოს ბეთელში რომ ჩავედი, ნეითარ ნორის, ტიპოგრაფიის ზედამხედველის, ოფისში მიმიყვანეს. მან გულთბილად ამიხსნა, როგორი მსახურება მოითხოვებოდა ბეთელში და ყურადღება გამიმახვილა, რომ ღვთის სახლში წარმატების მიღწევა უმთავრესწილად დამოკიდებული იყო იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაზე. შემდეგ გზავნილთა განყოფილებაში მიმიყვანეს, სადაც უნდა მემუშავა — ლიტერატურით სავსე მუყაოს ყუთები უნდა შემეკრა და გასაგზავნად გამემზადებინა.

1942 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას. ხუთი დღის შემდეგ საზოგადოების დირექტორატმა ძმა ნორი აირჩია რუტერფორდის საქმის გამგრძელებლად. უილიამ ვან ამბერგმა, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა საზოგადოების ხაზინადრად, ამის შესახებ ბეთელის ოჯახს გამოუცხადა და აღნიშნა: „კარგად მახსოვს ის დრო, როცა ჩარლზ ტეიზ რასელის გარდაცვალების [1916 წ.] შემდეგ მისი ადგილი ჯოზეფ რუტერფორდმა დაიკავა. უფალი განაგრძობდა თავისი საქმიანობის ხელმძღვანელობასა და კურთხევას. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამადაც, ნეითარ ნორის პრეზიდენტობის პერიოდში, ჩვენი საქმიანობა კვლავ წარმატებული იქნება, რადგან ეს უფლის საქმეა და არა კაცის“.

1942 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომ „თეოკრატიული მსახურების გაძლიერებული კურსები“ დაიწყებოდა. კურსები იმისთვის იყო გამიზნული, რომ ბეთელელებს უკეთესად ესწავლათ ბიბლიური თემების გამოკვლევა, მასალის სათანადოდ მომზადება და მისი ეფექტურად წარდგენა. ორატორული ხელოვნების გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ მანამდე გავლილი სწავლების კურსის წყალობით, სწრაფად ავითვისე ეს პროგრამა.

ცოტა ხნის შემდეგ დამნიშნეს სამსახურებრივ განყოფილებაში, რომელიც ზედამხედველობას უწევდა იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგვიანებით, იმავე წელს, გადაწყდა, რომ მომსახურე ძმები კვლავ მოინახულებდნენ კრებებს. გარკვეული დროის შემდეგ ეს მიმომსვლელი მსახურები, რომლებსაც ძმები მომსახურეებს ეძახდნენ, სარაიონო ზედამხედველებად გახდნენ ცნობილნი. 1942 წლის ზაფხულში ბეთელში ჩამოყალიბდა მსახურების ამ სფეროში ძმების დასახელოვნებელი კურსები; მეც მომეცა ამ კურსების გავლის შესაძლებლობა. ღრმად ჩამებეჭდა გონებაში ძმა ნორის, ერთ-ერთი ინსტრუქტორის მიერ ჩვენ საყურადღებოდ ნათქვამი სიტყვები: „ნუ ეცდებით ადამიანთა სიამოვნებას, რადგან საბოლოოდ ვერავის ასიამოვნებთ. ნაცვლად ამისა, ასიამოვნეთ იეჰოვას და შედეგად ასიამოვნებთ ყველას, ვისაც იეჰოვა უყვარს“.

მიმოსვლითი საქმიანობა 1942 წლის ოქტომბერში დაიწყო. ზოგი ბეთელელი მასში განსაზღვრულ შაბათ-კვირას ვმონაწილეობდით; ჩვენ ვინახულებდით კრებებს, რომლებიც ნიუ-იორკიდან დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობდა. აგრეთვე ვამოწმებდით კრების სამქადაგებლო საქმიანობისა და შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობის ანგარიშებს; ვატარებდით შეხვედრებს კრების პასუხისმგებელ ძმებთან, გამოვდიოდით ერთი ან ორი მოხსენებით და ადგილობრივ მოწმეებთან ერთად ვქადაგებდით.

1944 წელს სამსახურებრივი განყოფილებიდან რამდენიმე ძმა ექვსი თვით გაგვაგზავნეს მიმოსვლითი საქმიანობის შესასრულებლად დელავერის, მერილენდის, პენსილვანიისა და ვირჯინიის შტატებში. მოგვიანებით, რამდენიმე თვის განმავლობაში კონექტიკუტის, მასაჩუსეტსისა და როუდ-აილენდის შტატებში ვინახულებდი კრებებს. ბეთელში დაბრუნების შემდეგ არასრული სამუშაო დღით ძმა ნორთან და მის მდივანთან, მილტონ ჰენშელთან, ერთად ვმუშაობდი, სადაც კარგად გავეცანი ჩვენს მსოფლიო საქმიანობას. ამასთანავე, მუშაობა მიწევდა ხაზინადარის ოფისშიც, რომელსაც ზედამხედველობას უწევდნენ უილიამ ვან ამბერგი და მისი თანაშემწე გრანტ სუიტერი. 1946 წელს ბეთელში რამდენიმე განყოფილების ზედამხედველად დამნიშნეს.

დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში

1945 წელს კრებების მონახულების პერიოდში ქალაქ პროვიდენსში (როუდ-აილენდის შტატი) ჯულია ჩარნოსკასი გავიცანი. 1947 წლის შუა პერიოდში დაქორწინება გადავწყვიტეთ. ძალიან მიყვარდა ბეთელის მსახურება, მაგრამ იმ დროს ბეთელელს არ ჰქონდა დაქორწინებისა და თავისი მეუღლის ბეთელში მიყვანის უფლება. ამიტომ, 1948 წლის იანვარში ბეთელი დავტოვე და მე და ჯულია (ჯული) დავქორწინდით. პროვიდენსში ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ვიპოვე სუპერმარკეტში და მე და ჯული ერთად შევუდექით პიონერულ მსახურებას.

1949 წლის სექტემბერში ჩრდილო-დასავლეთ ვისკონსინში სარაიონო მსახურების შესასრულებლად მიმიწვიეს. ჩვენთვის სრულიად ახალი რამ იყო, გვექადაგა უმეტესწილად პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში, რომელთა მოსახლეობაც მერძევეობის ფერმებში მუშაობდა. იქ ზამთარი ცივი და გრძელი იყო, ხშირად თოვდა და კვირების მანძილზე ტემპერატურა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. მანქანა არ გვყავდა, მაგრამ მეზობელ კრებამდე ყოველთვის ვიღაცას მივყავდით.

მიმოსვლითი მსახურების დაწყებიდან ცოტა ხანში სარაიონო კონგრესი ჩავატარეთ. მახსოვს, როგორ ვღელავდი და ყველაფერს საგულდაგულოდ ვამოწმებდი, რომ არაფერი გამოგვრჩენოდა მხედველობიდან. საოლქო ზედამხედველმა, ნიკოლას კოვალაკმა, თავაზიანად ამიხსნა, რომ ადგილობრივ ძმებს მუშაობის საკუთარი მეთოდები ჰქონდათ და ამიტომ არ იყო საჭირო, ყველა წვრილმანზე მენერვიულა. ეს რჩევა დღემდე მეხმარება ბევრი სხვა დავალების შესრულების დროს.

1950 წელს დროებითი დანიშნულება მივიღე; ორგანიზება უნდა გამეწია ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე გამართული პირველი დიდი კონგრესის დელეგატების დაბინავებისთვის. ეს კონგრესი თავიდან ბოლომდე მართლაც რომ აღმაფრთოვანებელი იყო! დელაგატები 67 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები და დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 123 707-ს აღწევდა. კონგრესის შემდეგ მე და ჯული კვლავ მიმოსვლით მსახურებას შევუდექით. ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებდა სარაიონო მსახურება, მაგრამ მზად ვიყავით სხვა ნებისმიერი სახის სრული დროით მსახურების დასაწყებადაც. ამიტომ, ყოველ წელს როგორც ბეთელის, ისე მისიონერული მსახურებისთვის განცხადებებს ვავსებდით. ჩვენდა საბედნიეროდ, 1952 წელს „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ მე-20 კლასში მიგვიწვიეს, სადაც მისიონერებად მოგვამზადებდნენ.

საზღვარგარეთ მსახურება

1953 წელს სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ დანიშნულება დიდ ბრიტანეთში მივიღეთ. იქ, სამხრეთ ინგლისში, საოლქო ზედამხედველად ვმსახურობდი. მე და ჯულის ეს მსახურება დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა, მაგრამ ერთი წელიც არ გვქონდა ნამსახურები, როცა, ჩვენდა გასაოცრად, ახალი დანიშნულება მივიღეთ დანიაში. ამ ქვეყნის ფილიალში ახალი ხელმძღვანელი ძმები იყვნენ საჭირო. რადგან იმ პერიოდში მეზობელ ქვეყანაში ვიმყოფებოდი და თანაც ასეთი მსახურების შესასრულებლად ბრუკლინში სპეციალური სწავლების კურსი მქონდა გავლილი, დამხმარედ სწორედ მე გამგზავნეს. ჩვენ ბორნით გადავედით ნიდერლანდებში და იქიდან კოპენჰაგენამდე (დანია) მიმავალ მატარებელში ჩავსხედით. 1954 წლის 9 აგვისტოს უკვე ადგილზე ვიყავით.

დანიის ბეთელში ერთ-ერთ სირთულეს ის ქმნიდა, რომ რამდენიმე პასუხისმგებელი ძმა არ მიჰყვებოდა ბრუკლინში არსებულ მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობას. გარდა ამისა, ოთხიდან სამმა მთარგმნელმა, რომლებიც დანიურად თარგმნიდნენ ჩვენს პუბლიკაციებს, ბეთელი დატოვა და საბოლოოდ იეჰოვას მოწმეებთანაც გაწყვიტეს ურთიერთობა. მაგრამ იეჰოვამ უპასუხა ჩვენს ლოცვებს. ორმა პიონერმა, იორგენ და ანა ლარსენებმა, რომლებიც დროდადრო მთარგმნელობით საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას, სურვილი გამოთქვეს, მთელი თავისი დრო ამ საქმისთვის მიეძღვნათ. ასე რომ, ჩვენი ჟურნალების თარგმნა დანიურ ენაზე არ შეჩერებულა და ერთი ნომერიც არ გამოტოვებულა. ლარსენები დღემდე მსახურობენ დანიის ბეთელში; იორგენი ფილიალის კომიტეტის კოორდინატორია.

იმ წლებში ძმა ნორის რეგულარული მონახულებები მართლაც რომ ძალიან გამამხნევებელი იყო. ის დროს გამოყოფდა, რომ თითოეულ ჩვენგანთან დამჯდარიყო და ესაუბრა. მის მიერ მოყოლილი შემთხვევები იმის დანახვაში გვეხმარებოდა, თუ როგორ გავმკლავებოდით პრობლემებს. 1955 წელს მისი მონახულების დროს გადაწყდა ქვეყანაში ახალი ფილიალის აშენება, სადაც ტიპოგრაფიაც იქნებოდა. ეს კი დანიისთვის ჟურნალების გამოცემის შესაძლებლობას მოგვცემდა. ძმებმა კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში მიწის ნაკვეთი შეისყიდეს და 1957 წლის ზაფხულში ახალ შენობებში გადავედით. იმ პერიოდში, „გალაადის“ 26-ე კლასის დამთავრების შემდეგ, ჰარი ჯონსონი თავის ცოლთან, კარენთან, ერთად ჩამოვიდა დანიაში. ეს წყვილი დაგვეხმარა ტიპოგრაფიის დამონტაჟებასა და ამუშავებაში.

იმ პერიოდისთვის უკეთესად ვუწევდით ორგანიზებას დანიაში დიდ კონგრესებს, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილებაც ძალიან მეხმარებოდა. 1961 წელს კოპენჰაგენში ჩატარებულ დიდ კონგრესზე უამრავი დელეგატი ჩამოვიდა 30-ზე მეტი ქვეყნიდან. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 33 513 იყო. 1969 წელს კი სკანდინავიაში ჩატარებული კონგრესებიდან ჩვენთან ყველაზე დიდი კონგრესი ჩატარდა — დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 42 073-ს მიაღწია.

1963 წელს „გალაადის“ 38-ე კლასში მიმიწვიეს. სწავლების ეს განსხვავებული ათთვიანი კურსი გამიზნული იყო ძირითადად ფილიალში მომსახურეთათვის. ძალიან სასიამოვნო და, ამავე დროს, სასარგებლო იყო კვლავ ბრუკლინის ბეთელის ოჯახთან ყოფნა და იმ ძმებთან ურთიერთობა, რომლებიც წლების მანძილზე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს მთავარ სამმართველოში.

სპეციალური სწავლების კურსის გავლის შემდეგ დანიაში დავბრუნდი, რათა გამეგრძელებინა ჩემი პასუხისმგებლობების შესრულება. ამავე დროს, სამხარეო ზედამხედველად მსახურების შესანიშნავი შესაძლებლობაც მქონდა; ვინახულებდი დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში არსებულ ფილიალებს, იქ მომსახურე ძმებს ვამხნევებდი და ვეხმარებოდი თავიანთი მოვალეობების შესრულებაში. მოგვიანებით ასეთი მონახულება გავაკეთე დასავლეთ აფრიკაში და კარიბის ზღვის სანაპიროსთან მდებარე ქვეყნებში.

XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დანიელმა ძმებმა ისეთი ადგილის ძებნა დაიწყეს, სადაც მთარგმნელობითი და გამომცემლობითი საქმიანობის გაფართოების მიზნით უფრო დიდ ფილიალს ააშენებდნენ. კოპენჰაგენის დასავლეთით 60 კილომეტრის დაშორებით მშვენიერი მიწის ნაკვეთი იპოვეს. სხვებთან ერთად მეც ვმუშაობდი ახალი შენობის დაპროექტებაში. მე და ჯული ველოდებოდით იმ დროს, როცა ბეთელის ოჯახთან ერთად ახალ საცხოვრებელ სახლში გადავიდოდით, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა.

ბრუკლინში დაბრუნება

1980 წელს მე და ჯული ბრუკლინის ბეთელში მიგვიწვიეს, სადაც 1981 წლის იანვრის დასაწყისში ჩავედით. მაშინ უკვე 60 წლამდე ვიყავით და ბრუკლინში დაბრუნება ადვილი არ იყო; ჩვენს ძვირფას დანიელ ძმებთან და დებთან ერთად ხომ თითქმის ნახევარი სიცოცხლე ვიმსახურეთ და გვიჭირდა მათთან განშორება. მიუხედავად ამისა, ყურადღებას იმაზე კი არ ვამახვილებდით, თავად ჩვენ სად ვისურვებდით მსახურებას, არამედ ვცდილობდით კონცენტრირება ახლანდელ დანიშნულებებზე და მათთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოგვეხდინა.

ჩვენ ბეთელში დავსახლდით. ჯულია ბუღალტერიაში დანიშნეს და იმავე საქმეს აკეთებდა, რასაც დანიაში. მე სამწერლო განყოფილებაში მივიღე დანიშნულება, სადაც ძმებს უნდა მივხმარებოდი პუბლიკაციების გამოცემის დაგეგმვაში. 80-იანი წლების დასაწყისში ბრუკლინში ჩვენი მუშაობის მეთოდები შეიცვალა. საბეჭდი მანქანები და ასოთასაწყობები ახალგამოგონილმა კომპიუტერულმა სისტემამ და ოფსეტურმა ბეჭდვამ შეცვალა. კომპიუტერების არაფერი გამეგებოდა, მაგრამ საქმიანობის ორგანიზება და ხალხთან მუშაობა გარკვეულწილად შემეძლო.

ცოტა ხანში საჭირო გახდა მხატვრული გაფორმების განყოფილების ორგანიზებისთვის დახმარების გაწევა, რადგან ფერად ოფსეტურ ბეჭდვაზე გადავედით და ფერადი ილუსტრაციებისა და ფოტოსურათების გამოყენება დავიწყეთ. თუმცა მხატვრობაში არაფერი მესმოდა, საქმის ორგანიზებისთვის დახმარების გაწევა შემეძლო. ამიტომ, ამ განყოფილებას ცხრა წლის მანძილზე ვუწევდი ზედამხედველობას.

1992 წელს დამევალა, მივხმარებოდი ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტს და ამიტომ, ბუღალტერიაში გადამიყვანეს. დღემდე ამ განყოფილებაში ვმუშაობ, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ფინანსური საქმეებითაა დაკავებული.

ყრმობიდან დაწყებული მსახურება

ბავშვობიდან მოყოლებული ღვთისთვის მსახურებაში გატარებული 70 წლის განმავლობაში იეჰოვა თავისი სიტყვის — ბიბლიისა და მზრუნველი ძმების მეშვეობით მოთმინებით მასწავლიდა ბევრ რამეს თავის საოცარ ორგანიზაციაში. 63 წელზე მეტი სრული დროით მსახურებაში გავატარე, აქედან 55 წელზე მეტი კი ჩემს ერთგულ მეუღლესთან, ჯულისთან, ერთად ვიმსახურე. ვგრძნობ, რომ იეჰოვამ მართლაც უხვად მაკურთხა.

1940 წელს მშობლიურ სახლს როცა ვტოვებდი პიონერული მსახურების დასაწყებად, მამამ სასაცილოდ აიგდო ჩემი გადაწყვეტილება და მითხრა: „შვილო, თუ სახლიდან წახვალ, არ იფიქრო, რომ, როგორც კი დახმარება დაგჭირდება, მაშინვე შეძლებ უკან დაბრუნებას“. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე არასდროს დამჭირვებია ამის გაკეთება. იეჰოვა ხშირად მზრუნველი თანაქრისტიანების მეშვეობით უხვად უზრუნველმყოფდა ყოველივე აუცილებლით. მოგვიანებით მამაჩემი პატივისცემით განეწყო ჩვენი საქმიანობის მიმართ და სანამ მოკვდებოდა, 1972 წელს, გარკვეულ პროგრესსაც კი მიაღწია ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლის დროს. დედა კი, რომელსაც ზეციური ცხოვრების იმედი ჰქონდა და 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიკვდილის ბოლომდე, 1985 წლამდე, ერთგულად ემსახურა იეჰოვას.

თუმცა სრული დროით მსახურებას სირთულეებიც ახლავს, მე და ჯულის არასდროს გვიფიქრია, მიგვეტოვებინა ჩვენი დანიშნულება. იეჰოვა ყოველთვის მხარში გვედგა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. მაშინაც კი, როცა ჩემი მშობლები მოხუცდნენ და დახმარებას საჭიროებდნენ, ჩემმა დამ, ვიქტორია მარლინმა, სიკეთე გამოავლინა და მათზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ მისი სიყვარულით აღსავსე დახმარებისთვის, რისი წყალობითაც სრული დროით მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცა.

ჯული ერთგულად მედგა მხარში ყველა დანიშნულების დროს და ამას იეჰოვასადმი თავისი მიძღვნის ნაწილად მიიჩნევდა. თუმცა ამჟამად 80 წლის ვარ და ჯანმრთელობაც შემერყა, ვგრძნობ, რომ იეჰოვას კურთხევები უხვად გვაქვს. დიდ გამხნევებას ვპოულობ ფსალმუნმომღერლის სიტყვებში; დავითი, რომელიც ამბობდა, რომ ღმერთი ყრმობიდანვე ასწავლიდა, ევედრებოდა იეჰოვას: „მოხუცებულობამდე . . . ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს მკლავს მომავალ თაობას“ (ფსალმუნები 70:17, 18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 უორენი უფროსი ძმა იყო მილტონ ჰენშელის, რომელმაც წლების განმავლობაში იმსახურა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში.

[სურათი 20 გვერდზე]

დედაჩემთან ერთად 1940 წელს, როდესაც პიონერული მსახურება დავიწყე.

[სურათი 21 გვერდზე]

სრული დროით თანამსახურებთან, ჯო და მარგარეტ ჰარტებთან ერთად.

[სურათი 23 გვერდზე]

1948 წლის იანვარში ჩვენი ქორწილის დღეს.

[სურათი 23 გვერდზე]

1953 წელს „გალაადის“ კურსდამთავრებულებთან ერთად. მარცხნიდან მარჯვნივ: დონ და ვირჯინია ვარდები, გერტრუდა სტეგენგა, ჯული და მე.

[სურათი 23 გვერდზე]

ფრედერიკ ფრენცთან და ნეითარ ნორთან ერთად კოპენჰაგენში (დანია) 1961 წელს.

[სურათი 25 გვერდზე]

ჯულისთან ერთად დღეს.